შინაგან საქმეთა სამინისტროს ნოე რამიშვილის შთამომავლები – მიშელ რამიშვილი, სილვია შევალიე, პოლინა შევალიე და მარიამ დავითაშვილი ეწვივნენ. ნოე რამიშვილის შთამომავლები საქართველოში საფრანგეთიდან ჩამოვიდნენ და პირველი შინაგან საქმეთა მინისტრის სახელობის ქუჩა და შსს-ში გახსნილი ბიუსტი დაათვალიერეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ სტუმრები პირადად მიიღო და გაესაუბრა. ნოე რამიშვილის შთამომავლებმა მინისტრს და სამინისტროს დაფასებისთვის მადლობა გადაუხადეს.
ნოე რამიშვილის ბიუსტი შსს-ს შენობაში 2013 წლის 15 ნოემბერს, ყოფილი შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით გაიხსნა. მისივე ინიციატივით, ქუჩას, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტრო მდებარეობს, ნოე რამიშვილის სახელი მიენიჭა. ნოე რამიშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში შინაგან საქმეთა პირველი მინისტრი იყო. ის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შს მინისტრის თანამდებობაზე 1918 წელს დაინიშნა. თანამედროვეები მას „რკინის მინისტრს“ უწოდებდნენ.