„ნეხვისმჭამელები მომრავლდნენ ქვეყანაში და ერთმანეთს ასწრებენ

„ნეხვისმჭამელები მომრავლდნენ ქვეყანაში და ერთმანეთს ასწრებენ"

მსახიობ ზაზა პაპუაშვილს შინ რომ ვესტუმრეთ, თბილისი თბილისობას ზეიმობდა. ქალაქში საცობებია და გარეთ ამიტომ არ გავდივარო, - გვითხრა. სხვა თემებზე ვაპირებდით საუბარს, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ თბილისობით დავიწყეთ: 

- თბილისელი ვარ და თბილისელობას გულით ვატარებ, ჩემთვის ყოველი დღე თბილისობაა. ამ დღესასწაულის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ კაცი თუ შემეკითხება, თბილისობას ნოემბერში აღვნიშნავდი, როდესაც ასი ათასი მოწამის დღეა. კიდევ რომელი ქვეყნის ისტორიაშია ასეთი საოცრება? - ასი ათასმა კაცმა ღვთისმშობლის ხატს ფეხი არ დაადგა და ზვარაკად შეეწირა. ამას რომ ვყვები, ტანში ჟრუანტელი მივლის, მაგრამ რა წინაპრებიც გვყავდა, ისეთი ვაჟკაცები ვართ? მე თუ მკითხავთ, მათთან შედარებით ქვეშაფსიები ვართ. აი, იმათი ხსენების დღეს უნდა აღინიშნოს თბილისობა, რომ შეიგრძნო, რას ზეიმობ.    

საქართველოში საგანგაშო მდგომარეობაა, მაგრამ უიმედო და უსაშველო - არა. მტრის ფუნქციით აღჭურვილი ხელისუფლება გვყავს. დიდ პატივს ვცემ შექსპირის ენას, ინგლისურს, მაგრამ თუ არჩევანზე მიდგება საქმე, ვიტყვი - „საქართველო და ქართული ენა". მშვენიერია არქიტექტორ გაუდის ქმნილებები, მაგრამ თუ მკითხავთ, - საგრადა ფამილია თუ სვეტიცხოველიო, გიპასუხებთ, სვეტიცხოველი-მეთქი! შესანიშნავი ტრადიციები და გენიალური ენა აქვს ზოგიერთ ქვეყანას, მაგრამ მე ჩემი მირჩევნია. ჩემს ქვეყანაში ჩემი ენა, ჩემი სარწმუნოებაა დასაცავი. 

უცნობის" კლიპი დედაენა" გამახსენდა თქვენი მონაწილეობით.

- წაიკითხეთ აკაკი წერეთლისა და იაკობ გოგებაშვილის ნაწერები, როგორ სჯიდნენ გიმნაზიაში რუსი პედაგოგები. მაშინაც პირველი კლასიდან ისწავლებოდა რუსული ენა. ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, ძალით რუსულს მასწავლიან თუ ინგლისურს?

რატომ უნდა მასწავლო პირველი კლასიდან? ჯერ ჩემს მშობლიურ ენაში გავმაგრდე და მერე მასწავლე.

რატომ არის ამერიკა ჩვენი მეგობარი, რა გვიმეგობრა? რაც მისი მეგობარი დაგვერქვა, დაიქცა ქვეყანა. თუ მეგობარი ხარ, ცუდი გზით რატომ მიგყავარ, რატომ გამიწყალე გული ამ „ნატო-ნატოს" ძახილით. თუ შეგყავარ, შემიყვანე, რადგან მდევარი მომდევს. თუ რუსმა წელში გადამტეხა, მერე რად მინდა? რომ მეუბნები, ნატოს კარი შენთვის ღიააო, რატომ ვერ შევდივარ ამ ღია კარში, შაშუბეშა ვარ?

თუ მრცხვენია შემოსვლა?  როცა ძალიან მიჭირს, მაშინაც მატყუებ და პამპერსებსა და წყალს მიგზავნი! ქართველები ხილულ კრეტინიზმსა და ბოროტებას ვერ ხედავენ, უხილავ სიკეთეს და მადლს როგორ დაინახავენ?

შევხედოთ ჩვენი ცხოვრების წესს, რას ვასწავლით ბავშვებს? შვილებს პარაზიტებად ვზრდით და თან ფულს ვიხდით, რომ კრეტინად ჩამოყალიბდნენ. ენების წინააღმდეგი კი არა ვარ, მაგრამ არ მომწონს, რომ საქართველოში ინგლისურს ლამის მშობლიურ, ქართულ ენას უტოლებენ.

ყველაზე დიდი ფული პოლიციაშია. პატარა ბიჭებს ეუბნებიან, პოლიციელი უნდა გამოხვიდეო. არ ვამბობ, რომ სუსტი პოლიცია უნდა გვყავდეს, მაგრამ როგორ შეიძლება დაბეზღებისკენ წაქეზება? რატომ არის სკოლაში მანდატური, რას უყურებს, მასწავლებელი უნდა ჰყავდეს ჟიმჟიმში?

დავკარგეთ ქვეყნის, ეკლესიის, ღვთისა და ძმაკაცის სიყვარული და ახლა ენას მივადექით. ჩვენს ჯარისკაცს მოტივაცია არა აქვს, რომ იბრძოლოს, რადგან ქვეყანაში მისი აღარაფერია. იმ ასი ათას მოწამეს კი მოტივაცია ჰქონდა, უფალთან იყვნენ და სამშობლო უყვარდათ. ჩვენ კი მოტივაცია გვიქრება. ეს მასონური, მარქსისტული მოძრაობაა, სახელად "კულტურული რევოლუცია". კულტურულად უნდა მოვისპოთ და გავირყვნათ, რასაც აკეთებს კიდეც ხელისუფლება. როგორ შეიძლება ყველაფრის პირდაპირ გადმოტანა საქართველოში? მე სხვა ფსიქიკის კაცი ვარ და ნუ მეუბნები, რომ ჩვენ ერთნაირები ვართ.

სხვა რა იყო საბჭოთა კავშირი? "მოი ადრეს ნე დომ, ნე ულიცა, მოი ადრეს სავეტსკი სოიუზ". თუ სახელი არა მაქვს, მაშ ვინ ვარ? რას მოვაწერეთ ხელი? იმას, რომ ქართველი ერი უნდა გაქრეს?! თუ ქართველი ხარ, შენი ცხოვრების არსი მუდამჟამს ბრძოლაა. რას ჰქვია, დავიღალე, გული გამიტყდა?! მტერი შეიძლება ერთხელაც მოგერიოს, მეორედაც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარ ებრძოლო. რამ დაგღალათ,  რა გააკეთეთ? ამ კითხვით უპირველესად საკუთარ თავს მივმართავ. მე ფრთიანი ანგელოზი კი არა ვარ, მაგრამ მაინც ვებრძვი რაღაცებს. ბრძოლის სურვილი და ჟინი თუ არა გვაქვს, რაღა გვინდა.

ესენი განწირული არიან დამარცხებისთვის. სამ ჯინსში, ორ აგარაკში, რვა მანქანაში, ვიღაცის ცოლის ხუშტურსა და ქურქებში გაიყიდა ეს ქვეყანა. მარტონი ვართ მსოფლიოში. ნათესავი და მოყვარე არა გვყავს. ჩვენს ენას არა აქვს მონათესავე ჯგუფები. რომ არ გავქრეთ, ბრძოლაა აუცილებელი.

ჩვენი ხელისუფლება საქართველოს აღმშენებლობაზე, წინსვლასა და კარგ ცხოვრებაზე გველაპარაკება, თქვენ ი...

-  რა ააშენეს? მაგრამ რა ვუყოთ, ვისაც ამის სჯერა? ამ ქვეყანას სახელად "არ მინდა" ჰქვია. სიკეთე არ გვინდა და ეს მაგიჟებს. ნუთუ მართლა არ გვინდა კარგი ცხოვრება და ეს მოჩვენებითი კარგი ცხოვრება გვირჩევნია?

