ველოდით და მივიღეთ ის, რაც კიდევ დიდხანს გაგვყვება და მოგვცემს საუბრისა და გაკვირვების საშუალებას - მაინც საიდან ასეთი ფანტაზია? რა კარგია რომ, Uriah Heep განაგრძობს არსებობას, როგორც სრულფასოვანი ბენდი, გამორჩეული კომპოზიციური სიმწიფითა და ახალგაზრდული შემართებით.
Outsider სულ რამდენიმე დღის წინ მოევლინა ქვეყნიერებას. წინა ორ ალბომთან შედარებით, აქ ერთი იძულებითი ცვლილებაა - ტრევორ ბოლდერის გარდაცვალების შემდეგ, ბას გიტარისტის ფუნქცია ჯგუფში ახალგაზრდა დეივ რიმერმა იტვირთა.
მის დისკოგრაფიას 2000 წლიდან მოყოლებული Zodiac Mindwarp & The Love Reaction-თან ერთად ჩაწერილი ალბომები ამშვენებს. იგი ასევე გახლავთ სახელგანთქმული როკ ქავერების ბენდ Metalworks-ის წევრი, სადაც უკრავს Judas Priest-ის, Alice Cooper-ისა და სხვა დიდი ჯგუფების მოქმედ, თუ ექს-მუსიკოსებთან ერთად.
შეიძლება ითქვას, რომ დეივ რიმერი ბას გიტარასთან შესისხლხორცებული პიროვნებაა, რადგან ინსტრუმენტს იგი 11 წლის ასაკიდან ფლობს და ბავშვობიდან დღე- ღამე Deep Purple-ის, Led Zeppelin-ის, Uriah Heep-ის, Queen-ის, Van Halen-ისა თუ სხვათა ბას გიტარის პარტიების გარჩევაში აქვს გასწორებული.
ხელწერით რიმერი 100%-იანი ინგლისელი როკ ბასისტია ყოველგვარი ფანკი-ფიუჟენ გავლენების გარეშე. ეს არც კარგია, არც ცუდი, უბრალოდ დღევანდელ დღეს დიდი იშვიათობაა და აუცილებლად დასაფასებელი.
მისი ბას იდეალები კი თრევორ ბოლდერი, გიზერ ბატლერი, ნილ მიურეი, ბილ შიჰანი, ბობ დეისლი არიან.
დრამერ რასელ გილბრუკთან ერთად, დეივ რიმერმა ბრწყინვალე რიტმ სექცია შექმნა და ახალგაზრდული სისხლი ჩააწვეთა კოლექტივში, რაც დღესდღეობით აუცილებლობაც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო.
ამ თვალსაზრისით, არანაირად არ ვაკნინებთ თრევორ ბოლდერის ბოლო ათწლეულის ღვაწლს. მეტიც, მისი ამ ქვეყნიდან გასვლით, კოლექტივმა დაკარგა ამ მუსიკოსისათვის დამახასიათებელი კომპოზიციური ხელწერა, რაც იშვიათად ვლინდებოდა, მაგრამ დიდად ამშვენებდა Uriah Heep -ის ალბომებს.
რიმერის კომპოზიტორული ღვაწლი თითო-ოროლა მოსმენით, ჯერჯერობით არ შეინიშნება, მაგრამ მისი, როგორც უმაღლესი დონის ინსტრუმენტალისტის წარმოჩენა, ახალი ალბომის 11-ვე კომპოზიციაშია ყურშისაცემი.
გილბრუკთან შემუშავებული დიდებული კომბინაციები, რაც მაგალითად Is Anybody Gonna Help Me -ში კულმინაციური მომენტია, ფილ ლენზონის ჰამონდისა და ბას გიტარის სოლო ჩანართები რომ მოსდევენ, შეიძლება რიმერის ფანტაზიის ნაყოფადაც მოვიაზროთ.
რასელ გილბრუკისთვის Outsider ლეგენდარულ ბენდში Wake The Sleeper-ისა და Into The Wild-ის შემდეგ ჩაწერილი უკვე მესამე ალბომია. დრამერის უშრეტი ენერგია აქაც წარმმართველ როლს ასრულებს. გილბრუკს იმთავითვე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები - რას გავს ეს, Uriah Heep მეტალ ჯგუფი არასოდეს ყოფილაო...
მათ რჩევას მივცემდი, უსმინონ კენ ჰენსლის 2013 წლის ალბომს. იქ კერსლეიკი ნამდვილად ივარგებდა, Uriah Heep-თვის კი, რომელიც ცდილობს დაამტკიცოს, რომ 21-ე საუკუნის უმძლავრესი ჟღერადობის ფონზეც კი, შესაძლებელია 70-იანი წლების კომპოზიციური სიმწიფის შენარჩუნება, რასელ გილბრუკი ზუსტად ის დრამერია, ვინც ყველაზე უკეთ დაეხმარება მას ამის გაკეთებაში!
პატარა გილბრუკს უკვე 4 წლის ასაკში უტარებდნენ გაკვეთილებს, ხოლო 6(!) წლისამ პირველი ანაზღაურება დაიმსახურა. 16 წლის ასაკში გილბრუკი უკვე პროფესიონალი მუსიკოსის სტატუსით სარგებლობდა და მისი ხილვა შეიძლებოდა ბარებში, კლუბებსა თუ პაბებში სხვადასხვა აღიარებულ მუსიკოსებთან ერთად.
Uriah Heep-ის საშტატო დრამერობამდე, გილბრუკს მრავალ საინტერესო პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული. მათგან რამდენიმეს გამოვყოფდით: Camel-ის პიტი ბარდენსთან, ვან მორისონთან და ტონი აიომისთან ერთად ჩაწერილი ალბომები.
