არ მგონია, როდისმე თუ შეიძლება მომბეზრდეს ეთერ თათარაიძესთან საუბარი. მიხარია, რომ მაქვს ამის პატივი. დღევანდელ ინტერვიუში ვაჟა-ფშაველას გარშემო ვიტრიალებთ.
ეთერ თათარაიძე: რაც მეტს ვილაპარაკებთ ვაჟა-ფშაველაზე და რაც მეტს ვიფიქრებთ ამ მართლა გენიალურ ადამიანზე, არასდროს მეტი არ იქნება. 150 წლისთავი გაუხდა ამ სახელს არსებობიდან. ვერც სამდურავს იტყვი - ვითომ, რაღაცეები გამოცხადდა: სიმღერაში ვაჟას ტექსტებზე კონკურსი, კიდევ რაღაც... დაგეგმვაც კი არ არის სათანადო, როგორ გახადო, რით გახადო ეს უზარმაზარი სახელი, ძალიან ცუდი სიტყვაა, მეჯავრება, მაგრამ, მსოფლიოსთვის ცნობადი.
ანუ, ფიქრობთ, რომ სათანადოდ მომზადებულნი არ არიან?
- არათუ ვფიქრობ, არამედ, საშინლად გულდაწყვეტილი ვარ! რომელიმე ერთი დიდი ღონისძიება მაჩვენონ და ვიქნები უბედნიერესი. არ ვამბობ, რომ მე არა, ყველა ვართ ამაში დამნაშავე, იმიტომ, რომ არ ვიცით ასეთი სახელების არც შინ მოვლა და პატრონობა და არც გარეთ გატანა. დაკვირვებული ვარ მთის წარმომავლობის უნიჭიერეს ხალხს, როგორ „მძვინვარედ” ისწავლებოდა ვაჟა-ფშაველა სახელმძღვანელოებით. საერთოდ, ჩვენი მეცნიერება და ყველა ჭკვიანი ჰუმანიტარი ფიქრობდა, მასზე, როცა დეტალ-დეტალ უნდა გესწავლა ვაჟა. უნივერსიტეტში, ერთ-ერთ წელიწადს, ჩემს აბიტურიენტობაში, მოვიდა თემა „ბუნება ვაჟა-ფშაველასთან”. უნდა დეგეწერა, რა ჰქონდა ამ ადამიანს ამაზე ნაფიქრი, დაწერილი, შექმნილი.
ვაჟა ხომ თავიდან ბოლომდე ბუნებაა...
- ბუნებაცაა, სიბრძნეცაა, სიღრმეცაა... მე, რა თქმა უნდა, გამიხარდა, რადგან, მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ, ჩემი სულისთვის არის ნამდვილი მალამო ვაჟაზე ფიქრი. ვაჟასთან, მის ყველა ბწკართან ურთიერთობა და ძალიან ბევრი საიდუმლო ვიცი, რისგან რა გამოდნა მის შემოქმედებაში და რას ფიქრობდა, რადგან, მეც მთის ქალი ვარ, ტრადიციული, მაგრამ, არ მივცემ ჩემს თავს იმის თქმის უფლებას, რომ ბევრ ჭკვიან ადამიანზე უფრო მეტი ვიცი, როცა არსებობენ უჭკვიანესი სახელები ჩემს წინა და მომდევნო თაობებში. თუმცა, როცა დავწერე ეს თემა, გეტყვით, რომ, პირველად ჩემი გრძელვადიანი აბიტურიენტობის განმავლობაში, (მაშინ ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში მოხვედრა იგივე იყო, რაც სამედიცინო ინსტიტუტში მოხვედრა, ეს ორი დარგი მძვინვარებდა საქართველოში), მე, გლეხის შვილმა, მაინცდამაინც იმიტომ ავირჩიე, რომ სულში სულ რაღაც მიჩუჩხუნებდა და ჯიუტად ვაბარებდი.
რამდენი ხნის განმავლობაში?
- მეშვიდე წელს უგამოცდოდ ჩავირიცხე. ეს იყო გამონაკლისი მთელ საბჭოეთში.
რატომ უგამოცდოდ?