პედაგოგები რომ ჩამორეკეს, ისინი ვინ არიან? რა კვალიფიკაციის ხალხი? თუ ჩვენი ინგლისურის მასწავლებლის კვალიფიკაცია არ აკმაყოფილებთ, სტაჟირებაზე გაეშვათ. რად გვინდა თავიანთი ქვეყნიდან გამოყრილი ხალხი? რა ჯანმრთელობის და ფსიქიკის  ხალხია, ვიცით? იქნებ ვიღაც პედოფილი, ჰომოსექსუალისტი ან სადისტია? ვინ დაგასახლებს ასე სხვა ქვეყანაში? ამერიკაში ამერიკელს გასწევენ გვერდზე და შენ გაგიხსნიან გზას?

მიხედე შენიანს. აქ შემოყვანილ უცხოელს ქართველზე მეტ ხელფასს რატომ უხდი? თუ ხელისუფლება საკუთარი მოქალაქის ღირსებას არ იცავს, მაშ, რა ჯანდაბად მინდა! ხომ გამომთხარე თვალი, ამირჩიეო, აგირჩიე. შენ კი შეიკეტე კარი და კარგად იყავიო, მეუბნები? შენი არჩევანია ქვეყნის სათავეში მოსვლა და  ემსახურე ქვეყანას.  

ესენი რომ წავლენ, უნდა გამოვიდეს წიგნი, ორტომეული, ამათი ფოტოებით, ბიოგრაფიებით, დანაშაულებით,  გამონათქვამებით, რომ შთამომავლობამ დაინახოს, რა ნაძირალა წინაპრები ჰყავდა. გახსოვთ, ორჯონიკიძის ძეგლს ხალხი რაღაცებს რომ ესროდა? სააკაშვილსაც დავუდგამდი ძეგლს, ოღონდ გროტესკულს, თავისი ჰალსტუხების ჭამითა და გარბენებით.

სააკაშვილისთვის განაჩენი იქნება ძეგლი, რომ მომავალ თაობებს არასოდეს დაავიწყდეს, რა უბედურება სჭირდა საქართველოს. წიგნი და ძეგლი! - აი,  ეს დაიმსახურა ჩვენმა ხელისუფლებამ.

მაგრამ ბევრი ხელოვანიც უჭერს მხარს ამ ხელისუფლებას.

 

- ვიღაც-ვიღაცების მამები შევარდნაძის დროსაც იყვნენ შეკვეტილი ხელისუფლებასთან და ქლესობის და ბოზობის მეტს არაფერს აკეთებდნენ, მაგრამ ბევრს ღირსეული მამა ჰყავდა, რომლებიც გუნდრუკს არ უკმევდა ხელისუფლებას. ჩვენს თაობაშიც ასეა. ვიღაცები შემძვრალები არიან, ვიღაცები კი კაცურად ამბობენ, რომ ასეთი საქციელი სწორი არ არის.

იმის გამო, რომ ორი კაპიკი გაქვს გადმოგდებული და ქვეყნის დამღუპველს ტაშს უკრავ, ნაძირალა ხარ, გინდ ხელოვანი იყავი და გინდა ხულიგანი.

თუ ვინმეს ჰგონია, ჩემს ახლობელს გუნდრუკს ვუკმევ, თუ ქვეყანას დაანგრევს, ძალიან შემცდარა. თუ კარგს გააკეთებს ხელისუფლება, დავლოცავ კიდეც და ზურგსაც გავუმაგრებ, მაგრამ ქვეყნის დაქცევაზე ხელს ვერ მოვაწერ.

სად არიან კრიტიკოსები? რატომ არავინ წერს ასეთ კონფორმისტებზე? რას მაჩვენებთ ტელევიზიით, რაში მაინტერესებს ეს ვითომ ხელოვანები სად "ტუსოვკობენ"? ვინ ხართ, როდის გახდით ნაღები საზოგადოება? რა გაქვთ გაკეთებული, თქვე უნიჭოებო?! ვის დაჰკარგვიხართ, თქვე უნიჭობის სიმბოლოებო?! რატომ მელაპარაკებით ტელეეთერიდან გამომწვევად, როდესაც არაფერი გაგიკეთებიათ? როდის და საიდან გახდნენ ესენი ზეპური საზოგადოება?

