რა თანხას ხარჯავენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბინების რემონტში

რა თანხას ხარჯავენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბინების რემონტში

ამ ჩინოვნიკების გონიერებასა და ლოგიკაზე ჩვენი ქვეყნის მრავალი პრობლემის გადაწყვეტაა დამოკიდებული (მათ შორის, თუნდაც, ევროპის სასამართლოში რუსეთის გამტყუნება ქართველთა დეპორტაციის გამო), თუმცა ამჯერად ჩვენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეების ქონებაზე ვისაუბრებთ და, თავს უფლებას მივცემ, შეგამზადოთ, რომ, მაგალითად, იუსტიციის მინისტრის 28 წლის პირველი მოადგილის წლიური სახელფასო შემოსავალი (რომელიც გადასახადის გადამხდელების ჯიბიდან ფინანსდება) 100-ჯერ აღემატება საქართველოს ყველაზე სტაჟიანი (ანუ თვეში 80-ლარიანი) პენსიონერის წლიურ შემოსავალს.

თინა ბურჯალიანი

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, თინა ბურჯალიანი, 1981 წელსაა დაბადებული ცაგერში. აქვს უმაღლესი განათლება - 2003 წელს თსუ-ის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა. იმავე წელს დიდ ბრიტანეთში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში სპეცკურსიც გაიარა. 2005 წელს ვაშინგტონის სამართლის სკოლაც დაამთავრა (საერთაშორისო სამართლის კვალიფიკაციით). იმავე წელს დაიწყო მუშაობა ატლანტის ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში, მანამდე კი, 2004 წელს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს გენერალური წარმომადგენლობის სამსახურის უფროსად მუშაობდა. მეტიც, ევროსაბჭოში ადამიანის უფლებათა შერეულ კომისიაში საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული ექსპერტიც იყო. საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნამდე საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.

2008 წელს თინა ბურჯალიანმა დეკლარაცია შეავსო როგორც იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ და მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მიუთითა თბილისი, გორგასლის ქუჩა, სადაც ის იმ დროისთვის მარტო ცხოვრობდა. ბინა მისი საკუთრებაა და 65 000 აშშ დოლარი ღირს. 2007 წელს თინა ბურჯალიანს სესხიც აუღია (დეკლარაციაში არ არის მითითებული, ვისგან) 35 000 აშშ დოლარის ოდენობით და 5 წლის ვადით.

2007 წლის განმავლობაში (სულ რაღაც, 26 წლის ასაკში) თინა ბურჯალიანი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მუშაობდა სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსად და მისმა წლიურმა ანაზღაურებამ 39 300 ლარი შეადგინა.

ახალგაზრდა და წარმატებულმა ჩინოვნიკმა ბურჯალიანმა დეკლარაცია 2009 წელსაც იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის რანგში შეავსო. მის ქონებაში, ყოველ შემთხვევაში, დეკლარაციის მიხედვით, არანაირი ცვლილება არ არის, მაგრამ, როგორც ჩანს, შეცვლილა ჩინოვნიკის სოციალური სტატუსი, რადგან 2009 წლის დეკლარაციაში ოჯახის წევრად მითითებულია ნიკა ძიმცეიშვილი, რომელსაც დეკლარაციის შევსების დროს, ნაღდი ფულის სახით, 5 000 აშშ დოლარი ჰქონდა, თავად ქ-ნ ბურჯალიანს კი - 4 000 აშშ დოლარი.

მაშინ, როდესაც თინა ბურჯალიანი იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბრძანდებოდა და 2008 წლის განმავლობაში, ხელფასის სახით, 114 704 ლარი აიღო, ნიკა ძიმცეიშვილი იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად მუშაობდა და მისმა წლიურმა ანაზღაურებამ 55 895 ლარი შეადგინა. თუმცა, თინა ბურჯალიანს შემოსავალი, კერძოდ, 3 500 აშშ დოლარი, სხვა წყაროდანაც - საქართველოში ამერიკის საელჩოდან და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტიდანაც ჰქონდა.

ჯაბა ებანოიძე

იუსტიციის მინისტრის უბრალოდ მოადგილე ჯაბა ებანოიძე პირველ მოადგილეზე ათი წლით უფროსია (1971 წელსაა დაბადებული). მან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა, კერძოდ, გეოდეზიის ფაკულტეტი და თავდაპირველად სწორედ ამ ფაკულტეტის უმცროს მეცნიერ თანამშრომლადაც დაიწყო მუშაობა.

