დონ ეირი - ახალ ალბომ Keyed Up ირგვლივ

დონ ეირი - ახალ ალბომ Keyed Up ირგვლივ

 

2014 წელი ნაყოფიერი ჩანს, რადგან უკვე საკმაო რაოდენობითაა გამოსული როკ ალბომები და მომავალშიც არაერთ ახალ ნამუშევარს ველით.

წინა კვირას Uriah Heep-ის ახალ ალბომს გავეცანით, ამჟამად კი მოდით დონ ეირის ამ ცოტა ხნის წინ ჩაწერილ დისკსაც მოვუსმინოთ; საინტერესოა, რომ Uriah Heep-ის მსგავსად, Deep Purple-ს დღევანდელმა ორღანისტმაც, ბოლო დროინდელი სოლო ალბომები 2008, 2011 და 2014 წლებში ჩაწერა, თანაც არაერთ სხვა პროექტში მონაწილეობისა და შარშან, Deep Purple-ს ალბომ Now What?! -ის გამოსვლის ფონზე.

წინა ალბომებისაგან განსხვავებით, დონ ეირიმ Keyed Up -ში სტაბილური შემადგენლობა შეარჩია და მაღალი სტანდარტის შენარჩუნებას, გამოცდილ მუსიკოსებთან ერთად შეეცადა.

დონ ეირიმ, ახალ ალბომზე სამუშაოდ, ძველი შემადგენლობიდან Jamiroquai -ის გიტარისტი რობ ჰარისი დატოვა, ვოკალისტის პარტიას წარსულში Black Sabbath-ის ბას გიტარისტ გიზერ ბატლერის სოლო ალბომებში მონაწილე უელსელი კარლ სენტენსი ასრულებს, ბას გიტარაზე ამერიკელი ჯაზ-ფიუჟენ მუსიკოსი ლორენს კოტლი უკრავს, რომლის „როკულ“ მხარესაც Black Sabbath-ის 1989 წლის ალბომ Headless Cross-სა და 2003-2006 წლებში ბილ ბრაფორდის უფრო ჯაზურ Earthworks-ში მონაწილეობა ამაგრებს, ხოლო დრამერი კი დორინ მუნი გახლავთ, რომლის მუსიკალურ კარიერასაც ძირითადად ჯგუფ Primal Scream-ის, ასევე გარი მურის, იან ანდერსონის (The Secret Language Of Birds), მარტინ ბარის, ბონი ტაილერის, მატ ბიანკოსა და სხვა სახელგანთქმული მუსიკოსების ალბომებში მონაწილეობა ამშვენებს.  

წინა ალბომების მსგავსად, დონ ეირი არც Keyed Up -ში ღალატობს საკუთარ სტილს და დისკზე წარმოაჩენს როგორც ინსტრუმენტულ, ასევე ვოკალურ-ინსტრუმენტულ ნაწარმოებებს, რომლებიც საკმაოდ ორიგინალურად ენაცვლებიან ერთურთს და მეტიც, ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ კომპოზიცია ბოლომდე ინსტრუმენტული უნდა იყოს, მაგრამ ნურას უკაცრავად, მოულოდნელად თემაში კარლ სენტენსის ხრინწიანი ხმა იჭრება და არღვევს იქამდე ისედაც ექსპერიმენტულ ინსტრუმენტალურ სტრუქტურას...

გამხსნელ 3 In The Morning-ში ზარი დაჰკრავს და მალე ჩვენს წინ იშლება კლასიკური ჰარდ როკ კომპოზიცია ჰამონდის მძიმე აკომპანემენტითა და მალევე რობ ჰარისის სასიამოვნო - სტანდარტული სოლოთი. აქვე ვიტყვით, რომ გიტარისტი ტრადიციულად დონ ეირისთან თავს გრძნობს როგორც თევზი წყალში, თავს აღწევს რა Jamiroquai -ის მარწუხებს, რომლის ყურებისათვის საღეჭი რეზინის ტიპის რეპერტუარში,  ოდითგანვე ირღვევა სოლო გიტარისტის უფლებები...

Beat The Retreat უმძლავრესი დრამ სექციით იწყება, შემდეგ კი თითოეული ინსტრუმენტისა და ვოკალის თემა უნისონში ვითარდება და ჯამში სასიამოვნო თბილ ჰარდ როკულ სიმღერას ვღებულობთ.

კომპოზიციის პირველი ნაწილი თითქოს სოლოებს გვპირდება, მაგრამ შესანიშნავ ჰამონდ გარღვევას მხოლოდ კომპოზიციის დასკვნით ნაწილში ვისმენთ, რომლის საუცხოო არანჟირებაც მოიცავს დონ ეირისათვის აგრერიგად საყვარელ Mahavishnu Orchestra-ს, Rainbow-ში მისივე დაკრულისა და კიტ ემერსონის სინთეზს.

Beat The Retreat გვატყობინებს, რომ ალბომი ნამდვილად შედგა და ამიტომაც სიამოვნებით გადავდივართ Blue Rondo A La Turk-ზე, რომელიც თურმე ინსტრუმენტულია და თანაც Deep Purple-ს ენერგეტიკითა და კიტ ემერსონის კეთილისმყოფელი ზეგავლენით აღსავსე!

