ვაზიანში ამერიკულ „სტელსებს“ ელიან

ვაზიანში ამერიკულ „სტელსებს“ ელიან

გუშინ ბრიტანულმა „ბი-ბი-სი“-მ ეთერში გააჟღერა და თავის ინტერნეტ-საიტზე გამოაქვეყნა ინფორმაცია საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის შესაძლო დაფუძნების შესახებ, რომელიც ანტიერაყული საომარი ინფრასტრუქტურის ნაწილად იქცევა.

ბრიტანული მედიის ცნობით, ამ საკითხზე რამდენიმე დღის წინათ თბილისში შეხვედრისას ისაუბრეს ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ რიჩარდ სკოდმეიკერმა და პრეზიდენტმა შევარდნაძემ. ამერიკული წყაროები ამ ინფორმაციას ერთმნიშვნელოვნად არ ადასტურებენ, თუმცა, არც უარყოფენ. პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვას ამ თემაზე ნიშანდობლივად უპასუხა: „ჩვენ ცუდს ვერაფერს ვხედავთ, პირიქით, მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველო მზად არის, უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა ანტიტერორისტულ ოპერაციებში, რაც ერაყის ტერიტორიაზე განხორციელდება“.

ამ პასუხით სავსებით ცხადია, რომ ინიციატივა სამხედრო ბაზის დაფუძნების შესახებ თბილისს ეკუთვნის და არა ვაშინგტონს, თუმცა, ამერიკელებმა ეს ინიციატივა საკმაოდ კეთილგანწყობით მიიღეს. საქმე ეხება ვაზიანის სამხედრო ბაზას და ვაზიანის აეროდრომს, რომელსაც ნებისმიერი ტონაჟის და კლასის სამხედრო თვითმფრინავების მიღება შეუძლია.

აეროდრომი მოდერნიზებულია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მეშვეობით. ამერიკელებს უმოკლეს ვადაში შეუძლიათ მისი კეთილმოწყობა სამხედრო-ტექნიკური სტანდარტის შესაბამისად, როგორც ეს გააკეთეს ყირგიზეთში, ქალაქ მანასთან მდებარე აეროდრომზე. ერთადერთი გადაულახავი წინააღმდეგობა რელიეფი და საფრენი ბილიკის სიგრძე იქნებოდა, მაგრამ ვაზიანის აეროდრომი ამ თვალსაზრისითაც ყველა მოთხოვნას შეესაბამება.

მაშასადამე, მთავარია, რამდენად სჭირდება პენტაგონს საქართველოს გამოყენება და ოფიციალური თბილისის წინადადების მიღება. ამ საკითხს კი ორი ასპექტი აქვს: სამხედრო-სტრატეგიული და პოლიტიკური.

სამხედრო თვალსაზრისით, დამატებითი სამხედრო აეროდრომი ნებისმიერ შემთხვევაში სასარგებლოა, ანუ იმ შემთხვევაშიც თუ მეზობელ თურქეთში ყველა პრობლემა გადაიჭრება და ამერიკა თავისუფლად შეძლებს აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე ინჯირლიკის ბაზის გამოყენებას, მეორე, ასეთივე კლასის აეროდრომი მას ნამდვილად „არ აწყენს“.

ბოლოს და ბოლოს, ეს ჩრდილოეთ მიმართულებიდან სამხედრო აფრენათა სიხშირეს გაზრდის. სამხრეთ მიმართულებიდან აფრენები ერთდროულად 5 ამერიკული ავიამზიდიდან განხორციელდება ისე, რომ დარტყმის ინტენსივობა არნახულ დონეს (დღეში 300-400 დარტყმას) მიაღწევს. ასევე დისპოზიციაში ვაზიანის აეროდრომი ამერიკელებს მხოლოდ დაეხმარებოდა - ხელს ნამდვილად არ შეუშლიდა.

შესაძლოა, ვაზიანში განელაგებინათ დამხმარე საავიაციო ინფრასტრუქტურა, საჰაერო ბენზინმზიდები, მფრინავი რადარები და ასე შემდეგ. ბოლოს და ბოლოს, თუ ერაყის ავიაცია „გაძალიანდება“, ვაზიანის აეროდრომებს „სტელსის“ ტიპის ფ-117, ავიაგამანადგურებლების მიღებაც შეძლია, მაშინ როდესაც იმავე ტექნოლოგიით შექმნილ მძიმე ბომბდამშენებს (ბ-2) ახლომდებარე აეროდრომები არ სჭირდებათ, ისინი მხოლოდ ამერიკის ტერიტორიიდან მოქმედებდნენ იუგოსლავიის ომის დროსაც.

გარდა ამისა, თანამედროვე სამხედრო ხელოვნებაში არსბეობს ისეთი ტერმინი, როგორიცაა „მიხტომის აეროდრომი“ - საშუალო სიშორის ავიაციისთვის. ამ თვალსაზრისით, ვერანაირი ავიამზიდი ვერ შეცვლის აეროდრომს.

ამრიგად, რომ არა მეორე (პოლიტიკური) ფაქტორი, ამერიკელები ერთ წუთსაც არ დაფიქრდებოდნენ, ისე განაცხადებდნენ თანხმობას ვაზიანის აეროდრომის გამოყენებაზე ერაყის ომის დროს. მაგრამ მოგვწონს ჩვენ თუ არა, ან მოსწონთ თვით ამერიკელებს თუ არა, არსებობს რუსეთის ფაქტორი.

ნამდვილად არ არის შემთხვევითი, რომ საქართველომ ამერიკას შესთავაზა არა მხოლოდ და არა იმდენად ვაზიანის ბაზის გამოყენება ერაყის ომის დროს, არამედ (ყირგიზეთის მსგავსად) ვაზიანში მუდმივი ამერიკული ბაზის დაფუძნება იმავე მანასის აეროდრომის დარად. ეს წინადადება სავსებით რაციონალური და მიზანშეწონილია. მართლაც, საეჭვოა, ომი ერაყში 2 თვეზე მეტ ხანს გაგრძელდეს. შემდეგ ამერიკელები წავლენ, ანუ საქართველო გაღიზიანებულ რუსეთთან პირისპირ დარჩება. ეს იყო, ჯობს, რუსეთის „გამოსასწორებლად“ ამერიკული კონტინგენტიც დარჩეს საქართველოში, ვინაიდან ასიოდე სამხედრო ინსტრუქტორი, ამ თვალსაზრისით, გადამწყვეტ ფაქტორად ვერ გამოდგება.

მიიღებენ თუ არა ამ წინადადებას ამერიკელები, ჯერჯერობით, უცნობია. უფრო მეტი ალბათობით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ინჯირლიკის ბაზასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნებათ, ალბათ, უარს იტყვიან. ოღონდ ამას საკმაოდ დელიკატურად გააკეთებენ, რათა საქართველოს არ აწყენინონ.

ალბათ, თურქეთში ვითარების შენარჩუნების შემთხვევაში, მაქსიმუმი, რაც შეიძლება შედგეს, იქნება ვაზიანში დაზიანებული თვითმფრინავების დასმა და საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება.