იგი პოლიტიკურ პარტიებს შიდა არჩევნებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ეს ოპოზიციისთვის დემოკრატიულობაზე ერთგვარი ტესტიც კი იქნება.
100-დღიანი საპროტესტო აქციის წარმატება და მომავალი სამოქმედო გეგმა ის თემებია, რაზეც ზვიად ძიძიგურთან ვისაუბრეთ. მასთან საუბარში, შევეცადეთ, გაგვერკვია, რამდენად იმოქმედებს ოპოზიციაზე ნინო ბურჯანაძის გარშემო ატეხილი სკანდალები. „თუ რამე დანაშაული ჩაიდინა, ნინო ბურჯანაძეს კი არა, საკუთარ ძმას არ დავაფარებ ხელს", - გვპასუხობს ძიძიგური.
გთავაზობთ ინტერვიუს „კონსერვატიული პარტიის" ლიდერთან, ზვიდ ძიძიგურთან.
რატომ პასიურობს ოპოზიცია, ხომ არ შეეგუეთ იმ აზრს, რომ სააკაშვილი 2013 წლამდე არსად წავა?
- პოზიცია პასიურობს - ეს სწორი არ არის. ხელისუფლება რომ გამარჯვების ყიჟინით გველაპარაკება ყველას, ოპოზიციასაც და მოსახლეობასაც აგვისტოსა და სექტემბრის პირველი ნახევრის განმავლობაში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში რაღაცა შეიცვალა. საპროტესტო მუხტი რაც იყო, ისევ არსებობს, ოპოზიციური პარტიები ისევ აპირებენ ამ საპროტესტო მუხტის გაღვივებას. უბრალოდ, სამთვიანი მარათონული აქციების შემდეგ რაღაც გადასაფასებელია, თავიდანაა დასალაგებელი. პარტიების გადაჯგუფებაა გასაკეთებელი. ამ პერიოდში ეს მუშაობა მიმდინარეობს. ეს არის და ეს.
რაც შეეხება იმას, რომ ხელისუფლებამ გაინაღდა 2013 წლამდე, მას უნდა, რომ ეს ასე წარმოაჩინოს, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ამ ქვეყანაში უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა. წინააღმდეგობაც მოსახლეობასა და ხელისუფლების ქმედებებს შორის ისევ სერიოზულია. აქედან გამომდინარე, სოციალური დაკვეთაა, იყოს საპროტესტო აქტიურობა და იგი აუცილებლად დაიწყება შემოდგომაზე.
აქციის შეწყვეტის დღეს სალომე ზურაბიშვილმა ხალხს გამარჯვება მიულოცა. როგორ ფიქრობთ, რა დათმო ხელისუფლებამ და, საერთოდ, რაიმე წარმატებას თუ მიაღწიეთ?
- თავისთავად წარმატებაა, როდესაც ამდენი ათასი ადამიანი ორგანიზებულად პროტესტს აფიქსირებს. თუ აკვირდებით, რომ ხელისუფლებამ სერიოზულად, ფუნდამენტალურად შეცვალა ლაპარაკის ტონი და დამოკიდებულება, პირველ რიგში, საკუთარ მოსახლეობასთან, ასევე, არასამთავრობო სექტორთან მიმართებაშიც. პოლიტიკურ პარტიებთანაც გაცილებით უფრო ფრთხილი და მოზომილია. დაიწყო რაღაც პროგრამების განხორციელება. ყველა სოფელსა თუ ქალაქში გზის დაგებაა დაწყებული, სოფლებზე ფულის ჩარიცხვის პროგრამაა დაწყებული. ანუ, შედეგები, რომელიც პოლიტიკურ ასპექტში შეიძლება, არ ჩანდეს პოლიტიკური ბერკეტების დათმობის თვალსაზრისით, სერიოზულად ჩანს ხალხთან ხელისუფლების დამოკიდებულებაში. ეს, რა თქმა უნდა, ოპოზიციისა და ხალხის ერთობლივი ბრძოლის მიღწევაა.
