წინა წერილში უკვე აღვნიშნეთ, რომ ამ ადგილობრივ არჩევნებს სინამდვილეში ადგილობრივი პოლიტიკის კონტექსტი არც გააჩნია; მმართველი კოალიციის პოლიტიკური ამოცანა მოპოვებული ძალაუფლების კორპორაციულად ორგანიზების პროცესის დასრულებაა. ეს ქვეყანაში ცენტრალიზებულ-დარგობრივი მმართველობის განმტკიცებას, ცენტრალური მთვრობის წინაშე თავიდან ბოლომდე ანგარიშვალდებულ ადგილობრივ ორგანოთა ჩამოყალიბებას გულისხმობს და არავითარ შემთხვევაში - საკუთარი ავტონომიური მანდატისა და რესურსების მქონე ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას.
თვალსაჩინოა, რომ ღარიბაშვილის მთავრობა, როგორც მხარე, ისეა ჩაბმული ამ ”ადგილობრივ” არჩევნებში. წინასაარჩევნო კამპანიას უშუალოდ პრემიერ-მინისტრი უძღვება. იგი ატარებს ყველაზე მნიშვნელოვან წინასაარჩევნო შეხვედრებს ე.წ. რეგიონულ ცენტრებში, სადაც კოალიციის ძლევამოსილების ყალბი სურათის შესაქმნელად, მასთან შესახვედრად ამომრჩეველთა მასობრივი მობილიზება კარგად ცნობილი მეთოდებით, ისევ ადმინისტრაციული ძალადობის გამოყენებით ხდება.
თვით დედაქალაქშიც, სადაც ნაცების დიქტატურის პირობებშიც კი ადგილობრივი პოლიტიკის ავტონომიურობა გარეგნულად მაინც შენარჩუნებული იყო, ვიზუალურადაც სწორედ ცენტრალური მთავრობა მონაწილეობს ამ ე.წ. ადგილობრივ არჩევნებში. ტელევიზიით ყველამ ვიხილეთ, როგორ წარადგინა ვიცე-პრემიერმა კალაძემ კოალიციის პარტიული სია დედაქალაქში; ამ პრეზენტაციაში ნათლად იყო გამოკვეთილი მერობის კანდიდატ ნარმანიას დაქვემდებარებული, მეორეხარისხოვანი როლი; არ ვიცი, სურდათ ეს თუ არა, მაგრამ კოალიციამ მოახდინა მკაფიო დემონსტრირება, რომ ნარმანია ოდენ ცენტრალური მთავრობის ჩრდილქვეშ მორჩილად მდგარი ”მეურნე” იქნება და არავითარ შემთხვევაში - დამოუკიდებელი პოლიტიკური ლიდერი.
საკრებულოს წევრობის კანდიდატებიც კი ნარმანიას არამც თუ პოლიტიკურ ლიდერად, თუნდაც მეორე ხარისხოვან პოლიტიკურ ფიგურადაც ვერ აღიქვამენ. გამაოგნებელი იყო დეპუტატობის კანდიდატ კოლელიშვილის გულწრფელობა, როცა მან თანაგუნდლების აპლოდისმენტების ფონზე პირდაპირ ეთერში ამაყად განაცხადა, რომ საკრებულოში იგი უშუალოდ პრემიერ-მინისტრის ნების გამტარებელი იქნება (http://news.ge/ge/news/story/88650-kolelishvili-mzadaa-khma-mistses-gadatsyvetilebas-romelsats-ar-etankhmeba) და პრემიერის კარნახით ხმას მისცემს თუნდაც იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც არ ეთანხმება; აშკარა გახდა, რომ პრემიერ-მინისტრისადმი ერთგულება და მორჩილება უმთავრესი ღირსებაა, რაც არა მხოლოდ კოლელიშვილს, არამედ ნარმანიასაც მოეთხოვება. ერთგულებაა ის ძირითადი კრიტერიუმი, რითაც ხდებოდა კანდიდატების შერჩევა ადგილობრივი არჩევნებისათვის არა მხოლოდ თბილისში, არამედ სრულიად საქართველოშიც. მერებისა და გამგებლების კანდიდატთა ერთგულების ”საზომად” პრემიერ-მინისტრთან ან მთავრობის წამყვან წევრებთან პირადი ურთიერთობები გამოიყენებოდა; ხოლო შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი თანამდებობის, ვთქვათ, საკრებულოს წევრის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი იყო კანდიდატის ”პოლიტიკური კეთილსაიმედოობის” დადასტურება უშიშროების საპოლიციო სამსახურების მიერაც. ადგილობრივი ლიდერები, რომელთა უკანაც ადგილობრივი საზოგადოებაა და არა ქოცური დიდკაცობა, საერთოდ არ გამოჩენილან.
