თუკი Deep Purple-ს Made In Japan ქრონოლოგიურად პირველი ცოცხალი ბრიტანული ორდისკიანი როკ ალბომია და Yes-მა, Emerson Lake & Palmer-მა, Uriah Heep-მა, Ten Years After-მა, Led Zeppelin-მა, თავიანთი საკონცერტო ალბომები მის კვალად გამოაქვეყნეს, Jethro Tull-ის Bursting Out ბრიტანული როკის საუკეთესო პერიოდის დამაგვირგვინებელ საკონცერტო აკორდად იქცა და როკისთვის მეტად არასახარბიელო გარდამავალ ეპოქაში, კიდევ ერთხელ ცხადყო ამ ჟანრის საუკეთესო ნამუშევრების უკვდავება.
1978 წელი ამერიკაში ვუდსტოკის და ინგლისში Isle Of Wight-ის დასრულების ხანად შეგვილია მოვიაზროთ. ამ მხრივ, თითქოს სიმბოლურიცაა რიჩი ბლექმორის ალბომის სახელწოდება - Long Live Rock’n’Roll - გამოსამშვიდობებელი ალბომი ჰიპურ ერასთან.
1979 წელს ბლექმორს უკვე პანკურად გაკორტნილი გრემ ბონეტი ჰყავდა სცენაზე, ვისაც შემდგომში მაესტრო „ყველაზე უტვინო მუსიკოსად“ შერაცხავს, რომელიც კი ოდესმე ჰყოლია ჯგუფში...
სანამ შევუდგებოდეთ Jethro Tull-ის Bursting Out -ის დახასიათებას, მოდით ვნახოთ, როგორ ახასიათებს ამ გარდამავალ პერიოდს იან ანდერსონი: „ინგლისში დღესდღეობით ერთჯერადი გამოყენების მუსიკა იქმნება. ეს უპირველეს ყოვლისა პანკ ჯგუფებს შეეხება, რომელთა რეპერტუარიც პრეზერვატივითაა. ვერ გეტყვით, ახლა 16 წლის რომ ვყოფილიყავით, შეიძლება ჩვენც მათ დავმსგავსებოდით, მაგრამ თავის დროზე ავერიდეთ Rolling Stones-ის R & B გზას და არასოდეს გვქონია ერიკ ბარდონის კომპლექსი, ზანგად გაჩენას რომ ნატრულობდა… ვინც შეიგნო, რომ თეთრებმა თეთრი მუსიკა უნდა შექმნან, სწორედ მათ განაპირობეს ახალი პროგრესივ ერა როკ მუსიკაში საკუთარი ლირიკით, რომლისთვისაც უცხო იყო მკვეთრი სოციალურ-პოლიტიკური გამონათქვამები. ზუსტად იგივე ხდება ახალ ჯგუფებთან მიმართებაშიც...“
როგორც ვხედავთ, ანდერსონი ბოლომდე არ აკნინებს ახალ პერიოდს და უფრო კომერციული მხარის წინააღმდეგ ილაშქრებს, ავლებს რა პარალელს 60-ებში The Rolling Stones-სა და 70-ების ბოლოს Sex Pistols-ს შორის.
Bursting Out კი კომერციის გარეშე ნამდვილად არ დარჩენილა. ნიუ იორკის მედისონ სკვერ გარდენში ჩატარებული კონცერტი პირველი იყო როკ მუსიკის ისტორიაში, რომელსაც თანამგზავრის მეშვეობით ერთდროულად უცქირა 400 მილიონმა ტელემაყურებელმა აშშ-ში, ავსტრალიაში, ინგლისში და კონტინენტური ევროპისა თუ სამხრეთ ამერიკის ქვეყანათა უმრავლესობაში.
ალბომ „აფეთქებას“ თავიდანვე არაერთგვაროვნად შეხვდა მსმენელი. გარდა ამისა, წარმოიშვა განსხვავებული აზრი თვით ჯგუფის მოყვარულთა შორის. უპირველეს ყოვლისა, ეს ჟღერადობას ეხებოდა. ამ მიზეზით Chrysalis-ის დისკი, რომ ყველასთვის მისაღები ვერ გახდებოდა, იმთავითვე ნათელი იყო.
საქმე ისაა, რომ ზემოთჩამოთვლილი ნებისმიერი ცოცხალი ჩანაწერისგან განსხვავებით, ჟღერადობის ცვლილებას აქ სტუდიის ტექნიკის გარდა, თვით მუსიკოსებიც განაპირობებენ. ლომის წილი დრამერ ბარიმორ ბარლოუს მიუძღვის, რომლის რბილი, მახვილგონივრული და ვირტუოზული გადასვლები, აბსოლუტურად განსხვავებულია ქლაივ ბანკერის უხეში და ხისტი დაკვრისგან, რაც ალბათ უფრო აახლოვებდა Jethro Tull-ს ფოლკ ბენდის სტანდარტებთან. ეს კი უკვე დიდ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს მსმენელში. აბა წარმოვიდგინოთ, მაგალითად Deep Purple-სა Led Zeppelin-ში, დრამერები რომ შეეცვალათ.
