„ტანკებს გამოვიყვანთ, ქალბატონო ნინო და ხალხს გადავუვლითო“

„ტანკებს გამოვიყვანთ, ქალბატონო ნინო და ხალხს გადავუვლითო“

შესაძლოა, იმიტომ რომ ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ, ოპოზიციამ 2009 წელს ვერ მოახერხა ის, რაც 2003 წელს რევოლუციურ ტრიუმვირატს გამოუვიდა. ნინო ბურჯანაძე მაშინაც და 2009 წელსაც ოპოზიციის მხარეს იდგა, ამის პარალელურად, ის უშუალო მონაწილეა როგორც კულუარული, ისე ოფიციალური პროცესებისა, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში ხდებოდა. მიხეილ სააკაშვილისა და ოპოზიციის ძლიერსა და სუსტ მხარეებზე პარლამენტის ყოფილი და, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს “ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გვესაუბრება.

რამ განაპირობა ის, რომ, რაც ვერ მოხდა 2009 წელს, შესაძლებელი იყო 2003-ში? თითქოს იგივე შემადგენლობა იღებდა მონაწილეობას 2009 წლის საპროტესტო გამოსვლებში?

- მე არ ვიღებდი მონაწილეობას ყველა კულუარულ განხილვაში ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. იქამდეც მიდიოდა საქმე, როდესაც რამდენჯერმე კატეგორიულად მოვითხოვე უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარება ან უბრალოდ შეკრება, რომ გადაწყვეტილება მსჯელობის საფუძველზე მიგვეღო, აღმოჩნდა, ეს ფარსი იყო. ერთი მაგალითი შემიძლია, მოგიტანოთ: ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრის დროს, რომელიც საკმაოდ გვიანობამდე გაგრძელდა და ძალიან სერიოზულად ვმსჯელობდით კონფლიქტურ რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, ჩემი მობილური ტელეფონი დაჯდა. ვითხოვე ტელეფონის დამტენი და ჩავრთე. დასრულდა შეხვედრა. გამოვედით და მოხდა ისე, მე და ბატონი გელა ბეჟუაშვილი შევრჩით ლიფტთან, ქვემოთ, საუბარს შევყევით. დაახლოებით 10-15 წუთს ვსაუბრობდით, ამასობაში გამახსენდა, რომ ტელეფონი დამრჩა და ავბრუნდი პრეზიდენტის კაბინეტში. ჩემდა გასაოცრად აღმოჩნდა, რომ თითქმის იგივე შემადგენლობა, ჩემი, გელა ბეჟუაშვილისა და ორიოდე ადამიანის გამოკლებით, ისევ პრეზიდენტთან იყო და გაცხარებით მსჯელობდნენ იმ საკითხებზე, რომლებზეც ჩვენ თითქოსდა გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ.

ვინ დაგხვდათ პრეზიდენტთან?

- გასაკვირს არაფერს გეტყვით: მერაბიშვილი, ადეიშვილი, ბოკერია, მეოთხე, სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს, ლომაია იყო თუ უგულავა. ბუნებრივია, ძალიან დაიბნენ. ამან ჩემი დიდი აღშფოთება გამოიწვია, რასაც კამათიც მოჰყვა ჩემსა და პრეზიდენტს შორის. მინდა, გითხრათ, რომ სწორედ ამ ტიპის ქმედებებით წაიტეხა კისერი სააკაშვილმა, მაგრამ, სამწუხაროდ, ლამის ქვეყანას მოატეხინოს კისერი.

2003 წელს რამ შეასრულა გარდამტეხი ფაქტორის როლი?

- რა თქმა უნდა, 2003 წელს სახელმწიფო სტრუქტურები განუზომლად სუსტი იყო, არ იყო ცენტრალიზებული, არ იყო შიშის ის ფაქტორი, რომელიც არის ახლა. რა თქმა უნდა, გადამწყვეტი როლი ჰქონდა მედიას, როგორც ბეჭდურს, ისე სატელევიზიოს. იყო უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია. დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, ნულოვან აქტივობას ამჟღავნებს, რადგან უმეტესად ხელისუფლების მიერ იმართება. მედიაზე არც ვილაპარაკებ, ჩემზე კარგად იცით, რა მდგომარეობაშია. ამას გარდა, 2003 წელს, პროცენტულად რომ შეადაროთ, განუზომლად დიდი თანხა იყო. მე მაშინ ნამდვილად არ მქონდა ინფორმაცია, რა წყაროდან იღებდა სააკაშვილი ფულს, მაგრამ ძალიან ნათლად გამოჩნდა შემდეგ, რომ ეს იყო ტარიელ ონიანის ფული, იგორ გიორგაძის მიერ გამოგზავნილი „ვილისები“, რომლის აღებაშიც სააკაშვილს არაფერი სამშობლოს საწინააღმდეგო მოქმედების მსგავსი არ დაუნახავს.