- არ ვიცი, ასეთი სასწაული მოხდა - ბატონმა ედუარდმა ხელი მოაწერა ჩემს უგამოცდოდ ჩარიცხვას. იმ წლებში გამოვჩნდი ხალხური პოეზიის საღამოებზე ჩემი ლექსებით და, გავხდი, როგორც ახლა ამბობენ, ძალიან მაგარი „ფეისი”, ისე რომ, რადიოს ჩართავდი - ეთერ თათარაიძეზე ლაპარაკობდნენ, ტელევიზორშიც, ნებისმიერ ჟურნალ-გაზეთშიც მე ვიყავი. თუ ეს ვინმეს აინტერესებს და ჰგონია, რომ გადაჭარბებულია, 1979-1980-იანი და მომდევნო წლების პრესას გადაავლოს თვალი და ძალიან მოსწყინდება, იმიტომ, რომ მეტი იქ არაფერი არ ხდება.
დავუბრუნდეთ ვაჟას და თქვენი გრძელვადიანი აბიტურიენტობის პერიოდს.
- სწორედ ამ ჩემი გრძელვადიანი აბიტურიენტობის განმავლობაში, ძალიან ხშირად მაკლდებოდა ნახევარი ქულა, რადგან, მთლად „ხუთიანებზე“ არ დამიმთავრებია სკოლა და ეს ნახევარი ქულა დამაკლდებოდა ხოლმე მაინცდამაინც. ახლა რომ ამბობენ, კორუმპირებულებიო, ცოტათი მეც მჯერა, რომ იყვნენ, ალბათ, ეგეთები. მანამდე მართლა არასდროს მიმიღია „ოთხიანზე“ ნაკლები, როდესაც „ხუთი“ იყო უმაღლესი შეფასება. ერთ წელიწადს კი მივიღე „ორიანი“ და მე დავწერე წერილი სათაურით: „მე არა, ვაჟას დაუწერეს ორიანი”. ეს იმას ნიშნავდა, რომ მე დავწერე ბუნება ვაჟასთან და იქ აღმოჩნდა, რომ დაიწყეს ვაჟას ციტატების გასწორება.
მაგალითად, როგორ?
- მაგალითად: „დაწუხებულმა არაგვო, რო გნახე, გავიხარეო”. „დაწუხებულს“ წითელი ხაზი ჰქონდა გადასმული და მიწერილი ჰქონდა: „დამწუხრებული“ და „რო“ კავშირსაც თავზე „რომ” ჰქონდა მიწერილი. ამ შემსწორებლის სამარცხვინოდ უნდა ითქვას და ჩემდა სამწუხაროდ, რადგან ამას ვემსხვერპლე და ერთი წელი დავკარგე, ასეთი შესწორებები იყო მთელ თემაში ბოლომდე. „დაწუხებული” ფშავურ დიალექტზე არ ნიშნავს დამწუხრებულს, „დაწუხებული“ მონატრებულს ნიშნავს. მონატრებულმა არაგვო, რო გნახე, გავიხარეო. „რომ“ კავშირი არ არსებობს მთის დიალექტებში, „რომ“ არის ლიტერატურული ფორმა.
გამოხმაურება ჰქონდა ამ წერილს, თუნდაც, გამსწორებლის მხრიდან?
- გამსწორებელი დღემდე უცნობია, ეჭვებით ვიცით, ვინც უნდა იყოს...
ყოველ შემთხვევაში, მისი დუმილი ბევრ რამეზე მეტყველებს.
- ისეთი დუმილი, რომ... გამომეხმაურნენ მკითხველები - ეტყობა, ვებრალებოდი. მე არ ვიყავი საბრალო, საბრალო იყო ვაჟა ამ გამსწორებლის ხელში. ახლა, რატომ ვყვები ამას: ვაჟა-ფშაველა რო გყავს ქვეყანას (ახლა, „რო“ არ გამისწორონ), ცოცხალი ხარ თუ მკვდარი, უნდა იცოდე, რომ გყავს და უნდა ფიქრობდე ამ სახელის შინაარსში შესვლას და, ალბათ, მოვლენ ჭკვიანი თაობები და დაუჯდებიან ამ სატკივარს მოსარჩენად. ძალიან დიდი მადლობა, ისეთი სახელებია, ისეთი მკვლევრები, რომელთაც, მართლაც სული და გული ჩადეს და, თუ რამე ვიცით საქართველოში ვაჟაზე, მათი წყალობით. ვაჟა ძალიან დიდი საკვლევია. ცხრაკლიტულამდე სანამ მიხვალ ვაჟასი, ცხრა-ცხრა-ცხრა კლიტული უნდა გაიარო იქამდე, რომ მომზადებული იყო, რომ იმ ცხრაკლიტულში შეხვიდე და ანა-ბანით დაიწყო და გაარკვიო, რა ხდება ამ უზარმაზარი, მსოფლიო მნიშვნელობის მწერლის სამყაროში.
