საქართველოს შეიარაღებული ძალები ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო მისიაში ჩაერთო.
ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედროები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში უკვე გაემგზავრნენ.
ჯარისკაცები საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა. მან ქართველ სამხედროებს მისიის წარმატებით განხორციელება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.
დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სამხედრო მოსამსახურეები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში, ქაბულში, ბაზა „ფენიქსზე“ ექვსი თვის განმავლობაში ISAF-ის საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობდნენ. ევროკავშირის მისიისთვის კი, დამატებითი მომზადება მათ ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში" გაიარეს. გადასროლისწინა ორთვიანი სწავლება პატრულირებას, საკონტროლო გამშვები პუნქტების მოწყობას, ბაზის დაცვასა და სამოქმედო არეალში უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითვალისწინებდა. სწავლებაში, ასევე, ორი ფრანგი ოფიცერი იყო ჩართული. მათ ქართველ სამხედროებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სამშვიდობო მისიას დედაქალაქ ბანგიში შეასრულებენ. მისია სამოქმედო არეალში უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მდგომარეობის სტაბილიზაციას ითვალისწინებს. ისინი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებას მოახდენენ.