რა მოხდება იქ, სადაც მერის (გამგებლის) არჩევნებს მთავრობა ვერ მოიგებს? თუ მერი არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება, მთავრობა შეეცდება მის გადმობირებას. დიდი ალბათობით ასეთი ოპოზიციონერი მერი პატრონს გამოიცვლის და თუკი აქამდე საკუთარი პარტიული ბოსის კლიენტი იყო, ახლა მთავრობის, რომლისგანაც მეტ სარგებელს მიიღებს, კლიენტი გახდება. მით უმეტეს, რომ ამ ახალი ე.წ. კოდექსითაც შენარჩუნებულია ადგილობრივი თვითმმართველობის სრული დამოკიდებულება ცენტრალური ხელისუფლებისაგან რესურსების მიღებაზე.
მხოლოდ განსაკუთრებულ, ძალზე იშვიათ შემთხვევებში, ოპოზიციური მერი, შესაძლოა, ბოლომდე გაჯიუტდეს და მაშინ ასეთი ”დაუმორჩილებელი” ტერიტორიული ერთეული ეროვნული მასშტაბით კონტრ-ძალაუფლების განვითარების დასაყრდენი გახდება. შეიქმნება დაახლოებით ის ვითარება, რაც სააკაშვილის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის დროს შეიქმნა თბილისში. თუმცა, იმჟამინდელი ვითარებისაგან განსხვავებით, ახალი ე.წ. კოდექსი ცენტრალურ მთავრობას ეფექტიანი პოლიტიკური მანევრის შანსს მაინც უტოვებს: აქ საქმეში ერთვება საკრებულო, რომელსაც ახალი ე.წ. კოდექსით აქვს უფლება ხალხის არჩეული მერი უნდობლობის პროცედურით გააძევოს (?!). ცხადია, ცენტრალური მთავრობა ასეთი შანსის გამოყენებას ურჩი მერების (გამგებლების) წინააღმდეგ უთუოდ შეეცდება. უმრავლეს შემთხვევაში - წარმატებით, იშვიათ შემთხვევაში -წარუმატებლად. თუმცა, ნებისმიერ ვარიანტში, გარდაუვალია ისეთი პოლიტიკური კრიზისის შექმნა, რაც სულ ცოტა ხნის წინ თბილისში ვიხილეთ, როცა საკრებულოსა და მერს შორის დაპირისპირების გამო ვერ ხერხდებოდა ქალქის ბიუჯეტის მიღება. მოქმედი კანონმდებლობით ასეთი პოლიტიკური კრიზისი ისევ ცენტრალური მთავრობის სასარგებლოდ გადაწყდება, რადგან, ბიუჯეტის მიუღებლობის მოტივით საკრებულოცა და მერიც (გამგებელიც) დაითხოვება. ხოლო რიგგარეშე არჩევნებში კი მთავრობა მთელი თავისი რესურსების გამოყენებით ერთ კონკრეტულ ტერიტორიულ ერთეულში თავიდან იბრძოლებას, რომ ისევ ოპოზიციური მერი (გამგებელი) არ აირჩიოს ხალხმა.
ურჩი მერებისა და გამგებლების მოსათოკად ცენტრალურ მთავრობას სახელმწიფო ზედამხედველობის კანონიერი ბერკეტებიც აქვს. კურიოზულია, რომ ამ ახალი ე.წ. კოდექსით სამართლებრივი ზედამხედველობის უპრეცენდენტო ცენტრალიზაცია განხორციელდა და ამიერიდან პრემიერ-მინისტრის ხელშია ადგილობრივი ნორმატიული აქტების კანონიერების კონტროლი. ბუნებრივია, როცა გაჭირდება, დაუმორჩილებელი მერის ჭკუაზე მოსაყვანად ამ ბერკეტის გამოყენებაც შეიძლება. გარდა ამისა, უაღრესად ეფექტიანი შეიძლება გამოდგეს ე.წ. დარგობრივი კონტროლი, რომლის საშუალებასაც ეს ახალი ე.წ. კოდექსი დარგობრივ სამინისტროებს ანიჭებს. წარმოიდგინეთ ვითარება, როცა ოპოზიციურად განწყობილ თვითმმართველ ერთეულში ერთდროულად რამდენიმე დარგობრივი სამინისტრო დაიწყებს მიზანშეწონილობის მოტივით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელებას, რითიც, სურვილის შემთხვევაში, მთავრობისათვის ძალზე იოლიად იქნება შესაძლებელი ადგილობრივი ორგანოების სრული პარალიზების მიღწევა.
