ცნობილ ადვოკატსა და ადამიანის უფლებათა დამცველს, პარლამენტის დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძეს დიდი წამება აქვს გამოვლილი. ამის შესახებ საჯაროდ პირველად „სარკეს" მოუყვა. საბჭოთა ჯარში ყოფნისას ჩხუბი მოსვლია, რის შემდეგაც ნამდვილ საკონცენტრაციო ბანაკში მოხვედრილა. სწორედ იმ ჯოჯოხეთის გამოვლის შემდეგ გადაწყვიტა, ადვოკატი გამოსულიყო და ადამიანთა უფლებები დაეცვა.
44 წლის დეპუტატი 7 შვილის მამაა და უკვე თავისი მოსახელე შვილიშვილიც ჰყავს. ნიკოლოზი, ლაშა, თათია, ელენე, გიორგი, მარიამი და ლუკა - ეს მისი შვილების სახელებია. დიმიტრის მეუღლე ხათუნა კეკელია სულ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთ შვილს ელოდებოდა, მაგრამ ნაყოფმა დედის მუცელში შეწყვიტა არსებობა, რამაც ცოლ–ქმარს საშინლად დასწყვიტა გული - ამ შვილს განსაკუთრებული სიხარულით ველოდებოდითო, გვითხრეს.
ბატონო დიმიტრი, შვიდი შვილის გაზრდა ალბათ ძალიან რთულია. თქვენ როგორი ბავშვი იყავით, როგორი ცხოვრება გაქვთ აქამდე გამოვლილი?
- მამაჩემი ექიმი გახლდათ. დედა ინგლისური ენის სპეციალისტია და ათწლეულების განმავლობაში კიბერნეტიკის ინსტიტუტში მუშაობდა. გათამამებული ბავშვობა არ მქონია, რადგან მშობლები ჯამაგირის ხალხი იყვნენ. ფულის სხვა გზით შოვნა არც მოსვლიათ აზრად. თუმცა ჩემი უფროსი შვილების და მათზე უფროსების ბავშვობას უკანფეტო ერქვა და ჩემს ბავშვობაზე ვეღარც ვიწუწუნებ. მამის წყალობით, ინტელიგენტი ადამიანების გარემოცვაში გავიზარდე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი გახლდით, როცა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამიწვიეს. ჯარში სამსახურის დამთავრებამდე 6 თვით ადრე ჩემს ცხოვრებაში ძალიან ცუდი რამ მოხდა. ჩხუბის გამო დისციპლინარულ ბატალიონში აღმოვჩნდი. მე და ჩემი მეგობარი გაგვასამართლეს და მძიმე ცხრათვიანი პერიოდი გამოვიარე.
რის გამო იჩხუბეთ?
- ქართული ღირსების დასაცავად. მაშინ „პერესტროიკის" პერიოდი და საბჭოთა კავშირის რყევის დასაწყისი იყო. ერთა შორის დამოკიდებულების საკითხი ძალიან მწვავედ იდგა. ჩემი მეგობარი ქვედანაყოფის პასუხისმგებელი მორიგე იყო, როცა მას არ დაემორჩილნენ. ამას მოჰყვა სერიოზული წაკამათება, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. ვისაც ვეჩხუბეთ, მათ ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიადგა, რაც იმის საფუძველი გახდა, რომ ჩვენ წინააღმდეგ შემობრუნებულიყო პასუხისმგებლობა და სისხლის სამართლის წესით გაგვასამართლეს. ორწლინახევრით მომიწევდა იქ ყოფნა, მაგრამ, საბედნიეროდ, ოქტომბრის რევოლუციის 70–ე წლისთავმა მომისწრო და გამომიშვეს.
დანა ან რაიმე სახის იარაღი იხმარეთ?
- არა, წყლიანი დოქი ჩავარტყი ერთ აზერბაიჯანელს და თავი გაუტყდა. ეს იყო ერევანში. მაშინ ქართველების წინააღმდეგ ბინძური კამპანია მიდიოდა და არ დააყოვნეს - სამხედრო ტრიბუნალს გადაგვცეს.