ჯიუტი ფაქტები ნათელყოფენ, რომ ჩვენს თვალწინ ქოცების კოალიცია ”კომპარტიის” ახალ სახედ სტრუქტუირდა. ჩამოყალიბდა სრული იდენტობა ”პარტიულ” და ”სახელმწიფო” ინსტიტუციებს შორის: ვამბობთ ”ქოცებს” და ვგულისხმობთ ”მთავრობას”, ვამბობთ ”მთავრობას” და ვგულისხმობთ ”ქოცებს”. არავითარი განსხვავება, და ფასიც ერთნაირია. რაღაა ასარჩევი? მნიშვნელობა არა აქვს ვინ არის ქოცების კანდიდატი კონკრეტულ საარჩევნო ოლქში. ზოგადი კონტექსტი ისეთია, ამომრჩეველმა ხმა უნდა მისცეს არა რომელიმე კონკრეტულ კანდიდატს, არამედ მთლიანობაში საქართველოს ქოცურ მთავრობას, რითაც მმართველი ქოც-პარტიისა და ხალხის ”მონოლითურ ერთიანობასაც” გამოხატავს.
არა მხოლოდ ზემოთ მოყვანილი თვალსაჩინოებანი, არამედ მთელი წინასაარჩევნო კამპანია ხაზგასმით სწორედ იმას დაადასტურებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მანდატის მოსაპოვებლად საქართველოს ”ქოციონალური” მთავრობა ერთიანი საარჩევნო კამპანიით ეპაექრება ყველა ჯურის ოპოზიციას და ალბათ, გაიმარჯვებს კიდეც. გაიმარჯვებს იმიტომ, რომ მთავრობის ხელთ არსებული რესურსები ბევრად აღემატება ყველა სხვა პოლიტიკური სუბიექტის რესურსს; ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მთავრობის დამარცხება მხოლოდ იშვიათი გამონაკლისი იქნება და მთავრობისადმი ამ მუნიციპალიტეტის დაუმორჩილებლობის დემონსტრირება. ხოლო მთავრობა რომ ადგილობრივ არჩევნებში ტოტალურად დამარცხდეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ისევ ”ეროვნული დაუმორჩილებლობა” გახდება საჭირო. ამჟამად კი ”ეროვნული დაუმორჩილებლობის” აგორება ოპოზიციის თითოეულპარტიას კი სწადია, მაგრამ არც ერთ პოლიტიკურ ძალას ჯერ არ ძალუძს; კონტრ-ძალაუფლება ქვეყანაში ჯერაც არ მომწიფებულა.
ამ არჩევნების უმთავრესი შედეგი ქოციონალური მთავრობის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის დამარცხება იქნება. ყველგან, სადაც მთავრობა გაიმარჯვებს, ცენტრალიზებულ-დარგობრივი მმართველობა გაბატონდება. სადაც არა, იქ მთავრობა არჩევნების შემდგომაც ბრძოლას გააგრძელებს დაუმორჩილებელი ტერიტორიული ერთეულის დასათრგუნად და ადრე თუ გვიან, სანამ მთელი ქვეყნის მასშტაბით კონტრ-ძალაუფლება და ”ეროვნული დაუმორჩილებლობა” არ მომწიფდება, თავისას მიაღწევს.
კორპორაციულად ორგანიზებული ცენტრალიზებულ-დარგობრივი მმართველობის მთავარი დასაყრდენი ადგილებზე ერთპიროვნული მმართველი - პირდაპირ არჩეული მერი თუ გამგებელი იქნება. ახალი ე.წ. კოდექსის მიხედვით იგი თვითმმართველი ერთეულის ხელმძღვანელიცაა და იმავდროულდ, ერთპიროვნული აღმასრულებელი ორგანოც (?!). მის ხელში ფაქტიურად სრულადაა კონცენტრირებული მმართველობითი უფლებამოსილებანი.
ცხადია, რომ კანონით განმტკიცებულ ერთპიროვნულ მმართველობას ცოტა რამა აქვს საერთო ადგილობრივ თვითმმართველობასთან. ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული კონცეფცია (იხ. ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპის ქარტიის მე-3 მუხლი) ადგილობრივი თვითმმართველობის უფლების განხორციელებას არა ერთ არჩეულ პირს, არამედ წარმომადგენლობით ორგანოს - საკრებულოს უკავშირებს. ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ მთავარი, ძირითადი ინსტიტუცია ევროპული ყაიდის თვითმმართველობაში საკრებულოა. ამის საპირისპიროდ, ჩვენს ”გამაოგნებელ დემოკრატიაში” კი ასეა მიღებული, რომ თვითმმართველობის განმახორციელებელი პირი მერი ან გამგებელია; მიიჩნევა, რომ თუკი ხალხს მერს (გამგებელს) აარჩევინებენ, მაშ თვითმმართველობასაც გაუმარჯვია.