უნდა ითქვას, რომ აქ არანაირ პლაგეატზე საუბარი არ შეიძლება რომ იყოს. უბრალოდ დონ ეირი Blue Rondo A La Turk-ითა და ალბომის არაერთი სხვა ეპიზოდით გვივსებს იმ დეფიციტს, რაც კიტ ემერსონმა (ყოველ შემთხვევაში დღემდე) დაგვიტოვა თავისი კომპოზიტორული ტალანტის ბოლომდე ვერ გამოყენებით...

აი Solomon’s Song -ის საწყისი მოტივი კი ჰიპური სულისკვეთებითაა გამსჭვალული, ტრადიციულ-ინგლისურ ჰარდ-როკულ თემაზე გადასვლა მყისიერადვე უბრუნდება საწყის თემას, შემდეგ კვლავ გაფრენა (2:2) და უკვე თემის მძლავრი განვითარება მისამღერის ფონზე სრულიად არაპროგნოზირებადი მელოდიით დამაბოლოვებელ ფაზაში ჰამონდის სოლოთი და საწყისი თემების კიდევ ერთხელ შენაცვლებით; სულ ბოლოსკენ კი გვახსენდება მთელი ის „ორიგინალობები“, რითაც აღსავსეა Deep Purple-ს 2013 წლის ალბომი...

Claire D’Loon გვხიბლავს სიღრმითა და მელოდიურობით, გიტარისა და ორგანის დიალოგის ფონზე რომ ვითარდება და თითქოს ძალით ეპატიჟება ვოკალის თემას. ამგვარი „ნაძალადევობა“ წუთიერი სიმძიმის წინაპირობაა, შემდეგ კი „დაუპატიჟებელი სტუმარი“ ადგილს კვლავ ულამაზეს ინსტრუმენტულ თემატიკას უთმობს და თითქოს უკვე ეჩვევა იქვე თანამეინახის როლში ყოფნას, აჩვევს რა თემების მონაცვლეობას მსმენელის ყურსაც...

Flight Of Inspiration სათაურიდანვე კიდევ ერთხელ გვატყობინებს დონ ეირის ბავშვობის გატაცებებს კოსმოსის თემატიკით. ვოკალის პარტია, თითქოს აუბრალოებს შემყვანი ინსტრუმენტული ინტროთი გამოწვეულ მოლოდინს, მისამღერი ხომ საერთოდ ბანალური და პრიმიტიულია… მაგრამ რეპერტუარი კვლავ საწყის მოტივს უბრუნდება და საბოლოოდ დონ ეირის ვირტუოზული ჰამონდ სოლო ფარავს ზემოთხსენებულ ზედაპირულობებს.

კომპოზიცია პაუზის გარეშე გადადის 30 წამიან The Godbox-ზე, რომელიც ჯონ ლორდის ორგანის „ადუღებაა“ დონ ეირის შესრულებით; აი მერე კი Difficult To Cure. ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის ბლექმორისეულ ინტერპრეტაციაში დონ ეირი Rainbow-ს 1981 წლის ალბომშიც მონაწილეობდა. Keyed Up-ის  ვერსია აღსანიშნავია ინსტრუმენტული კომპოზიციის კვლავაც კიტ ემერსონის ხელწერით გამდიდრებით.

ალბომის მენტალურ ცენტრს კი ალბათ სამი ნაწილისაგან შემდგარ Mini Suite -ში უნდა ვეძიოთ. თითქოს დონ ეირის გენიალური ორგან ინტრო სხივებს განაბნევს იქამდე მოსმენილ და კიდევ დარჩენილ კომპოზიციებზე, ვოკალის თემა მელოდიურია და ტრადიციულად კომპოზიციის მომდევნო სართულზე ანაცვლებისას, გამძლავრების წინაპირობაა.

თემის განვითარება კი ყოველგვარი პროგნოზირების მიღმაა, რადგან დონ ეირი უეცრად იფეთქებს, ჯერ ჰამონდზე ევროპულ ტრადიციულ ხალხურ საცეკვაო მოტივს დასცხებს, შემდეგ კი კლასიკის სფეროში გადაიჭრება და ვოკალითურთ გემრიელ ჰარდ როკ თემატიკაზე გადასვლამდე, უკვე სხვადასხვა ჟღერადობით პატარ-პატარა დიდებულ სოლოებს შეასრულებს... 

Adagio ლამაზად იშლება გიტარ-ორგანის პასუხების ფონზე, მოგვაგონებს რა კარლოს სანტანას I Love You Much Too Much-ს. Keyed Up-ში ეს ერთადერთი კომპოზიციაა, რომელიც ბოლომდე სიმშვიდეს ინარჩუნებს, ხოლო ალბომის დამაგვირგვინებელი Grace კი ორიგინალობით ნამდვილად არ გამოირჩევა, თუ დონ ეირის როიალზე დაკრულ პაწაწინა სოლოს არ ჩავთვლით. მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ალბომს ხელახლა არ მოვუსმინოთ...