არაიაზების უდაბნოში ამოვყავი თავი, სადაც იმდროინდელი საკონცენტრაციო ბანაკი იყო მოწყობილი საშინლად მკაცრი წესებით. იყო შემთხვევები, როცა კბილის ჯაგრისით მოედანს აწმენდინებდნენ და შეუსრულებლობა კარცერით ისჯებოდა. კარცერი იყო 15 კვადრატული მეტრის ოთახი. თავიდან იფიქრებდი, აქ გავძლებო. კუთხეში იდგა მეტრნახევარი სიგრძისა და 70 სანტიმეტრიანი სიგანის გალია. იქ გვკეტავდნენ 4–5 საათით, დანარჩენი დრო კი იმ ოთახში უნდა გაგვეტარებინა. ასეთი სისასტიკის მოგონება მხოლოდ რუსებს შეეძლოთ. როცა მივედით, ჩვენმა თანამემამულეებმა ინსტრუქტაჟი ჩაგვიტარეს, როგორ უნდა მოვქცეულიყავით, რის გამო უნდა გადაგვედო თავი. მათ შორის ისიც გვითხრეს, რომ გალიაში ყოფნისას არ უნდა გვეჭამა. ამ დროს სპეციალურად გაწვდიდნენ საკვებს და, თუ ჭამდი, მაშინ იწყებოდა წამება, რადგან საპირფარეშოში გასვლის პრობლემა დგებოდა.
ეს ყველაფერი გამოცდილი რომ მაქვს, ამიტომაც დღევანდელ პენიტენციალურ სისტემაზე ხშირად ვამახვილებ ხოლმე ყურადღებას. 84 დღე და ღამე ერევნის საგარნიზონო ჰაუპტვახტში ვიყავი. ეს ჩემს ცხოვრებაში უმძიმესი დღეები იყო. 19 წლის ვიყავი მაშინ. ყოფილა შემთხვევები, რომ ღამის საათებში გრძნობა დამიკარგავს და დილით მოვსულვარ გონზე. საკანში გვცემდნენ კიდეც. საკანში ასხმული იყო „ცემენტის შუბა" - უხეშად შესხმული ბეტონი, წვეტიანი. ამ „შუბის" გამოქვაბულებში პატარ–პატარა ბაღლინჯოები ცხოვრობდნენ. ნარს წყალს ვასხამდით გარშემო, გაზეთს ვფენდით და ისე ვწვებოდით, რომ 15–20 წუთით მაინც მოგვესწრო დაძინება, მაგრამ ბაღლინჯოები პირდაპირ კედლიდან ხტებოდნენ. სანამ თვალს დახუჭავდი, არ გეკარებოდა. ჩაგეძინებოდა თუ არა, მაშინვე მოდიოდა და გახტებოდა. ეს არის ადამიანის ფსიქოლოგიური და ფიზიკური წამება. ნეიროდერმიტი განმივითარდა და ყველა სახსარზე წყლული მქონდა. ვითომ ამ პრობლემის მოვლა გადაწყვიტეს და იცით, რა გააკეთეს? გამოგვიყვანეს და დუსტის „შაშკები" შეყარეს - ბოლს რომ უშვებს. იმ გაბოლილში შეგვყარეს ისე, რომ არ გაუნიავებიათ. რომ იტყვიან, დუსტი დაგვაყარეს. მთელი ერთი კვირა წყალს, ჩაის თუ რამე პროდუქტს, ყველაფერს დუსტის სუნი ასდიოდა.
