გია ხუხაშვილი: „ბენდუქიძისთვის საექპერიმენტო ვირთხები ვართ

გია ხუხაშვილი: „ბენდუქიძისთვის საექპერიმენტო ვირთხები ვართ

ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური დაძაბულობა ეკონომიკაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს. გვესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი.

ბატონო გია, საქართველოში არსებული ბანკების გაკოტრების საშიშროება არის დღეს?

- ვცდილობ, თავი შევიკავო კომენტარისგან იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საბანკო და ფინანსური სტრუქტურა ძალიან ფაქიზი თემაა. შეიძლება არის გარკვეული ფინანსური დაძაბულობა.

შესაძლებელია, რომ ევრო, დოლარი და რუსული რუბლი ჩვენს ქვეყანაში ლართან ერთად იყოს მიმოქცევაში?

- იმედია, ამ ეტაპზე უკვე არ არის ამის საშიშროება. უბრალოდ, ეს არის ბენდუქიძის ექსპერიმენტები და მას სურს ამ ექსპერიმენტებით დაანგრიოს ქვეყანა. სწორედ ამ ექსპერიმენტებით უნდა რომ მოშალოს ის, თუ რამე კარგია გაკეთებული, მათ შორის, ამ ქვეყნის ერთ-ერთი მიღწევაა ის, რომ ჩვენ გვაქვს ნაციონალური ვალუტა, რომელსაც მიეცა ფასი და წონა. როგორც ჩანს, მას ახალი დავალებები აქვს მიღებული და იმიტომ ატარებს ექსპერიმენტებს.

რეალურად რუსული რუბლის მიმოქცევაში შემოსვლის ალბათობა არის?

- მე ასე შორს არ მივდივარ, მაგრამ ვამბობ, რომ საქართველო ამ ადამიანს მიაჩნია თავისი ავადმყოფური ფანტაზიების საექსპერიმენტო პოლიგონად. ჩვენთვის ეს ქვეყანა სამშობლოა, მისთვის, როგორც ჩანს, არის პოლიგონი. ბენდუქიძეს კი ჩვენ ყველა ვგონივართ თავისი ექპერიმენტული ვირთხები. საბოლოო ჯამში, ის მიაღწევს იმას, რომ ექსპერიმენტის ჩატარებას მასზე დაიწყებენ. ის ამას მოიმკის.

კახა ბენდუქიძე ერთ–ერთი მსხვილი ბიზნესმენია. თუ ის ექსპერიმენტებს ატარებს, პირადად მას რა სარგებელი აქვს ამისგან?

- არაფერი, უბრალოდ თამაშობს. თამაშობს მთელი ქვეყნით. ხეირიც აქვს ალბათ რაღაცა, იმიტომ, რომ ხეირზე აქვს აწყობილი მთელი შემოქმედება. ამის გარდა, თამაშობს, ერთობა ბიჭი.

გინდათ თქვათ, რომ მსგავსი ტიპის თამაშები მისთვის ერთგვარი ჰობია?

- მას ჩაუვარდა პოლიგონი ხელში და ასე იქცევა, რატომაც არა.

ბატონო გია, დოლარის კურსის ცვლილება მოსალოდნელია?

- ვერაფერს გეტყვით. ეს სხვადასხვა სუბიექტურ ფაქტორზეა დამოკიდებული. წინასწარ პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია.

ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი, დროში გაწელილი აქციები ლარის სიმყარეზე იმოქმედებს?

- გარკვეულწილად მოქმედებს პოლიტიკური ფაქტორები, მაგრამ არა მგონია, რომ ეს იყოს განმსაზღვრელი იმუნიტეტი ვალუტის კურსისა.

ბატონო გია, თქვენი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში რა ობიექტი გაასხვისა ბენდუქიძემ?

