ინგლისელი ნეორომანტიკოსი მხატვრის ჯონ მინტონის სიტყვებმა განაპირობა პიტერ ჰემილის ჯგუფ Van Der Graaf Generator-ის მეორე ალბომის სახელწოდება - The List We Can Do Is Wave To Each Other.
ფრაზა სისრულეში კი დაახლოებით ასე ჟღერს: „ადამიანები სისხლის ოკეანეში ვართ ჩაფლული, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ხომ შეგვიძლია გავუწოდოთ ერთმანეთს ხელი...“
სწორედ ასეთია პიტერ ჰემილის ცხოვრებისეული ხედვა და ვინძლო გაცილებით მშვიდი ყოფილიყო სამყარო, როკ მუსიკის მსმენელთა 30%-მა მაინც რომ იცოდეს Van Der Graaf Generator-ის არსებობის შესახებ.
მაშინ ხომ ჩვენთვის აბსოლუტურად უცხო იქნებოდა სხვადასხვა თავსმოხვეული ამქვეყნიური ტენდენციები, ხელოვნურად შექმნილი პრობლემები და წინააღმდეგობები. ვის ექნებოდა დრო, რომ ქუჩებში ერბინა მავანთა პოლიტიკური ინტერესების დასაცავად და გაელია წუთისოფელი მდაბიო მუსიკალური რეპერტუარით სმენის დაქვეითებაში.
ბუნებრივია, რომ ჰემილის აზროვნებას არაფერი აქვს საერთო მუსიკალური შოუ ბიზნების „პოპსა“ ნაწილთან. მეორეს მხრივ კი იგი წინააღმდეგობაში მოდის მის თანამედროვე ბუმბერაზ ჯგუფებთან და შემსრულებლებთან, რომელთა ტექსტებიც გარდა იმისა, რომ ხშირად ხალხის ნებას გამოხატავდნენ და პროტესტის ფორმა მათთვის განუყოფელი იყო, ძირითადად სიყვარულის თემას ეძღვნებოდა და სიღრმით არ გამოირჩეოდა.
Van Der Graaf Generator კი სრულიად ახალ სიტყვად იქცა როკ მუსიკაში. მისი სულისჩამდგმელი პიტერ ჰემილი, შეუძლებელია, რომ წარმოვიდგინოთ (ბანალურად) მომღერლად, გიტარისტად, თუ კომპოზიტორად.
იგი უფრო როკ მუსიკის ფილოსოფოსია. მისი სიმღერათა ტექსტები იმდენად „მარტივი“ გასაგებია, რამდენადაც რეპერტუარი - მრავალფეროვანი და პირქუში, დამაფიქრებელი და უკომპრომისო, ქაოსური და ნათელი, მოწესრიგებული და მელოდიური და რაც მთავარია - იმპროვიზაციული...
აი ეს კი ერთი შეხედვით უცნაურია, რადგან თითქოს ჰემილის სიმღერებში ბევრი არაფერია გადასაკეთებელი და საკმარისი უნდა იყოს კონცერტებზე მათი ერთი-ერთში დაკვრა, ყველაზე მეტი, დევიდ ჯექსონის საქსოფონის სოლოების გადასხვაფერების ფონზე.
მაგრამ ნურას უკაცრავად; თურმე ჰემილის კომპოზიციები ისეთ ქვეცნობიერ სიღრმეს მოუცავს, რომ ოთხი ათწლეულის განმავლობაში არ დაუკარგავს აქტუალობა Still Life-ის, Man-Erg-ის, Sleepwalkers-სა თუ A Plague Of lighthouse Keepers-ის იმპროვიზაციებს.
მოდით ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული საკონცერტო „ჰიტის“ ტექსტს შეძლებისდაგვარად გავეცნოთ თქვენი მონა-მორჩილის მოკრძალებული თარგმანით, ხოლო შემდეგ კი მოვუსმინოთ მის ავტორისეულ ახსნას...
Darkness (11/11)
წყვდიადში იღწვის ნათელი, ითვლის რა უსასრულობას
სიცოცხლე მოაქვს წარსულს, გაკვირვებულად მზირალი
მივყვები მის კვალს ჩემში...
ხვალინდელი „ხვალ“ დაიბადება კვლავ
გემები დაწვავენ ხიდს ჭაობზედ
ჟამი წარსულისა მიბრუნდება კვლავ
განაგებს რა მას ...
ნუ დამადანაშაულებ ქვიშაზე დაწერილი ასოებისთვის
ნუ მიცქერ თვალებში, დაინახავ ყოველ ციფრს
ჩემი ზეცის ამვსებსა და ხელის მომხატველს.
