ქართველ არალეგალთა რიცხვი ევროპის ქვეყნებში საკმაოდ დიდია. მაგალითად, საფრანგეთში ოფიციალური ინფორმაციით, 5 000 ქართველი ცხოვრობს, ამას ემატება არაოფიციალურად მცხოვრებნიც, რომლებიც, დაახლოებით, იგივე ოდენობას შეადგენენ. საბერძნეთში კი 120 000-მდე ქართველი ცხოვრობს, მათი 80% კი არალეგალია. საბერძნეთმა სპეციალური ბანაკებიც კი გახსნა, სადაც არალეგალებს ათავსებენ. თუ ადრე საბერძნეთში წინასწარი პატიმრობის ვადა 2-3 თვე იყო, ახლა 6-დან 12 თვემდე გაზარდეს. პრობლემები აქვთ იტალიაში მცხოვრებ არალეგალებასაც.
ქართველი არალეგალები ამბობენ, რომ თუ მათი გამოძევება მასიურად დაიწყო, ათასობით ოჯახი დაზარალდება და სიღარიბის პირას აღმოჩნდება. შესაბამისად, ისინი საქართველოს მთავრობის დახმარებას ითხოვენ.
ვიკა გაფრინდაშვილი ერთ-ერთია, ვინც იტალიაში რამდენიმე წელია ცხოვრობს. როგორც რესპონდენტი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, მართალია, მან საბუთების მოწესრიგება მოახერხა, თუმცა საკმაოდ ბევრი ქართველი დეპორტაციის მოლოდინშია:
"იტალიის მთავრობა არალეგალების მიმართ საკმაოდ მკაცრია. მან არალეგალებს გარკვეული ვადა დაუწესა, რა პერიოდშიც საბუთები უნდა მოეწესრიგებინათ, დარეგისტრირებულიყვნენ და დროებით ლეგალურად მუშაობის სტატუსი მიეღოთ. ბუნებრივია, ეს ყველამ ვერ მოახერხა, რადგან ქართველები სხვადასხვა ადგილებში არიან დასაქმებულნი და არალეგალურად მუშაობენ.
მეც არალეგალი ვიყავი, მოხუცს ვუვლიდი. ამ ოჯახის დახმარებით, დარეგისტრირება მოვახერხე და არავინ მერჩის. რაც შეეხება იმ ნაწილს, ვინც ისევ არალეგალად რჩება, საკმაოდ ცუდ დღეში არიან. იციან, რომ რამდენიმე კვირაში ქვეყანა უნდა დატოვონ ან დაატოვებინებენ.
ამ ხალხს მთავრობის დახმარება სჭირდება. იქნებ იტალიის მთავრობასთან მოლაპარაკება მოხერხდეს, რომ არალეგალები ქვეყნიდან მასობრივად არ გაყარონ და სოციალური პრობლემები საქართველოში კიდევ უფრო არ დამძიმდეს", - ამბობს ვიკა გაფრინდაშვილი.
ევროპის სხვა ქვეყნების მთავრობებთან შედარებით, არალეგალების მიმართ სიმკაცრით გამოირჩევა საბერძნეთის მთავრობა. პოლიციელები უცხო გარეგნობის ადამიანებს ქუჩაში აჩერებენ და საბუთებს სთხოვენ. თუკი ისინი არალეგალები არიან, აპატიმრებენ.
ერთ-ერთი რესპონდენტი მეგი დებიჩაშვილი, დაახლოებით, 5 წელია საბერძნეთში არალეგალურად ცხოვრობს: "აქ მოსახვედრად ძალიან რთული გზა გამოვიარე. ახლობლებმა სამსახური მიშოვეს და დღემდე არალეგალი ვარ. ქუჩაში იმის შიშით ვერ გავდივარ, რომ გზად პოლიციელი არ შემომეყაროს. აქ მოხუცს ვუვლი. შაბათ-კვირას ვისვენებ, თუმცა ამ დღესაც სხვაგან ვმუშაობ, რომ დამატებითი შემოსავალი მქონდეს.