1995-1996 წლებში ნაგებობათა დიაგნოსტირებისა და მონიტორინგის ცენტრში გადავიდა და გეოდეზიურ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. 1997 წელს შპს „NEO“-ს ამზომველთა ჯგუფის ხელმძღვანელად დაინიშნა, 1998 წელს კი შპს-ის გენერალური მენეჯერიც გახდა. 1998 წლიდან რამდენიმე საერთაშორისო პროექტს უხელმძღვანელა, 1998-2000 წლებში კი „მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, ხოლო 2001-2003 წლებში პროექტის მენეჯერობასაც მიაღწია.

2003-2006 წლებში „საქართველოში თემთა მობილიზაციის ინიციატივათა ხელშეწყობის“ პროექტის დირექტორად დაინიშნა. ამის პარალელურად, 1995-დან 2005-წლამდე, მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის დირექტორადაც მუშაობდა. 2005-2006 წლებში დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ რამდენიმე პროექტს ხელმძღვანელობდა. 2006 წლიდან კი მისი სამოხელეო კარიერაც დაიწყო: თავდაპირველად იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის თავმჯდომარედ დაინიშნა, მოგვიანებით - იუსტიციის მინისტრის მოადგილედ.

ჯაბა ებანოიძემ თავისი პირველი და ბოლო დეკლარაცია 2009 წელს შეავსო, როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ. უძრავ-მოძრავი ქონების გრაფაში ვკითხულობთ, რომ ჯაბა ებანოიძეს თბილისში სამი საცხოვრებელი ბინა აქვს: ერთი - ჭავჭავაძის გამზირზე, საერთო ფართით 200 კვადრატული მეტრი (ასევე, მისი საკუთრებაა იმავე მისამართზე მდებარე ავტოფარეხიც), ორი კი - მოსკოვის გამზირზე (შესაბამისად, საერთო ფართით - 53 და 99 კვადრატული მეტრი). ჯაბა ებანოიძის საკუთრებაა მიწის სამი ნაკვეთი და სამივე თბილისში მდებარეობს: ორი - დაბა კოჯორში (950 და 1 050 კვადრატული მეტრი), მესამე - ბაგების სატყეო უბანზე (1 378 კვადრატული მეტრი). ასევე, ოთხ სხვა პირთან ერთად ფლობს 22 ჰექტარ მიწის ნაკვეთს გუდაურში.

ჯაბა ებანოიძეს რამდენიმე ბანკში რამდენიმე ანგარიში აქვს გახსნილი: დეკლარაციის შევსების დროს „საქართველოს ბანკის“ საბარათე-სახელფასო ანგარიშზე 5 663 ლარი ერიცხებოდა, იმავე ბანკში გახსნილ მეორე ანგარიშზე - 1 312 ევრო. „ბანკ რესპუბლიკის“ შემნახველ ანგარიშზე - 137 170 აშშ დოლარი, „ბანკ ქართუს“ საბარათე ანგარიშზე - 1 102 აშშ დოლარი, საბავშვო ანაბარზე -  558 ლარი.

ჯაბა ებანოიძემ, როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, წლის განმავლობაში, ხელფასის სახით, 64 574 ლარი მიიღო (ხოლო, თუ თინა ბურჯალიანის, როგორც იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, წლიური ხელფასის ოდენობას გავითვალისწინებთ, სავარაუდოა, რომ ჯაბა ებანოიძის 2009 წლის წლიური სახელფასო შემოსავალი ბევრად გადააჭარბებს 65 000 ლარს).

გასულ წელს, გარდა სახელფასო შემოსავლისა, ჯაბა ებანოიძის ოჯახს არასამსახურებრივი შემოსავალიც ჰქონდა. კერძოდ, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და მისი ოჯახის წევრმა მერი ჭაბუკიანმა, ბინების გაქირავებიდან, საერთო ჯამში, 6 000 ლარი მიიღეს. ბ-ნმა ებანოიძემ დამატებით 52 000 აშშ დოლარიც მიიღო (ბინის გაყიდვის შედეგად), თუმცა, ხარჯიც გაწია: 39 000 აშშ დოლარად შეიძინა მიწის ნაკვეთი, 7 000 აშშ დოლარი კი სარემონტო სამუშაოებზე დაეხარჯა.