ქოცებმა თავიანთი მერობის კანდიდატები წარგვიდგინეს. ”საარჩევნო კამპანია - 2014” ოფიციალურად გაიხსნა. თბილისიდან საქართველოს სხვა ქალაქებში თვითმმართველობის ხელმძღვანელთა წარდენა მართლაც ახალი სიტყვაა ”ევროპის გამაოგნებელ” ქართულ დემოკრატიაში. აფერუმ! თბილისიდან წარდგენილი მაგ. ოზურგეთის მერი თელავიდანაც კი უფრო უკეთ ჩანს და პირიქით.
თბილისიდან წარდგენას კიდევ არა უშავს, რადგან ახლა წამოყენებაა მთავარი. ვინ წამოაყენა ეს კანდიდატები?
ამას წინათ for.ge-ზე ერთ-ერთ სტატიაში (იხ. ”შიხიაშვილს ”შეწირული” ჯანყარაშვილის პოსტი და დაპირისპირება უმრავლესობაში” http://for.ge/view.php?for_id=32344&cat=2) ასეთი ინფორმაცია გამოქვეყნდა: ”პრემიერმა გვითხრა, რომ გამგებლებისა და მერების კანდიდატურები მაჟორიტარებმა წარვადგინოთ, წარდგენილ პირთაგან კი საბოლოო არჩევანს თავად გააკეთებს“, - განუცხადა for.ge-ს კულუარულ საუბარში ერთ-ერთმა დეპუტატმა...”
როგორც ჩანს, ადგილობრივ არჩევნებში მმართველი კოალიციის კანდიდატების შერჩევის ”ტექნოლოგია” ასეთი ყოფილა: გადაწყვეტილებებს მერებისა და გამგებლების კანდიდატებზე საბოლოოდ თურმე, არც მეტი-არც ნაკლები, პრემიერ-მინისტრი იღებს. თანაც მას ეს პრეტენდენტები, რომელთაგან კანდიდატი შეირჩევა, პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატებმა (?!) უნდა შესთავაზონ.
ადგილობრივი ე.წ. პარტიული ორგანიზაციების და მით უმეტეს, ადგილობრივი საზოგადოების როლი ამ პროცესში მინიმალურიც კი არ არის, ისინი უბრალოდ იგნორირებულები არიან. ცენტრალიზაციის ხარისხი იმდენად მაღალია, რომ ქვეყნის მთავრობის მეთაური წყვეტს და ისიც პარლამენტის წევრების შეთავაზებით, ვინ უნდა იყოს ადგილობრივი ხელისუფლების ახალი ”ნაჩალნიკი” ადგილებზე.
ღმერთმა დაიფაროს და ადგილორივ ორგანიზაციას თუ ”ცენტრისგან” განსხვავებული ხედვა ექნება, მაშინ მოხდება ის, რაც არაერთხელ მომხდარა და ბოლოს ყვარლის მაგალითზე ვიხილეთ. ყვარელში საქმე პოლიციის მობილიზებით მოგვარდა. ასეა, ადგილობრივი ინიციატივა დასჯადია! ასეთია ”ევროპის გამაოგნებელი” დემოკრატია!
ადგილობრივი კანდიდატების თბილისიდან წამოყენება უჩვეულო სულაც არ არის. უჩვეულო ცენტრალიზებულად მათი წარდგენაა. ასეთი რამ არც მრავლის მნახველ ევროპულ და არც ამერიკულ დემოკრატიას არ ახსოვს. ყველას გვსმენია, რომ მაგ. ამერიკაში არამც თუ ადგილობრივი, არამედ თვით საქვეყნო, საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიაც კი ადგილებიდან იწყება; სანამ პარტიები საპრეზიდენტო კანდიდატს დაასახელებენ, უმძაფრესი შიდა პარტიული კონკურენციის პირობებში ადგილობრივ პარტიულ თავყრილობებზე ხდება მათი შერჩევა პარტიის ელექტორატის აქტიური მონაწილეობით. ასეა საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაშიც და სრულიად წარმოუდგენელია, რომ ადგილობრივი საარჩევნო კამპანია, არა ადგილებიდან, არამედ ”ზემოდან” დაიწყოს. ეს სახელისუფლებო პირამიდის, რომელიც ქვემოდან ზემოთ შენდება და მთლიანად ხალხს ეყრდნობა, ყირამალა, ამ პირამიდის წვეროთი დაყენების მცდელობა იქნება, რაც, ცხადია, კრახით დასრულდება. ასეა ყველგან, ჩვეულებრივ, მაგრამ არა გამაოგნებელ დემოკრატიებში, რომლის ”წარმატებული” ერთ-ერთი მაგალითიც საქართველოა.
