2009 წლის 12 აგვისტოს გავიდა და აღარ დაბრუნებულა საქართველოს ნაკრები რომელიღაც სახეობაში. ტანთ აცვია... თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, რა ეცვა, ან ეცვა თუ არა რამე საერთოდ?
მთავარია, რომ სახელთან ერთად, უმთავრესი - სინდის-ნამუსი დიდი ხანია დაკარგეს და უთავმოყვარეო მოთამაშეების (რომელიღაც სახეობაში) კრებულად იქცნენ...
შესაძლოა, ვინმე შემოგვედაოს კიდეც - 12 აგვისტოს კი არა, ფეხბურთი საქართველოდან კაიხნის წინ არის გასულიო და მართალიც იქნება. თუმცა მალტის ნაკრებთან 0:2 წაგებას ასეთ ვითარებაშიც კი ვერაფრით გაამართლებ...
საქართველოს ნაკრებმა წააგო გუნდთან, რომელსაც მანამდე ზედიზედ 12 მატჩი ვერ მოეგო!
საქართველოს ნაკრებმა წააგო გუნდთან, რომელსაც გოლი ზუსტად ერთი წლის (?!) განმავლობაში, - 2008 წლის აგვისტოს შემდეგ არ გაუტანია.
დაბოლოს, საქართველოს ნაკრებმა წააგო გუნდთან, რომელიც თავადაც არ ელოდა გამარჯვებას!!!
მალტელებმა რამდენიმე თვის წინაც მოგვიგეს, ოღონდ წყალბურთში. სახეობაში, რომლის თამაშიც იციან და ძლიერი გუნდიც ჰყავთ. მაგრამ სად მალტა და სად - ფეხბურთი! მალტელმა როგორ უნდა გაჯობოს? იბრძოლე, თავი დადე, მოინდომე! გულშემატკივრის გულის ხეთქვას არად აგდებ, ლანძღვა-გინებაზე რეაქცია აღარ გაქვს, მაგრამ საკუთარი თავისაც აღარ გრცხვენია?
მიფსუდი რომ ორ გოლს გაგიტანს, სირცხვილით თავი როგორ უნდა გამოყო?
თუმცა, რა გვიკვირს? ვისთვის მოგვიგია, მალტის ნაკრებს რომ მოვუგოთ?! ფარერის კუნძულებს, ლუქსემბურგს, მოლდავეთს, ახალ ზელანდიასა და მსგავს "ბობოლა" გუნდებს თუ ვუწერთ ახალ ისტორიას, მალტელებმა რა დაგვიშავეს? აგერ, კუნძულელთა ნაკრების ახალი მწვრთნელი სულ სამიოდე კვირაა მუშაობს და დებიუტს ხომ არ ჩავაშხამებდით?
მაგრამ ნამატჩევს ადგილობრივ გაზეთში დაბეჭდილ სტრიქონებს რომ ამოიკითხავ, მოდი და ნუ გაგისკდება გული. "ცინიკოსებმა შეიძლება თქვან, რომ ნაკლებ მნიშვნელოვანი ამხანაგური მატჩი მოვიგეთ, მაგრამ ამდენი მარცხის შემდეგ, ნებისმიერი პოზიტიური შედეგი დასაფასებელია. მით უმეტეს - საკვალიფიკაციო მატჩების წინ", - წერს მალტელი მიმომხილველი. "ნაკლებ მნიშვნელოვანი, ამხანაგური მატჩიო" - მალტელი საქართველოს ნაკრებთან შეხვედრაზე ამბობს!!! გესმით? - მალტელებიც აღარაფრად გვაგდებენ, მაგრამ რაკიღა საკვალიფიკაციო მატჩების წინ მოგება ყოველთვის კარგი რამაა, იმათი რაღა მიდიოდა? - მიგვამიფსუდეს და გამოგვიშვეს...
შე დალოცვილო, ფეხბურთი მხოლოდ ტელევიზორში რომ აქვს ნანახი, ის მალტელები ხვდებიან, მოსაგები თამაში მაინც რომ უნდა მოიგო და თუ რამის შნო გაქვს, მალტელებთან მაინც გამოამზეურე. მე შენ გეტყვი და გახსოვს, ბოლოს როდის მოიგე, თუნდაც, ამხანაგური მატჩი...
ისე, საკვირველი კია, რატომ არ გვეუბნებიან, - მომავალ მეტოქეს, იტალიას "დავუმალეთ" თამაში და მალტელებთან შეგნებულად წავაგეთო. მით უფრო, იტალიელთა მზვერავი - ანჯელო და ლივიო მართლაც ესწრებოდა კუნძულზე გამართულ მატჩს და ეჭვგარეშეა, მომავალი მეტოქის თამაშით "დაზაფრულიც" დაბრუნდებოდა იტალიაში. აპენინელები სექტემბერში გვესტუმრებიან და მთლად სასურველი თამაშის დაპირება თუ ვერა, იმის მტკიცება მაინც შეგვიძლია, რომ რამდენიმე ბედნიერი ქომაგი მაინც წაიღებს შინ პირლოს და ბუფონის ავტოგრაფს და არც ბილეთი ეღირება 50 ლარზე ნაკლები - რა, რა და ფედერაციას ამის გაკეთების თავი მაინც აქვს...
სხვათა შორის, "მალტური გმირობა" ფედერაციაშიც ემცხეთათ (ცოტა გვიანი ხომ არაა, ბატონებო?) და აფშფოთებულებმა აღმოაჩინეს, რომ ჰოი, საკვირველებავ! თურმე: "ეროვნული ნაკრები აღარ გვყავს", "მალტასთან წაგება არის კატასტროფა" და ა.შ. თქვე კაი ხალხო, ამდენი წელიწადია, ყველა ჩვენ გვიგებს და თვალში ნაცრის შეყრა ვერ მოიშალეთ - აქაოდა, თქვენ ვერ ხედავთ, თორემ ყველაფერი კარგად არისო და ახლა შეიცვალა რამე?
დადექით და ითვალეთ, ვის უფრო მეტი ბრალი მიუძღვის კატასტროფულ შედეგებში - მთავარ მწვრთნელსა თუ ფეხბურთელებს. თავისი წილი პასუხი კუპერსაც უნდა მოეთხოვს და მოთამაშეებსაც, მაგრამ საქართველოს დღევანდელ ნაკრებში ვინც უნდა მოიწვიო, ისეთივე "ჩიტებს" დაიჭერს, როგორიც მისმა წინამორბედებმა დაიჭირეს...
ამიტომაც, განტევების ვაცის ძებნის ნაცვლად, - ადექით და წადით, წაადიიით!!!
თქვენი ადგილი კი ახლა სხვას დაუთმეთ, ეგებ გამიფსუდებას მაინც გადავურჩეთ ხვალ და ზეგ...
და ამის შემდეგ, არც იმის შეხსენებას აქვს აზრი - რა დღე იყო საქართველოს ისტორიაში 12 აგვისტო... როცა ფეხბურთელს ნაკრებში თამაში მხოლოდ "ნაკრების ფეხბურთელის" იარლიყისთვის სჭირდება, დიდგორის შეხსენებით აუჩქროლებ სისხლს?..