ის, რომ გულქან რაზიკაშვილი ამბობს (რომელსაც მე ბევრ რამეში ვეთანხმები) - ზოგნი მეტყვიან: „არც ერთ ქვეყანას არა ჰყავს მამასავით დიდი ბუნების მგოსანი”. ვაჟა არა მხოლოდ ბუნების მგოსანია, ის საერთოდ არის სიბრძნის მქადაგებელი, სიკეთის მქადაგებელი, ქართველობის ზუსტი და ძალიან წმინდა გაგებით მქადაგებელი.
თქვენ თქვით, რომ ჩემთვის, როგორც მთის შვილისთვის, ძალიან ბევრი რამ არის ცნობილი, თუ რა ხდებოდა ვაჟას სულში, როდესაც რაიმე კონკრეტული ნაწარმოები იქმნებოდაო. ჩვენც გაგვანდეთ რამდენიმე ასეთი ამბავი.
- ახლა, ჩემი მხრიდან, შეიძლება, ეს თავხედობაა, რომ ამას ვამბობ, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ, ჩვენ ძალიან მონათესავე ტომები ვართ - თუ შეიძლება, ამ ველურ სიტყვას ვიხმარ ამ შემთხვევაში, იმიტომ, რომ იმ სამყარომ, რა სამყაროშიც ცხოვრობდა ვაჟა-ფშაველა, ჩემს ბალღობამდე კიდევ მოაღწია ფრაგმენტულად. მე ის ფრაგმენტები ვიცი: ჯვარ-ხატის კარზე მისვლის ტრადიციაც, კიდობნების პურით სავსეობა და სიცარიელეც, მარცვალ-მარცვალ ნაგროვები ჭირნახულის მადლიც... ყველაფერი ვიცი, რაც მთას სჭირდა იმ დროს, როცა ვაჟა, როგორც ჩვეულებრივი მოკვდავი, ატყუებდა დედამიწას და ტრიალებდა თავის ფშაველებს შორის. ასე დასცინოდა თავისი ყოფნით, არ ამბობდა, რომ გამოგზავნილია უფლისგან და არის ვითომ ჩვეულებრივი ადამიანი. მე ახლა, სიმპოზიუმზე მქონდა მოხსენება: „ვაჟა-ფშაველა გულქან რაზიკაშვილის სიზმრებში, მოგონებებსა და ხილვებში”. მასში არა მხოლოდ გულქანის ხილვები, არამედ, გულქანის ბებოს (ვაჟას დედის), ბარბარე, იგივე გულქან ფხიკლეშვილის ხილვაზეც იყო საუბარი, თუ რა ხილვა აქვს გასათხოვარ გულქან ფხიკლეშვილს შვილების დაბადებამდე, იმდენად გენიალური დედა ჰყავდათ, რომ, ვაჟამ და, არა მხოლოდ ვაჟამ, ყველამ თითო გოგოს მაინც გულქანი დაარქვა, ყველა ერთმანეთს ედავებოდა, დედის სახელი ვის მოეტაცა თავისი შვილისთვის.
ამ ხილვის შინაარსი ცნობილია?