არ თქვა, რომ ვცდები
ხმა ჩემი ცხოვრებისა რომ ვერ იმღერს
ბედი ღაღადებს საუკუნო ჭეშმარიტებას
განაგებს რა მას...
ხელები ანათებენ შავად და თეთრად
ხილულნი მხოლოდ წყვდიადში
უფალი ფარავდეს ყრმას დღეს დაბადებულს
მფრინავს შიშსა და დასალიერში.
ისინი მანათებენ თვალებში და სახეზე
ხომ შემხებიან აქამდეც
ნუ დამადანაშაულებ ბედისწერისთვის
მე არ ამირჩევია
სულაც არ ამირჩევია იგი...
Darkness (11/11) პიტერ ჰემილს 1968 წლის 11 ნოემბერს დაუწერია: „ამ სიმღერის იდეა ციფრებმა განაპირობა. მას წინ უძღოდა სკანდინავურ სტილში დაწერილი ზღაპარი, რომელშიც ვცდილობდი, რომ ისლანდიური საგებისთვის მიმებაძა. ერთხელაც გადავავლე თვალი საკუთარ ნაწარმოებს, თანაც მაინცდამაინც 11 ნოემბერს. გამაოცა შესავალმა - და იყო დღე მე-11 მე-11 თვისა. ნოემბრის თვე ხომ მორიელის ნიშნითაა, (თავად ჰემილი 5 ნოემბერსაა დაბადებული) და გადავწყვიტე, რომ საუკეთესო დრო იყო დამეწერა სიმღერა ბედისწერის შესახებ. დღემდე ვერ ვხვდები, რა კავშირში იყო ამასთან მე-11 საუკუნის საქსების ბელადი ჰერვარდი - იხსენებს ჰემილი.
ერთს დავსძენთ, რომ პიტერ ჰემილი არასოდეს ეტანებოდა ნარკოტიკებს, ხოლო ღვინოს კი იცოცხლეთ... განა არ ვუდღეგრძელებივართ A Plague Of lighthouse Keepers-ის ცოცხალი შესრულებისას პირდაპირ ტელეეკრანიდან?
საერთოდ ჰემილის კომპოზიციათა საკონცერტო ვერსიები სულ სხვადასხვა ჟღერადობას, არანჟირებას და წარმოიდგინეთ ვოკალის პარტიის სიმძლავრეს გვთავაზობენ.
მისი ხმა, ჯგუფის საერთო ჟღერადობაში, უფრო მუსიკალური ინსტრუმენტია, ვიდრე ტრადიციული როკ ვოკალი. თუკი ვიტყვით, რომ ყური თავიდანვე ეგუება ჰემილის ორიგინალურ ტემბრს, ალბათ მართალი არ ვიქნებით, მაგრამ შემდეგ...
მსმნელი ვეღარ წყდება Van Der Graaf Generator-ის ჟღერადობას, რომელიც მძლავრი ვოკალის გარდა, აწყობილია კლავიშებიანი ინსტრუმენტების ანსამბლზე, რომელთაც ჰიუ ბენტონი და პიტერ ჰემილი განასახიერებენ, თუკი ამ უკანასკნელს ხელთ გიტარა არ უპყრია.
გამორჩეულია დრამერ გაი ევანსის მეტად ორიგინალური დაკვრის ხელწერა, ერთგვარი სიდინჯის ფონზე უხვი და მოულოდნელი გადასვლებით, რომლის „ჯაზურობას“ ხელს უწყობს დევიდ ჯექსონის საქსოფონი, ხოლო ბას გიტარის როლს საერთო ჟღერადობაში, ძირითადად ჰიუ ბენტონის ბას პედალი ასრულებს.
ჰემილს ახალგაზრდობაში ჰქონია გრძელი თმა, მაგრამ მას არასოდეს შეუქმნია „თინნეიჯერული“ მუსიკა, ოდნავ მაინც დაახლოებული როკ’ნ’როლთან, თუმც საკმაო ზეგავლენა მოუხდენია Sex Pistols-ზე 1968 წელს დაწერილი ორადორი სიმღერით, რომლებიც მოგვიანებით, 1975 წელს გამოქვეყნდა.
იგი არასოდეს ყოფილა ვირტუოზი გიტარისტი, თუმც გაოცებას იწვევს მისი პარტიები, რომლებიც არასოდეს - წამითაც კი არ ემსგავსებიან ოდესმე, რომელიმე სხვა გიტარისტის დაკრულს. იგი ისევე უკომპრომისოდ ჟღერს, როგორც ჰემილის განუმეორებელი ვოკალი...