ვინ არის „ქემალ ფაშას“ რეალური მფლობელი? ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ყველასთვის მოულოდნელად, მოსახლეობის ინფორმირების გარეშე, შეიცვალა პარლამენტის დადგენილება, რომელიც ფიზიკურ პირებს შეღავათიანი საბაჟო გადასახადებით სარგებლობის უფლებას აძლევდა, ანუ ის მცირე მოვაჭრეები, რომლებსაც თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და ა.შ. შემოჰქონდათ 300 ლარამდე ღირებულების ან 50 კილოგრამამდე წონის არაერთგვაროვანი საქონელი, გათავისუფლებული იყვნენ საბაჟო გადასახადისგან. დადგენილი მაჩვენებლების ზემოთ კი იხდიდნენ ფიქსირებულ გადასახადს. ბოლო ორი კვირაა, ფიზიკურ პირებს ნებისმიერი სახის საქონლის საზღვარზე გადმოტანის შემთხვევაში (თუნდაც, საკუთარი ნახმარი ტანისამოსი და პირადი მოხმარების ნივთები), ბეგრავენ 18-პროცენტიანი დღგ-თი.
საქონლის განბაჟების ახალი წესები იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა მოსახლეობისთვის, რომ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და სერიოზული პრობლემების წინაშე დადგა. თითოეულ ნივთზე გადასახდელი თანხა კატასტროფულად გაიზარდა.
მეზობელ ქვეყნებში შეძენილ პროდუქციას ხშირ შემთხვევაში არ მოჰყვება საქონლის ფასის აღმნიშვნელი შესაბამისი ფაქტურა, რისი მეშვეობითაც ხდება გადასახადის დადგენა. საბაჟო ცდილობს, მაქსიმალურად ძვირად შეაფასოს საქონელი, ვიდრე რეალურად ღირს. ამის გამო ურთიერთობა დაიძაბა მოსახლეობასა და საბაჟოს შორის. გართულდა საბაჟო პროცედურები. კერძო მოვაჭრეებს კვირაობით უწევთ საქონლის განბაჟებაზე ლოდინი. ამას გარდა, საშუამავლო ფირმა „კარგომ“, რომელიც თითქმის 10 წელია, ფიზიკური პირების მიერ ჩამოტანილი ტვირთების განბაჟება-დასაწყობებაზე მუშაობს და მონოპოლისტი კომპანიაა, გაზარდა მომსახურების ტარიფები. გაორმაგდა მეზობელ ქვეყნებში მგზავრობის ღირებულებაც.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში ხელისუფლებას გადასახადების აკრეფა უჭირს და ამიტომ განახორციელა მსგავსი ცვლილებები.
„ხელისუფლებას უძნელდება გადასახადების ამოღება. ამის გამო ყველანაირ გადასახადს ამძიმებს და ამკაცრებს. გაიზარდა საბაჟო განაკვეთები იმ ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც ხშირად კვეთენ საქართველოს საზღვარს. ხელისუფლება როცა ახორციელებს საზოგადოების საწინააღმდეგო ცვლილებებს, ყოველთვის მისი ინფორმირების გარეშე აკეთებს ამას. ამჯერადაც, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, ივნისში ძალიან სწრაფად განხორციელდა ცვლილებები, რაც შეუსაბამოა თავად ხელისუფლების იმ განცხადებებთან, რომლებიც გადასახადების ლიბერალიზაციას ეხებოდა, - აღნიშნა ბატონმა დავითმა ჩვენთან საუბრისას, - რაც შეეხება შპს „კარგოს“ მიერ მომსახურების ტარიფების გაზრდას, აღნიშნულ კომპანიას კერძო საბაჟო საწყობის ლიცენზია აქვს და საკუთარი სურვილის მიხედვით ზრდის ან ამცირებს ფასებს. „კარგო“ კერძო ფირმაა. მას თავად შეუძლია ფასების ფორმირება, ის ამავე დროს მონოპოლისტი კომპანიაა, ამიტომ არ მგონია, დამოუკიდებლად გადაეწყვიტა ეს საკითხი. ვფიქრობ, ყველაფერი შემოსავლების სამსახურთანაა შეთანხმებული. ვერ გეტყვით, ვინ დგას ამ კომპანიის უკან, მაგრამ ვიცი, რომ ის, ძირითადად, აეროპორტებში არსებული ფირმაა, რომელიც თვითმფრინავებიდან ჩამოსული ტვირთების განბაჟებაზე და მათ დასაწყობებაზე მუშაობს. მას ბოლო 10 წლის განმავლობაში ყოველთვის სერიოზული პრობლემები ჰქონდა ტვირთებთან დაკავშირებით. ამ კითხვით უნდა მიმართოთ შემოსავლების სამსახურს. მას აქვს ყველა ინფორმაცია, ვინ არის მისი დამფუძნებელი, რომელი ლიცენზია აქვს, რა ტიპის საქმიანობას ეწევა და ა.შ. თუ ისინი აბსოლუტურ დუმილს არჩევენ, რაც დიდი ალბათობაა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს კომპანია და შემოსავლების სამსახური ერთმანეთთანაა შეკრული“.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევს, რომ პირველადი მოხმარების საგნებზე და რაღაც წვრილმანებზე მონოპოლიურად ხდებოდეს ფასების ფორმირება.
