კოტე მახარაძეს ბედმა არგუნა ის, რაც ოდითგანვე მხოლოდ ღმერთების ხვედრი თუ გახლდათ - სიცოცხლეშივე მისი პიროვნება მითოსის შარავანდედით შეიმოსა.
ეჰ, მუხთალია წუთისოფელი, მუხთალი, მაგრამ ის მაინც გაძლევს უნიკალურ შანსს, სძლიო გარდაუვალს და მარადისობაში გადაიჭრა, შემდეგ კი მითებში დავანებულმა "მთვარის შუქზე მთებისა ჩრდილი"-ვით, მოეფინო შენს ქვეყანას. ეს რომ შეძლო, სულ ცოტა, ბეწვის ხიდზე ერთხელ მაინც უნდა გაიარო, ბატონმა კოტემ კი, ვინ მოთვლის, რამდენი ბეწვის ხიდი გაიარა და გავიდა.
მონობის დროს, გამარჯვებას მოწყურებულ ერს ხომ შენი ბაგიდან აქვს მოსმენილი, რომ "არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს". ის ცამეტი მაისი ხომ, ბატონო კოტე, შენც გამოსჭედე... ისეთი ჭექა-ქუხილის დამხეცება მხოლოდ ზევსს თუ შეეძლო და, როგორ გაგვინათდა იმ შორეულ 18 ნოემბერსა თუ 13 მაისს საქართველოს ზეცა.
ქართული ფეხბურთი და კოტე მახარაძე ხომ ერთი მთლიანი პოემაა, რომელთა დაშორიშორება, ვითარცა იალბუზის ორი მწვერვალისა, - აბსურდია!
ნოდარ ახალკაცს - ქართული ფეხბურთის ბერმუხას როს მუმლნი დაესხნენ, როგორ დაუტიე და როგორ მიმოფანტე გესლიანი, ბოროტი მკბენარნი. მერე, თქვენი იუბილეს ღამეს, ნოდარ ახალკაცი მესიზმრა და მთხოვა, კოტე მახარაძეს, ჩემი სახელით, მიულოცეო, დაგირეკეთ და როგორი გულამოვარდნილი დუმილით მისმენდით, როგორი გულჩაწყვეტა გამოსჭვიოდა თქვენს ბგერებში!
ბედმა მეც მარგუნა ერთი ლამაზი ეპიზოდი. პოლონეთში, ქალაქ კატოვიცეში, როცა საქართველოს ნაკრები პოლონელებს უნდა შერკინებოდა (ყოველ შემთხვევაში, ასე ვთვლიდით ჩვენ), სასტუმროს ერთ ნომერში მოგვიწია სამი დღე და ღამე ცხოვრება. ის სამი დღე და ღამე ფანტასმაგორია იყო, ფანტასმაგორია, გაუთავებელი დიალოგით გასხივოსნებული, რომელიც შემდგომში, ჩვენდაუნებურად, გრძელდებოდა და მჯერა, რომ მარად გაგრძელდება, ხოლო ის სამი დღე და ღამე, გატარებული დიდ მაესტროსთან ერთად, უდავოდ უდრის ცხოვრების მრავალ წელს.
ბატონო კოტე! ფრაზა, დიუსელდორფიდან გადმონაცემი - „წარმომიდგენია, რა ხდება ახლა თბილისშიო" - ხომ დაუვიწყარია, მაგრამ პერიფრაზი მსურს მისი. თქვენმა სულმა იცოდეს, დღეს, თბილისში მწუხარებაა, მწუხარება კოტე მახარაძის გარდაცვალებისა და მინდა, დამიჯეროთ - საქართველოს მოენატრებით, ძვირფასო ბატონო კოტე!
ნოდარ კობერიძე