რა რაოდენობის თანხაზე იყო ლაპარაკი?

- ვერ გეტყვით, არასდროს ვყოფილვარ ჩართული ამ საკითხებში.

მაშინ ასე გკითხავთ: იყო თანხის ნაკლებობა?

- თანხის ნაკლებობა არ ყოფილა და, მეორე, რაც თანხაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, მაშინ, მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებებისა, სამმა ლიდერმა, შევძელით, კოორდინირებულად წარგვემართა ჩვენი მოქმედება და გვემუშავა დასავლეთთან. ჩვენ, ოპოზიციის ძირითადი ნაწილი, შევთანხმდით, რომ არჩევნები გაყალბდა, ხელისუფლებას უნდა დაენიშნა ახალი არჩევნები ან წასულიყო. სამწუხაროდ, ასეთი ერთობაც ვერ მოხერხდა 2009 წელს ოპოზიციაში. ოპოზიციის ნაწილი დიალოგზე მირბოდა, მეორე ნაწილი ამბობდა, დიალოგი არ შეიძლებაო, მესამეს აზრით, ორივე შეიძლებოდა. სააკაშვილს ვერ წაართმევ იმას, რომ, როდესაც საქმე მის პირად წარმატებას ეხება, გამბედავია და ნაკლებად ფიქრობს სხვებზე. ჩვენთვის ნათელი იყო, რომ მისთვის მთავარი არ იყო ქვეყნის სტაბილურობა და ის თუ რა ფასად მიაღწევდა წარმატებას. ოპოზიციურმა ლიდერებმა მაშინ ჩვენს თავზე ვერ ავიღეთ ის რისკი, რომელიც, უდავოდ, არსებობდა გადაგვედგა რადიკალური ნაბიჯები. თუმცა გონივრული, შეთანხმებული და ცოტა უფრო მწვავე ნაბიჯების შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, შედეგს მივაღწევდით.

ვინც არ რისკავს, არც სვამს შამპანურს, როგორც ოკუპანტები ამბობენ.

- საშამპანურედ ნამდვილად არ ექნება საქმე ადამიანთა იმ ჯგუფს, რომლებიც, თუნდაც, ხელისუფლებაში მოვლენ, ისეთ უმძიმეს მემკვიდრეობას ტოვებს სააკაშვილი, ბევრად მძიმეს, ვიდრე შევარდნაძემ დატოვა, რადგან დღეს ყველა მიმართულებით, სტრატეგიული თვალსაზრისით, თითქმის ჩიხამდე ვართ მისული. სასწრაფოდაა სწორი გზები მოსაძებნი, ასე რომ, შამპანურის დასალევად მომავალ პრეზიდენტს ნამდვილად არ ეცლება.

მე ამაში დარწმუნებული ვარ. მთავარია, პრეზიდენტობის მსურველმა იცოდეს ეს. ამბობთ, რომ 2003 წელს სამმა ლიდერმა მკაფიოდ გააგებინეთ დასავლეთს, რომ კურსი იქნებოდა პროდასავლური და სიმართლე გითხრათ, ნაკლებად სარწმუნოა, რომ დასავლეთისთვის შევარდნაძე მხოლოდ არჩევნების გაყალბების გამო გახდა მიუღებელი. რას დაჰპირდით 2003 წელს დასავლეთს? რომ უკიდურესად გამწვავდებოდა ვითარება რუსეთთან?

- ჩვენ არა მხოლოდ დასავლეთს, ყველას ვუგზავნიდით გზავნილებს, მათ შორის სააკაშვილიც და ეს იყო ღია გზავნილები, თუნდაც, რუსეთის მიმართულებითაც და ჩვენს პოლიტიკურ კურსს აშკარად ვაცხადებდით. მე არ მესმის, რატომ არ იყო მაშინ დანაშაული იგორ ივანოვთან შეხვედრა და მასთან ჩახუტება - ნამდვილად სააკაშვილი ჩაეხუტა, თუ ვინმე ჩაეხუტა მას პირველი და რატომ არის დღეს იმის დეკლარირება, რომ რუსეთთან მოლაპარაკება უნდა დაიწყოს, სამშობლოს ღალატი?!

