საკვირველია, მაგრამ ფრენკ ზაპას დიდებულ ნაწარმოებთა ჩამონათვალში, რომლებიც ყოველთვის გვაკვირვებენ განსხვავებულობითა და აურაცხელი ფანტაზიით, მაინც მოიპოვება ცალკე მდგომი ხელოვნების ნიმუში, რომლის სახელწოდება, თუ ზოგიერთი კომპოზიციის ჟანრობრივი მხარე, იმდენად ბურუსითაა მოცული, რამდენადაც ზაპას ორიგინალური ტექსტები და განუმეორებელი - ხშირად აღვირახსნილი იუმორი და სარკაზმი, რაც ინგლისური ენის კარგად მცოდნეთათვისაც ხშირად გაუგებარია...
ექვსი კომპოზიციისაგან შემდგარი ალბომი Hot Rats, ტექსტებისაგან თავისუფალია. ინსტრუმენტულ ნაწარმოებთა შორის ვოკალური მარგალიტი, მხოლოდ წუთნახევრით შემოიჭრება Willie The Pimp -ში და შემდეგ ასპარეზს დაუთმობს ფრენკ ზაპას ხანგრძლივ სოლოს, რაც მაინცდამაინც ხშირად არ გვესმის Hot Rats -ში.
მომღერალი აქ Captain Beefheart გახლავთ, ვისთანაც ფრენკ ზაპას იქამდე არაერთხელ უთანამშრომლია და მისი ერთ-ერთი ალბომის პროდიუსერიც კი ყოფილა, რამაც დროებითი განხეთქილება ჩამოაგდო მუსიკოსებს შორის.
ბიფჰარტი ორდისკიან ალბომ - საგიჟეთის Trout Mask Replica-ს არაკომერციულობას ფრენკ ზაპას აბრალებდა (!), აქაოდა ჩემს გაფრენებს ჯეროვანი კონტროლი ვერ გაუწიაო.
ზაპა, ღიმილით ეხმაურებოდა კოლეგის ახირებას - თავისუფლების მიცემით ვლინდება მუსიკოსის ნიჭიერებაო და გაყიდვის დაბალი მაჩვენებლები, შეიძლება სულაც მის სიძლიერეზე მეტყველებდესო - ამბობდა იგი.
სწორედ ამ პერიოდში დაშალა მან დროებით საკუთარი ჯგუფი The Mothers Of Invention, რომლის ოფიციალური შემადგენლობიდანაც მხოლოდ ერთი მუსიკოსი - მულტიინსტრუმენტალისტი - იან ანდერვუდი დაიტოვა.
უნდა აღინიშნოს, რომ ალბომ Hot Rats-ში ყველაზე დიდი ჯაფა, სწორედ მას დააწვა კისერზე. წარმოიდგინეთ, რომ ანდერვუდმა დაუკრა სხვადასხვა სახის კლავიშებიან ინსტრუმენტებზე, მათ შორის ორგანზე (Organus Maximus), ფლეიტაზე, კლარნეტზე და როგორც ტენორ, ასევე ალტ საქსოფონებზე.
ინსტრუმენტების ასეთი ფართო პალიტრა კი საჭირო იყო, როგორც შესანიშნავი მოწვეული მუსიკოსების თვალსაწიერის გამოსავლენად, ასევე ამ გამოვლენის ფირზე აღსაბეჭდად იმ პერიოდისათვის გრანდიოზული სტუდიური სიახლის - თექვსმეტ ბილიკიანი მაგნიტოფონის საშუალებით.
1969 წლისათვის სტანდარტი იყო რვა - ან ოთხ ბილიკიანი მაგნიტოფონი, რაც თითქოს სრულიად საკმარისი იყო ინსტრუმენტული ზედდებების ეფექტურად ჩასაწერად. მათი გამოყენებით ხომ ათასობით მაშინდელი როკ შედევრია ჩაწერილი. 16 ბილიკი კი...
„არ მსიამოვნებს სტუდიაში დაკვრა, ჩემი ადგილი სცენაზეა, Hot Rats კი მხოლოდ იმიტომაა სტუდიური ნამუშევარი, რომ აქ ინსტრუმენტული ზედდებების შესაძლებლობა, მაქსიმალურად გამოვიყენეთ“ - აღნიშნავდა ზაპა.
The Mothers Of Invention მრავალი მიზეზით დაიშალა, თუმც აშკარა იყო დაპირისპირება ზაპასა და დანარჩენ მუსიკოსებს შორის. ერთის მხრივ, მუსიკოსები ზაპას ამტყუნებდნენ იდეების მითვისებისთვის, თავის მხრივ კი ჯგუფის ლიდერი ადანაშაულებდა კოლეგებს უნიათობასა და არაპროფესიონალიზმში.
