ოტია იოსელიანთან სტუმრად მყოფ ფრანგ ფოტოხელოვანს, მარტინ ფრანკს, რომელიც საქართველოში პირველად 1972 წელს იმყოფებოდა, ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რა ცვლილებები შეამჩნია ჩვენს ქვეყანაში მისი პირველი სტუმრობის შემდეგ.
ფოტოხელოვანმა უპასუხა: „საქართველოში ბევრი სიახლეა. პირველ რიგში კი ის შევნიშნე, რომ ახალგაზრდა ქართველ მამაკაცებს ულვაში აღარ აქვთ. მაშინ კი ულვაშს თითქმის ყველა ატარებდა". ქართველ მწერალს ეს პასუხი მოსწონებია და უთქვამს: იმიტომ, რომ ულვაში სინდისის ნიშანია და არ გვაქვს ახლა სინდისი და ულვაშიც არ გვაქვსო.
თანამედროვე ახალგაზრდები ამ მოსაზრებას, ალბათ გააპროტესტებენ. ამისთვის ძველ ქართულ ანდაზასაც მოიშველიებენ, კაცს კაცი უნდა გერქვას, თორემ ულვაში კატასაც აქვსო. ქართული ჰაბიტუსიდან ულვაში გაქრა, მაგრამ იმას ვერავინ უარყოფს, რომ იყო დრო, როცა საქართველოში ულვაშს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. იგი იმდენად მნიშვნელოვანი და დასაფასებელი იყო, რომ ულვაშის ერთი ღერი ხშირ შემთხვევაში თამასუქის მაგივრობასაც კი ეწეოდა. ამის დასტურად ყველასთვის კარგად ნაცნობი სცენაც გამოდგება ფილმიდან „დაკარგული სამოთხე".
დროთა განმავლობაში, ბევრი სხვა ქართული ტრადიციის მსგავსად, ულვაშმაც დაკარგა თავისი ძალა. როგორც ამბობენ, დღეს თუ ვინმე ატარებს ულვაშს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ პირ-სახეზე რამე ნაკლს ფარავს.
მარიკა ძნელაძე, 29 წლის: „დღეს ულვაშს ვინც ატარებს, ალბათ რამე ნაკლის დაფარვა უნდა ამით. მაგალითად, ქალისგან განსხვავებით კაცს ნამდვილად არ უხდება დიდი პირი, ამის დასაფარად კი ულვაში საუკეთესო საშუალებაა. ასევე, შესაძლებელია, კურდღლის ტუჩის დაფარვაც. ვფიქრობ, იმდენი რამ შეიცვალა ქართულ გენეტიკაში და გარეგნობაში, რომ ულვაში ქართულ სახეს აღარც უხდება".
კიდევ ერთი „ნაკლი", რომელსაც ულვაშებით ფარავდნენ, გრძელი და დიდი ცხვირია. პლასტიკური ქირურგიის განვითარებამ ეს პრობლემა მოაგვარა და ვისაც გრძელი ცხვირი დისკომფორტს უქმნის, ულვაშებს კი არ იწკეპავს, წოპესთან ან კუზანოვთან მიდის.
გელა მეგრელიშვილი, 36 წლის: „მე პირადად არასდროს მქონია ულვაში, არ მიყვარს. კაცს ასაკს მატებს და რაღაც სხვანაირ იერს ანიჭებს. არა მარტო ულვაში, ბევრი რამ გვქონდა ქართველებს საამაყო, რაც დრომ და ცხოვრების ახალმა სტილმა შეცვალა. ამაში ცუდს ნამდვილად ვერაფერს ვხედავ. მისტერ მსოფლიოს კონკურსში ქართველიც მიიღებს მონაწილეობას. წარმოიდგინეთ, რა სანახავი იქნება, კუპრივით შავი ქართული, უფრო სწორად, კავკასიური ულვაშებით, რომ წარსდგეს ეს მონაწილე ჟიურის წინ.
იცით, რა არის საინტერესო? უფროსი თაობის ადამიანები ულვაშს მისტირიან, ბლანჟე კი არ მოსწონთ - ქართული, ვაჟკაცური არ არისო. აუცილებლად ქილვაშები და აწკეპილი ულვაშები უნდა ჰქონდეს კაცს, მის კაცობაში ეჭვი რომ არ შეეპაროთ?"