იმიტომ რომ 30 კილომეტრში რუსის საოკუპაციო ჯარი დგასო?

- ერთ-ერთ გადაცემაში ქალბატონმა კვესიტაძემ გამაჩერა და მითხრა, მაშინ სხვა სიტუაცია იყო და საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული არ იყოო. მე შევახსენე მას, 90-იანი წლების დასაწყისშიც იყო ომი აფხაზეთსა და ოსეთში, იქ მაშინაც რუსული ჯარები იდგა და პლუს ამას რუსეთის სამხედრო ბაზები იყო საქართველოს ოთხ სხვადასხვა კუთხეში. ასე რომ, ხელისუფლების ის ამაზრზენი პოლიტიკა, რომ ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები მოღალატეებად წარმოაჩინოს, ძალიან მალე ცხვირში წამოენთხევათ სააკაშვილსაც და მის მანქურთებსაც, მართლაც სამშობლოს მოღალატეებს. არ ვამბობ, რომ ეს მათ შეგნებულად გააკეთეს, მაგრამ თავიანთი სრულიად გაუცნობიერებელი ნაბიჯებით, გადამეტებული ამბიციებით, ბრიყვული თავდაჯერებულობით სამშობლო დაღუპვის გზამდე მიიყვანეს: დააბრუნეს რუსული სამხედრო ბაზები, ტერიტორიების 20 პროცენტი რუსული კონტროლის ქვეშ გადასცეს. რაც შეეხება იმას, გაწირა თუ არა დასავლეთმა შევარდნაძე: თქვენ შეგიძლიათ, გაიხსენოთ ამერიკის მაშინდელი ელჩის, ბატონი მაილსის სიტყვები, მაშინაც ამერიკა ნამდვილად არ უჭერდა აქტიურად მხარს ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს. ბოლო დღემდე საუბრობდნენ, იქნებ მოილაპარაკოთო, მაგრამ რამდენიმე საათში, როდესაც ხელისუფლების ცვლილება მოხდა და პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა გადადგომის შესახებ, მე დამიკავშირდნენ როგორც თეთრი სახლიდან, ისე სახელმწიფო დეპარტამენტიდან, ევროპის სხვადასხვა დედაქალაქიდან. ისინი გამოხატავდნენ კმაყოფილებას, რომ ძალადობა არ მოხდა და უკვე შემდეგ გამოუცხადეს უპრეცედენტო მხარდაჭერა დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას. ასე რომ, ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი და არც იქნება სწორი, რომ ვიღაც მოვა და სააკაშვილს წაიყვანს. ჩვენ არც მტრის და არც მოყვრის მოყვანილი და წაყვანილი პრეზიდენტი არ უნდა გვინდოდეს. რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც მეგობრები საქმეს გიიოლებენ, მაგრამ ჩვენს თავს ჩვენვე უნდა მივხედოთ.

გამოდის, რომ სააკაშვილი იყო რისკიანი და გაუმართლა, მან გაითვალისწინა შევარდნაძის შეცდომები, ცენტრალიზებული გახადა სახელისუფლო სტრუქტურები, ხალხი დააშინა. ანუ „მიშა მაგარია“ თუ ჩვენ ვართ ისეთები, ვისთანაც „მიშა მაგარია“?

- ჯერ ერთი, მაშინ მხოლოდ სააკაშვილს არ გამოუვლენია რისკიანობა, შევარდნაძე არ წავიდა სისხლისღვრაზე და ნათელი იყო, რომ შევარდნაძე იარაღს არ გამოიყენებდა. მაშინ, როდესაც ის ადამიანები, რომლებიც დღეს სამშობლოს სიყვარულზე ლაპარაკობენ, ჩემს კაბინეტში ამბობდნენ, რომ ტანკებით გადაუვლიდნენ საკუთარ ხალხს.

2007 წლის ნოემბერში?

- დიახ. ტანკებს გამოვიყვანთ, ქალბატონო ნინო და ხალხს გადავუვლითო. მე რომ მოღალატეს მიწოდებდა, იმ კაცის სიტყვებია ეს.

ვინ ამბობდა ამას?