სინამდვილეში კი გაოცებას იწვევს, როგორ გაძლო ამ პროექტმა 5(!) წლის განმავლობაში. კომერციულად გაუმართლებელი ბუმბერაზი კოლექტივი, როგორღაც ახერხებდა არსებობისათვის აუცილებელი თანხების მოზიდვას ისეთი კონცერტებიდან, სადაც მას ტაშსაც კი შეუსაბამოდ უკრავდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ზაპას მუსიკისა არც პუბლიკას ესმოდა, არც კრიტიკას, მასში იყო რაღაც ისეთი, რაც სხვას არავის გააჩნდა - იდუმალი და გამომწვევი, მეამბოხე (მხოლოდ მუსიკალურად) და თავისუფალი ყოვეგვარი „იზმებისგან“, რაც მას კეთილი გაგებით, ვუდსტოკის ფესტივალის საპირისპირო პოზიციაზე ანთავსებდა...
გაუმართლა Hot Rats-საც. ალბომმა ბრიტანულ ჩარტებში მე-9 პოზიციას ერთი მარტივი მიზეზით მიაღწია. თურმე ინსტრუმენტული პიესების ხმა, ლამის ყოველი ბუტიკიდან ისმოდა. ფრენკ ზაპა არ მალავდა გაკვირვებას, რადგან ნამუშევარი ნამდვილად არ ყოფილა გათვლილი ფართო მასებზე.
მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ გამხსნელი Peaches An Regalia იმთავითვე მოდერნ ჯაზ ფიუჟენის შედევრად მიიჩნიეს, რეალურად ვინც მასში ჯაზს მხოლოდ ძალდატანებით ამოიკითხავს და თანაბარი ალბათობით სათანადო არანჟირების შემთხვევაში კლასიკური მუსიკის ნიმუშად მიიჩნევს, არც მას გაემტყუნება.
იგივე ითქმის Son Of Mr.Genes-ზე, რომლის ვოკალურმა ინტერპრეტაციამ ალბომ Uncle Meat-ში, იგი საკმაოდ დააშორა ჯაზს.
თუმც ფიუჟენ კლასიკად Hot Rats-ში ხანგრძლივი The Gumbo Variations იქცა. განვითარებადი თემა დონ შუგარქეინ ჰარისის ვიოლინოს ფონზე იან ანდერვუდის გაფრენილი საქსოფონ სოლოთი კულმინაციას აღწევს და ალბომის დამაგვირგვინებელ ფაზა - It Must Be A Camel-ში გადადის.
აქ კიდევ ერთი მევიოლინე - ფრანგი ჟან ლიუკ პონტი ჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ მას იქამდე ჰქონდა ჟორჟ დიუკის ტრიოსა და Modern Jazz Quartet-ში დაკვრის გამოცდილება, საქვეყნო სახელი, მას ზაპასთან თანამშრომლობამ მოუტანა.
მეტიც, 1970 წელს პონტიმ ჩაწერა უმნიშვნელოვანესი ალბომი King Kong: Jean-Luc Ponty Plays The Music Of Frank Zappa, სადაც ზაპაც იყო მიწვეული.
დონ შუგარქეინ ჰარისი ვიოლინოზე Willie The Pimp-შიც უკრავს. სწორედ მას ეკუთვნის გიტარისთვის ზედგამოჭრილი შესავალი ამ სიმღერაში.
ვიოლინოს ასეთმა ეფეტურმა შემოჭრამ, ეს ინსტრუმენტი ფაქტობრივად სიმფო როკის უმთავრეს ელემენტად დატოვა როკ სივრცეში, მრავალი მუსიკოსისათვის სანიმუშოდ რომ იქცა წლების განმავლობაში და წაშალა ზღვარი ინგლისურ და ამერიკულ პროგრესივ როკს შორის ისეთი მევიოლინეების დამსახურებით, როგორიც არიან დერილ ვეი და ედი ჯობსონი, დევიდ ლაფლამი და რობი სტეინჰარდტი...
და ბოლოს დავსძენთ, რომ Hot Rats ფრენკ ზაპამ შვილის - დუიზილის დაბადებას მიუძღვნა. შვილმაც მამას დაუფასა ღვაწლი და 2009 წელს - ალბომის გამოსვლიდან 40 წლისთავზე, საკუთარ ჯგუფ Zappa Plays Zappa-თან ერთად ინსტრუმენტული კომპოზიციის Peaches An Regalia საუკეთესო შესრულებისთვის, გრემი დაიმსახურა.
Hot Rats იმყოფება იმ 1001 ალბომის სიაში, რომელიც ადამიანმა სანამ ცოცხალია, აუცილებლად უნდა მოისმინოს…