- არავინ იცის, ამასთან დაკავშირებით გულქან ფხიკლეშვილის მონათხრობის რამდენი ვარიანტი არსებობს, მოგეხსენებათ, ფოლკლორის ერთ-ერთი ნიშანია ამბის ვარიანტულობა, ვერსია. მის შესახებ გულქან რაზიკაშვილი თავის მოგონებებში მიამბობს: ბებოს სიზმარი როგორი სახილველიაო, ანუ, გულისხმა მისაპყრობი, უცნაური და საინტერესო. ჯაჭვი იყო, ოქროს ჯაჭვი ჩამოშვებული, ზედ ცეცხლის ბალღები დადიოდნენ. ხუთნი იყვნენ და, ბოლოს, ოთხნი ჩამოვიდნენ და ერთი დარჩაო... ვინ არიან ეს ბალღები, ცეცხლის ბიჭები?.. ესენი არიან უფროსი გულქანის შვილები: ვაჟა, გიორგი, თედო, ბაჩანა და სანდრო ხუთი ძმა. ხუთივე იყო მოღვაწე და ხუთივე იყო ძალიან საინტერესო, მაგრამ, აქედან „ოთხნი ჩამოვლენ და ერთი დარჩება” – ვაჟა. იცის გულქან რაზიკაშვილმა, რა თქმა უნდა, რომ მამა ჩვეულებრივი კაცი არ არის. „ციმბირის წყლული სცემიყო მამას, - იხსენებდა, - მისგან შემდეგ ცხენს, ნიკორს გადაედო და მამა ამბობდა: ერთად ვიხადეთ ციმბირის წყლული, ერთადაო. ამან წითლად გადმოუბრუნა ერთი თვალის უპე და არას უშლიდა ის წითლად გადმობრუნებული უპე. ეტლი ჰქონდა იგეთი, სხივები ედგა მამასა”. ვაჟა არის ღვთის რჩეული, ნაწილიანი ადამიანი. დიდი და ერთ წერილში ვერჩასატევი მასალაა, რას ნიშნავს, საერთოდ, ღვთისრჩეულობა ქართულ ფოლკლორში. მთელი პლეადა და რიგია ეგეთი ჩვენი სახალხო გმირებისა ამ ნიშნით დაბადებული უჭკვიანესი ხალხისა ფოლკლორისტიკაში. საერთოდაც, ეს ძალიან დიდი თემაა. ერთხელ ვკითხე გულქანს, ცეკვა თუ იცოდა ვაჟამ-მეთქი. „ერთხელ სამ ითამაშა”, ანუ, ერთხელ ოდესღაც იცეკვაო, „არ იცოდა ცეკვა, მაგრამ ეტლი ჰქონდა იგეთი... ისე უხდებოდა ის ცეკვა, რომ გამოარჩევდი”. იმიტომ, რომ სულ სხივმოსილი იყო ყველანაირად – დაგლეჯილშიც, დაფლეთილშიც. რომ ნახოთ, როგორ მიდის იმერეთში მიწვეული ვაჟა, როგორ არ აქვს ჩოხა და როგორ ურჩევენ: ძიაო, – ერთ-ერთი გულქანი ეუბნება, ძმისშვილი, - მე ყაბალახს გაგირეცხავ და დილას უთოთი გაგიშრობო; ახალუხიო, - ძმა ეუბნება, - ჩემი ჩავკეროთ, რომ განიერი არ გქონდეს და ის ჩაიცვიო. ჩანს ისიც, რომ იმდროინდელი საზოგადოება, იმის გამო, რომ სრულებით მიფლეთილი და უპოვარია, ჩოხისა და ფეხსაცმლის ფულს უგროვებს ვაჟა-ფშაველას.
კიდევ რას გვიამბობთ?