ქართული ფოლკლორული ანსამბლები ცდილობდნენ გარეგნულ იერსახეშიც შეენარჩუნებინათ ქართული ნიუანსები. ზოგიერთი ანსამბლის ხელმძღვანელები მოცეკვავეებს და ხალხური სიმღერების შემსრულებლებს სთხოვდნენ, რომ ულვაში ჰქონოდათ, თუმცა ეს რეალურად ვერ განახორციელეს.
გოგი წიკლაური, 37 წლის: „რამდენიმე წლის წინათ „ერისიონში" ვმღეროდი. მოგვთხოვეს ულვაში მოგვეშვა. თუ შეიძლება ასე ითქვას, ულვაში თხელი და მოკლე უნდა ყოფილიყო. თან კაზინოში ვმუშაობდი, თანამშრომლებს საოცარი რეაქცია ჰქონდათ, როცა ერთ მშვენიერ დღეს სამსახურში ულვაშებით მივედი. ვგრძნობდი, ქუჩაშიც ყველას თვალში ხვდებოდა ჩემი ულვაში. კომპლექსიც კი გამიჩნდა. არა მარტო მე, ანსამბლის სხვა წევრებიც მსგავს სიტუაციაში იყვნენ.
სულ რაღაც ორი თვე ვიარეთ ასე, დაწკეპილი ულვაშებით, მერე ყველამ გავიპარსეთ. ხელმძღვანელობასაც არ გაუპროტესტებია. როგორც ჩანს, დღევანდელ რეალობაში ულვაშის ადგილი აღარ არის".
თუ ულვაში უკვე ძველმოდურად ითვლება, ბლანჟე სოლიდურობის გამომხატველად იქცა და ქართველ მამაკაცებში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ზოგიერთებისთვის თხის ცანცარა წვერთან გაიგივებული ბლანჟე, ქართულ პოლიტელიტაში კარგად აპრობირებულია და მინისტრობის აუცილებელ ატრიბუტადაც იქცა.
მამაკაცთა გარკვეული კატეგორია წვერ-ულვაშს იმიტომ ატარებს, რომ მათთვის ყოველდღიურად პირის გაპარსვა მოსაბეზრებელი პროცედურაა. თუმცა წვერი, ულვაში თუ ბლანჟე ისეთივე მოვლას მოითხოვს, როგორც თმის ვარცხნილობა. მამაკაცთა მეორე ნაწილისთვის კი სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ამჯობინებენ სუფთად გაპარსული სახით იარონ.
გურამ მეტრეველი, 27 წლის: „მარტო ულვაშით არა, მაგრამ გარკვეული პერიოდი ბლანჟეთი დავდიოდი. ქალიშვილივით სარკის წინ საათობით ვიდექი, რომ ლამაზად გამეკეთებინა. იმის საშუალება ნამდვილად არ მქონდა, რომ კვირაში ორჯერ სალონში მევლო. მერე მირჩიეს, რომ გაპარსვის დროს ბლანჟეს ირგვლივ ფანქრით მომეხაზა და იმ ნახაზს მივყოლოდი. მალე მომბეზრდა ამდენი „ჩალიჩი" და მთლიანად გავიპარსე".
მკითხველს, შესაძლოა, უცნაურად მოეჩვენოს და ულვაშებში ჩაეცინოს, მაგრამ არსებობენ მამაკაცები, ვისაც წვერ-ულვაშზე „ჩალიჩი" არა თუ ეზარება, სპორტული აზარტითაც კი უვლის მას. ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მსოფლიოს ყველაზე უცნაური, გრძელი და ლამაზი წვერ-ულვაშის მფლობელები ერთად იკრიბებიან, მსოფლიოს წვერ-ულვაშის ჩემპოინატზე.
1990 წლიდან ეს უცნაური ჩემპიონატი თავის სხვადასხვა კატეგორიებით, როგორიც არის, დალის სტილის ულვაშიდან დაწყებული, უბრალოდ, დიდი წვერით დამთავრებული, დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს სვხადასხვა კუთხეში. კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ხოლო სანახაობაზე დასწრება უფასოა. 2007 წელს ამ ჩემპიონატს დიდ ბრიტანეთში უმასპინძლეს, ხოლო 2009 წლის ჩემპიონატს - ალასკაზე.
მსოფლიო წვერ-ულვაშის ჩემპიონატში, რა თქმა უნდა, იმარჯვებს ის, ვისაც აქვს რამე ორგინალური ექსტრაორდინალური ვარცხნილობა წვერზე ან ულვაშზე. ამ უცანურ ჩემპიონატში საქართველოს სახელით არავის უასპარეზია, ალბათ იმიტომ, რომ ქართველებისთვის ულვაშს ფასი აღარ აქვს.