თუმცა, მინდა, გითხრათ, რომ ამ ხელისუფლებას აქვს ერთი ასეთი თვისება - თუკი დამშვიდდა და ჩათვალა, რომ მყარად არის, რა თქმა უნდა, ისევ იმის გაკეთებას გააგრძელებს, რასაც აქამდე აკეთებდა. ამიტომ მასზე მუდმივი ზეწოლაა საჭირო, რათა წავართვათ პოლიტიკური ბერკეტები. სანამ სასამართლოს არ გამოართმევს საზოგადოება ერთ კაცს ხელიდან, სანამ პარლამენტი და მედია არ იქნება დამოუკიდებელი, სანამ რეალური თვითმმართველობა არ იარსებებს, მანამ სააკაშვილი როგორ ხასიათზე გაიღვიძებს დილით და როგორ ხასიათზე დაწვება ღამით, ამ ქვეყანაში იმის მიხედვით იქნება ან ომი, ან მშვიდობა, ან სიწყნარე, ან კეთილდღეობა, ან აფორიაქება, ან დესტაბილიზაცია, ან აქცია. სანამ ეს ყველაფერი ერთ კაცზეა დამოკიდებული და ეს ერთი კაცი არის საკმაოდ გაუწონასწორებელი, მუდმივი საფრთხის წინაშე ვიმყოფებით.
ჩვენ გვჭირდება მყარი ინსტიტუტების შექმნა, რომელიც დააბალანსებს ხელისუფლებასა და თითოეული მოქალაქისთვის სტაბილურ, ნორმალურ, ეკონომიკურ, ფსიქოლოგიურ და პოლიტიკურ გარემოს უზრუნველყოფს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ექნება ყოველი მოქალაქის განცდა, რომ ის არის დაცული და ნორმალური სახელმწიფოს წევრი. დღეს, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მიუხედავად იმ სიმშვიდისა და სიწყნარისა, ადამიანებს სახლში ნაკლებად უვარდებიან, ბიზნესს ნაკლებად უწიოკებენ. უფრო მეტად ზრუნავენ მათ სოციალურ გარემოზე. მაგრამ ადამიანებს სიმყარის განცდა არ აქვთ, ვინაიდან ამ ქვეყანაში არ არსებობს ინსტიტუციონალური გარანტიები. აქ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ქუჩაში ხალხი გამოვა თუ არა. იქნება ქუჩაში საპროტესტო აქციები, პატრული მძღოლებს წესიერად მოექცევა, არ იქნება აქტიურობა და პატრული ძველი "გაიშნიკებივით" დაიწყებს გამოწვევასა და წვრილმანის გულისთვის შარის მოდებას.
ყველანი ვხედავთ, თუ როგორ არის ერთი ერთზე მიბმული ხალხისა და საზოგადოების აქტიურობა და ხელისუფლების ქმედება. რაც შეეხება გამარჯვებას, ამასთან დაკავშირებით, მე ჩემი შეხედულება მაქვს. ეს არის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს და დროშიც და სივრცეშიც არის განფენილი. ეს არ არის ერთჯერადი ქმედება, რომ ერთხელ გამოხვიდე, ან თუნდაც ერთი თვის განმავლობაში გააკეთო აქცია და შემდეგ სახლში წამოკოტრიალდე და იფიქრო, რომ ყველაფერი უკვე გააკეთე და დაამთავრე. თუ მუდმივი აქტიურობის მდგომარეობაში არ იქენი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თავიდან იქნება გასაკეთებელი. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ისევ საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების აქტიურობით ყველაფერი იქნება ისე, როგორც ამ ქვეყნის მოსახლეობას სჭირდება. ცვლილებებიც მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება, განხორციელდეს.
როგორ შეხვდით „ალიანსის" გადაწყვეტილებას საკრებულოს თავმჯდომარისა და თბილისის მერის ადგილებზე თავიანთი კანდიდატურების წამოყენების შესახებ?
- მე ვფიქრობ, რომ კანდიდატების დასახელება ცოტა ნაადრევი იყო, იქედან გამომდინარე, რომ ხელისუფლებას ჯერ წინ ცხელი პოლიტიკური სეზონი აქვს.
თუმცა, მე მინდა, რომ ბატონ ირაკლი ალასანიასაც და ბატონ სოზარ სუბარსაც წარმატებები ვუსურვო. ვფიქრობ, რომ სანამ მერის არჩევნები ჩატარდება, მანამდე მეტი აქტიურობა იქნება საჭირო. კონსერვატორები ვთვლით, რომ ოპოზიციური ერთიანობის გეგმაზე უნდა ვიფიქროთ. ამისათვის წინასწარი არჩევნები, ე.წ. პრაიმერი შევთავაზეთ ჩვენს მხარდამჭერებსა და პოლიტიკურ პარტიებს.
