საკონცერტო ალბომების მოსმენისას, ყოველთვის განსაკუთრებული ემოციები აღიძვრება და ვარგისიანობის შემთხვევაში, მსმენელს ისეთი შთაბეჭდილება უნდა ექმნებოდეს, თითქოს თავადაც იქ იმყოფება და მუსიკოსებთან ერთად შეიგრძნობს სცენის, აპარატურისა და ინსტრუმენტების სურნელს.
ნებისმიერი მაღალი დონის საკონცერტო ალბომს ძალუძს ამ ემოციის გადმოღვრა, ხოლო როდესაც ალბომთ შორის ალბომ Made In Japan-ზე ვსაუბრობთ, მუსიკაში ჩახედული მრავალი მსმენელი ორთავ ხელს მაღლა სწევს ხოლმე და აღიარებს ჰარდ როკის საკონცერტო საგანძურში Deep Purple-ს 1972 წლის შედევრის უზენაესობას იმისდა მიუხედავად, არის თუ არა იგი ამ ჯგუფის თაყვანისმცემელი.
ამგვარი აზრი აუცილებლად გასათვალისწინებელია, თუნდაც Made In Japan-ის მხოლოდ ჰარდ-როკის ჟანრში გამწესებისას, რაც მხოლოდ ცალმხრივი შეხედულების წინაპირობაა იმ 7 საკონცერტო შედევრის მიხედვით, რომელთაც შეძრეს გასული საუკუნის 70-იანი წლების მუსიკალური სამყარო და ღირსეულად დააგვირგვინეს ბრიტანული ჰიპური ეპოქა, რომელმაც ამერიკულზე სადღაც წელიწადნახევრით მეტხანს იარსება...
Made In Japan 1972 წლის 15, 16 და 17 აგვისტოს ოსაკასა და ტოკიოში ჩაწერილი საკონცერტო მასალის ჩინებული კომპილაციაა. მისი გამოცემა კი უკვე დეკემბრის თვეში მოესწრო.
იმდროინდელი ხმის ჩამწერი ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ასეთ მცირე ხანში უმაღლესი ხარისხის ორდისკიანი საკონცერტო გიგანტის გამოქვეყნება, სადაც ჟღერადობა უკმაყოფილებას წამითაც კი არ იწვევს, ერთის მხრივ ხმის ინჟინერ მარტინ ბირჩის უმაღლესი დონის პროფესიონალიზმზე, მეორე მხრივ კი მუსიკოსების საოცარ ოსტატობაზე უნდა მეტყველებდეს, რადგან ეტყობა გამოცდილ ხმის ინჟინერს მაინცდამაინც დიდი დრო არ დასჭირვებია ჩანაწერის გაწმენდისა და ჟღერადობის გალამაზებისათვის.
ამაზე მიუთითებენ უკვე წლების შემდგომ გამოცემული Made In Japan-ის შემადგენელი სამივე კონცერტის ჩანაწერებიც, რომლებშიც ბგერის გასუფთავებაზე მაინცდამაინც არც უზრუნიათ.
აქ შევნიშნავდით 17 აგვისტოს კონცერტზე იან პეისის ფენომენალურ დაკვრას და სულაც არაა შემთხვევითი, რომ Made In Japan-ში The Mule (დრამ სოლო), ტოკიოს დამაგვირგვინებელი კონცერტიდანაა აღებული.
Made In Japan-ში სტუდიური დამხმარე ზედდება საერთოდ არ შეინიშნება, რაც განსაკუთრებით ალბომის დამაბოლოვებელ ფაზაში - Lazy-ისა და Space Truckin’-ს წარმოგვიჩენს საკონცერტო სრულყოფილების ნიმუშებად.
Deep Purple-ს არც Made In Japan-ში დაურღვევია მეორე ალბომ The Book Of Taliesyn-დან მოყოლებული ტრადიცია და საკონცერტო ალბომი შვიდი სიმღერით დააკომპლექტა. ასევე 7 სიმღერისგან შედგებოდა ჯგუფის მომდევნო ალბომი Who Do We Think We Are, მაგრამ ეს უკვე სხვა საუბრის თემაა, რადგან Woman From Tokyo-ს 1972 წლის აგვისტოში უკვე არსებობის მიუხედავად, მაშინ Deep Purple-ს იგი თვით იაპონური პუბლიკის წინაშე არ შეუსრულებია...
საერთოდ რიჩი ბლექმორის ნებისმიერი პერიოდის Deep Purple-ს ერთგვარ ნაკლად საკონცერტო რეპერტუარის ერთფეროვნებას მიიჩნევენ. ადრინდელ ვიდეოებსა თუ აუდიო ჩანაწერებში ვხვდებით Wring That Neck-ის, Mandrake Root-ის, Child In Time-ისა თუ Hush-ის სხვადასხვა ვერსიებს, როდესაც ფაქტობრივად უყურადღებოდაა დარჩენილი ისეთი ალბომები, როგორებიცაა Deep Purple In Rock და Fireball, საიდანაც სიმღერები კონცერტებზე სტივ მორსის პერიოდიდან სრულდება.