თვეში, დაახლობით, 900 ევროს ვშოულობ. ამ ფულით საქართველოში 4 ოჯახს ვარჩენ. 18 ადამიანის სიცოცხლე ჩემს შემოსავალზეა დამოკიდებული. საზღვარგარეთ არალეგალთა 100% ასეა. ერთი ადამიანი იმიტომ წვალობს, რომ საქართველოში რამდენიმე ოჯახი არჩინოს.
წარმოიდგინეთ, რა მოხდება თუ არალეგალებს ქვეყნიდან გაგვაძევებენ. ათასობით უმუშევარი არალეგალი საქართველოში ცარიელი ხელებით დაბრუნდება და 100 ათასობთ ქართული ოჯახი კი მშიერი. ეს სოციალურ პრობლემებს კატასტროფულად დაამძიმებს. ამიტომ, იქნებ რამე გვიშველონ. იქნებ მთავრობამ აქაურ მთავრობასთან საერთო ენა გამონახოს", - აცხადებს მეგი დებიჩაშვილი.
"რეზონანსი" დაინტერესდა, რას სთავაზობს სახელმწიფო დეპორტირებულ თუ საკუთარი სურვილით დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, "რეზონანსს" პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი ესაუბრა.
ბატონო დავით, ევროპის ქვეყნები არალეგალ ემიგრანტებთან დაკავშირებით კანონმდებლობას ამკაცრებენ და სანქციებს უწესებენ. ვინც ქვეყანაში აღნიშნული სტატუსით იმყოფება, სამშობლოში საკუთარი სურვილით დაუბრუნებლობის შემთხვევაში, დაპატიმრება და დეპორტაცია ემუქრება. რას სთავაზობს სახელმწიფო დაბრუნებულებს?
- ჩვენ სახელმწიფოს, ისევე როგორც ნებისმიერ სახელმწიფოს ჰქონდა, აქვს და ექნება უფლება თავისი მოქალაქეები უკან მიიღოს და ყველა იმ უფლებით უზრუნველყოს, რაც ჩვეულებრივ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ. დანარჩენი იმ ქვეყნების კანონმდებლობითაა გასარკვევი, რომლითაც არალეგალი მიგრანტები პრობლემებს აწყდებიან.
ჩვენც გვაქვს უფლება, შევზღუდოთ, ავკრძალოთ, რაღაც კვოტები დავუშვათ და სპეციალური მექანიზმები მოვიფიქროთ იმისათვის, რომ ადამიანთა არალეგალურად მოძრაობა ვაკონტროლოთ. კანონის დარღვევის უფლება არავის აქვს, არც საერთაშორისო და არც ეროვნულ დონეზე. თუ იტალიაში მიიღეს კანონი, რომ არალეგალურად შემოსული ადამიანები უკან დაბრუნებისათვის დამატებითი ნაბიჯები გადაიდგას, ამას ვერავინ შეეწინააღმდეგება თუ ამ არალეგალთა უფლებები დაცულია. კანონის დამრღვევასაც თავისი უფლებები აქვს.
ამბობთ, რომ დაბრუნებულები იგივე უფლებებით უნდა უზრუნველვყოთ, რითაც დანარჩენი მოსახლეობა. რას გულისხმობთ?
- იგულისხმება ის, რომ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე, აეროპორტით იქნება, ზღვით თუ სხვა საშუალებებით, როცა ადამიანი შემოდის და მას დეპორტაციის საბუთი აქვს, უნდა მივიღოთ. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ადამიანი კანონდამრღვევია, რომ უვიზოთ თუ ფალსიფიცირებული ვიზით სხვა ქვეყანაში მოხვდა. პირველ რიგში, სერიოზული პროპაგანდისტული სამუშაო უნდა ჩავატაროთ და ადამიანებს ავუხსნათ სანამ წავლენ, კარგად დაფიქრდნენ. გადაადგილება არავის ეკრძალება, თუმცა კანონის დარღვევით გადაადგილება პრობლემა და დანაშაულია.
