„აფხაზეთში ანტირუსული განწყობა არსებობს, მაგრამ ხმამაღლა ამაზე საუბარს ვერავინ ბედავს," - თვლის ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარე ლევან კიკნაძე.
მისივე მტკიცებით, „სოხუმის პარლამენტში რუსეთთან დადებული სასაზღვრო ხელშეკრულების განხილვისას ნათლად გამოჩნდა, რომ აფხაზ სეპარატისტთა მამამთავრები ვერ ეგუებიან რუსების პოლიტიკას აფხაზეთში. იქ იყო საუბრები და მოწოდებები - ჩვენ ასეთი დამოუკიდებლობა არ გვინდოდა, ჩვენ ჩვენი ეროვნება და თვითმყოფადობა უნდა შევინარჩუნოთო".
ამიტომ თბილისელი ექსპერტის პროგნოზით, არცთუ შორეულ მომავალში ანტირუსული განწყობა პიკს მიაღწევს და სოხუმში საკმაოდ რთული პროცესები დაიწყება.
ლევან კიკნაძე: სეპარატისტულ ხელისუფლებაში, უნდა ჩავთვალოთ, რომ ყველა პრორუსულია. ოპოზიციონერი კანდიდატები არსებულ ხელისუფლებას აკრიტიკებენ და თავს პროაფხაზურად მიიჩნევენ, მაგრამ ეს წინასაარჩევნო კამპანიისათვის საჭირო შირმაა. გამარჯვების შემთხვევაში ნებისმიერი მათგანი აუცილებლად პრორუსულ პოლიტიკას გაატარებს. თუმცა არიან სეპარატისტთა მამამთავრები - ლაკობა, ოზგანი, შამბა, რომლებიც ღიად ვერ აფიქსირებენ რუსეთისადი ოპოზიციურ განწყობას, მაგრამ შინაგანად ნაციონალისტებად რჩებიან. სოხუმის პარლამენტში რუსეთთან დადებული სასაზღვრო ხელშეკრულების განხილვისას ნათლად გამოჩნდა, რომ ეს აფხაზი ნაციონალისტები ვერ ეგუებიან რუსების პოლიტიკას. იქ იყო საუბრები და მოწოდებები - ჩვენ ასეთი დამოუკიდებლობა არ გვინდოდა; ეს დამოუკიდებლობა არ არის; ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ეროვნება და თვითმყოფადობაო - ამას ამბობდნენ ლიდერები და პარლამენტარები.
ანუ, აცნობიერებენ, რომ აფხაზურ თვითმყოფადობას საფრთხე დაემუქრა?
- ის ეიფორია, რომელიც მათ დამოუკიდებლობის მიღების გამო დასაწყისში ჰქონდათ, თანდათან ჩაცხრა, რადგან დაინახეს, რომ ყველა ბერკეტი, განსაკუთრებით ეკონომიკური, ხელში რუსეთმა აიღო და დღეს ყველა სფეროს კრემლი აკონტროლებს. პრაქტიკულად სეპარატისტთა კლანების საზღვაო შემოსავლებიმთლიანად რუსების ხელში გადავიდა.
ხალხში როგორი განწყობაა?
- აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ დღეს არსებული რუსული კურსის მხარდამჭერები მხოლოდ არააფხაზი ეროვნების ხალხები - რუსები და სომხები არიან. როდესაც მთელი სეპარატისტული ხელისუფლება რუსეთის სიამოვნებაზეა გადართული, ვერავინ აფიქსირებს ანტირუსულ განწყობას, მაგრამ შიდა დუღილი მაინც არის.
იქნებ აფხაზებს უკმაყოფილება ეკონომიკური ბერკეტების ხელიდან გამოცლის გამო აქვთ და არა ერის გარუსების საფრთხის გამო?
- ეს ერთმანეთზე დამოკიდებული ფაქტორებია. ეკონომიკური ბერკეტების წართმევის შემდეგ რუსები რასაც უნდა იმას გააკეთებინებენ აფხაზებს. მთავარი პრობლემა ის არის, რომ აფხაზეთში თავად ადგილობრივი ეთნოსის ძალიან მცირე პროცენტია დარჩენილი და ამ დროს რუსი სამხედრო მესაზღვრეების ადგილობრივ მოსახლეობასთან გათანაბრება მიმდინარეობს. მიწების გადაცემა რუსებზე, ბინებით დაკმაყოფილება, სკოლებსა და ინსტიტუტებში რუსულად სწავლება და ა.შ. ისე მიდის, რომ იქ აფხაზი რუსებში თავისთავად გაითქვიფება. ამ პროცესს ისინი ვერ ებრძვიან. აფხაზეთში იმ ადგილს, რასაც ადრე ქართველები იკავებდნენ, დღეს სხვა ეროვნების ხალხი იჭერს, უმეტესად რუსები და სომხები. უნდათ თუ არა, მაინც ეროვნულ უმცირესობად დარჩებიან.
აფხაზების რიცხოვნობის გაზრდის მატების სურვილის გამო არსებობდა მუჰაჯირების ჩამოყვანის გეგმაც. რა ხდება ამ მიმართულებით?
- ადრე პარლამენტში სპეციალური კომიტეტი შექმნეს, მთავრობაშიც ჰქონდათ სპეციალური სტრუქტურა, რომ მუჰაჯირების დაბრუნებისათვის ხელი შეეწყოთ. როგორც პრაქტიკამ გვიჩვენა, ამის წინაამდეგი რუსეთი გამოვიდა და ეს პროცესი გაჩერდა. ისიც კი, ვინც დაბრუნდა, ბევრი მათგანი ისევ უკან დაბრუნდა.
რატომ?