გარდა ამისა, Bursting Out-ში მრავალრიცხოვანი სინთეზატორია გამოყენებული, რომელთაც ორი მუსიკოსი დევიდ პალმერი და ჯონ ივენი განასახიერებენ. ჯონ გლესკოკის ბას გიტარა კი ჯაზ როკით იმდენადაა გაჯერებული, რომ ბარლოუ-გლესკოკის რიტმ სექციას, ბანკერი-კორნიკის, თუ ბანკერი-ჰემონდ-ჰემონდის ტანდემებისაგან დიამეტრულ განსხვავებას ანიჭებს, რაც განსაკუთრებით საინტერესოს მაგალითად Thick As A Brick-ს ხდის, რომლის 40 წუთიანი მასალა, საკონცერტო ალბომში 12 წუთშია თავმოყრილი ზედმიწევნით გააზრებული იმპროვიზაციის მეშვეობით.
ამ კომპოზიციაში მარტინ ბარის დაკვრაშიც უნდა აღინიშნოს სიახლეები. მისი გიტარა ხომ ეპიზოდებში 80-იან და 90-იან წლებში გამეფებულ ჰევი-მეტალ სტანდარტებს, ოდნავ და ზოგჯერ საკმაოდ წინ უსწრებს...
საერთოდ, საკვირველია, რატომ არ ჰქონია 1978 წლამდე Jethro Tull-ს გამოცემული საკონცერტო ალბომი. იან ანდერსონისნაირი სცენური მუსიკოსი ხომ იშვიათია, რომ აღარაფერი ვთქვათ შესანიშნავ მუსიკოსებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ამშვენებდნენ მის ჯგუფს.
უკვე კომპაქტ დისკების ეპოქაში გამოჩნდა დიდი ჯგუფის არაერთი საკონცერტო ალბომი, რომელთა როგორც დაკვრის, ისე ჩანაწერის ხარისხი აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია. 70-იანებში კი მსმენელის სურვილი Jethro Tull-ის საკონცერტო შემოქმედებასთან გაცნობისა დაკმაყოფილებული იყო 1972 წლის Living In The Past-ში შესული ორადორი კომპოზიციით, რომელთაგან Dharma For One დრამ სოლოა.
გრანდიოზული ორდისკიანი ალბომისთვის რეპერტუარის შერჩევა, მარტივი საქმე არ ყოფილა. 10 წლის განმავლობაში დაგროვილი უხვი მასალა, რომელშიც თვით იან ანდერსონის ფლეიტაც განიცდიდა საგრძნობ მეტამორფოზას, იმპროვიზაციის გარდა, შეკვეცასაც ითხოვდა.
Thick As A Brick-ის გარდა, ეს შეეხო მაგალითად Minstrel In The Gallery-ში მარტინ ბარის გიტარის გარღვევას და კიდევ რამდენიმე კომპოზიციას. სამაგიეროდ, იმპროვიზაციით გახანგრძლივებულია იან ანდერსონის განუყოფელი Bouree-ს თემა.
გარდა იმისა, რომ კომპაქტ დისკმა სასტიკად დაამახინჯა ალბომის მსმენელისათვის ისედაც არაერთგვაროვანი ჟღერადობა, მის პირველ - რატომღაც ერთდისკიან ვერსიაზე, ამოღებულია Sweet Dream-ის დიდებული ვარიანტი, რომელიც კომპაქტს ტრადიციული - ორდისკიანი ჩანაწერის გამოცემის შემდეგ დაუბრუნდა.
ალბომის გამხსნელია იმ პერიოდში ბოლო ალბომ Heavy Horses-ის No Lullaby, რომლის ტექსტიც ამ შემთხვევაში მსმენელს ქვეცნობიერად აფრთხილებს, რომ დიდებული საღამო ელის და ყურადღებისკენ მოუწოდებს.
Sweet Dream-ს სამი სიმღერისაგან შემდგარი განტვირთვა მოსდევს, რასაც შემდგომში პირველი დისკის კულმინაციური ეპიზოდები A New Day Yesterday-ში, Bouree -ში Songs From The Wood-სა და Thick As A Brick-ში ლოგიკურად ავსებს და მსმენელს ამაღლებული განწყობით, მეორე დისკის მოსასმენად ამზადებს.
გამხსნელი აქ Songs From The Wood-ის მშვენება Hunting Girl გახლავთ, რომელიც ამ პერიოდის Jethro Tull-ის კიდევ ერთ ღირსშესანიშნაობას - მრავლახმიანობას წარმოაჩენს. საქმე ისაა, რომ ანდერსონს ხმას ბარლოუ და გლესკოკი უბამდნენ.
მეორე დისკზე ასევე ვისმენთ დრამ სოლოს, ზემოთხსენებულ Minstrel In The Gallery-ს, ეკზოტიკურ Too Old To Rock’n’Roll Too Young To Die-სა და Songs From The Wood-ს. კონცერტის ფინალური ნაწილი კი ალბომ Aqualung-ის სამ სიმღერას ეთმობა, რომელთა დამაკავშირებელი გამამხნევებელი მარში, ალბომ - აფეთქების გრანდიოზულ დასასრულს განაპირობებს.
თუმც Bursting Out -ის გარდა, 1978 წელს არსებობს კიდევ ერთი დიდი დამაგვირგვინებელი საკონცერტო როკ ალბომი, რომლის შესახებაც ერთხელაც ვისაუბრებთ...