ბუნებრივია, უმთავარი ბერკეტი, რაც ადგილობრივ ხელისუფლებაზე გავლენის მოსაპოვებლად კორპორაციული მმართველობის ხელშია, ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის რესურსების განაწილებაა. როცა საბიუჯეტო შემოსავლების თითქმის 80%-ს თვითმმართველი ერთეული ცენტრიდან იღებს, ურჩობის ყოველგვარი სურვილი, რაც არ უნდა ოპოზიციურად განწყობილი მერი ან გამგებელი იყოს, წესით, სწრაფად უნდა გაქრეს.
მთავრობას, დამატებით, ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკური კონტროლისათვის გუბერნატორების ინსტიტუტიც ისევ მომართული აქვს. გუბერნატორებს სახელმწიფო ზედამხედველობის ფუნქცია ჩამოსცილდათ, მაგრამ რა ბედენაა? ფორმალურად, მოქმედი კანონმდებლობით გუბერნატორებს ადგილობრივ თვითმმართველობაზე გავლენა თითქოს არა აქვთ. ისინი მთავრობის წარმომადგენლები არიან ადმინისტრაციულ ერთეულებში, მაგრამ განუსაზღვრელი და დაუკონკრეტებელი მმართველობითი უფლებამოსილებებით. მათი ფორმალური მანდატი სრულიად ბუნდოვანია. ეს იმიტომაცაა საჭირო, რომ რეალურად ისინი არა ადმინისტრაციულ მოხელეებს, არამედ ”პოლიტიკურ კომისრებს” წარმოადგეგენენ; გუბერნატორების არაფორმალური და სინამდვილეში, ერთადერთდი ფუნქცია ადგილობრივ ორგანოებზე ცენტრალური ხელისუფლების გავლენის პოლიტიკური უზრუნველყოფაა. ცხადია, ამ ფუნქციას ისინი უშუალოდ მთავრობის წარმოამდგენლის არაფორმალურ ”ავტორიტეტზე” დაყრდნობით, კორპორაციული მმართველობის სტილში ახორციელებენ და არჩევნების შემდეგაც ასევე განახოციელებენ. თანაც, გუბერნატორების უმრავლესობა ყოფილი ”ძალოვნები” არიან, რაც ახალი კორპორაციული მმართველობის ტენდენციაზეც მკაფიოდ მეტყველებს.
ამრიგად, მიუხედავად მერისა და გამგებლის პირდაპირი არჩევისა, მოსახლეობა კვლავაც ცენტრალიზებულ-დარგობრივი მმართველობის და დემოკრატიული ცენტრალიზმის პირობებში იცხოვრებს, ხოლო ეს პირდაპირი არჩევნები კი თვითმმართველობის ილუზიასაც შექმნის.
კორპორაციული მმართველობის ადმინისტრაციული დასაყრდენი ახალი ნომენკლატურა უნდა გახდეს, რომლის შექმნასაც მწვანე შუქი აუნთო ამ ე.წ. ახალმა კოდექსმა და ”საჯარო სამსახურის შესახებ”კანონში შეტანილმა ცვლილებებმა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ”საჯარო სამსახურის შესახებ”კანონის მე-11 მუხლის ახალი ფორმულირება მართლაც გამაოგნებელია და სრულიად უპრეცენდენტო. ამ გაუგონარი ნორმის თანახმად საჯარო სამსახურის კანონი, ე.ი სამოხელეო სამართალი, აღარ ვრცელდება მუნიციპალურ დიდმოხელეებზე - მერის(გამგებლის) მოადგილეებზე და მუნიციპალური სამსახურების უფროსებზე.