- მიდის სანიკუაანთ ივანეს ცოლი დილის რიჟრაჟზე და თამარს, ვაჟას მეორე ცოლს, ეძახის: თამარო, არაფერი გაქვ ლუკაის ნაძველაებიო (ვაჟას, ანუ ლუკას ნახმარი ტანისამოსიო)? წუხელი ე კაცი მოკვდა, - თავის ქმარზე ეუბნება, ანუ, სანიკუაანთ ივანეზე, - და არაფერი გვაქვს, რომ შემოვახვიოთ და, ტიტველს ხომ არ ჩავაგდებთ მიწაშიო. თამარი პასუხობს: არაფერი გააჩნია, ერთი ეს ჩოხა-ახალუხი აქვს და, ქალაქში რომ მიდის, მაშინ იცვამს, ეგ რო გაგატანო, ამასაც ხომ უნდა რაღაცო. ეს საუბარი მოსწვდა მამას ოთახში, იხსენებს გულქანი, რომ ქალს მკვდარი ჰყავს სახლში შესამოსელი და თამარი უარით ისტუმრებს. დაუძახა გამყივანი ხმით: ემ საათში ჩამოხსენი კედლიდან ეგ ყველაფერი, რამეში გადაუხვიე და გაატანე, შიშველს ხომ არ დავმარხავთ იმ კაცსო! ივანეს ცოლი ხმარობს ტერმინს - „ტიტველს“, ვითომ არ ედარდება რა ქმრის სიკვდილი; მთის ქალმა არ უნდა შეიმჩნიოს წუხილი - მოგვიკვდა და არაი გაქ ნაძველარიო - ვითომ არაფერი, აგდებით ამბობს. ამ დროს, წარმოიდგინეთ მისი ტკივილი... ვაჟა როგორი სხვა არის - ემ საათში ჩამოხსენ და რამეში გადაუხვიეო. რაში უნდა გადავუხვიო, რა გვაქვსო - გულმოსულია თამარი. სუფრის ნაგლეჯი ხომ გვაქვსო - ის სუფრაც აღარ დაუტოვა შინ. „ასე, მამაის ტალავრით” (სამოსით) დაიმარხა სანიკუაანთ ივანეო.
თურმე, ვაჟა ვერ იტანდა ხელ-ფეხ-მრთელ, ჯან-ღონით სავსე მათხოვრებს. ერთხელ, ორი ახალგაზრდა კაცი ამოგვადგა სახლში „მთხუარაები” – მოგვეცით, რაღაც ჩაგვიყარეთო. რას დადიხართ კარდაკარ ამხელა მუტრუკები, აგე ბარები, აიღეთ, დამიბარეთ საბოსტნე, ოფლი გამოიდინეთ და გაჭმევთ კიდეც და გასასტუმრებსაც მოგცემთო, თურმე, როდესაც ამას ამბობდა, ისეთი სიცივე იდგა ვაჟას ხმაში, რომ ორივემ ფხაჭაფხუჭით დატოვა ეზო, გულგახეთქილები ერთმანეთს ასწრებდნენ.
ფიცხი რომ იყო ვაჟა, ბევრჯერ ჩანს, ძალიან მაგარი იუმორი რომ ჰქონდა - ესეც. ცოლ-ქმარმა ჩხუბი თუ იცოდა-მეთქი, - ვკითხე ერთხელ.
რაო, მერე, რა გიპასუხათ?
- როგორ არა, ერთხელ იჩხუბესო, - იხსენებდა, მამას ოთახიდან გამოჰქონდა ყველაფერი, გარეთ უყრიდა და ეუბნებოდა, ყველაფერი წაიღე და წადი აქედანო. გადმოყარა-გადმოყარა და უცებ გამოჩნდა კარებში, სახეზე ღიმილგადაფენილი, ხელში უჭირავს ცხრილი (მარცვლეულის გასაცხრილი) რაღაცით სავსე, მოაქვს და ეუბნება: შენ, რა მაგარი რიგიანი დედაკაცი ყოფილხარ, ხუთყურაი ვიპოვე ზამთრისთვის შენახული შენგანო. ხუთყურას ზღმარტლს ეძახიან ფშაველები, - შემო, შემო შემოალაგე ეგ შენი ბარგი სახლშიო.
ძალიან არ მინდა, ფშავის თემას მოვწყდე, მაგრამ, მომიწევს. ქალბატონო ეთერ, გამიგია, ალენ დელონი და ვაჟაო... მაინტერესებს, რა შუაშია ერთმანეთთან ეს ორი სახელი?
- დაიბეჭდა, ალენ დელონი გაგიჟდა, ვაჟა რომ წაიკითხა ფრანგულად ნათარგმნი და თქვა, მეორედ დავიბადე და სხვანაირი ადამიანი გავხდიო. კარგია, რომ ადამიანმა, ცნობილმა მსახიობმა, მხოლოდ გაიგო კი არა, შეცვალა კიდეც თავისი ცხოვრება, თუ შეცვალა. წარმოიდგინეთ, რამდენი ვინმესთვის შეუძლია, შეცვლა თუ არა, თუნდაც ჩაფიქრება მაინც. ეს მენანება, მეტი არაფერი. სხვა სიღრმით საფიქრალია ეს სახელი.