რაც შეეხება Uriah Heep-ის უკვე სტაჟიან წევრებს - პიანისტსა და ორგანისტს ფილ ლენზონსა და მომღერალ ბერნი შოუს, ისინი მოწოდების სიმაღლეზე არიან და ათწლეულების განმავლობაში დამკვიდრებულ ხელწერას, ტრადიციულად - დახვეწილად განავრცობენ.
აი ჯგუფის დამაარსებელი მიკ ბოქსი კი... კაცმა რომ თქვას, რაღას უნდა ველოდოთ მისგან? ზუსტად იმას, რასაც რეცენზიის დასაწყისში ვამბობდით, ოღონდ საკვირველია, რომ ეს ასეა!
ვინ არის, თუ არა მიკ ბოქსი, იმ უშრეტი ენერგიის, ფანტაზიისა და მელოდიზმის სულისჩამდგმელი, რითაც ასე გამორჩეულია ლეგენდარული ინგლისური ბენდი განსაკუთრებით, ამ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც უკვე მეორე ახალწვეული მუსიკოსის მოსვლის შემდეგ, გაცილებით მძლავრი და „თინნეიჯერული“ შეიქმნა Uriah Heep-ის ტრადიციული როკ’ნ’როლი.
ახლა კი მოდით მოვუსმინოთ როკ ლეგენდის ახალ ნამუშევარს. პირველივე კომპოზიცია Speed Of Sound გვაგრძნობინებს იმ მძლავრ მუხტს, რითაც აგრერიგად შთამბეჭდავია ლეგენდარული ჯგუფის განახლებული ვერსია. ცნობილი Uriah Heep-ული პოლიფონიაც თავის ადგილზეა და სიდინჯითა და სიდარბაისლით გამორჩეული გამხსნელი, როგორც ჩანს კიდევ კარგა ხანს გაჰყვება კონცერტებს შესავლად.
იგი პაუზის გარეშე, ფილნ ლენზონის როიალ ინტროთი გადადის სიღრმისეულ ბერნი შოუს ვოკალზე განსაკუთრებით მორგებულ One Minute-ში. ინსტრუმენტებით დახუნძლულ საუნდში უეცრად მიკ ბოქსის პაწაწინა სოლო-მარგალიტი შემოიჭრება და თითქოს სიმღერაც როკ მუსიკის ნებისმიერი გემოვნების მსმენელისთვისაა მისაღები...
უმძლავრესი The Law შესავალში ბას გიტარის გაფრენებით უეცრად მშვიდდება ბერნი შოუს სასიამოვნო ვოკალის შემოსვლით, თითქოს იმის სათქმელადაც, რომ მორჩით ხალხნო ჩემი და ბაირონის შედარებას, ტყუილად არ ვარ Uriah Heep-ში აგერ უკვე 25 წელიწადი. მერე რა, რომ სიმღერების წერა არ ვიცი, ამ საქმეს ხომ ბოქსი და ლენზონიც შესანიშნავად უძღვებიან... The Law -ში მიკ ბოქსი დიდებულ სოლოს უკრავს მისთვის საყვარელ vah vah ყაიდაზე, არაპროგნოზირებად გადასვლას კი ჯერ ძირითად მოტივზე, ხოლო შემდეგ კი ალბომის სახელწოდების მატარებელ The Outsider-ზე გავყავართ. თითქოს ეს სიმღერა წინა სიმღერის სიმძლავრის გადაჭარბებას ტემპით ცდილობს, მელოდიზმი და ბოქსის სოლო აქაც აღმაფრთოვანებელია. The Outsider, Uriah Heep-ის ტიპური საკონცერტო კლასიკური როკ’ნ’როლია.
Rock The Foundation თითქოს წინა ორი სიმღერის შუალედურ-გამაერთიანებელია. Is Anybody Gonna Help Me კი ალბომის მძიმე-ბლუზურ მხარეს განასახიერებს. Looking At You კლასიკური Uriah Heep-ული როკ’ნ’როლია შესანიშნავი პოლიფონიით, Can’t Take That Away კი მძლავრი კლასიკურ-ჰარდ-როკული აკორდებით კიდევ ერთხელ გვაგრძნობინებს მიკ ბოქსის “თინნეიჯერობას“. ვოკალის თემა აქ გამოხატულად ბერნი შოუსეულია. ასეთი ბევრი გვსმენია აქამდეც, მაგრამ იმდენად სასიამოვნოდაა განმეორებული ეს ყველაფერი, რომ იოტისოდენად გამაღიზიანებელიც კი არაფერია ამაში. შედარებით ორიგინალურია ალბომის დამაბოლოვებელი ფაზა Jesse და Kiss The Rainbow. ისინი კარგად ჯდებიან იქამდე მოსმენილთა ანსამბლში და ინარჩუნებენ ალბომის ხასიათს. ეფექტურია Kiss The Rainbow-ში ფილ ლენზონის სოლო, რისი ამყოლი მიკ ბოქსის პაწაწინა სტუდიური შემოჭრა კონცერტებზე აუცილებლად ფრთებს გაშლის.
45 წლიანი Uriah Heep-როკ სიბრძნით აღსავსე დამაგვირგვინებელი აკორდი Say Goodbye კი იმდენად შთამბეჭდავია, რომ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით კენ ჰენსლისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ამ უკანასკნელის სიტყვების აბსურდულობაში - თითქოს დღევანდელი Uriah Heep-თვის უპირველეს ყოვლისა, სახელია შესაცვლელი...