- ყველაფერი მან გაყიდა, რაც გაიყიდა. საბოლოო ჯამში, ქვეყნის უსაფრთხოება გაყიდა და ეკონომიკა დაანგრია. ქვეყნის უსაფრთხოება დაარღვია ყველა მიმართულებით. ეს არის ეკონომიკური უსაფრთხოება. სურსათის უვნებლობის სამსახურების გაუქმებით საფრთხის ქვეშ ჩააგდო ჩვენი ჯანმრთელობა და ბაზარი საერთოდ წალეკა და საქართველოში, რომელიც სოფლის მეურნეობაზე ორიენტირებული ქვეყანა უნდა იყოს, იმპორტულ კარტოფილს და ბოსტნეულს ვჭამთ, რაც ყოვლად წარმოუდგენელი და მიუღებელია.

არის თუ არა დღევანდელი მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელი და რა დრო დაჭირდება ამას?

- ჩვენი ეკონომიკა ვარდნის პროცესშია, რომელიც ჯერ არ შეჩერებულა. ვარდნის პროცესის შეჩერებამდე კი მდგომარეობის გამოსწორებაზე საუბარი ნაადრევია.

ვარდნის პროცესი დიდხანს გაგრძელდება?

- ეს პოლიტიკურ ვითარებაზეა დამოკიდებული. ალბათ პოლიტიკური ლიდერები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანში წესრიგი დამყარდეს. ამის თქმის საფუძველს პატრიარქის სიტყვაც გვაძლევს. ყველაფერი დალაგდება და კარგად იქნება. იმედიანად უნდა ვიყოთ. ზუსტად როდის, ამის განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ფაქტია, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად. ხელისუფლების წყარო უნდა იყოს ხალხი. მთავარი გაერთიანებაა და ღმერთი აერთიანებს, ეშმაკი კი თიშავს. დიდი ლოცვა შეეჭიდება ჩვენს პრობლემებს. გვიყვარდეს ერთმანეთი და ყველაფერი კარგად იქნება.

ბატონო გია, ამ დროისთვის რომელი ბანკი გასცემს ყველაზე მეტ კრედიტებს?

- კრედიტების გაცემა ძალიან პრობლემატურია, მაგრამ, ჩემი ინფორმაციით, პროკრედიტ პანკი შედარებით მეტ კრედიტს გასცემს. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა საქართველოს ბანკშიც.

თითქოს თიბისი ბანკი ყველაზე მყარად დგას, მართლაც ასეა?

- იმიტომ, რომ თიბისი ბანკში ყველაზე ნაკლებად არის პოლიტიკუტი სპექტრი.

არის იმის ალბათობა, რომ საქართველოში ბანკების მეპატრონეები შეიცვალონ?

- რა თქმა უნდა. ბანკები, სადაც არის პოლიტიკური ინვესტიციები ჩადებული და პოლიტიკური ელიტები მართავენ, მათი ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ აუცილებლად შეიცვლებიან. ხელისუფლებაში ცვლილება ძალიან ბევრ ბანკში შეცვლის აქციონერს, რადგან ხელისუფლებაში მყოფებს არცთუ ლეგალურად აქვთ ეს აქციები მოპოვებული.

გამოდის, ძველი მეპატრონეები პასუხს აგებენ ამის გამო?

- რა თქმა უნდა, ძველ მეპატრონებს მოეკითხებათ. ქვეყნისთვის დიდი უბედურებაა, როდესაც ხელისუფლების ცვლა იწვევს ბანკების მეპატრონეების შეცვლას. ასეთი ტიპის რყევები ქვეყანას არ უხდება, მაგრამ ეს სამწუხარო რეალობაა.

ეს მოხდება მხოლოდ ახლა, თუ ამას ადგილი ჰქონდა მაშინაც, როცა წინა ხელისუფლება შეიცვალა?

- ეს იყო მაშინაც და იმ დროს ძალიან ცუდი მეთოდებით მოხდა ეს ყველაფერი. სამწუხაროდ, დღესაც გარდაუვალია.