მაშინ ლოცვა არ ვიცოდი, არც რელიგიური ვიყავი, მაგრამ ღმერთთან ურთიერთობის არანორმალური სურვილი გამიჩნდა. გისოსთან ყოველდღე მოფრინავდა თეთრი მტრედი და ჯდებოდა. მას რომ ვხედავდი, ჩემი სიტყვებით ვიწყებდი ლოცვას. „ვეფხისტყაოსნის" დასაწყისი - „რომელმან შექმნა სამყარო" - ჩემი ლოცვა იყო. რომ არ გავგიჟებულიყავი, გაზეთებს ვკითხულობდი, რომელიც იქ შემოჰქონდათ. მერე დავდიოდი და ვყვებოდი ლექციის სახით - გადმოვცემდი იქ წაკითხულს. ბევრს დავდიოდი, რომ დავღლილიყავი და ცივ ბეტონზე ადვილად დამძინებოდა.
პირველი 10 დღე იმდენად კოშმარული იყო, სასოწარკვეთაში ჩავვარდი. დაახლოებით მე–20 დღეს ჩემს ცხოვრებაში სასწაული მოხდა. იქ იდგა ჩაბეტონებული სკამი, რომელზეც შეგეძლო, თვალი მოგეტყუებინა. ერთ დღეს ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ძალიან შორს წავედი. უცებ ზურგიდან ვიგრძენი ხელის შეხება. მოვტრიალდი და შინდისფერანაფორიანი, ჭაღარა, თეთრწვერიანი მოხუცი დავინახე, რომელიც თავზე მადგა და მითხრა, ნუ გეშინიაო... იმ დღის მერე აღარაფრის შემშინებია. როცა თბილისში ჩამოვედი, ქაშუეთის ეკლესიაში ვნახე ხელმარცხნივ, მთელ სიმაღლეზე რომ დგას წმინდა ნიკოლოზის ხატი. ზუსტად ის იყო, ვინც მითხრა, ნუ გეშინიაო. ასე განვიცადე ჩემს თავზე წმინდა ნიკოლოზის სასწაული და მსწრაფლშემწეობა.
ამ განსაცდელის გამოვლის მერე გადაწყვიტეთ ადვოკატობა?
- დიახ, მაშინ დავდე პირობა. ერთ დღეს ხმამაღლა გავძახე გვერდით საკანში ჩემს მეგობარ თემურ სიჭინავას - აუცილებლად ადვოკატი გავხდები–მეთქი. იმ დღეებმა ჩემს ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დატოვა და ღმერთს ვმადლობ, რომ ეს გამოვიარე. რომ არა ის თვეები, ბევრ რამეზე მე სწორი შეხედულება არ მექნებოდა. პენიტენციალური სისტემა დიდი აკადემიაა და იქ მოხვედრის შემთხვევაში აუცილებლად უნდა გამოიტანო სწორი დასკვნები. როცა ბასილი დიდი დააკავეს, თქვა, იმაში, რისთვისაც დამაკავეს, უდანაშაულო ვარ, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ აქ ჩემი წარსული ცოდვების მონანიების საშუალება მეძლევაო. ზოგი ალბათ იმიტომ ხვდება ციხეში, რომ უფრო უარესს არიდებს ღმერთი, ზოგი - ჭკუის სასწავლებლად, ზოგი კი ალბათ მართლაც საშიშია საზოგადოებისთვის. მე ალბათ იმიტომ მოვხვდი იქ, რომ მალე მესწავლა ჭკუა და ცხოვრების ფართო ასპარეზზე გამოსვლის წინ უფრო მეტი გამოცდილება მქონოდა.
ტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე. თან აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შტაბის უფროსი ინსპექტორი ვიყავი. 1999 წელს პოლიტიკაში მოვსინჯე ძალები, მაგრამ, ჩემი აზრით, გარკვეული შეცდომა დავუშვი, „მოქალაქეთა კავშირის" საბურთალოს რაიონის ხელმძღვანელობას რომ დავთანხმდი. როგორც კი გავშიფრე მათი საქმეები, იქაურობა დავტოვე, თუმცა ერთი პატარა საქმე მაინც გავაკეთე მაშინ - ბუკიას ბაღის გვერდით სკვერის გადარჩენაში მივიღე მონაწილეობა და ის სკვერი ახლაც არსებობს. მერე „საქქგაზში" ვმუშაობდი, სადაც პროფკავშირების კუთხით მივიღე გამოცდილება. მერე სპეციალური საკვალიფიკაციო გამოცდები ჩავაბარე ადვოკატთა კოლეგიაში და ვაკის რაიონის ადვოკატურაში გამანაწილეს. აქტიურად ვმონაწილეობდი სასამართლო პროცესებში.