ამგვარი „ნაკლი“ როგორც ჩანს რიჩი ბლექმორის კონსერვატიულობას უნდა მივაწეროთ, რომელიც „ერთფეროვანი“ რეპერტუარით ჯგუფის საკონცერტო ხელწერის სრულყოფისაკენ მიისწრაფვოდა. სხვათა შორის, ანალოგიური მიდგომა რიჩის Rainbow-ს პერიოდშიც აღენიშნებოდა.
საკონცერტო თვალსაზრისით ჯგუფისთვის გადამწყვეტი როლი, ამავე 1972 წელს გამოცემულმა Machine Head-მა შეასრულა. სწორედ ეს ალბომი იქცა სამომავლოდ Deep Purple-ს სასცენო მოღვაწეობის ქვაკუთხედად, რომლის ნებისმიერი ინსტრუმენტის თითოეული ბგერის გამოკვეთილობით აღსანიშნავი ლაღი სტუდიური საუნდი, საკონცერტო იმპროვიზაციის უშრეტ ფანტაზიას, აგერ უკვე 40 წელიწადზე მეტია, რაც ავითარებს...
მაშინ კი? Made In Japan-მა Machine Head-ის სიდიადე დაჩრდილა და ორდისკიან გიგანტში ამ ალბომიდან წარმოდგენილმა 4-მა სიმღერამ ძირითადი საკონცერტო რეპერტუარიდან ფაქტობრივად აღმოფხვრა როკ’ნ’როლები Speed King, Fireball, Black Night…
ამ სიმღერებს ამიერიდან მეორეხარისხოვანი როლი მიენიჭათ. Made In Japan კი Machine Head-ის ოთხ შედევრთან ერთად, Fireball-ში ვერ ჩამჯდარმა Strange Kind Of Woman-ის ფრთაშესხმულმა ვერსიამ, ძველი საკონცერტო ბაზისიდან დარჩენილმა Child In Time-მა და The Mule-ს დრამ სოლო იმპროვიზაციამ დაამშვენეს.
Made In Japan-ში განცვიფრებას იწვევს მასში მონაწილე ხუთივე მუსიკოსის აბსოლუტურად თანაბარი როლი. თუკი ვოკალის პარტიის ქრონომეტრაჟს გავზომავთ, ვნახავთ რომ იან გილანი სხვა როკ კოლეგების უმრავლესობასთან შედარებით, ნაკლებს მღერის, მაგრამ იმდენად სახასიათო და ადვილად დასამახსოვრებელია მისი პარტიები, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს იგი სულ სცენაზეა, თვით Space Truckin’-ის ინსტრუმენტული გარღვევის დროსაც კი... ლორდი და ბლექმორი სოლოებს ინაწილებენ, მაგრამ რომელ როკ ჯგუფს ჰყავს უფრო სერიოზული გიტარისტი მეტი სოლოებით?
ალბომი ჩუმი დაკვრით იწყება და აფეთქება სულ რამდენიმე წამში Highway Star-ის ჯონ ლორდის მძვინვარე ჰამონდ და რიჩის ხატოვან-მახვილგონივრულ სოლოებში გადადის, შემაკავშირებლად იან გილანის მქუხარე ვოკალი და დამაგვირგვინებლად როჯერ გლოვერის საფირმო ამრბენი ტრიუკი რომ ამშვენებს...
Child In Time-ში იან გილანის ცნობილი “სქრიმინგი“ მომღერლის შეუზღუდავი შესაძლებლობების ნიმუშია, რადგან მისი „წივილი“ და იოგების დაჭიმვა, უფრო Child In Time-ის 80-იან 90-იანი წლების ვერსიებისთვისაა დამახასიათებელი.
Smoke On The Water ფინალურ ფაზაში ბლექმორისა და ლორდის პასუხების ფეიერვერკად იქცევა, ხოლო The Mule დრამ სოლო, ალბომის პირველი ნაწილის ემოციების შემკრებ-დამაგვირგვინებლად გვევლინება.
მეორე დისკს Strange Kind Of Woman ხსნის. აქ რიჩის ორ მომღერალ სოლოს შემდგომ იმპროვიზაციაში გიტარას უკვე გიტარის ხმად მორგებული იან გილანი ეპასუხება. სქრიმინგს კი Lazy-ის იდუმალ სამყაროში გადავყავართ, რომელშიც ვოკალის პარტია სიმშვიდით გამოხატული სიმძლავრის იშვიათი ნიმუშია.
Space Truckin’-ს ალბომის მეოთხე გვერდი სრულად უპყრია. მისი ვრცელი ინსტრუმენტული ნაწილი, რიჩი ბლექმორისა და ჯონ ლორდის წლების განმავლობაში დაგროვილი საკვანძო საკონცერტო იმპროვიზაციების კრებულია, რაც ძირითადად Mandrake Root-ში, Wring That Neck-სა და Paint It Black-ის ქავერ ვერსიაში ვლინდებოდა.
ბოლოსკენ კი იაპონელი მსმენელი ტყუვდება, როდესაც ერთ მომენტში შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს კონცერტი მთავრდება. სინამდვილეში კი... ამ ეპიზოდს ბლექმორის სახასიათო სოლო და გრანდიოზული დამაგვირგვინებელი აკორდი მოჰყვება, რასაც მსმენელი უკვე დუმილით ეგებება, თითქოს შეუძლებელია ასეთ კონცერტს დასასრული რომ ჰქონდეს...