ალასანიამ გაჩეჩილაძისგან უარი მიიღო. ჯერჯერობით არცერთი მხარე ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი კი ამბობს, რომ ამ შეხვედრის შესახებ მისთვისაც ცნობილია. არის თუ არა ირაკლი ალასანია პროამერიკული კადრი და ითხოვს თუ არა მიხეილ სააკაშვილი გარანტიებს? ამ საკითხებთან დაკავშირებით "რეზონანსი" პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილს ესაუბრა.
თქვენი ინფორმაციით, შესთავაზა თუ არა ირაკლი ალასანიამ საკუთარ პარტიაში ლევან გაჩეჩილაძეს გაწევრიანება?
- სხვათა შორის, ამის შესახებ მეც მაქვს ინფორმაცია. როგორც ვიცი, ეს ირაკლი ალასანიამ თავადაც დაადასტურა ერთ-ერთ ინტერვიუში. რაც შეეხება ლევან გაჩეჩილაძეს, ცოტა მეეჭვება, ის ალასანიასთან წავიდეს იმიტომ, რომ ის იყო ოპოზიციის ლიდერი, რომელიც ითხოვდა სააკაშვილის გადადგომას. ალასანიას გუნდში კი ლაპარაკია მხოლოდ მერობის კანდიდატურაზე. დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, ცხადია, რომ გაჩეჩილაძე აჯობებს ალასანიას.
არ ვიცი, ლევან გაჩეჩილაძე რამდენად მივა იმ გუნდში, რომელიც ღიად გამოხატული პროამერიკული გუნდია. ახლა სიტუაცია მკვეთრად შეცვლილია. მაგალითად, შარშან პროამერიკული განწყობა იყო მოგების გარანტია. ახლა ვითარება შეცვლილია, ლაპარაკია ეროვნულ ძალებზე და არა პროამერიკულ ძალებზე.
და ალასანია პროამერიკული კადრია?
- რასაკვირველია, ამაზე ლაპარაკი არაერთხელ იყო. შარშანდელი სამარცხვინო ომის შემდეგ, ბუშის ადამინისტრაციას სასწარაფოდ უნდოდა სააკაშვილის შეცვლა. მაშინ ფსონი დაიდო ალასანიაზე, მაგრამ საქართველოში მას ნაკლებად იცნობდნენ და ბუშის ადმინისტრაციამ ცვლილებების განხორციელება ვერ მოასწრო. რაც შეეხება ახალ ადამინისტრაციას, ისინი ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არიან, ვის დაუჭირონ მხარი. როგორც ვიცი, უახლოეს ორ კვირაში ლევან გაჩეჩილაძე მიდის ოფიციალური ვიზიტით ამერიკაში. მან მოწვევა მიიღო სახელმწიფო დეპარტამენტიდან. ამერიკის ადმინისტრაციას სურს გარკვევა, რა ქნან და როგორ იმიტომ, რომ მათ სხვა პრიორიტეტები აქვთ.
ჯერ კიდევ აპრილში სააკაშვილი მივიდა პატრიარქთან და სთხოვა გარანტიები. პატრიარქმა მაშინ უთხრა, რომ შენ და შენს ოჯახს გარანტიებს მოგცემთ, მაგრამ სხვებზე ვერაფერს გეტყვითო. ის დიდი ხანია ითხოვს გარანტიებს იმიტომ, რომ ძალაუფლება მის ხელში უკვე აღარ არის. მისმა გარემოცვამ სადავეები ხელში სრულად იგდო ხელთ.
შეძლებს თუ არა სააკაშვილი გამოიყენოს ალასანია თავისი მიზნებისთვის, ანუ ხელისუფლების ეტაპობრივად, ხავერდოვნად გადაცემის გზით მან, ალასანიას მეშვეობით, მოიხსნას ყოველგვარი პასუხისმგებლობა?
- რასაკვირველია. რაც უფრო ჩქარა გააკეთებს, მით უფრო ადვილი იქნება ეს. დროში გაწელვა გაურთულებს სიტუაციას. ასეთ შემთხვევაში მან ეს შეიძლება გამოიყენოს. ალასანიას გარშემო ვინც არის, "ახალი მერმაჯვენეების" გარდა, ყველა "თავისუფლების ინსტიტუტის" ხალხია, ანუ ისინი, ვისაც თავის დროზე სააკაშვილი ეყრდნობოდა. ასე რომ, ეს ადვილი შესაძებელია.
ამ ფონზე ვინ მიგაჩნიათ რეალურ ოპოზიციად, ვინც შეძლებს სააკაშვილის ხელისუფლებიდან გაშვებას, ყოველგვარი გარანტიების გარეშე?
-ასეთ ქვეყნებში, სადაც არის ასეთივე პოლიციური რეჟიმი, არჩევნებითა და ქუჩის აქციებით რეჟიმის შეცვლა თითქმის შეუძლებელია. მაშინ, როდესაც მართვის სადავეები ხელში აქვს სააკაშვილის გარემოცვას, როცა ხედავენ, რომ სააკაშვილის ავტორიტეტი საზღვარგარეთ ნულის ტოლია, მათ ინტერესებშია სააკაშვილის მოცილება. ამას ადრეც გააკეთებდნენ, მაგრამ ლეგიტიმაციის პრობლემა არსებობს.
ასეთ დროს, ბუნებრივია, სურთ, რომ ოპოზიციის ნაწილი მათ მხარეზე იყოს და, ცხადია, ეს იქნება ირაკლი ალასანიას და გიორგი თარგამაძის ხალხი. შეიძლება სხვა ოპოზიციიდან ვინმე კიდევ გამოჩნდეს, თუმცა სერიოზული "მოთამაშეებიდან" ეს ნაკლებად მოსალოდნელია. სააკაშვილის მოცილებაში, შესაძლოა, გადამწყვეტი როლი ითამაშოს მისმა გარემოცვამ, მაგრამ მარტო ლეგიტიმაციას ვერ მიიღებენ, ამიტომ სჭირდებათ უკვე ოპოზიციური ძალები, რომ იყოს ფართო კოალიცია.