ჩემი ეს მიმართულება მაშინ შეიცვალა, რაც ასპარეზზე სალომე ზურაბიშვილი გამოჩნდა. მან ამხილა ნაცმოძრაობის გუნდი და მთავრობა. ამ დრომდე მას არ ვიცნობდი. ჩვენ შორის სწრაფად ჩამოყალიბდა კარგი ურთიერთობები.
თუმცა აწყენინეთ იმით, რომ პარლამენტში შეხვედით.
- ამ გადაწყვეტილებამ ნეგატიური გავლენა იქონია ჩემი და ქალბატონი სალომეს ურთიერთობაზე. მადლობა ღმერთს, რომ ეს ურთიერთობა უკვე აღდგენილია. მიმაჩნია, რომ მას ძალიან უყვარს თავისი სამშობლო. არ გამოვრიცხავ, ჩვენი თანამშრომლობა პოლიტიკაშიც გაგრძელდეს.
ჯარის მერე კიდევ გიჩხუბიათ?
- კი, მაგრამ კრიმინალურ დონეზე - არა. ერთხელ მაინც ამოვყავი თავი მილიციაში. პირველი შვილი რომ შეგვეძინა, ძალიან გახარებული ვიყავი. 1990 წელი იყო და ტრანსპორტი არ მოძრაობდა. „დინამოსთან“ ტროლეიბუსებს ბოლო გაჩერება ჰქონდათ. სამშობიაროდან რომ წამოვედით მე და ჩემი ცხონებული ცოლისძმა, გადავწყვიტეთ, საბურთალომდე ტროლეიბუსით მივსულიყავით. მე მძღოლის ადგილზე დავჯექი და არც მახსოვს, როგორ დავძარი. ნასვამი ვიყავი. ერთგან ამოგვივარდა ბიგელები და მილიცია თავზე დაგვადგა. დაგვაკავეს და მეორე დღეს გამოგვიშვეს. თემურ მღებრიშვილი იყო მაშინ მილიციაში და, როცა ჩემი თავი წარუდგინეს და უთხრეს, ტროლეიბუსის ქურდობაზე დავაკავეთო, გადაირია, ახლავე გაუშვითო.
პირველი შვილის დაბადება ასეთი კურიოზული კრიმინალით აღგინიშნავთ. ახლა კი, 44 წლის ასაკში, შვიდი შვილის მამა და ერთი შვილიშვილის ბაბუა ხართ. რამდენი წლის ასაკში დაოჯახდით?
- 1989 წელს მოვიყვანე ცოლი. ამ წელმა ჩვენს თაობას დამღა დაასვა და ახალგაზრდებმა გადავწყვიტეთ, ჩვენი პროტესტი რაიმე ადეკვატური ქცევით გამოგვეხატა. ეს ადეკვატური ქცევა ჩემთვის და ჩემი რამდენიმე მეგობრისთვის დაოჯახება იყო. გადავწყვიტეთ, ამით გაგვეცა პასუხი რუსული პოლიტიკისთვის.
გამაოცეთ. პროტესტის ნიშნად დაოჯახდით?
- კი, მე და ხათუნა ერთმანეთს უკვე კარგად ვიცნობდით. იმ წელს მარტო ჩვენ არ მოგვსვლია თავში ასეთი რამ. 1990 წელი დემოგრაფიული აფეთქების წლად ითვლება ბოლო 30–40 წლის განმავლობაში. მე და ხათუნას გვინდოდა, ისეთი ოჯახი შეგვექმნა, რომელიც მტერს მოსვენებას დაუკარგავდა.
როგორია თქვენი გაცნობისა და სიყვარულის ისტორია?