ალბათ, ნაკლი მხოლოდ ხელისუფლებაში არ არის საძებნი.  

- საზოგადოება გარკვეული წესით ცხოვრობს და თუ ამ წესს ვინმე შეურაცხყოფს, საზოგადოება ამის წინააღმდეგ ერთიანდება. ჩვენთან ხდება ასე? - არა. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ჩვენ საზოგადოება არ გვყავს. ინტელიგენცია - ქვეყნის სახე, ელიტა, ფარი - მისაბაძი უნდა იყოს ქცევით, განათლებით, ქვეყნის სიყვარულით.

ინტელიგენცია ახლა ბარიკადებზე უნდა იდგეს, მაგრამ სად გვყავს? როდესაც ხელისუფლებისაგან მაკარონსა და ინდაურს აიღებ, ინტელიგენტი აღარ ხარ! არც ინტელიგენცია გვყავს, არც საზოგადოება და ქვეყანა ამიტომაცაა ამ დღეში.

პოლიტიკოსები ამბობენ, ხალხში მუხტი არ არისო. მუხტი ყველგანაა,  მაგრამ ერთი პარტია ერთგან ატარებს აქციას, მეორე - სხვაგან. დაქსაქსულები არიან.  რაღაც რომ ვერ გავაკეთეთ, ხომ უნდა დავფიქრდეთ, რატომ ვერ გავაკეთეთ, რადგან წავაგე, აღარ უნდა ვიბრძოლო? თუ გამარჯვება მწყურია, ასჯერ ვცდი, დაგღლი და ისე მოგიგებ.

პოლიტიკოსებმა რატომღაც სასაცილოდ აიგდეს ერთიანობის თემა. იმას კი არ ვეუბნები, ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდეთ, უღიტინეთ და პროშნეთ-მეთქი. დროებით დაივიწყონ პარტიული შოვინიზმი და ხალხის დაკვეთა შეასრულონ.

რომ ვუფიქრდები, ჩვენ ეროვნულმა მოძრაობამ დაგვღუპა.

რა გაფუჭდა მაშინ?

 

- ყველაფერი მაშინ  გაფუჭდა.

ბევრი რამ მახსოვს იმდროინდელი: შარდის სუნი რუსთაველზე, რბილი "ლ", ყეყეჩური პლაკატები და ლოზუნგები, უნიჭო მმართველობა, ფსევდოპატრიოტობა და გაუტანლობა. აი, ეს იყო ეროვნული მოძრაობა და მისი  ნარჩენები არიან  წერეთელი, სარიშვილი და ედპ, რომელსაც ერთ დროს პატივს ვცემდი, მაგრამ დღეს "ხეწეპეა" - ხელიდან წასულთა პარტიად იქცა.

მოდისიდენტო ადამიანების დაღუპულია ეს ქვეყანა. რუსეთთან მათი დამოკიდებულებაა ყველაფრის თავიდათავი. გავიგეთ, რომ რუსეთი მტერია და ჩვენი დაქცევა უნდა, ჩვენ რა გავაკეთეთ, რომ არ დაგვაქციოს? შტამპი ჩამოაყალიბეს,  "რუსული ჩექმაო". ეს ჩექმა ნახევარ მსოფლიოს თელავდა, მაგრამ ყველა ახერხებდა ლავირებას.

ქვეყანა მსოფლიო რანგის, მაგრამ ქართული კანონებით უნდა ავაშენოთ, სადაც გათვალისწინებული ვართ მე და ჩემი წინაპარი. სიდოური წესია? აქოური, ბატონო, და ასე უნდა ვიცხოვროთ ქართველებმა. რა იყო ამდენი გაუთავებელი ბრექიობა, რუსეთი  დავაჩოქეთ, გავაქციეთო? გააქციე კი არა, ისეთი გლეწა, კბილები გაგაყრევინა. 