- გიგა ბოკერია. დღემდე მაინც თავს ვიკავებდი, იმიტომ რომ ბოკერია ყოველთვის ინარჩუნებდა კორექტულობას. ამას გარდა, იყო შემთხვევები, როდესაც ბოკერიას პოზიტიური როლი შეუსრულებია, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ის შეჰკამათებია პრეზიდენტს და არ უთქვამს, რისი თქმაც არ უნდოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ვითარება შეიცვალა. გამეცინა, რომ ჩემ წინააღმდეგ მძიმეწონოსანი ბოკერია ჩართეს. ბოკერია კი ნამდვილად მძიმეწონოსანია იმ ერთუჯრედიანებთან შედარებით, რომლებსაც ხელისუფლება ალაპარაკებს. ხელისუფლება რომ ხარ, ძალიან ფრთხილად უნდა იყო, როდესაც საკუთარ ხალხზე ტანკების გადატარების აზრიც კი გაგჩენია.

დიდ მწვანე ველში“ არის ასეთი ფრაზა: „მაშინაც მენახირე არ იყოო“. ადამიანები არ იცვლებიან. არ ეტყობოდათ თქვენს ყოფილ თანამებრძოლებს, რომ, როდესაც სავარძლებში დასხდებოდნენ, შესაძლოა, ტანკებით გადავლის სურვილი გასჩენოდათ?

- ეტყობოდათ, ოღონდ მთლად ამდენიც არა. ბევრი რამ რომ არ მომწონდა იმ ჯგუფის, იმიტომ არ ვიყავი „ნაციონალურ მოძრაობაში“. ზოგიერთს, თურმე, არ მოსწონს, რომ ბურჯანაძისნაირი პოლიტიკოსები არიან ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ სულ ბურჯანაძის გვარის ძახილი იყო „ნაციონალურ მოძრაობაში“ და სააკაშვილი მეხვეწებოდა, პირველი ნომერი იყავიო, ისევე, როგორც 2008 წლის აპრილში მეხვეწებოდა იმავეს. მესიჯები დღემდე შენახული მაქვს ტელეფონში, უბრალოდ არ ვიკადრებ, რომ პრეზიდენტის გამოგზავნილი მესიჯები საჯარო გავხადო.

გარდა იმისა, რომ ტანკებით გადავლას აპირებდნენ, თურმე, თქვენ, ისევე, როგორც ხელისუფლების ყოფილ სხვა წარმომადგენლებს, გექნებათ უამრავი არანაკლებ საინტერესო და სკანდალური შიდა ინფორმაცია, არ აპირებთ ამის თქმას?

- მე უკვე იმდენი რამ ვთქვი, რომ ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში...

ჩვენ გვაქვს ნორმალური ქვეყანა?

- მაგრამ პრეტენზია ხომ გვაქვს?! ამიტომ მოვიქცეთ, როგორც ნორმალური ქვეყანა. იმ განცხადებების, რაც გავაკეთე მე, ოქრუაშვილმა, სალომე ზურაბიშვილმა, თუნდაც, ბადრი ბიწაძემ, მეასედიც კი სრულიად საკმარისი იქნებოდა, რომ ნებისმიერ თავმოყვარე ერს დაეყენებინა ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი.

თავად ბრძანებთ, ხალხი შეშინებულიაო?

 

- სანამ შეშინებული ვიქნებით, კიდევ უფრო დაგვასხდებიან თავზე. როდესაც პრეტენზიით მივმართე ვანო მერაბიშვილს, რომ ბიზნესმენებზე ზეწოლის ფაქტები იყო, მან სრულიად „სამართლიანად“ მითხრა, ქალბატონო ნინო, თუ არ მითხარით ფაქტები, როგორ მოვახდინო რეაგირებაო. არც ერთმა ბიზნესმენმა არ ისურვა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ წარმომადგენლის დასახელება, ვინც აწუხებდა. იცით, რატომ ხდება ეს?! როდესაც თქვენ გვერდით, ჩემ გვერდით, სამსახურიდან მხოლოდ იმის გამო ყრიან ადამიანებს, რომ ისინი ოპოზიციის მიტინგებზე დადიოდნენ, თანამშრომლები კი ისე იქცევიან, თითქოს არაფერი მომხდარა. როდესაც თქვენს მეზობელს, რომელსაც იარაღი და ნარკოტიკი არასდროს ჰქონია, ჩაუდებენ და დაიჭერენ, იმიტომ რომ ოპოზიციის მიტინგებზე მოდიოდა და მთელი სამეზობლო ხმას არ იღებს, რადგან ეშინიათ, მათაც არ ჩაუდონ იარაღი. ყველას ვერც იარაღს ჩაუდებენ, ვერც ნარკოტიკს და ვერც სამსახურიდან გააგდებენ. ჩვენ რომ ჩვენს სიმაღლეზე ვიყოთ, ჩემს თავსაც ვგულისხმობ, ამდენს ვერ გაგვიბედავდნენ. საფრანგეთში დახურეს რომელიღაც ქარხანა და დღეს ის ქარხანა, ფაქტობრივად, აიღეს მუშებმა, პასუხი გაგვაგებინეთ, იწყებს თუ არა მუშაობასო.