- ვერ შეეგუენ ადგილობრივ პირობებს, კრიმინალთა თარეშს. მათ წინაამდეგ მიმართული იყო მთელი რიგი აქციები, ხელს უშლიდნენ, რომ ბიზნესსაქმიანობა ეწარმოებინათ. რამდენიმე ასეული ოჯახი შეიძლება იყოს აფხაზეთში. საბოლოოდ, ეს პროექტი არ შედგა. თუმცა სხვადასხვა თურქულმა წარმომადგენლობებმა ადგილ-ადგილ მაინც მოახერხეს გაეხსნათ თავიანთი სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულებები, რადგან ამ პროცესში აქტიურად იყვნენ ჩაბმული თურქული წრეებიდან, მუჰაჯირებს კი არავინ ეხმარებოდათ.
ადიღეელები და ყაბარდოელები აფხაზური ეთნოსის ხალხია, თან აქტიურად იყვნენ ჩართულნი აფხაზურ ომში და საუბარიც იყო მათ ჩამოსახლებაზე. ეს პროექტი რატომ ვერ შედგა?
- 2004-2005 წლებში ბაღაფში იყო სპეციალური ვიზიტით ჩრდილოეთ კავკასიაში წასული და ისინი აფხაზეთში საცხოვრებლად მოიწვია. სპეცილური დადგენილებაც გამოუშვეს, რომ მათთვის საცხოვრებელი ფართი გამოყოფილიყო ოჩამჩირეში, სოხუმში და ზღვისპირა რაიონებში. მათი ჩამოსახლება დაიწყო, მაგრამ მუჰაჯირების მსგავსად ესეც შეჩერდა და უმეტესობა უკან დაბრუნდა.
იგივე პრობლემები იყო - არასტაბილური ვითარება, მძიმე კრიმინოგენული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. არავითარი ხელშეწყობა. ჩამოსულ ხალხს არ მიეცა საშუალება, რომ ნორმალური ცხოვრება დაეწყოთ.
თუკი ასეთი მძიმე კრიმინოგენული ვითარებაა, რუსები და სომხები როგორ ძლებენ?
- რუსები საკუთარ ხალხს იცავენ, ხოლო ადიღეელებსა თუ მუჰაჯირებს ხელს უშლიდნენ, რადგან მათი იქ მასობრივი ჩასახლება არაფერში აწყობდათ.
ადიღეელებისა თუ მუჰაჯირების ჩამოსვლა აფხაზების ინტერესებში იყო და ადგილობრივმა ხელისუფლებამ რატომ არ შეუწყო მათ ხელი?
- ვერ მოახერხეს. იმისათვის, რომ ხალხი ჩამოიყვანო და დაასახლო, ეკონომიკური პირობები უნდა შექმნა და ეს პირობები ვერ შექმნეს აფხაზებმა. აფხაზეთი საქართველოს მხრიდან ჩაკეტილია, რუსეთის მიმართულებით ადიღეელები და მუჰაჯირები თავისუფლად ვერ მოძრაობდნენ, ყოველ შემთხვევაში, რუსეთი მათ არ ეხმარებოდა. თუკი რუსებისგან დოტაცია არ იქნა, აფხაზები ვერაფერს იზამენ. რუსები მხოლოდ საკუთარი ხალხის ჩამოსახლებას აფინანსებენ. ამიტომაც არის აფხაზეთი რუსი სამხედროებით სავსე და ისინი სახლდებიან ყველა რაიონში, განსაკუთრებით ზღვისპირა ზოლში.
სომხები?
- მათ დიდი ხელფასები აქვთ. ისინი ხელშეკრელების საფუძველზე არიან ჩამოსულები.
ძალიან საინტერესოა, როგორ განიხილავენ სოხუმში რუსების მიერ აფხაზების გენოციდის ფაქტს...
- საქმე ისაა, რომ ეს სეპარატისტული რეჟიმი მოსახლეობას უნერგავს, რომ ოკუპანტი ქართველი იყო და ქართველმა დაიპყრო მათი მიწა. თვლიან, რომ მუჰაჯირობა იყო შეცდომა, თუმცა რა და როგორ მოხდა, ამაზე არაფერს ამბობენ. სასკოლო სახელმძღვანელოდან საერთოდ ამოღებულია თემა - რა და როგორ მოხდა. მაგალითად, ლაკობამ პუტინი რასპუტინს შეადარა - პუტინმა დამოუკიდებლობა მოგვცა, ხოლო რასპუტინმა დამნაშავე ერის სახელი ჩამოგვირეცხაო...
როგორ ფიქრობთ, აფხაზეთში დაიწყება თუ არა ხმამაღალი მსჯელობა იმაზე, რომ საკუთარი ეთნოსი დაიცვან გარუსებისაგან?
- იმედი მაქვს, რომ ბოლოს და ბოლოს დარწმუნდებიან, რა პოლიტიკასაც ატარებს რუსეთი მათ მიმართ და ხმას აიმაღლებენ. ეს საკმაოდ მალე იქნება და საკმაოდ რთული პროცესები დაიწყება, რადგან რუსული კოლონიალური პოლიტიკა არ შეიძლება ასე გაგრძელდეს. ცალკეული მოქმედებების შეფასება ახლაც არის, ამიტომაც იყო პარლამენტში დებატები, ფრთხილად უნდა ვიყოთ და ასეთ ხელშეკრულებას ხელი არ უნდა მოვაწეროთო. ბაღაფშის რეიტინგიც ამიტომ დაეცა, რომ აფხაზი ხალხისათვის მიუღებელ დოკუმენტებს აწერს ხელს, თუმცა ამის საწინააღმდეგო ბერკეტები დღეს არ არსებობს.