ქართველი ელჩები ამბობენ, რომ საქართველოში დაბრუნება არალეგალთა საკმაოდ დიდი არმიას მოუწევს. არ ფიქრობთ, რომ ეს დამატებით სოციალურ პრობლემებს შექმნის?
- პრობლემა არ უნდა გავაზვიადოთ. საზღვარგარეთი წლების მანძილზე ებრძვის არალეგალურ ემიგრაციას. თუ კი იტალიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში ამაზე ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილეს, არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ რაღაც სასწაული ხდება. არალეგალური გადაადგილება ყოველთვის დანაშაული იყო.
გასაგებია, თუმცა იტალიაში ვადა ოქტომბრამდე აქვთ. მათთვის საადაპტაციო, საინტეგრაციო თუ რამე სხვა სახის პროგრამები ხომ არ იქნება შეთავაზებული?
- არალეგალებს ვადებს ყოველთვის ასე უწესებდნენ. ყველა ქვეყნის კანონმდებლობით, ქვეყანაში უკანონოდ ყოფნა დანაშაულია, შესაბამისად, არალეგალები იმით ისჯებიან, რომ მათი დეპორტაცია ხდება. მოდით, საკუთარ თავზე წარმოიდგინეთ: წახვედით უვიზოთ იტალიაში, დიქტოფონი ჩამოგართვეს და უკან გამოგაგდეს. ეს არის პრობლემა, თუმცა ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ თქვენ დანაშული ჩაიდინეთ, როცა ქვეყანაში არალეგალურად შეხვედით.
ასეთ შემთხვევაში, საქართველო ვალდებულია უკან მიგიღოთ. თუმცა, მოთხოვნა, რომ თქვენ სამუშაო ადგილით დაგაკმაყოფილონ იმიტომ, რომ იტალიიდან გამოგაგდეს, ნებისმიერ ქვეყანაში აბსურდული და მიუღებელია. სოციალური პოლიტიკა ყველასათვის ერთნაირად ხორციელდება. პრივილეგიას ითხოვთ იმიტომ, რომ უცხო ქვეყანაში უკანონოდ შესული უკან გამოგიშვეს?
ეს ის კატეგორიაა, რომლებიც საქართელოში ათასობით ოჯახს არჩენდნენ და უცხოეთში ნაშოვნ ფულს საქართველოში აბანდებდნენ...
- გასაგებია, ეს არის სოციალური პრობლემა, მაგრამ სოციალური და სამართლებრივი უნდა გავყოთ. ის, რომ ადამიანმა თავისი რისკის ფასად კანონი დააარღვია, სადღაც წავიდა და ფულს შოულობს, მისი ოჯახისთვს სერიოზული შენაძენია, მაგრამ ეს არის კანონდარღვევა. ნებისმიერ საზოგადოებაში კანონი უპირველესი უნდა იყოს. თუ არალეგალებს ქვეყნიდან აგდებენ, ეს თავად მათი და იმ ქვეყნის პრობლემაა და არა საქართველოს კანონდებლობისა, რომელიც მათ ეუბნებოდა, უკანონოდ არ წასულიყვნენ.
მასშტაბური დეპორტაცია ძალიან მტკივნეული რომ არ იყოს და დეპორტირებულებს საზოგადოებაში ინტეგრირების პრობლემები არ ჰქონდეთ, საფრანგეთის მთავრობა დეპორტირებულებს გარკვეული ოდენობის თანხასაც კი აძლევს. გერმანიის მთავრობის ინიციატივაა, გამოძევებულები სხვადასხვა პროგრამებში ჩაერთონ. სწორედ ამიტომ გეკითხებით, არალეგალთა დაბრუნება სოციალურ ფონს ხომ არ დაამძიმებს?
- კონკრეტულად მათთვის რამე განსაკუთრებული შეთავაზება არათუ ვერ იქნება, არც უნდა იყოს. რა დააშავა თამარაშენიდან შაუმიანში გადასახლებულმა ადამინმა იმასთან შედარებით, ვინც უკანონოდ იტალიაში წავიდა? მათ განსაკუთრებულს ვერაფერს შევთავაზებთ.