კვიპროსული „ანორთოსისიდან" წამოსული ქართველი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ჯერაც ახალი სამსახურის ძიებაშია.
„საბერძნეთის სუპერლიგის ნახევარზე მეტს ქართველი მწვრთნელი სურს“ - წერენ ბერძნული გაზეთები და იმასაც აღნიშნავენ, რომ მათგან ყველაზე მეტად „პანიონიოსი“ აქტიურობდა, თუმცა ეს ვარიანტი ალბათ აღარ გამოვა.
„ოლიმპიაკოსი“, „ატრომიტოსი“ და „არისი“ - ახლა ეს გუნდები არიან რიგში. თუმცა ამათ გარდა რუმინულ „კლუჟზეც“ ითქვა. ჩვენებური კი ჯერ კონკრეტულს არაფერს ამბობს. მოკლედ, ჯერ ყველაფერი გასარკვევია და ვნახოთ, რას ფიქრობს თავად ქეცბაია - მას ბერძნული „სპორტი“ ესაუბრა.
რა მიზეზით დატოვეთ „ანორთოსისი“.
- რთული გასაანალიზებელია ის მიზეზები, რის გამოც მომიხდა გუნდიდან წამოსვლა. ვფიქრობ, ასე უკეთესი იქნებოდა ჩემთვისაც და „ანორთოსისთვისაც“.
რა იქნება მომდევნო ნაბიჯი თქვენს კარიერაში.
- ხუთი წელი გავატარე კვიპროსზე და ვთვლი, რომ აქ ყველაფერს მივაღწიე, რისი მიღწევაც შეიძლებოდა. ამის გვირგვინი კი, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაში თამაში იყო. ეს უკვე წარსულია და ახლა წინ უნდა გავიხედო. მაქვს გარკვეული წინადადებები და იმედია, ახალ სეზონს ახალ გუნდში შევხვდები. ძალიან მინდა, მომდევნო წელიც წარმატებული გამომივიდეს.
რა იყო თქვენი წარმატების საიდუმლო.
- როგორ გითხრათ. ჩვენი წარმატება ჩვენი მუშაობის შედეგი იყო. ველოდი, რომ რაღაც გამოგვივიდოდა და ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა რომ მოვახერხეთ. თუმცა უფრო ბედნიერი ვარ იმით, რომ ჯგუფში დავამტკიცეთ ჩვენი ძალა - ყველას ვაჩვენეთ, რომ იქ შემთხვევით არ მოვხვედრილვართ. მიუხედავად იმისა, რომ იყო გარკვეული ნეგატიური მომენტები, რომლებმაც უფრო წინსვლის საშუალება არ მოგვცეს, კვიპროსმა მაინც უნდა იამაყოს „ანორთოსისით“.
ამის შემდეგ კი გუნდიდან წახვედით...
- იყო გარკვეული მიზეზი, რის გამოც მივიღე ასეთი გადაწყვეტილება. ჩვენ ყველას უნდა გვეფიქრა გუნდის მომავალზე - ეს მნიშვნელოვანია, რადგან მუდმივი არავინაა. დღეს აქ ხარ, ხვალ სხვაგან იქნები. ამით კი „ანორთოსისი“ არ უნდა დაიჩაგროს.
პრეზიდენტ ანდრეას პანტელისის კლუბიდან წასვლამ რამდენად იმოქმედა.
- ეს ჩემი გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი იყო. ხუთი თვე ვცდილობდი, კლუბში მდგომარეობა შემეცვალა, მაგრამ ეს რთული გამოდგა. ამის შედეგად კლუბი ორ ნაწილად გაიყო - ერთნი იყვნენ მწვრთნელის მომხრენი, მეორენი კი მოწინააღმდეგენი. ეს სიტუაცია გამოუვალ ჩიხში გვაგდებდა და ამიტომაც მივიღე ასეთი გადაწყვეტილება. დადგა დრო, როცა ნაბიჯი წინ უნდა გადამედგა და ეს გამოვიყენე.
როგორი იქნება „ანორთოსისის“ მომავალი.
- ვფიქრობ, კარგი. ისეთი, როგორიც ანდრეას პანტელისის პერიოდში იყო. გუნდს კარგი საფუძველი აქვს. კი, გვქონდა ფინანსური პრობლემები, მაგრამ ახლა „ანორთოსისს“ სიმშვიდე სჭირდება, რათა წინსვლა გააგრძელოს.
როგორ გაიხსენებთ კვიპროსზე გატარებულ დროს.
- ეს ძალიან ტევადი პერიოდი იყო. განსაკუთრებით ბოლო წელი.
რომლის წყალობითაც უეფამ წლის საუკეთესო ხუთ მწვრთნელს შორის დაგასახელათ.
- ეს ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის. თუმცა ჯერ იმას არ ნიშნავს, რომ დიდი მწვრთნელი ვარ. ფეხბურთში ყოველდღე ხდება სიახლეები და ამას ფეხი უნდა აუწყო. ის, ვინც ფიქრობს, რომ ყველაფერი იცის, ბოლოს აღმოაჩენს, რომ ბევრი რამ არ სცოდნია. მე დიდი გზა მაქვს გასავლელი და ვეცდები, ყოველდღიურად გავიღრმავო ცოდნა. ეს აუცილებელია.
რამდენს ნიშნავს მწვრთნელისთვის ხელმძღვანელობის ნდობა.
- ძალიან ბევრს. თუ მწვრთნელი გრძნობს, რომ მუშაობს ისეთ ხალხთან, რომლებისგანაც ბევრი წინაღობა ხვდება, შედეგს ვერ აჩვენებს. ყველა მწვრთნელს სჭირდება მხარდაჭერა და ძალიან მინდა, ასე იყოს ჩემს მომავალ კლუბში. მხოლოდ ამ დროს შეგიძლია, სრული პასუხისმგებლობა აიღო წარმატებაზეც და წარუმატებლობაზეც.
და შემდეგი ნაბიჯი „პანიონიოსია“ თუ „ოლიმპიაკოსი“.
- ასეთი ხმები ჩემამდეც მოვიდა, მაგრამ ოფიციალური წინადადება არ მიმიღია. ჯერ არ მინდა ასეთ რამეებზე ლაპარაკი. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ მსურს ისეთ გუნდში ვიმუშავო, რომელსაც ევროთასზე წარმატების მიღწევა შეუძლია. ეს ალბათ იდეალური ვარიანტი იქნება ჩემთვის. ბერძნული კლუბებიდან კი ჯერ არავინ დამკავშირებია.
ალბათ სხვა უცხოური კლუბების ვარიანტებიც გაქვთ.
- არის გარკვეული საუბრები, თუმცა ვერ დავაკონკრეტებ, რადგან ჯერ ოფიციალური არაფერია.
ჩქარობთ გუნდის მოძებნას.
- უბრალოდ, მინდა, რომ ეს საკითხი მალე დავხურო და გავარკვიო, სად გავაგრძელებ კარიერას. ამდენი წელია, ფეხბურთში ვარ და ეს საკითხი ყველაზე მეტ დისკომფორტს მიქმნის. სჯობს, ყველაფერს მალე დაესვას ბეჭედი.