„კალაძეს ისეთი არაფერი გაუკეთებია, რაც ფეხბურთში არ მომხდარა

„კალაძეს ისეთი არაფერი გაუკეთებია, რაც ფეხბურთში არ მომხდარა

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სკამზე სკანდალურად მოსული ნოდარ ახალკაცი ასევე სკანდალურად დაემშვიდობა პოსტს. ფეხბურთის გულშემატკივრებისგან გაიგონებთ, რომ ახალკაცის არც მოსვლამ გააკეთა რამე, არც - წასვლამ, ქართული ფეხბურთი კვლავ უძრაობის სტადიაშია.

ფეხბურთის ყოფილი კაპიტანი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მონაწილე, ვეტერანთა კავშირის წევრი მურთაზ ხურცილავა უცხოელი მწვრთნელისა და ფეხბურთელის ჩამოყვანას გაუმართლებლად მიიჩნევს.

უპირველესად რის გაკეთებას საჭიროებს ქართული ფეხბურთი?

- ქართული ფეხბურთის მიმართ მიდგომა უნდა შეიცვალოს. პროფესიონალებით უნდა დაკომპლექტდეს ფეხბურთის ფედერაცია.

ნოდარ ახალკაცის გადადგომა ზედიზედ წაგებული მატჩებით შეიძლება აიხსნას, თუ სხვა მიზეზით?

- მე არ ვიცი. ბევრჯერ მითქვამს, ნაკრების წაგებებს ნოდარ ახალკაცს ვერ დავაბრალებ. არ გამოვრიცხავ სხვა მიზეზებსაც. მთავარია, ნაკრების გუნდებს პირობები შეუქმნან. ბევრი საუბრობს კუპერზე, კარგი მწვრთნელი იყოო, მაგრამ პირადად მე ასე არ ვთვლი. ჩემს ინტერვიუებს თუ გაცნობიხართ, ყოველთვის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი უცხოელი მწვრთნელის მუშაობის, განსაკუთრებით - ნაკრებში. ეროვნული პოზიციიდან გამომდინარე, ნაკრებში უნდა მოღვაწეობდეს ქართველი. ამ უცხოელებმა დაგვანახეს, რომ აქ არ ჩამოდიან იმ დონის პროფესიონალები, რომ ღირდეს მათი ჩამოყვანა. გამოცდილებამ ასევე, დაგვანახა, რომ, სადაც მუშაობდნენ ქართველები და უცხოელები, ყოველთვის ქართველებს ჰქონდათ უკეთესი შედეგი. გინდა თბილისის, ბათუმის „დინამო" აიღეთ, გინდაც - ნაკრები. ყველა გუნდში ქართველმა მწვრთნელებმა მიაღწიეს წარმატებას, ჭეიშვილი რომ წამოვიდა ბათუმიდან, იქაური გუნდი დაიშალა და დღესაც არ ჰყავს ბათუმს გუნდი.

მთავარ მწვრთნელად ქეცბაიას ჩამოყვანას მხარს უჭერენ არველაძეები. თქვენც ასე ფიქრობთ?

- რაზეა ლაპარაკი, ქეცბაიას მხარს დავუჭერ, რადგან მაინც ქართველია და ამ თანამდებობაზე ქართველი უნდა იყოს. ამასთან, ქეცბაიამ თავისი დონე აჩვენა. მე ვერ ვიტყვი, რომ დღეს ვინმე ჩამოვა და გუნდს ჯგუფიდან გაიყვანს. ჯერჯერობით ეს გამორიცხულია, მაგრამ იმაზე ბევრად უკეთესი ფეხბურთი შეიძლება გვქონდეს, რაც დღეს გვაქვს.

ბევრისგან მსმენია, რომ დინამოს ტრანსფერებს დიდი ფული უკავშირდებოდა, რომ ფეხბურთელებს ყიდდნენ და ამით ფული კეთდებოდა.

- „დინამოს" საქმეებში ჩახედული არ ვარ და ამის პასუხი არ მაქვს.

თქვენი თაობის ფეხბურთელებს უამრავი გამარჯვება უნახავთ და ფსიქოლოგიურად გამარჯვებული გუნდის წევრი ბრძანდებოდით, ახლანდელი ფეხბურთელები კი ფსიქოლოგიურად დამარცხებისთვის უფროა მომზადებული, ვიდრე გამარჯვებისთვის. ერთ თამაშში ზედიზედ გატანილი კახი კალაძის ორი ავტოგოლი რას უნდა ნიშნავდეს? 

- რაც ფეხბურთში არ მომხდარა, ისეთი კალაძეს არაფერი გაუკეთებია.

