რამდენიმე დღის წინ, 30–მდე კომპაქტურად ჩასახლებულ ობიექტზე დევნილებმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან "ცნობის ფურცელი" მიიღეს.
შეტყობინება იუწყებოდა, რომ მათ აღნიშნული საცხოვრებელი ტერიტორია 10 დღის ვადაში უნდა დაეტოვებინათ. დევნილების გადასახლების, ან, უკეთეს შემთხვევაში, მათი განსახლების პროცესის კიდევ ერთი, მორიგი ეტაპი დაიწყო. სამინისტრო დევნილ მოსახლეობასთან "წინასაახალწლო კომპრომისზე" წავიდა და მათი გასახლების საკითხი ორი კვირით გადადო.
ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ დევნილთა საპროტესტო აქცია 21 დეკემბერს დაიგეგმა. როგორც თავად დევნილებმა ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, ეს დღე საგანგებოდ მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით შეარჩიეს და მას საიუბილეო "სიურპრიზი" მოუწყვეს. რამდენად შეაფერხა ამ აქციამ პრეზიდენტის პირადი დღესასწაული, ან იყო თუ არა ეს მისთვის სიურპრიზი, ვერ გეტყვით, ფაქტი ის იყო, რომ აქცია "გეგმიურად" 21 დეკემბერს, ლოზუნგით – "მე ვარ დევნილი", დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის ინიციატივითა და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის მხარდაჭერით, პარლამენტის შენობასთან გაიმართა.
დევნილთა საპროტესტო აქციების პარალელურად, კონსერვატორული პარტიის ერთ–ერთი ლიდერის, კახა კუკავასა და საკრებულოს ოპოზიციური ფრთის რამდენიმე წარმომადგენლის შეხვედრა უცხოელ დიპლომატებთან სწორედ დევნილების თემასთან დაკავშირებით შედგა. თუ რაზე ისაუბრეს მათ და რა დატვირთვა ჰქონდა ამ შეხვედრას, ამ დეტალებზე კახა კუკავა საუბრობს:
- შეხვედრა შედგა, ჯერჯერობით, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებთან და მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება. პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან მისიას ჩვენ მოვიცავთ ამ კუთხით, გავაცნობთ საერთაშორისო საზოგადოებას, რეალურად თუ რა მდგომარეობაში ვართ.
ფიქრობთ, რომ მათ არ იციან რეალური სურათი როგორია?
- ხელისუფლება ავრცელებს მათ შორის ცრუ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს, ის დევნილები, ვისაც ასახლებენ ასე ვერაგულად, დაკმაყოფილებულები არიან საცხოვრებელი ფართებით და შესაბამისი კომპენსაციებით. რეალურად კი ადგილი აქვს ბარბაროსობას. ჩვენი ამოცანაა, საერთაშორისო საზოგადოებამ იცოდეს, რაზეა საუბარი რეალურად და მე ვფიქრობ, რომ ისინი იქნებიან ჩვენი მოკავშირეები დევნილების საკითხთან მიმართებაში.
რა რეაქცია ჰქონდათ მათ, როდესაც გააცანით დეტალები და თუ აპირებენ, რომ ჩაერთონ ამ პროცესებში. რა გარანტიები მიიღეთ მათგან?
- ჩვენ მივიღეთ გარანტიები, რომ ისინი გააკონტროლებენ ამ პროცესებს და დევნილების ბარბაროსული მეთოდით, პოლიციის ძალით, იძულების წესით გამოსახლება ვეღარ მოხდება, როგორც ეს მოხდა ზაფხულში. საერთაშორისო საზოგადოება მხარს არ დაუჭერს ბარბაროსული მეთოდებით დევნილების გადასახლებას საცხოვრებელი ადგილებიდან.
ბატონო კახა, სამინისტრო ამბობს, რომ ხელმძღვანელობს გაეროს მიერ მიღებული დოკუმენტით, რომელიც ლტოლვილთა განსახლებას გულისხმობს?
- ჯერ ერთი, დოკუმენტი გულისხმობს განსახლებას და არა გადასახლებას და ეს აუცილებლად უნდა იყოს ნებაყოფლობითი პროცესი, თან საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით. ხაზგასმით მინდა ვთქვა, ნებაყოფლობითი პროცესი და ეს უნდა მოხდეს შესაბამისი კომპენსაციის შემთხვევაში და არა ისე, როგორც ხელისუფლება ამას აკეთებს. აღნიშნული დოკუმენტი არ გულისხმობს, რომ დევნილები პოლიციის ძალით, ხელკეტებით გამოყარონ დილის ექვს საათზე და გადაასახლონ ფოცხო–ეწერში, სადაც არ არის ელემენტარული საარსებო პირობები. იქ არ არის სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთებიც კი, სადაც შეძლებენ დევნილები საკუთარი შრომით მოიპოვონ სარჩენი წყარო. აღარ ვსაუბრობ იმაზე, თუ რამდენ კილომეტრშია იქ სკოლა, მედპუნქტი და ა.შ. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს ადამიანები ადაპტირებულნი არიან აქ. ისინი უკვე 18 წელია ცხოვრობენ, მუშაობენ ან სწავლობენ დედაქალაქში. რეალურად ის, რასაც ხელისუფლება სთავაზობს დევნილებს, გახლავთ ვირტუალური ალტერნატივა.
სუბელიანის გადადგომის შესახებ ვრცელდება უკვე არაოფიციალურად ინფორმაცია. თქვენ რამდენად რეალურად გეჩვენებათ, არის ამის ალბათობა?
- ეს ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ სუბელიანის გადადგომა, ამ შემთხვევაში, ვერ გეტყვით, რომ რამე ნუგეში იყოს ან საკმარისი. ამ ადამიანმა პასუხი უნდა აგოს იმ ექვსი მილიარდი დოლარის გაფლანგვისათვის, რომელიც ევროპამ გამოუგზავნა დევნილებს და არა სუბელიანის ოჯახს. სამარცხვინოა, რომ ექვსი მილიარდი გამოეყო დახმარება დევნილებს და ჯერჯერობით 1000–1000 დოლარიც კი არ არის დარიგებული.