ქრთამის აღების ფაქტზე ქედის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე ქედის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დააკავეს

შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს და დააკავეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გურამ ქობულაძე.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გურამ ქობულაძე თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, მოქალაქეს დაბა ქედაში მდებარე ყოფილი მეფრინველეობის ფაბრიკის ტერიტორიის - 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით, მოითხოვა და აიღო 30 000 აშშ დოლარი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.