მაგრამ საკუთარ კარში ზედიზედ გატანილი გოლი არსად დაფიქსირებულა.

- რა თქმა უნდა, რომ არ მომხდარიყო, ბევრად უკეთესი იქნებოდა. ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მაგრამ ამას დიდი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ.

პირდაპირ შეგეკითხებით, გაყიდულ თამაშზე საუბრობენ.

- არ იყო ეს თამაში გაყიდული, ეს გამორიცხულია, ეს ზღაპარია.

ბოლო წლებში რეგბისტებმა უფრო კარგი შედეგი აჩვენეს, ვიდრე - ფეხბურთელებმა. რა უნდა გააკეთოს ფეხბურთელმა, რომ მისი გასვლა მოედანზე შედეგიანი იყოს?

- უნდა გვახსოვდეს, რომ ფეხბურთი ტრადიციული თამაშია. საქართველოში ფეხბურთი არ არსებობს - ქუთაისში ფეხბურთი არაა, ფოთშიც არაა, არც ბათუმში, ლანჩხუთში. რაზეა ლაპარაკი?! პირველი, რაც საქართველოში უნდა გაკეთდეს, ისაა, რომ ეს გუნდები სასწრაფოდ უნდა დაუბრუნდნენ უმაღლეს ლიგას. არასწორად მიმაჩნია საქართველოში ათი გუნდის არსებობა. ეს უდიდესი შეცდომაა, რაც მეტი გუნდი გვეყოლება, მით უკეთესი იქნება. ფეხბურთი მასობრივი უნდა გახდეს.

ხელისუფლება სტადიონებს ხომ ხსნის?

- ეს მისასალმებელია, ყოველთვე ახალი მოედანი იხსნება. ეს ხელოვნური მოედნებია, მართალია, პატარა მოედნებია და ამას დღეს თუ ხვალ შედეგი არ ექნება, მაგრამ ერთ ხუთ წელიწადში შედეგს დავინახავთ. ეს მოედნები ქუჩის ფეხბურთს დააბრუნებს. ქუჩის ფეხბურთი აუცილებელია. ჩემი სახლიდან 50 მეტრში კალათბურთის, ფეხბურთის კარგი მოედნებია გაკეთებული, მაგრამ უბედურება ისაა, რომ არავინ თამაშობს.

ეს იმით ხომ არ აიხსნება, რომ სოფლიდან ჩამოყვანილი ბავშვები უფრო ნიჭიერები არიან ფეხბურთში და ბრძოლის მეტი ჟინი აქვთ, ვიდრე ასფალტზე გაზრდილ თბილისელებს?

- ჩვენ დროს ასფალტი არ იყო, მაგრამ ნიჭიერი თაობა მოდიოდა. ასეთი თაობის აღზრდას დრო სჭირდება. მერე, ძალიან დიდი მინუსია, რომ უკვე 20 წელიწადია აფხაზეთი ჩვენი არ არის. ამანაც დაასვა ამ თაობას თავისი დაღი, რადგან იქიდან ყოველ წელიწადს 3–4 კარგი ფეხბურთელი მოდიოდა.

გადმოცემით ვიცი, რომ ფაშისტებთან ომის დროს ფეხბურთელებმა უკანასკნელი მატჩი გამართეს, გერმანელებს არ დაუთმეს გამარჯვება და ისინი გერმანელებმა დახვრიტეს კიდეც. ეტყობა, სხვა მენტალობა იყო მაშინ.

- რასაკვირველია, იმ დროს უფრო მეტი სიყვარული იყო, არც ის მიმაჩნია მიზანშეწონილად, რომ უცხოელი სპორტსმენები მომრავლდნენ ჩვენს გუნდებში. ქართული ფეხბურთი ქართველმა უნდა ითამაშოს, რადგან პირველი თუ მეორე ხარისხის უცხოელი ჩვენთან არ ჩამოდის. აქ ჩამოდის მეცხრე და მეათე ხარისხის ფეხბურთელი. უცხოელი როცა ჩამოგყავს, ადგილობრივს ათი თავით მაინც ხომ უნდა სჯობდეს? არ არის ასე და რატომ ჩამოჰყავთ, ნამდვილად არ მესმის. არ უნდა მისცენ გუნდებს ორი ან სამი უცხოელი ფეხბურთელის ჩამოყვანის უფლება, ეს უფრო იმ გუნდებს ეხება, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში თამაშობენ. მახსოვს, თბილისის „დინამოსა" და რუსთავის გუნდის თამაში იყო, ანგარიშით 0:0 თავდებოდა, წუთები აკლდა თამაშის დასრულებას, უცებ გამოიყვანეს უცხოელი. ვიფიქრე, ალბათ თერთმეტმეტრიანს კარგად ურტყამს–მეთქი, ამ დროს კი მივიდა ბურთთან და ერთი ხუთი მეტრით მაინც ააცილა. გამაგებინეთ ერთი, რად უნდათ ასეთი უცხოელი ფეხბურთელი? ორი წუთის გულისთვის რომ შემოიყვანონ მოედანზე? მერე ვიკითხე და კიდევ კარგი, გაუშვია თბილისის „დინამოს".