თანაც, ქოცებმა მხოლოდ ქალაქების მერების კანდიდატები წარადგინეს. ამით ხაზგასმულად გვაჩვენეს, რომ ადგილობრივი ძალაუფლების კონცენტრირება თბილისსა და ე.წ. რეგიონულ ცენტრებში, გუბერნატორებთან ”ახლოშივე” მოხდება. სწორედ თვითმმართველ ქალაქებში განთავსებული გუბერნატორების ოფისები და არჩეული ორგანოები შექმნიან პოლიტიკურ ამინდს გარშემო ადგილობრივ ხელისუფლებაში, სხვა თვითმმართველ ერთეულებში პოლიტიკური სიტუაცია ამის მიხედვით დალაგდება. ეს ფორმალურადაც, ახალი ე.წ. კოდექსითაც ასეა: რეგიონულ ცენტრებს აქვთ პრივილეგირებული სტატუსი და გამორჩეული ადგილი, თუნდაც იმიტომ, რომ ისინი მათგან ჩამოშორებული სასოფლო თემების ადმინისტრაციულ ცენტრებსაც (?!) წარმოადგენენ. ამიერიდან ყველა ე.წ. რეგიონულ ცენტრში, მაგ. თელავში, ისევე როგორც, ვთქვათ, ამბროლაურში, ორი საკრებულო, ორი აღმასრულებელი ორგანო - ქალაქის მერი და თემის გამგებელი იქნება: ერთი, უფრო მნიშვნელოვანი - ქალაქელებისათვის, მეორე კი იმ სეგრეგირებული სოფლელებისათვის, რომლებიც ქალაქიდან ისე გარიყეს, რომ თავიანთ ტერიტორიაზე დისლოცირებული თვითმმართველობა არ აღირსეს.
თვითმმართველობის არჩევითი პირების თბილისში შერჩევა და წარდგენა სავსებით საკმარისი, აშკარა და პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის ”არნახული” რეფორმა, რითიც ყურები გამოგვიჭედეს ქოცებმა, თავიდან-ბოლომდე ბლეფია.
ქოცების ყველა კანდიდატი, რომელსაც, ნარმანიასავით მთლად ღრუბლებიდან თუ არა, ყველაზე მაღალი მწვერვალიდან შემოგვთავაზებენ და ალბათ ”აგვარჩევინებენ” კიდეც, პრემიერ-მინისტრის, როგორც პოლიტიკური სისტემის ამჟამინდელი ფორმალური პატრონის, კლიენტი (არ მინდა სიტყვა ”ყმა” გამოვიყენო) იქნება. თავად პრემიერ მინისტრიც თავის მხრივ კლიენტია ოცნების ღრუბლებში მოლივლივე უზენაესი პატრონისა, რომელიც ხალხის დასანახად განდეგილობას დაუბრუნდა, თუმც კი, ერთადერთ და განუმეორებელ საფუძვლიანადაც მოქალაქეობას იჩემებს. როგორც მოქალაქეს (დემოკრატიაში ხომ სწორედაც მოქალაქეა ბატონ-პატრონი), მას არამც თუ კონკურენტი, თანასწორი და ბადალი არ ჰყავს. უარესიც: ყველანი და არა მხოლოდ ხელისუფლება, ნაცების გამოკლებით, მისი კლიენტები ვართ.
ხელისუფლება კორპორაციულად ორგანიზებულია და სწორედაც ამოტრიალებული პირამიდის წვეროს ეყრდნობა. რატომ არ ყირავდება იგი? ალბათ იმიტომ, რომ ჯერ არ შექანებულა. ყოველ შემთხვევაში ფიზიკის კანონებს ამ კითხვაზე სხვა პასუხი არა აქვთ.