მუნიციპალური პროფესიული სამსახური, რომელიც ნაცების კორპორაციული მმართველობის პირობებში ისედაც სულს ღაფავდა და სავალალო დღეში იყო, ამ ნორმის ამოქმედებით მთლიანად ნადგურდება, რადგან ახლა უკვე კანონმდებლობითაც (!) ყალიბდება დიდმოხელეების პრივილეგირებული კასტა, გამგებლის (მერის) პირადი ნომენკლატურა! ამ კასტის წევრთა სამსახურში მიღების, კარიერის გავლის, ანგარიშვალდებულების, დისციპლინარული პასუხისმგებლობის, სამსახურიდან დათხოვნის, შრომის ანაზღაურების და ა.შ. წესები ფორმალურადაც კი სამოხელეო სამართლით კი აღარ დადგინდება, არამედ უკვე თავიდან ბოლომდე გამგებლის (მერის) პირად ნებაზე ხდება დამოკიდებული.
ცხადია, დიდმოხელეთა კასტა, რომელსაც ”გუნდს” არასწორად, შესანიღბად ეძახიან, ერთმმართველი ადგილობრივი მმართველის - გამგებლისა თუ მერის პირად მსახურთა კრებული იქნება. ასეთ ”გუნდს” არც საკრებულოს და მით უმეტეს, არც მოსახლეობის ნდობის მანდატი და გამომდინარე, მათდამი ანგარიშვალდებულება არ ექნება, სამაგიეროდ - ექნება მთავარი, რაც ნომენკლატურას სჭირდება: პატრონის ”ნდობა და დაფასება” ერთგული სამსახურისათვის! პატრონის პირად მსახურთა ასეთ კასტაში შეღწევა ერთადერთი გზით - პირადი ერთგულების ”განსაკუთრებით ნიჭიერად” დემონსტრირების გზით იქნება შესაძლებელი. პროფესიული ცოდნა და გამოცდილება, მეორეხარისხოვანია, მთავარი პატრონთან პირადი ურთიერთობების მოგვარებაა. მოხელეს მყარი მდგომარეობის მისაღწევად და დასაწინაურებლად პატრონთან პირადი ურთიერთობების ”უნარ-ჩვევები” სჭირდება, ხოლო პროფესიული ცოდნა, თუ ის ასეთ ურთიერთობას ხელს უშლის, არა მხოლოდ ზედმეტია, არამედ საზიანოც შეიძლება აღმოჩნდეს.
ფორმალურად, ასეთი მძიმე მდგომარეობა კანონმდებლობაში თვით ნაცების დროსაც არ შექმნილა, რადგან მათ კორპორაციულ მმართველობაში ტოტალურად გაბატონებულ პატრონ-კლიენტელიზმს უფრო შენიღბული ხასიათი ჰქონდა; ასე, მაგალითად: კონკურსების სავალდებულობა საჯარო სამსახურში მისაღებად სამოხელეო სამართლით გარანტირებული ნორმა გახლდათ, მაგრამ ეს ნორმა ტოტალურად ირღვეოდა. ნაცების მმართველობისას საჯარო სამსახურში ფორმალური თვალსაზრისით საგანგებო მდგომარეობა არსებობდა, რადგან უკონკურსოდ სამსახურში მიღებული მოხელის დანიშვნა კანონმდებლობით არა მუდმივად, არამედ ოდენ მოვალეობის დროებით შემსრულებლად იყო შესაძლებელი. საჯარო მოსამსახურეთა კორპუსის თითქმის მთელი შემადგენლობა სამსახურში უკონკურსოდ იყო მიღებული და დროებით მოვალეობის შემსრულებელს წარმოადგენდა. იმის მაგივრად, რომ ახალ ხელისუფლებას მდგომარეობის სასწრაფოდ გამოსწორებაზე ეზრუნა და კონკურსების საფუძველზე მოეხდინა მუდმივი სამოხელეო კორპუსის, რაც სტაბილური საჯარო სამსახურის ხერხემალია, ფორმირება, პირიქით მოხდა - განსაკუთრებით მნიშვნელოვან თანამდებობაზე მიღება-გათავისუფლება საერთოდ ამოიღეს კანონით რეგულირებისაგან. ამიერიდან გამგებელი (მერი) ერთპიროვნულად გადაწყვეტს, ვინ და რა მოტივით დანიშნოს მოადგილედ ან სამსახურის უფროსად. საჯარო სამსახურის კანონი კი მხოლოდ რიგითი სეციალისტებისათვის იკანონებს. აი, ასე უკუღმართად გაიგეს და განახორციელეს საჯარო სამსახურის დეპოლიტიზება, რომელსაც 2012 წლის არჩევნების წინ გვიპრდებოდნენ, ქოციონალური კორპორაციის დამფუძნებლებმა.