დიმიტრი: ჩემი დეიდაშვილი არის ხათუნას კლასელი და ის დამეხმარა ამ ურთიერთობის გაღრმავებაში. მას მოსწონდა სარძლოდ და რეკომენდაციებიც მათი ოჯახიდან მოდიოდა - კარგი მოსწავლე, თითით საჩვენებელი გოგონაა კარგი ოჯახიდანო. არსებითი მნიშვნელობა კი, რა თქმა უნდა, ჩვენს ურთიერთობას ჰქონდა. ხათუნა ავაჩქარე, ამა და ამ დღეს ტაქსით გამოგივლი და წავიდეთ–მეთქი. სად წავიდეთო და გზაში გეტყვი–მეთქი. ომალოში წავიყვანე და იქ გავატარეთ ჩვენი შეუღლების პირველი დეკადა - 10 დღე.
ხათუნა: დიმიტრი გავიცანი თუ არა, მაშინვე მივხვდი, რომ ყველასგან გამორჩეული იყო. შევხედე თუ არა, შემიყვარდა და მაშინვე ვიფიქრე, ეს ის ადამიანია, ვისთანაც მთელ ცხოვრებას სიამოვნებით გავატარებ–მეთქი. საოცარი მანერები ჰქონდა. დღესაც, თავიდან რომ მქონდეს არჩევანის უფლება, ისევ დიმას ავირჩევდი. მეორე შეხვედრაზე მითხრა, ისეთი გრძნობა მაქვს, ჩემი ცოლი გახდებიო. გამიკვირდა, ეს როგორ გაბედა–მეთქი, მაგრამ გამიხარდა. ბედნიერი ვარ მის გვერდით და მიხარია, რომ ჩემს შვილებს ღირსეული მამა ჰყავთ.
დიმიტრი: როცა დავინახე, ხათუნაში ძალიან ახლობელი, სულიერი ნათესავი შევიცანი.
ბატონო დიმიტრი, საოცარი წამება გამოსცადეთ, ყოველივე ამის ფონზე კი მეტად მშვიდი ჩანხართ.
ხათუნა: ხშირად მიფიქრია, ამდენი რამის გადატანის შემდეგ ასეთი მშვიდი ნერვები როგორ აქვს–მეთქი. საკმაოდ ფიცხია - უცებ იცის აფეთქება, მაგრამ მალე გადასდის.
რა აფიცხებს?
დიმიტრი: მოვლენა, რომელიც ჩემ მიერ უსამართლობადაა აღქმული. გააჩნია, რა ხარისხში დავინახავ ამ უსამართლობას. როცა პოლიტიკაში ხარ, მეტად გაწონასწორებული უნდა იყო და მთლიანად ფლობდე საკუთარ ემოციურ სფეროს. დღევანდელ პირობებში ძნელია ადეკვატური იყო იმ გამოწვევების მიმართ, რომლებიც ყოველდღე გვხვდება. ადრე უფრო თავშეკავებული ვიყავი. ბოლო დროს ვგრძნობ, რომ ნერვები მღალატობს.
თქვენს სახლში ალბათ მუდმივი ჟრიამულია. ბავშვები ხომ არ გაბრაზებენ?
დიმიტრი: ოთხი შვილის მერე რაც მეტი გეყოლება, მით უფრო ადვილი მოსავლელია ყველა დანარჩენი. უფროსი შვილების მხარდაჭერა გადამწყვეტია. ისინი ძალიან გვეხმარებიან. მრავალშვილიან ოჯახში გაზრდილი ბავშვი არ არის ეგოისტი და უფრო მეტად აფასებს ცხოვრებას. დაგვებედა პატარები და ღმერთს ვმადლობთ იმისთვის, რომ ამდენი შვილის ღირსი გაგვხადა. სიხარულთან ერთად ეს დიდი პასუხისმგებლობაა და იმის შიშიც დიდია, რომ რამე არ გამოგეპაროს. მატერიალური სახსარიც უნდა გაგწვდეს იმისთვის, რომ ელემენტარული გაუკეთო. თუ 7 შვილს შესაბამისად არ გაზრდი, 7-ჯერ მეტი ხიფათი მოგელის ამ შენი მრავალშვილიანობით. ზოგს შეიძლება ერთი ჰყავდეს და სასახელოდ გაზარდოს, მაგრამ თუ შვილი გეძლევა, ის უნდა იყოლიო. ოჯახის დაგეგმვა არასწორი მიდგომაა. ჩვენ მცირე ერი ვართ და დემოგრაფიული საკითხის მოგვარება რეალურად შეტანილი წვლილია შენი სამშობლოს განვითარებისთვის.
