სალომე ზურაბიშვილი ყოფილ თანამებრძოლებს გაუნაწყენდა

სალომე ზურაბიშვილი ყოფილ თანამებრძოლებს გაუნაწყენდა

სალომე ზურაბიშვილი ალიანსს "საქართველოსთვის" შეუერთდა. მანამდე ირაკლი ალასანიას ყოველგვარი ერთობის გარეშე უჭერდა მხარს. საკუთარი კანდიდატურაც თბილისის მერობაზე ამ არჩევანის გამო არ დააყენა. თვლის, რომ ალასანიაა ერთადერთი იმედი და სააკაშვილის ხელისუფლების ალტერნატივა.

სალომე ზურაბიშვილი აპროტესტებს კობა დავითაშვილის, ზვიად ძიძიგურისა და ზურაბ ნოღაიდელის ერთობისთვის ეროვნული საბჭოს დარქმევას. ამბობს, რომ გასული წლის 9 აპრილის და მისი მითვისების უფლება არავის აქვს. ამ და სხვა საკითხებზე "სარკე" "საქართველოს გზის" ლიდერს ესაუბრა.

ქალბატონო სალომე, რამდენიმე დღის წინ ოპოზიცია შეხვდა ევროკომისარს. ლეიბორისტები ამბობენ, რომ უცხოელებთან ასეთი შეხვედრები არაფრისმომტანია და ისინი არც ერთ ასეთ შეხვედრას არ ესწრებიან. ამავე მოსაზრებაზეა საზოგადოების ნაწილიც.

- არ გვინდა ლაპარაკი, რომ უცხოელების მიმართ უნდობლობაა. ამ ხელისუფლებას ისედაც მიჰყავს ქვეყანა იზოლაციისკენ და უცხოელებს დისკრედიტაციას უკეთებს. კარგად ვიცი, რაში შეუძლიათ უცხოელებს დახმარება, რისი იმედი შეიძლება გვქონდეს და რისი - არა. საქმე ჩვენი გასაკეთებელია, ქვეყანა ჩვენი ასაშენებელია და არა - უცხოელის. უცხოელების მიმართ უნდობლობის გაჩენას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - ისევ რუსეთისკენ წაგვიყვანოს. ამას ჩემი ძალებითაც შევეწინააღმდეგები.

ევროკომისართან რა კუთხით დააფიქსირეთ თქვენი უკმაყოფილება?

- ავუხსენი სიტუაცია და ვუთხარი, სად ველოდებით ევროკავშირის დახმარებას. პირველ რიგში, მათი დახმარება აქ ევროკავშირის დამკვირვებლების ყოფნაა, რასაც ძირს ხელისუფლება უთხრის. თუ ესენი წავლენ, მაშინ ჩვენსა და რუსებს შორის არავინ დარჩება. იმიტირებული "იმედის" პირდაპირი მიზანი იყო ამ მისიისთვის შეექმნა საფრთხე. ამ ფილმის შემდეგ მისიის ხელმძღვანელმა სერიოზული განცხადება გააკეთა იმიტომ, რომ მთელი ღამე ისინი იყვნენ ადმინისტრაციული საზღვრის ზონაში, სადაც აქრობდნენ ხელისუფლების მიერ წაკიდებულ "ხანძარს".

რაიმე ინციდენტი იყო?

- საშინელი დაძაბულობა იყო. როცა ეუბნები ხალხს, იარაღი გამოიტანეთ და დაიცავით ქვეყანაო, ხომ შეიძლებოდა, იქ ვინმეს ესროლა? იმ დამკვირვებლებმა მერე თქვეს, აქ იმისთვის ვართ, რომ სტაბილურობას ხელი შევუწყოთ და ამ დროს თქვენ დესტაბილიზაციას თესავთ, თუ არ გინდათ სტაბილიზაცია, გვითხარით და წავალთ, რატომ უნდა დაიღუპოს ვინმე ჩვენგანი იმის გამო, რომ რაღაც ხუშტურები გაქვთო. ამაზე ვესაუბრე ევროკომისარს. კიდევ ვუთხარი, რომ ველოდებით ევროკავშირისგან დახმარებას, მაგრამ არა ზოგადი ლაპარაკით, არამედ იმით, რომ, სადაც გაყალბების დიდი საშუალებებია, აღმოიფხვრას. დახმარებად არ ითვლება ფულადი დახმარება, რომელიც პირდაპირ ვიღაცეების ჯიბეებში მიდის. ჩემი მესამე წინადადება იყო ხელისუფლებასთან მკაცრი დიალოგი დემოკრატიაზე და არა ისეთი, როგორიც აქამდე იყო. ამავე დროს, ძალიან მკაცრად უნდა მიუდგნენ ხელისუფლებას, რომელიც მუდმივად ევროპელების დისკრედიტაციას ეწევა.

რას გულისხმობთ?