დააკვირდით აქეთ და იქით მხარეს მდგომ პოლიტიკოსებს. სიტყვა "ხალხს" ყველა ბრუნვაში ატრიალებენ, მაგრამ სინამდვილეში ხალხი არ ადარდებთ და ეს მაწუხებს. არ შემიძლია განზე გადგომა და ქილიკი. გავიძახით, არ გვინდა რევოლუციაო, მაგრამ თუ სხვა გზა არ დაგვიტოვა ხელისუფლებამ? ჩვენ უნდა გაგვევლო ყველა გზა, რაც გავიარეთ. სამებაშიც უნდა მივსულიყავით და  მოლაპარაკებებზეც, რომ სააკაშვილისთვის გვეთქვა, გადადექი,  თორემ ქვეყანას დაღუპავო.

ახლა ამბობენ, 300 ათასი კაცი ვერ გამოიყენა ოპოზიციამო. რა უნდა გაეკეთებინათ? ბუშისა და პუტინის მიერ აღიარებული არჩევნების შედეგები როგორ შეეცვალათ? ეს ქართველების უდაბნოა და უნდა გავიაროთ. აღარ გინდათ სიარული? მაშინ ვერ გადარჩებით. 

პრინციპები, იდეები აღარ გვაქვს, გრაალთან ბინძური ხელებით მივდივართ და არ ვიცით, რომ მას ბინძური ხელებით არ უნდა შევეხოთ, თორემ დავიწვებით. ორი კაცი რომ ლაპარაკობს ერთმანეთში, ამბავი უკვე გატანილია. საქმეზე რომ მიდიხარ და შვიდი კაციდან სამი გამცემია, როგორ გაიმარჯვებ? აბა, შვიდივე თანაბრად მართალი და ძლიერი იყოს, ყველაფერს მიაღწევდნენ. შვიდ პრინციპულ კაცს ვერც სააკაშვილი მოერევა, რადგან პირიმზე ბეტონს ხვრეტს და ამოდის.

ათი პოლიტიკური პარტია გაერთიანდა და ათივე რომ მაგრად დამდგარიყო, გამოვიდოდა ეს საქმე, მაგრამ ათიდან ექვსი რომ "ნასედკაა", ვერ გაიმარჯვებ. ამ ქვეყანაში ყელამდეა რესურსები და გამოვიყენოთ. ხალხს, პოლიტიკოსებსა და ინტელიგენციას ერთი პირი უნდა ჰქონდეთ. თუ მაკარონს მიიღებ ხელისუფლებისგან, არც შენს წიგნს წავიკითხავ, აღარც შენს ფილმს ვნახავ და არც შენს ნათამაშებს შევხედავ. მაკარონ ან ინდაურაღებულ კაცს როგორ შევხედავ სცენაზე? მესამე წელია ახალ წელს ინდაური და გოჭი არ მქონია, მაგრამ კაცი არა ვარ? რამდენ ინდაურიანს ვჯობივარ! გულში და ტვინში რა აქვს, იმით უნდა გაიზომოს კაცი.

გზები დააგოო, რომ ამბობენ, ამის მთქმელს ენა უნდა ამოაძრო. ციხეში გინდ გზა დაგიგონ, გინდ ჭაღი ჩამოგიკიდონ. თუ გინდა, დილით ტორტი ვჭამო და საღამოს ნეხვი მაჭამო, არ გამოვა. ტორტიც წაიღე და ნეხვიც. ნეხვისმჭამელები მომრავლდნენ ქვეყანაში და ერთმანეთს ასწრებენ. ჩვენ "ხაზეინებს" ვეძებთ და არა თავისუფლებას. ჩვენთვის რუსეთიც უბედურებაა და ამერიკაც. ესენი კი ქართველობამ დაღალა და "სვეტსკაობენ", ევროპელები ვართო. რა ევროპელი ხარ, ბიძია, შენს მჭადს და ლობიოს მიხედე! რა ევროპელობა აგიტყდა, ჯერ ქართველი იყავი და  შენი ქვეყანა ააშენე. არა ვართ კარგი ადამიანები და ამიტომ ვერ მივდივართ გრაალთან!