ხომ არ ფიქრობთ, რომ ფეხბურთელის სულიერად, ფსიქოლოგიურად მომზადება უფრო მთავარია, ვიდრე - ფიზიკურად?

- ჩვენთან ბევრს იძახიან, რომ აუცილებელია ფიზიკურად მომზადება, რომ ერთმა სპორტსმენმა თურმე 10 კილომეტრი გაირბინა, მეორემ - 15. სინამდვილეში, ეს არ არის ფეხბურთი. ფიზიკურად ადამიანს ყოველთვის მოამზადებ. მთავარია, ფეხბურთის თამაში იცოდნენ კარგად. როცა თამაში გესმის, ფიზიკურად, ტაქტიკურად, ფსიქოლოგიურადაც მზად ხარ. ხოლო, როცა მოედანზე წვალობ და არ იცი, რა გააკეთო, ეს ძალიან რთულია. ამასთან, ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის დონემ თუ არ აიწია, არაფერი გამოვა, რადგან ნაკრებს ყოველთვის გაუჭირდება. ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელებს, რომლებიც ნაკრებში ხვდებიან, ძალიან გაუჭირდებათ ნაკრების დონეზე თამაში. ამიტომ გვაქვს ასეთი შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ფეხბურთის და, მთლიანობაში, ნიჭიერების ქვეყანაა.

ზოგიერთი ფეხბურთელი გულშემატკივრებზეცაა ნაწყენი.

- არავითარ შემთხვევაში, პირიქით. ამათიც მესმის, გულშემატკივარი უნდა მოვიზიდოთ სტადიონზეო. ვერ მოიზიდავ, გულშემატკივარს სტადიონზე მხოლოდ კარგი თამაში მიიზიდავს. ხანდახან გულშემატკივარი რომ შეიგინებს, თუნდაც იტალიის თამაშის მერე, ზოგიერთები იტყვიან, აუ, ეს არ უნდა ეკადრაო. არადა, გულშემატკივარი რომ მოდის, თუ ასიამოვნებ და კარგ თამაშს დაანახებ, ტაშს დაგიკრავს. ცუდს თუ დაინახავს, დაგისტვენს, რა არის აქ გასაკვირი?

თქვენს დროს გულშემატკივრებს უცენზურო გამოთქმები არ ახასიათებდათ?

- გულშემატკივარი იმიტომ ჰქვია, რომ მას გული მართლაც შესტკივა, ამდენი საათით ადრე მოდის თამაშზე, აცდენს საკუთარ საქმეს, მას სურს, ისიამოვნოს. ამ დროს თუ გინდა, წააგე, ოღონდ შენი თამაშით ასიამოვნე. როცა შენ ვერ თამაშობ, დაგისტვენს, აბა, რას იზამს. შევეშვათ გულშემატკივარს. კარგს როცა აკეთებს ფეხბურთელი, სწორედ გულშემატკივარი ხედავს ამას და ტაშს უკრავს. გულშემატკივარმა ძალიან კარგად იცის, ვის დაუკრას ტაში და ვის -  არა. სტადიონზე ხალხის ძალით მოყვანა, სად გაგონილა? ჩემ დროს ბილეთის შოვნა პრობლემა იყო, ოღონდ ბილეთი მიეცა ვინმეს და მანქანებს იძლეოდნენ. ახლა ვეტერანი ფეხბურთელები ზვიად სიჭინავას გვერდით იმიტომ დავდექით, რომ თავად მისი საქმე ლაპარაკობს მის შესახებ, რაც მან ზუგდიდში გააკეთა. მან იცის, საიდან მოიზიდოს თანხები.

პირადად თქვენი, როგორც პროფესიონალის, კანდიდატურის წამოყენება რატომ არ ისურვეთ?

- ვფიქრობ, ჩემს კანდიდატურას სიჭინავას კანდიდატურა აჯობებდა, რადგან მას შეუძლია ეს პოსტი დაიკავოს. მართალია, ეს კაცი პროფესიონალი არაა, მაგრამ ბევრ პროფესიონალს სჯობია, ისე უყვარს ფეხბურთი.