- როცა ლაპარაკია, რომ ანგელა მერკელი კაგებე–ს აგენტია; რომ სარკოზისა და პუტინს შორის ფარული შეთანხმება შედგა, მათ მიერ დაწერილი დოკუმენტი არ შესრულებულიყო; როცა ლანძღავენ საფრანგეთს, რუსეთისთვის გემის მიყიდვის გამო... ამით ხელისუფლება ევროპის და ევროპული ღირებულებების დისკრედიტაციას ახდენს და რუსეთს ზევით სწევს.

როგორ, სულ რუსეთის ლანძღვაში არ არიან?

- მართალია, ლანძღავს, მაგრამ ამავე დროს, როცა მოსახლეობას მუდმივად ეუბნები, რომ ევროპა არაფერში გამოგვადგა, ყოველთვის მიგვატოვებს, ევროპის ერთი ნახევარი აგენტია, მეორე ნახევარი არაფერს აკეთებს და მათი იმედით ვერ ვიქნებითო, ბოლოს გიჩნდება უსუსურობის განცდა. ამით ხელისუფლება ნოღაიდელებს აძლიერებს. ძალიან ცუდი თამაშია, ვითომ რუსეთი და სააკაშვილი ერთმანეთთან არიან დაპირისპირებული, სინამდვილეში კი, როგორც მერაბიშვილი გვეუბნება, ძალიან კარგად არიან შეთანხმებული. ზუსტად ამ კონტექსტში ზის ხელისუფლების და ნოღაიდელის თამაში. ხელისუფლება ნოღაიდელს ვითომ ლანძღავს, მოღალატეს ეძახის, სინამდვილეში ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი დამცველი ნოღაიდელია. როცა ხელისუფლება არჩევანს ქმნის - ან მე, ან ნოღაიდელი, იგივე რუსეთი, ხალხის უმრავლესობა ეტყვის, შენო. ამ დროს ქვეყნის გამოსავალი დემოკრატიის განვითარებაა ამ ხელისუფლების მოცილებით.

რა გზით?

- ეს არის 9 აპრილის გზა და 9 აპრილი არაა ნოღაიდელი და არასდროს იქნება. ეროვნული საბჭო არაა ნოღაიდელი და არც არასდროს იქნება.

მასთან არიან დავითაშვილი, ძიძიგური, კუკავა, რომლებიც ამ საბჭოს წევრები იყვნენ.

- მე სად ვარ? მე კი არ ვამბობ, რომ ვინმეზე მეტი უფლება მაქვს, მაგრამ ნაკლები მაქვს, რომ წაიღეს და ნოღაიდელს ჩააბარეს?! ყველას აქვს უფლება, ილაპარაკოს 9 აპრილის სახელით, ვინც იქ ბოლომდე იდგა, მაგრამ ჩემზე დიდხანს და რეგულარულად არავინ მდგარა. არავის აქვს უფლება, აიღოს 9 აპრილი, ვითომ ეს დასვრილი დროშა იყოს და ნოღაიდელს ჩააბაროს! ეს არ არის 9 აპრილის აქციების გზა. გზა იყო ის, რაც ყოველდღე ცხადდებოდა, რომ უნდა გადადგეს სააკაშვილი და დაინიშნოს არჩევნები.

დავითაშვილს და ძიძიგურს შეუძლიათ თქვან, რომ ამის უფლება აქვთ.

- წაღების უფლება არავის აქვს. მე რომ ავიღო 9 აპრილის დროშა და სააკაშვილს ჩავაბარო, უფლება მაქვს? რა უფლება გაქვს, იმ ადამიანს წაუღო, რომელიც ამბობს, რომ ფეხები და თითები უნდა დაუმტვრიოს ყველას და რუსეთი გამოიყენოს სააკაშვილის მოსაცილებლად. 9 აპრილი იმ ხალხისაა, ვინც იქ ჩვენთან ერთად იდგა. მათ ვკითხოთ, რა უნდათ.

რა უნდათ?

- იგივე. არც გადატრიალება და ქვეყნის დანგრევა და არც მიშას სცენარების გამართლება. არავინ იცის, ვინ რა თამაშს თამაშობს. ამიტომ ერთი გზა რჩება - პროტესტის. მიშა აღარ არის ლეგიტიმური, ვეღარ მართავს ქვეყანას, მაგრამ ბრძოლა გვაქვს საწარმოებელი და ამაზე უარს ვერ ვიტყვით. იმიტომ კი არა, რომ დიდი იმედი მაქვს, არჩევნებში მოვიგებთ, ვამბობ, რომ გვაქვს გარკვეული შანსი, ამ შანსის ყველაზე უკეთესი კანდიდატი ირაკლი ალასანიაა. ხვალ თუ უკეთესი იქნება, იმაზეც უნდა წავიდეთ.

