პოსტ-ტრავმული პრობლემების მქონე ჯარისკაცების მხარდამჭერი ღონისძიება (ვიდეო)

პოსტ-ტრავმული პრობლემების მქონე ჯარისკაცების მხარდამჭერი ღონისძიება (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში პოსტ-ტრავმული პრობლემების მქონე ჯარისკაცების მხარდამჭერი ღონისძიება გაიმართა.

დღეს, შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში პოსტ-ტრავმული სტრესის დაძლევის შესახებ პრეზენტაცია აშშ-ის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკმა ჯილ ჩემბერსმა გამართა. ის საქართველოში მეუღლესთან, ქანთრის ცნობილ ამერიკელ შემსრულებელთან, მაიკლ პეტერსონთან ერთად იმყოფება.

ღონისძიება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა გახსნა. მან აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა და პოსტ-ტრავმულ პერიოდში ჯარისკაცის რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ღონისძიებაზე პოლკოვნიკმა ჯილ ჩემბერსმა პოსტ-ტრავმული სტრესის დაძლევისა და რეაბილიტაციის თემაზე პრეზენტაცია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ქართველ სამხედრო ექიმებსა და სამხედრო მოსამსახურეებს წარუდგინა. მაიკლ პეტერსონმა, საკუთარი რეპერტუარიდან, საომარი მოქმედებების დროს დაშავებული ჯარისკაცების მხარდასაჭერად შექმნილი რამდენიმე ნაწარმოები შეასრულა.

ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ პოსტ-ტრავმული ნერვული აშლილობის  თემაზე მუშაობა 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ დაიწყო. ჯილ ჩემბერსი ფსიქოლოგიური დახმარების  პროგრამაშია ჩართული. ამ მიზნით ის, მეუღლესთან ერთად, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოგზაურობს და საზოგადოებას აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში დანერგილ სარეაბილიტაციო მეთოდოლოგიას აცნობს.

ღონისძიებას, რომელიც თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს თანამშრომლობით ჩატარდა, საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი დაესწრო.