ბოლო დროს რატომღაც დიდი მუხრან მაჭავარიანის სიტყვები ამეკვიატა:
„გრიალებს ტაში.
ზეცას ანგრევს ტაშის გრიალი.
პატიოსნება ძეგლიგია დღეს კაჟიანი.
ხმა ისმის ზოგჯერ
ტაშის ხმაში ხამუშ-ხამუში,
- სად არი, თვარა კაი კია სინდის-ნამუსი!"
შემდეგ გონებაში ამ ლექსსა და შექსპირის მე-9 სონეტს შორის (მაპატიონ კრიტიკოსებმა) პარალელი გავავლე: „რადგან რეგვენი და უვიცი ბრძენობს ადვილად, რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა, რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა"... - და მივხვდი, რომ მხატვრულად ნათქვამ სიმართლეს, რომელიც ამა თუ იმ დროისა თუ პოლიტიკური ვითარებისთვის ზედგამოჭრილია, არაფერი შეედრება.
არადა, საზოგადოება ხშირად სათაყვანო შემოქმედს პოლიტიკური ტვირთის აღებასაც ავალებს. მაგრამ იგივე საზოგადოება „ტვირთის ამღებს" კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს და პოლიტიკურად მიუკერძოებლობას სთხოვს. ამიტომ შემოქმედ ადამიანებს ხშირად უხდებათ სიტყვის თქმისა და უთქმელობის გასაყარზე აღმოჩენა. მეტწილად დუმილი „ოქროა რჩეული", ზოგჯერ კი „უთქმელობითაც შავდება".
როგორც ჩანს, ბუმბერაზი პოეტი მუხრან მაჭავარიანიც არაერთხელ აღმოჩენილა მსგავს ვითარებაში. მახსოვს, თავის დროზე ერთ-ერთ სტატიაში დავწერე, მუხრან მაჭავარიანს „ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის სათავეში ადგილს სთავაზობდნენ, მერე კი მოულოდნელად პირველ ნომრად მაია ნადირაძე გამოცხადდა-მეთქი. ალბათ, მიხვდით, სტატია „ვარდების რევოლუციის" შემდეგ პირველი საპარლამენტო არჩევნებისთვის შედგენილ სიას ეხებოდა.
რა თქმა უნდა, ვიცოდი, კულუარულ ინფორმაციას გადამოწმება სჭირდებოდა. მე კი მას არავინ მიდასტურებდა. რა მოხდა სინამდვილეში? მართლაც სთავაზობდნენ თუ არა ბატონ მუხრანს პირველ ადგილს“"ნაციონალური მოძრაობის" სიის სათავეში? - ამ კითხვამ მოსვენება დამიკარგა, პოეტი კი ჟურნალისტებთან ურთიერთობას თავს არიდებდა. არ ვიცი, მაშინ რამ გამაბედვინა ამ თემაზე მასთან დარეკვა, - ასაკმა, ჟურნალისტურმა ჟინმა თუ რამე სხვამ. მაგრამ ფაქტია, მისი მობილური ტელეფონის ნომერი ავკრიფე...
- გამარჯობათ, ბატონო მუხრან, ეკა ასათიანი ვარ, ჟურნალისტი... სწორედ ახლა, როცა სტატიას ვწერ, მინდა თქვენი ერთ-ერთი ლექსის სტრიქონი მოვიშველიო, თუმცა ჩემდა სამარცხვინოდ, ბოლომდე ვერ ვიხსენებ... სამწუხაროდ, თან წიგნი არა მაქვს, - სხაპასხუპითა და ლამის ვედრებით ვუთხარი შემოქმედს.
- აბა, გისმენ... (სმენად გადაიქცა მუხრან მაჭავარიანი)
„სამოთხე იყო - დედაკაცმა დაგვაკარგინა...
საწმისი იყო - დედაკაცმა დაგვაკარგინა" - და შემდეგ როგორ გრძელდება, ბატონო მუხრან?
„დანაშაული, თუ გიყვარდე, მეტი რა გინდა!" - თითქოს გულიდან ამოიღო პოეტმა სიტყვები და შეყოვნდა. ალბათ, იმ იმედით, რომ შემდეგი სტრიქონი თავადაც გამახსენდებოდა,
- თქვენც ხომ „დაგაკარგვინათ" დედაკაცმა „ნაციონალური მოძრაობის" სიაში პირველი ადგილი? - ვკითხე მოულოდნელად.
„ეკა, შვილო, მაგ თემაზე დუმილი მაქვს მე გამოცხადებული!" - აღელვებული, საყვედურნარევი, თუმცა მამაშვილურად მიმტევებლად მიპასუხა. რა თქმა უნდა, მაშინვე პატიება ვთხოვე, სტატია კი... ცოდვა გამხელილი სჯობს, სტატია მაინც დაიბეჭდა(?!). მომიტევოს ბატონი მუხრანის სულმა! რა საჭირო იყო მართლაც მისგან სიტყვების მოსმენა, როცა ყოველთვის, ნებისმიერ ვითარებაში, პოეზია თავად დაგელაპარაკებოდა?! არ გჯერათ?! აბა, ისევ მუხრანის სიტყვები გაიხსენეთ: „ვის გაუმარჯოს, რას გაუმარჯოს, ეგეც არ იცი?! ვაი, შენს პატრონს!"