თვითმმართველობის გაიგივება ერთპიროვნულ მმართველთან - მერთან ან გამგებელთან, ადგილობრივი ხელისუფლების იდენტიფიცირება ერთ პიროვნებასთან, ათწლეულების განმავლობაში ჩვენი მახინჯი პრაქტიკიდან მომდინარეობს. თავიდანვე, 1998 წლიდან მოყოლებული, თვითმმართველობის ინსტიტუციური მოწყობის უმთავრეს პრობლემას დაუბალანსებლობა - მერის(გამგებლის) გავლენის ქვეშ სრულად მოქცეული უაღრესად სუსტი საკრებულო წარმოადგენს. ასეთი დაუბალანსებლობა, რაც წითელ ზოლად გასდევს ჩვენი ადგილობრივი ხელისუფლების პრაქტიკას და ახალი კანონმდებლობით არა მხოლოდ შენარჩუნებულია, არამედ გაძლიერებულიც, ყოველთვის ცენტრალური ხელისუფლების ინტერესით იყო განპირობებული. ბუნებრივია, ცენტრალური ხელისუფლებისთვის გაცილებით იოლია ერთპიროვნულ მმართველზე ზეგავლენა, ვიდრე კოლეგიური წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს, რომელიც არაერთგვაროვანი პოლიტიკური შემადგენლობის გამო, შეიძლება გაჭირვეულდეს, ”მორჯულება”.
დემოკრატიის პირობებში საკრებულო ადგილობრივ საზოგადოებაში არსებულ არაერთგვაროვან ინტერესებს უნდა ასახავდეს. ადგილობრივი დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის შინაარსი ამ არაერთგვაროვანი ინტერესების გამომხატველ ადგილობრივ პოლიტიკურ ჯგუფთა შორის ჭიდილი, მათი დიალოგი და საერთო გადაწყვეტილებებამდე პროცესის მიყვანა უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ადგილობრივი საზოგადოებისათვის ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დემოკრატიული მანდატი დიახაც, საკრებულოს უნდა ეკუთვნოდეს. ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება და გაძლიერება უპირველესად სწორედ საკრებულოს გაძლიერებასთანაა დაკავშირებული. საკრებულოს გაძლიერება კი ცენტრალიზებულ-დარგობრივი მმართველობის, რომლის გამყარებასაც კვლავაც ჯიუტად ცდილობს ამჟამინდელი მთავრობაც, მომაკვდინებელი საფრთხეა. ამიტომაც, ცენტრალური ხელისუფლების მიერ საკანონმდებლო ბერკეტებით მოხდა საკრებულოს დასუსტების ხარჯზე ერთპიროვნული ადგილობრივი მმართველობის კიდევ უფრო გაძლიერება. მთავრობას არაფერში არგია საკრებულოს მეშვეობით განვითარებული ადგილობრივი პლურალიზმი, ის ცდილობს საკუთარი კორპორაციული ინტერესები ყველა ადგილობრივ საზოგადოებაში გააბატონოს და ცხადია, ამას არა საკრებულოს, არამედ ერთპიროვნული მმართველის მეშვეობით უფრო იოლად და კომფორტულად გააკეთებს.
ამ ახალი ე.წ. კოდექსით კორპორაციული თამაშის წესები არ იცვლება. პირიქით, ადგილობრივი პოლიტიკური პროცესები არა საკრებულოში წარიმართება, არამედ მთლიანად და სრულად ამ ერთპიროვნული მმართველის გარშემო იტრიალებს. ცხადია, სადაც მთავრობა არჩევნებს მოიგებს, იქ მერიც (გამგებელიც) მისივე წარმომადგენელი იქნება და ყოველგვარი ადგილობრივი ინიციატივა, რაც კორპორაციული მთავრობის ინტერესებში არ არის, ჩანასახშივე დაითრგუნება; საბოლოო ჯამში, ყველა იძულებული იქნება ამ კორპორაციის, რომლის ხელდასმული მმართველიც ვითომ მოსახლეობის არჩეული მერი თუ გამგებელია, თამაშის წესებით იმოქმედოს, საკუთარი ინტერესები კორპორაციისას შეუხამოს, ხოლო კონფლიქტის შემთხვევაში კი საერთოდაც გაეცალოს ასპარეზს.