ჩვენ ამ გეგმაზე მაინც ვმუშაობთ და მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატურების დასახელების სეზონი გაიხსნა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია არ უნდა შეთანხმდეს ერთიან სტრუქტურაზე, ერთიან ლიდერზე, გეგმასა და სტრატეგიაზე. და საერთოდ, ერთ სერიოზულ ვერტიკალზე უნდა ჩამოყალიბდეს ოპოზიცია, თუ გვინდა, რომ შევცვალოთ ის ხელისუფლება, რომელსაც საკმაოდ მყარად ორგანიზებული ვერტიკალი გააჩნია.
გასული აქციების დროს არ იყო ოპოზიცია გაერთიანებული? რატომ გახდა ამგვარი ინიციატივა საჭირო?
- ოპოზიცია მუშაობდა კოორდინაციის რეჟიმში. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, რაც ოპოზიციამ 2007-2009 წლებში გააკეთა. მანამდე ასეთი ტიპის პოლიტიკური კოორდინაციები ჩვენ არ გვახსოვს, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა.
აპრილის აქციების დროს რამდენიმე შტაბი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ რეჟიმში მუშაობდა. რამდენიმე პოლიტიკური პარტია თვლიდა, რომ საჭირო იყო დიალოგზე წასვლა, რამდენიმე ამის წინააღმდეგი იყო. ყველა პარტია თავისი შეხედულების მიხედვით მოქმედებდა, რამაც არ გამოიწვია ის ეფექტი, რომელიც გვჭირდებოდა.
მუდმივად არის დაკვეთა, როგორც მოსახლეობის, ასევე ჩვენი უცხოელი მეგობრების მხრიდან, რომ არსებობდეს ერთი გამოკვეთილი ალტერნატიული ძალა, რომელსაც ეყოლება ალტერნატიული ერთიანი ლიდერი და ლიდერის ხედვები, მისი მომავალი გეგმები და სტრატეგიები უნდა იყოს ცნობილი. თუ ამას ვერ მივაღწევთ, სულ იქნება კითხვის ნიშნები და უნდობლობა ოპოზიციის მიმართ.
ამ საკითხების მოსაგვარებლად, ვფიქრობ, რომ წინასწარი არჩევნები კარგი გადაწყვეტილება იქნება. ეს თვითონ ოპოზიციისთვისაც დემოკრატიულობაზე ერთგვარი ტესტი იქნება.
ნინო ბურჯანაძის მიმართ ატეხილი სკანდალი რამდენად მოახდენს გავლენას თქვენსა და ბურჯანაძის პოლიტიკურ პარტნიორობაზე?
- სკანდალები ჩვენს პოლიტიკაში არავის გვიკვირს. ასეთი ტიპის სკანდალი, რომელიც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ტელევიზიით გადაიცემა და გაზეთში იბეჭდება, საქართველოში ახალი არ არის. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის შავი პიარი, რომელსაც ხელისუფლება აგორებს. ბევრჯერ მითქვამს, თუკი ნინო ბურჯანაძემ ან ზვიად ძიძიგურმა რაიმე ტიპის დანაშაული ჩაიდინა, ამისთვის არსებობს პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო, ციხე და ყველაფერი ეს არის სააკაშვილის ხელში. მზად ვარ, რომ პირველმა მე დავაყენო საკითხი, ჩემი საქმიანობა გამოიკვლიონ და თუ რაიმე კანონი მექნება დარღვეული, ხელისუფლება შესაბამისად მოიქცეს. მაგრამ როდესაც მხოლოდ სატელევიზიო ლაყბობა მიმდინარეობს, ეს ჩემთვის არავითარი მტკიცებულება არ არის.
თუ რამე დანაშაული ჩაიდინა, ნინო ბურჯანაძეს კი არა საკუთარ ძმას არ დავაფარებ ხელს. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.
როდიდან გეგმავთ საპროტესტო აქციების განახლებას? გვექნება თუ არა ცხელი შემოდგომა?
- ამას ნახავთ. წინასწარ საუბარი რაიმე შედეგის მომტანი არ არის. ახლაც მიმდინარეობს კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებს შორის. როცა ერთიან გეგმაზე შევთანხმდებით, ამ გეგმას ხალხის წინაშე გამოვიტანთ და გავავრცელებთ.