ნოღაიდელი ამბობს, ვინც გააყალბებს, გინდათ, ეს სააკაშვილი იყოს, იმას დავამტვრევ ხელებსო.

- კი, მაგრამ ამბობს, არჩევნები უკვე გაყალბებულიაო და ეს ჯდება მიშას სცენარში, როცა ამბობს, ოპოზიცია გადატრიალების საბაბად არჩევნების გაყალბებას გამოიყენებსო. მე ვაპირებ არჩევნებში სინდისიერად ვიბრძოლო და თუ უსინდისოდ გამიყალბეს, მერე რას ვიზამ და როგორ დავიცავ, მე ვიცი. იქაც ვიბრძოლებ, მაგრამ მაშინაც არ გადავატრილებ ქვეყანას, იმიტომ რომ ამ ქვეყნის გადატრიალება სხვანაირად არ შეიძლება, თუ არა მისი დანგრევით. მიშასაც ძალაუფლების შესანარჩუნებლად უნდა ამ ქვეყნის ნგრევა. ასე კარგი შანსი აქვს, წავიდეს პოლიტიკურ დევნილობაში.

თუ მთელმა ოპოზიციამ დაინახეთ, რომ არჩევნები გაყალბდა და პროტესტი ამაზე ზურაბ ნოღაიდელმა და მისმა გუნდმა დაიწყო, არ შეუერთდებით?

- არასდროს არავის ვუერთდები. როცა უნდა გამოვიდე, ჩემით გამოვალ.

ყოფილ პრემიერთან დაკავშირებით "ახლებმა" და რესპუბლიკელებმა რამდენიმე დღეში რამდენჯერმე შეიცვალეს პოზიცია. ჯერ იყო "მინუს ნოღაიდელი", მერე - "მინუსები და პლუსები არ არსებობს", მოგვიანებით -  "ნოღაიდელთან ერთად გამარჯვება არ არსებობს".

- ჩემი მიზანია, მიშა გადადგეს და ამ ქვეყნიდან მოვაშოროთ ამ წურბელებთან ერთად, რომლებიც ამ ქვეყანას ჭამენ. ამ მჭამელებში ნოღაიდელი ერთ–ერთი მთავარი მჭამელია, რომელიც რუსეთთან ერთად ჭამს, ზუსტად ისე, როგორც ეს ხელისუფლება. მერაბიშვილიგვეუბნება, რომ ომის დროს რუსეთთან გვქონდა არაფორმალური კონტაქტები და რაღაცეები გავინაწილეთ, რაშიც ამ ქვეყნის ნაწილის დაბომბვა შედისო. მათი ტყუპისცალი ნოღაიდელი ამბობს, რომ ამ დაბომბვის შემდეგ მე შემიძლია დავჯდე რუსებთან, ხელი მოვაწეროო. ჩემთვის მათ შორის არანაირი განსხვავება არაა.

თუკი ნოღაიდელი იგივე ან უარესი მიშაა, რატომ წავიდა ორჯერ ალიანსი მასთან მოლაპარაკებებზე, ჯერ ირაკლი ალასანია და მერე სოზარ სუბარი?

- ეს მათ უნდა ჰკითხოთ. ალიანსი სოზართან არ იყო, როცა ის ნოღაიდელს შეხვდა.

ალასანიაც შეხვდა.

- ალასანია შეხვდა ჭადრაკის სასახლეში, როცა ამ ჯგუფიდან იყო შეთავაზება წამოსული. არ ვამბობ, რომ შეცდომები არაა. მე ამას არასდროს გავაკეთებდი. ყოველთვის ვამბობდი, რომ ალასანია საუკეთესო კანდიდატია, როგორც ტიპაჟი. ეს არ არის ადამიანი, რომელიც ქვეყანას დაანგრევს. არ მოდის მუშტი–კრივით. ამ სიტუაციაში ქვეყანას ეს სჭირდება.

9 აპრილის აქციებზე თქვენ გვერდით ნინო ბურჯანაძეც იდგა, ის ნოღაიდელივით იყო პუტინთან. ნოღაიდელის კრიტიკისას ბურჯანაძე ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც ნაკლებად გახსოვთ. რატომ?

- ჯერ ისაა გასაკრიტიკებელი, ვინც პირველმა გადალახა რუბიკონი, რომელმაც შემოიყვანა რუსული ფაქტორი საქართველოში. ბურჯანაძე მოსკოვში წასვლას პირველი ვერასოდეს გაბედავდა. ის მხოლოდ იმიტატორია. ნოღაიდელს მთელი ოპოზიციის ჩათრევაც უნდოდა ამაში. რუსული ფაქტორის შემოტანა ქართულ პოლიტიკაში და ოპოზიციაში ისეთი ხაზის გავლება, რომ ერთიანობაზე ლაპარაკი აბსურდია, პირველ რიგში - ნოღაიდელის, შემდეგ კი ბურჯანაძის ბრალია.