ხათუნა: ვეთანხმები და უფლის მადლობელი ვარ, რომ ამდენი შვილის დედობა მიწყალობა. თუ მოგვეცემა, კიდევ გავაჩენ. მინდა, ბოლომდე ღირსეული დედა ვიყო.
დიმიტრი: ალბათ შორს ვარ იდეალური მამისგან. ადამიანები ვართ და ბევრი შეცდომა დამიშვია, მაგრამ მათი გამოსწორების მომენტიც შეიცავს დიდაქტიკას. არც ერთი ჩვენი შვილი ძიძის აღზრდილი არ არის. ისინი ჩვენ მიერ და ჩვენთან ერთად, ბებიების მონაწილეობით იზრდებიან. ბებიები გვიადვილებენ ბავშვების აღზრდას.
სამაგიეროდ, თქვენი ცოლი, პროფესიით ექიმი, არ მუშაობს.
დიმიტრი: ხათუნა მუშაობდა. არ ვარ ამის წინააღმდეგი. ახლა ვემზადებით, რომ საკვალიფიკაციო გამოცდები ჩააბაროს და უკვე დაგეგმილ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა. ხათუნა ნეონატოლოგი, ჩვილ ბავშვთა ექიმია. ამ სფეროში კონკურენცია დიდია და თუ დაიმსახურებს, იმუშავებს. ოჯახში ჩემ გარდა არავინ მუშაობს. იმ ხელფასს, რომელიც ხელზე მეძლევა, მხოლოდ კვებაში თუ გამოიყენებ. მატერიალური თვალსაზრისით არ გვილხინს.
შვილი უკვე დაგიქორწინდათ. ბაბუობას როგორ შეხვდით?
დიმიტრი: ნიკამ ჩვენზე ადრე, 18 წლის ასაკში მოიყვანა ცოლი. მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ჩვენც მაქსიმალურად შევუწყვეთ ხელი. გასაგებია, რომ ნაადრევი იყო მათი ქორწინება, მაგრამ როცა გადაწყვეტილება რეალიზდება, ისღა დაგრჩენია, ხელი შეუწყო. პროტესტი არ გამოგვითქვამს და არ გავბუტულვართ. არაჩვეულებრივი შვილიშვილი გვყავს - 2 წლის დიმიტრი. ჩვენთვის იმდენად ხშირი პრაქტიკაა ბავშვების დაბადება, რომ შვილიშვილსაც შვილად აღვიქვამთ. ბაბუად ვერ აღვიქვამ თავს. არც ის მიხარია მაინცდამაინც, რომ ხათუნა ბებიაა. უცებ გავიდა 22 წელი. 3 წელიწადში ვერცხლის ქორწილი გვექნება. ხანდახან გავიქცევით ხოლმე აგარაკზე და თავს წარმოვიდგენთ, ვითომ ახალდაქორწინებულები ვართ. ბავშვების სიმრავლეს თავისი სირთულეც აქვს, თუმცა, როცა ამ სირთულეს გავექცევით, მერე ისევ გვენატრება ეს სიტუაცია. ხათუნას ყურებში სულ ბავშვების ხმა უდგას. მაქსიმუმი 2–3 დღით გავქცეულვართ, მეტი არ გამოგვდის. უხილავი ძალა უკან გვეძახის.