ახლა უკვე ახალი კანონმდებლობითაც კორპორაციული მმართველობა ორ ბურჯს დაეყრდნობა: პოლიტიკურ საფუძველს დემოკრატიული ცენტრალიზის პრინციპებით ადგილებზე გამწესებული ერთპიროვნული მმართველები - მერები და გამგებლები შექმნიან (რომელთაც ოდენ ფორმალურად ექნებათ მოსახლეობის მანდატი): ადმინისტრაციულ-ბიუროკრატიულ საფუძველს კი - ამ ერთპიროვნული მმართველების ნომენკლატურა.
ეს ადგილობრივი არჩევნები მნიშვნელოვანი მხოლოდ იმათთვის არის, ვინც ადგილის მიღებას ლამობს ახალ კორპორაციულ მმართველობაში, სადაც პატრონ-კლიენტელიზმი უკვე კანონმდებლობითაც გამყარდა. ადგილობრივი ერთპიროვნული ხელისუფალი - მერი ან გამგებელი ახალი პატრონის - ქოციონალური მთავრობის კლიენტია და თავის მხრივ, პირად მსახურთა ”გუნდის” - ადგილობრივი პატრიმონიალური ბიუროკრატიის, ახალი ნომენკლატურის პატრონი.
ადგილობრივი საზოგადოება და რიგითი მოქალაქე კი ამ პატრონ-კლიენტურ იერარქიულ ჯაჭვში ისევ უკანასკნელ საფეხურზეა, მისი პატრონი და ბატონია ყველა, ვისაც კი რამე ადგილი მოუპოვებია პირადი ურთიერთობებით და არა კანონით ”მოწესრიგებულ” ამ უსამართლო კორპორაციულ მმართველობაში.
რაც მთავარია: ასეთ კორპორაციულ წეს-წყობილებაში რესურსების განაწილება, მმართველობითი უფლებამოსილებების შესაბამისად, ისევე ”ზემოდან ქვემოთ” მოხდება და მკაცრად იერარქიული თანმიმდევრობით. მთელი ქვეყნის რესურსებს ქოციონალური მთავრობა დაეპატრონება, რომელიც ამ რესურსების მცირეოდენი ნაწილით ქვედა საფეხურზე მდგომ საკუთარ მმართველებს პოლიტიკური ერთგულების პირობით შეინახავს, ხოლო ისინი - იგივე ერთგულების პირობით თავიანთ ნომენკალტურას გამოკვებავენ. ხალხს კი მხოლოდ ის ნარჩენები მოხმარდება, რაც ამ კორპორაციულ გადანაწილებას გადაურჩება.
... ქოცების მთავარი სლოგანი ამ არჩევნებში ”ზრუნვაა”. ”ერთად ვიზრუნოთ თბილისზეო” - მოგვიწოდებს ნარმანია და ”ერთად ვიზრუნოთ საქართველოზეო” - ქოციონალური მთავრობა. აკი, ზრუნავენ კიდეც, ოღონდ, როგორც პატრონები და ზრუნავენ მხოლოდ საკუთარ კლიენტებზე, და გაღებულ მოწყალებასაც ნუ დავუკარგავთ. ხოლო თბილისიცა და ქვეყანაც ამათაც ისევე, როგორც კორპორაციონერ ნაცებს, საკუთარ, პირად მამულად წარმოუდგენიათ. თუმცა, სიტყვა ”ერთად” ამ ლოზუნგებში ახირებულად და ზედმეტად გამოიყურება, რადგან არც ახალ პატრონთა ქოციონალური კასტა და არც მათი მსახური ახალი ნომენკლატურა ჩვენთან ერთად არასდროს იქნებიან. და, თანაც, სად - მათი და სად - ჩვენი საზრუნავი?!