ადგილობრივი საზოგადოება, რომელიც ადგილობრივი პოლიტიკური ორგანიზაციების მეშვეობით მონაწილეობას უნდა იღებდეს, მაგრამ ამჯერადაც არ მონაწილეობს კანდიდატების შერჩევის პროცესში, ან უნდა დაეთანხმოს, ან არა ზემოდან წამოყენებულ კანდიდატურას. ადგილობრივი პოლიტიკური პროცესი, თუკი ასეთი რამ საერთოდაც არსებობს, კვლავაც ზემოდან იმართება. ნებისმიერი ადგილობრივი პროცესი ზემოთ დაწყებულის გაგრძელება და გამოძახილია. ცხადია, ქოც მერსაც, თუკი იგი საერთოდ აირჩიეს, მანდატი ხალხისგან კი არა, არამედ ზემოდან ექნება ნაბოძები; იგი უპირატესად სწორედ პატრონის არა ხალხის წარმომადგენელი იქნება, უფრო მისადმი და არა ხალხის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.
პოლიტიკური პროცესები საქართველოში ისევ ვლადიმერ ლენინის ”დემოკრატიული ცენტრალიზმის” პრინციპებით - ზემოდან ქვემოთ იმართება. ყველა ქვემდგომი პარტიული და რაც უფრო სავალალოა, მასთან შერწყმული სახელისუფლო ორგანო უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს ზემდგომს. მმართველობის წესი ორად ორ პუნქტს ეყრდნობა: პირველი პუნქტი ამბობს, რომ ზემდგომი უფროსი ყოველთვის მართალია. იმ შემთხვევაში, თუ ვინიცობაა, ზემდგომი მართალი მაინც არ არის, მეორე პუნქტი გამოიყენება, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ისევ პირველ პუნქტზე მიგვითითებს. მმართველობითი სისტემა, საბჭოთა დროიდან მოყოლებული, კვლავაც დარგობრივ-ცენტრალიზებულია. მმართველობითი გადაწყვეტილებები ”ზემოთ”, მთავრობასა და მის სამინისტროებში მიიღება და ადგილებზე მთვრობის წარმომადგენელთა მიერ ტარდება.
ადგილობრივი საზოგადოება ფორმალურად კი ირჩევს, მაგრამ ირჩევს მხოლოდ და მხოლოდ ცენტრალური მთავრობის ან ”ცენტრალური ოპოზიციის” წარმომადგენლებს. კიდევ უფრო უარესია, რომ ოპოზიციური პარტიებიც ასევე ”დემოკრატიული ცენტრალიზმის” პრინციპებით მოქმედებენ. ისინიც თბილისში და არა ადგილობრივ ორგანიზაციებში წყვეტენ, ვინ წარადგინონ ადგილობრივ არჩევნებში.
ადგილობრივი საზოგადოება მოკლებულია შესაძლელობას, თავად შეარჩიოს და ადგილებზე შერჩეულთაგან შემდგომ აირჩიოს საკუთარი წარმომადგენლები. ასეთი სანახევრო დემოკრატიის, რომელიც მართლაც გააოცებს ევროპას, პირობებში ადგილობრივი არჩევნებისას კენჭი ეყრება არა ადგილობრივ, არამედ ცენტრის მიერ შემოთავაზებულ, უფრო სწორედ, თავსმოხვეულ პოლიტიკას და ცენტრისავე კანდიდატებს. ქვეყნის ტერიტორიული მართვა არ ხდება და ამგვარი დემოკრატიული ცენტრალიზმის პირობებში არც შეიძლება მოხდეს, რაც ყოველგვარ ადგილობრივ განვითარებას გადაულახავ ბარიერს უქმნის.
საბედნიეროდ, ამ ადგილობრივ არჩევნებში პოლიტიკური არჩევანი არსებობს. მადლობა ღმერთს, ერთპარტიული დიქტატურა აღარ არის - ამომრჩეველს ალტერნატივა აქვს. მეტიც: მრავალფეროვანი არჩევანია - ქოცები, ნაცები ან თუნდაც ისევ დაქსაქსული არასაპარლამენტო ოპოზიცია. თუმცა, არც ერთი ამ არჩევანთაგანი არ იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების სასარგებლოდ. ადგილობრივ არჩევნებს, ისევე, როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას, ავტონომიურობის კონტექსტი საქართველოში კვლავაც არ გააჩნია. არ გააჩნია პირველ რიგში ”დემოკრატიული ცენტრალიზმის” სიმყარის გამო, როგორც ქვეყნის მმართველ კოალიციაში, ისე საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციაში.
