ლეიბორისტული პარტიის წევრებმა პრეზიდენტის განცხადებას მაშინვე პრესკონფერენცია მიუძღვნეს და აღნიშნეს, რომ სააკაშვილი ცრუობს. კერძოდ, საქართველოში დენის ტარიფი გაცილებით მაღალია, ვიდრე ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, ხოლო კავკასიაში ყველაზე უხვი ჰიდრორესურსების მქონე ქვეყანა საკუთარ მოსახლეობაზე დენს ყველაზე ძვირად ყიდის.
„პრეზიდენტმა იცრუა, რადგან დენის ტარიფი რუსეთში - 6 თეთრს, სომხეთსა და აზერბაიჯანში კი 8 თეთრს აღწევს, გერმანიაში, დაახლოებით 10 თეთრია", - აღნიშნა ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა ჯიბლაძემ. უფრო მეტიც, ლეიბორისტები დენის ტარიფის 11-თეთრამდე შემცირებას ითხოვენ.
ენერგეტიკული ექსპერტის დავით ებრალიძის განცხადებით, ევროპაში არის ქვეყნები, რომელსაც საქართველოზე იაფი ელექტროენერგია აქვს. ამასთანავე, რეგიონში ჩვენს ქვეყანას ყველაზე ძვირი ელექტროენერგიის ტარიფი აქვს დაწესებული. ებრალიძის თქმით, საქართველოში თითქმის იგივე ტარიფია, რაც თურქეთში. განსხვავება ამ ორი ქვეყნის ელექტროენერგეტიკას შორის არის ის, რომ თურქეთს ელექტროენერგიის დეფიციტი აქვს, საქართველოში კი ეს პროდუქტი უხვად მოიპოვება.
„რეგიონში ჩვენ ერთ-ერთი მაღალი ტარიფი გვაქვს, თუმცა მთავრობის სატარიფო პოლიტიკა მხოლოდ 24-საათიანი ელექტრომომარაგებით ამოიწურება. ამ მიმართულებით ქვეყანა არასწორ პოლიტიკას ავითარებს. მთავრობას სურს, რომ მთელი ელექტროენერგია ექსპორტს მოიხმაროს, არადა ამ სიმდიდრეზე ქვეყნები ოცნებობენ. ჩვენ შეგვეძლო, ეკოლოგიურად სუფთა, იაფი ელექტროენერგიით ნავთობი და გაზი ჩაგვენაცვლებინა, თუმცა მთავრობას ხვალინდელ ქათამს დღევანდელი კვერცხი ურჩევნია", - ამბობს დავით ებრალიძე.
მთავრობის მიერ განსაზღვრული სტრატეგიის მიხედვით, ენერგორესურსების საერთო წარმოებაში ჰიდრორესურსების წილი 3 წლის განმავლოვაში 90%-მდე გაიზრდება. ამის მიღწევა ძველი ჰესების რეაბილიტაციისა და ახალი ჰესების აშენების შედეგადაა შესაძლებელი. შესაბამისად, თბოელექტროსადგურებზე გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი 10%-მდე შემცირდება. ამ შემთხვევაში, ექსპერტების განცხადებით, თუკი მთავრობა კეთილ ნებას გამოიჩენს, შესაძლებელია, ელექტროენერგიის ტარიფი შემცირდეს კიდეც.
თუმცა ექსპერტები იმაზეც მიუთითებენ, რომ ინვესტორი ჰესების აშენებისთვის განხორციელებული ინვესტიციების ამოღებას მოკლევადიან პერიოდში მოინდომებს და აქედან გამომდინარე, ახალი ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია იაფი არ იქნება.
„როდესაც საქართველოს ენერგეტიკაში ჰიდრორესურსების წილი იზრდება, ტარიფის შემცირება შესაძლებელია. თუმცა ახალი ჰესების აშენებისას ინვესტორი ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ ინვესტიცია რაც შეიძლება მოკლე პერიოდში ამოიღოს. ამ შემთხვევაში ახალი ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია იაფი ვერ იქნება", - აცხადებენ ექსპერტები.
ამჟამად ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგია, დაახლოებით, 4 თეთრამდე ღირს. მთავრობის 2009-2012 წლებისთვის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში უნდა მოხდეს ჰიდრორესურსების პოტენციალის გამოყენების 13%-იანი ზრდა. 2012 წლისთვის ელექტროენერგიის დადებითი სავაჭრო სალდო, 2008 წელთან შედარებით, 3-ჯერ გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის ექსპორტისგან საქართველო წელიწადში 1 მლრდ აშშ დოლარის მიღებას გეგმავს. საექსპორტო შემოსავლის ახალ წყაროს, ჰიდრორესურსების ათვისების შემთხვევაში, საქართველო 4-5 წელიწადში მიიღებს. ელექტროენერგიის ძირითადი საექსპორტო ბაზარი, სავარაუდოდ, თურქეთი იქნება.
მომზადებულია 87 მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურის (საერთო სიმძლავრით 1 170 მეგავატი) განთავსების სქემები და ტექნიკური პარამეტრები, რომელთა მშენებლობაზე მოზიდული იქნება 1,5 მლრდ ევრომდე ინვესტიცია.
მთავრობის ინფორმაციით, საქართველოში ჰიდრორესურსების მხოლოდ 18-20%-ია ათვისებული. საქართველოს ზაფხულში 800 მგვტ ელექტროენერგიის საექსპორტო პოტენციალი აქვს. თურქეთს, ოფიციალური მონაცემებით, 2012 წლისთვის ელექტროენერგიის დეფიციტი წელიწადში 8 მლრდ კვტ/სთ ექნება. ამ დეფიციტის შევსებას საქართველო, ახალი ჰესების მშენებლობის შემდეგ შეძლებს.
ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტის რევაზ არველაძის განცხადებით კი, საქართველომ არა ელექტროენერგიის ექსპორტზე, არამედ ეკონომიკის განვითარებაზე უნდა იფიქროს. მისი აზრით, საქართველოში ეკონომიკის ნორმალურ დონეზე განვითარების და ჰიდრორესურსების სრული ათვისების პირობებში, ქვეყანას საექსპორტო ელექტროენერგია არ დარჩება.