„ზოგადად, ფასების გაძვირება გლობალური პროცესია და ამას, ალბათ, ბაზარი განსაზღვრავს. რაც შეეხება დამატებითი ღირებულების გადასახადს, ამას კანონი ადრეც ითვალისწინებდა. უბრალოდ, აქამდე სხვაგვარად უყურებდნენ ამ საკითხს და კერძო პირებს მინიმალური რაოდენობის პროდუქციას არ უბეგრავდნენ. ამ ცვლილებებმა, ბუნებრივია, გარკვეული პრობლემები შექმნა. სერიოზულ უხერხულობას კი ის ფაქტი იწვევს, რომ მებაჟეები ცდილობენ, ესა თუ ის საქონელი, რომელსაც ფასის აღმნიშვნელი შესაბამისი დოკუმენტაცია არ მოჰყვება, რაც შეიძლება ძვირად შეაფასონ, რაც მანიპულაციების და კონფლიქტის საგანი ხდება და სიტუაციას ძაბავს“, - აცხადებს ბატონი გია.
მომსახურების ტარიფების და საბაჟო გადასახადების მოულოდნელი გაზრდა, სხვა ანალოგიური ცვლილებები, არაოფიციალური ინფორმაციით, „ქემალ ფაშას“ ბაზრობას უკავშირდება, რომელიც, კულუარული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის დედას - გიული ალასანიას ეკუთვნის.
აღნიშნული ბაზრობა აქამდე თურქეთის ტერიტორიაზე, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან ახლოს მდებარეობდა და შერეული საქონლით ვაჭრობდა. მისმა მეპატრონეებმა მოულოდნელად აღნიშნული ბაზრობის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანა გადაწყვიტეს. თავად ამ ფაქტმა სერიოზული შეშფოთება გამოიწვია ხოფის ბაზრობის მოვაჭრეებში და ერთგვარ დაპირისპირებამდეც მივიდა, თუმცა ამან ვერ შეაჩერა პროცესი და უახლოეს დღეებში ახალი ბაზრობის ამოქმედებას ელიან.
გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ ამ საკითხის გარკვევითაც დაინტერესდა და კომენტარი სთხოვა ბატონ გია ხუხაშვილს:
- ვისია ეს ბაზრობა, კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ასეთი ტიპის პროცედურებს ნამდვილად შეუძლია, გაზარდოს ტარიფები. თუკი მართლაც ხდება ასეთი რამ, ბუნებრივია, გაჩნდა მონოპოლისტი, რომელსაც საშუალება ეძლევა, სხვადასხვა მექანიზმით შექმნას არაჯანსაღი სიტუაცია, თავად მეტ მოგებაზე იმუშაოს, სხვები არაკონკურენტულ გარემოში ჩააგდოს, მათი საქმიანობა წამგებიანი გახადოს და ხალხი, ფაქტობრივად, უმუშევარი დატოვოს. ეს ძალიან ცუდი ფაქტია, რადგან ეს პიროვნებები უერთდებიან უმუშევართა იმ უზარმაზარ არმიას, რომელიც ისედაც საშიშ ზღვარზეა ქვეყანაში და, ზოგადად, ძალზე ამწვავებს სოციალურ ფონს. დღეს ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ ყველა თანაბარ მდგომარეობაში იყოს. არც დედიკოები, არც მამიკოები და არც ბიძაშვილ-ნათესავები არ უნდა აკონტროლებდნენ სიტუაციას. ხელისუფლება არ უნდა ერეოდეს პროცესებში და ბაზარი თავად არეგულირებდეს ფასებსაც და სუბიექტებსაც. ჩვენს ქვეყანაში ასე არ ხდება და აქედან მომდინარეობს ბევრი პრობლემა.
ეკონომისტები თვლიან, რომ ამ პროცესების შედეგად შეიძლება ათასობით ადამიანი დაზარალდეს და კიდევ უფრო გაჭირდეს ბიუჯეტის შევსება.
გამართლდება თუ არა ეკონომისტების პროგნოზები, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. ჩვენ კი აუცილებლად შევეცდებით, გავარკვიოთ, ვინ არის შპს „კარგოს“ მფლობელი, რომელსაც მონოპოლია აქვს აღებული საქართველოში ფიზიკურ პირების მიერ შემოტანილი ტვირთების განბაჟება-დასაწყობებაზე და რეალურად რა კავშირშია გიული ალასანიას ბაზრობასთან თუ საბაჟო გადასახადების გაზრდასთან.