შსს-ს წარმომადგენლები, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, სტუდენტებთან შეხვედრებს განაგრძობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა და ნარკოლოგმა თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს ე.წ. ბიონარკოტიკის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის მიზანი და მნიშვნელობა გააცნეს. შეხვედრაზე შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსმა სოფო კილაძემ სტუდენტებს განუმარტა, რომ 1 მაისიდან ამოქმედდა კანონი „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა და ეფექტურად მუშაობს, ბოლო პერიოდის განმავლობაში ახალი ფსიქოაქტიური საშუალებების შეძენა-შენახვისა და გავრცელების არაერთი ფაქტი აღიკვეთა. კანონის თანახმად, იკრძალება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანა ან უკანონოდ გატანა, შესაბამისად, მსგავსი ქმედება სისხლის სამართლის წესით ისჯება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შსს-ს წარმომადგენლებმა სტუდენტებისთვის საინტერესო შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს. ნარკოლოგმა ზურაბ სიხარულიძემ ე.წ. ბიონარკოტიკების მოხმარების მავნე ზეგავლენის შესახებ ახალგაზრდებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ანტინარკოტიკული კამპანიის სლოგანია „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“, მიზანი კი ე.წ. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და საზოგადოების სათანადო ინფორმირებაა.