საფრანგეთში მოსახლეობისთვის ტანკებით გადავლის აზრი არც ერთ ხელისუფალს არ გაუჩნდება.

- იცით, რატომ არ გაუჩნდება? იმიტომ, რომ იმ ხალხმა ისწავლა საკუთარი ღირსების დაცვა. სტუდენტებისთვის რომ გაეზარდათ სწავლის გადასახადი, საფრანგეთის მთელი სტუდენტობა ფეხზე დადგებოდა, ჩვენ კი ვერ ვისწავლეთ ჩვენი უფლებების დაცვა.

ოპოზიციისა და ამომრჩევლის უნიათობითა თუ საკუთარი ვაჟკაცობით, მიხეილ სააკაშვილი მეორე ვადითაა პრეზიდენტი და ოსტატურად იყენებს ყველა მოვლენას, მათ შორის, ჩვენი სპორტსმენის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტსაც კი. რა არის სააკაშვილის ძლიერი მხარე?

- ჩვენ ვართ სუსტები. ჩემ წილ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, 2007 წლის ნოემბრის შემდეგ არც ოპოზიციაში იყო ისეთი ჯანსაღი პროცესები, იმედი გქონოდა, რომ სიტუაცია რადიკალურად შეიცვლებოდა. თან სააკაშვილი ძალიან თვალთმაქცობდა. მაშინაც ოპოზიციის სისუსტის ბრალი იყო, რომ სააკაშვილი დარჩა. ოპოზიციას რომ თანმიმდევრული ნაბიჯები გადაედგა, მეტი შანსი ექნებოდა. დღესაც გაუგებარია ჩემთვის, რატომ სჯერა ოპოზიციას, რომ სააკაშვილი ადგილობრივ არჩევნებში გაამარჯვებინებს?!

ესე იგი, სააკაშვილი ძლიერი გამოდის?

- ერთი ასეთი გამონათქვამია, თავხედი ადამიანი ტანკზე უარესიაო. ადამიანთან, რომელსაც შეუძლია, ითვალთმაქცოს, თვალებში გიყუროს და მოგატყუოს, ომი წააგოს და მთელ მსოფლიოს უძახოს, მე არ დამიწყია და მოვიგეო, იფორთხოს გორის ქუჩებში და ვაჟკაცობაზე გელაპარაკოს, ბრძოლა არ არის ადვილი. მას რომ მოუგო, ერთი ყველაზე ნაღდი მეთოდია, ებრძოლო იმ მეთოდებით, როგორც თვითონ გებრძვის.

მგონია, რომ ამ საქმეში თითქმის უალტერნატივოა?

- ეს უნდა იკადრო, მაგრამ არ მგონია, ღირდეს თავის შეწუხება ერთი სააკაშვილის მეორე სააკაშვილით შესაცვლელად. ჯერ ერთი, ვერ გავაკეთებ და არც გავაკეთებ, რომ იგივე მეთოდები გამოვიყენო და ამას არ მოიწონებს ქართველი ერი, მაგრამ სწორედ აქედან გამომდინარე, მასთან ბრძოლა რთულია. მით უმეტეს, რომ ამ „არაკორუმპირებულ“ პრეზიდენტს აქვს განუზომლად დიდი ფული, არა მხოლოდ პირადი, არამედ ეგრეთ წოდებული საერთო ფული, რომელიც მოაგროვა ამ ხელისუფლებაში მყოფმა რამდენიმე ადამიანმა. ეს არის შავი ფული, რომელსაც ისინი ატრიალებენ. რა გგონიათ, აბა, საიდან ეძლევათ ფული ზონდერბრიგადების წარმომადგენლებს?! უამრავი თანხა იხარჯება ამ ზონდერების ოჯახების დასასვენებლად გასაგზავნად. ეს არ არის საბიუჯეტო თანხები, ეს არის შავი ფული, არ მინდა დეტალებზე ლაპარაკი. ეს ძალიან დიდი ფულია.

ატკატებიდან“?

- არა მხოლოდ. არ გიჩნდებათ კითხვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც ყველას და ყველაფერს უსმენს და ცხვირსახოცის ქურდობისთვის იჭერს ხალხს, სერიოზულ ნარკოდილერებს ვერ აკავებს?!

რაც მართალია, მართალია, არასდროს მინახავს ასეთი ადამიანების დაკავების შესახებ სიუჟეტები, თუ გავითვალისწინებთ, რომ 250 000 ნარკომანი გვყავს, ფაქტია, მათ ნარკოტიკიც ექნებათ?

- ამას გარდა, არის სხვა ძალიან ბევრი რამ.

იმას ამბობთ, რომ ჩვენს ქვეყანაზე გამავალ ტრასას მაქსიმალურად იყენებენ?

- იყენებენ ყველაფერს და ყველაზე მთავარი: სააკაშვილისა და მის ირგვლივ მყოფი ადამიანების მთავარი ამოცანაა რეჟიმის სიმყარე და სიძლიერე. მაგრამ ამასაც ვერ ახერხებენ, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული განხეთქილებებია შიგნით, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან მყარად არიან დაკავშირებული. მათ აქვთ ერთმანეთის დანაშაულებრივ მოქმედებათა მტკიცებულებები და ძალიან მყარი ფინანსური ინტერესები, მაგრამ ეს მაინც არის ერთი მუჭა ადამიანები. ხელისუფლებაში, საბედნიეროდ, უამრავი წესიერი ადამიანია. მათ აშინებენ, თუ ოპოზიცია მოვიდა, ყველას გაგყრიან სამსახურებიდანო.

მაგრამ ამას ამბობს ხოლმე ოპოზიცია?

- ნაწილი ამბობს, მაგრამ ხელისუფლებაში არიან წესიერი ადამიანებიც, შუა და დაბალ დონეებზე, მხოლოდ ერთეულების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და იმ კონკრეტული ადამიანების, რომლებსაც ჩადენილი აქვთ სისხლის სამართლის დანაშაული. დანარჩენები, ყოველგვარი პარტიული კუთვნილების მიუხედავად, გააგრძელებენ მუშაობას.

იმავე მეთოდით ვერ და არ შევებრძოლებითო, აბა, როგორ?

- თანმიმდევრული, უკომპრომისო ბრძოლით. თუ ვამბობთ, რომ სააკაშვილი არის საფრთხე, მაშინ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ ამ საფრთხის წინააღმდეგ და გამოსავლებს ნუ ვეძებთ. რა უნდა შეიცვალოს ადგილობრივი არჩევნებით?! თბილისს რომ გავალამაზებთ, რუსის ტანკი აღარ იდგება იქ, სადაც დგას?! კარგად უნდა გავაანალიზოთ, რომ ხვალ შეიძლება, ამ ქვეყანას მომავალი აღარ ჰქონდეს. კარგად უნდა გავაანალიზოთ, რომ, თუ სხვამ შეცვალა ეს ხელისუფლება, რის შანსიც არსებობს და არა ქართველმა ხალხმა, ქვეყანას მომავალი არ ექნება. ჩვენ თვითონ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, რადგან, თუ ხვალ ამ ხელისუფლებამ კვლავ ჩართო ომში ქვეყანა, ქვეყანა დაიშლება: აღარც ხელისუფლება იქნება და აღარც ქვეყანა. ადამიანი ამბობს, დღესაც, იგივე რომ მოხდეს, რაც აგვისტოში მოხდა, იმავეს გავაკეთებო. ამით ძალიან სერიოზულ საბაბს აძლევს იმ ძალებს, რომლებსაც უნდათ, რომ საქართველო ომში ჩართონ.

რა აკლიათ ქართველ პოლიტიკოს მამაკაცებს?

- პრინციპულობა და ის, რომ უჭირთ თავიანთი გადაწყვეტილების დაცვა. შეიძლება, გუშინ რაღაცაზე შევთანხმდეთ, მაგრამ ხვალ შეიცვალოს ვითარება და აუცილებლად უნდა გეყოს ამის თქმის გამბედაობა. ისინი კი ან იმალებიან, ან თქმის ეშინიათ. არ მინდა, ფემინისტურად გამომივიდეს, ისინიც იტყვიან, ალბათ, თავიანთ აზრს ქალებზე, მაგრამ მე ვერ დავინახე ქართული პოლიტიკური სპექტრის მხრიდან ის გონივრული გამბედაობა, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ამ ბნელ ძალას მოერიო, მაგრამ მაინც მოვერევით.