ასეთი სავალალო ვითარება, ადგილობრივი დემოკრატიის კვლავაც ემბრიონალური მდგომარეობა, მმართველი კოალიციის მავნე პოლიტიკის შედეგიცაა. ერთპარტიული ნაცური რეჟიმი აღარ გვაქვს, მაგრამ მმართველობის ცენტრალიზებული სისტემა კვლავაც ურყევია, ისევე, როგორც პატრონ-კლიენტელიზმზე აგებული დემოკრატიული ცენტრალიზმით მართული პარტიულ-პოლიტიკური სისტემა.
”ნაციონალური” ანტი-დემოკრატია ”ქოციონალურმა” მართალია მრავალპარტიულმა, მაგრამ მაინც ფსევდო-დემოკრატიამ შეცვალა.
”ქოციონალურ” საქართველოში, რომელიც ”ევროპის გამაოგნებელ” დემოკრატიას აშენებს, დემოკრატიის ”შავი კარკასი” ისევ საბჭოურია, ხოლო ამ კარკასის შემავსებელი და მოსაპირკეთებელი სამშენებლო მასალა - ევროპულს მიმსგავსებული სუროგატი. ასეთი ნაგებობის ”ევრორემონტი” მხოლოდ მოჩვენებითი იქნება, თუკი უვარგისი კარკასი - პარტიულ-პოლიტიკური და მმართველობის საბჭოური სისტემები არ გამოიცვალა. ახალი კარკასის მშენებლობა კი ქვემოდან ზემოთ უნდა დაიწყოს და არა პირიქით.
ამჟამად არსებულ პარტიულ-პოლიტიკურ სისტემაში ორი მთავარი მოთამაშეა: ქოცების კოალიცია და ნაცები. არასაპარლამენტო ოპოზიცია, რესურსების უკიდურესი შეზღუდულობის გამო, ძალაუფლების გადანაწილების პოლიტიკურ პროცესში არსებითად არ მონაწილეობს. უარესიც: რესურსების გაერთიანების ნაცვლად კვლავაც დაქსაქსულობის ტენდენციას ამჟღავნებს და ასე აგრძელებს ”მოღვაწეობას”. რეალურად, მმართველი, სახელისუფლებო კოალიციისა და მისი მთავარი ოპონენტის - კონტრ-ძალაუფლების მატარებელი პარტიის გარდა, საქართველოში სხვა პარტიებს რაიმე სოციალური დასაყრდენი და განვითარების პერსპექტივა არც გააჩნიათ. ისინი, თავიანთი არსით, ტიპიურ კლიენტელებს წარმოადგენენ - კერძო და არა საჯარო ინტერესებით პატრონის გარშემო სარგებლის მიღების მოლოდინში შემოკრებილ კლიენტებს. ასეთი კლიენტელა საჯარო პოლიტიკას კი არ ქმნის, არამედ პოლიტიკანობის ხარჯზე იკვებება, უფრო სწორედ - პარაზიტობს მხოლოდ.
ჩვენი მმართველი კოალიციის შესახება კი იგივე ითქმის, რაც რუსეთის მაგალითზე ჯერ კიდევ 90-იანების ბოლოს, რუსეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ჩერნომირდინმა მოსწრებულად შენიშნა: რამდენი მმართველი პარტიაც არ გამოვიცვალეთ, ბოლოს მაინც ისევ ”კომპარტია” შეგვრჩა ხელშიაო...
ჩვენშიც ასეა. დემოკრატიული ცენტრალიზმი და ნომენკლატურა, როგორც პარტიული და იმავდროულად, სახელმწიფო მართვის ძირითადი პრინციპები, დღესაც ურყევია. იცვლებიან მმართველი პარტიები, იცვლება დეკორაციები და გვარ-სახელები, მაგრამ ეს კვაზი-სისტემა მუდმივად, ყოველი ახალი ”რევოლუციის” თუ ხელისუფლების ”დემოკრატიული ტრანზიციის” შემდეგ თავის თავს ხელახლა შობს.
რაც არ უნდა ხმამაღლა იყვირონ ევროპული არჩევანის უალტერნატივობის შესახებ დღევანდელმა ე.წ. ლიბერალებმა, ამით ტიპიურად რუსულ-საბჭოურ, ე.ი. დარგობრივ-ცენტრალიზებულ და პატრიმონიალურ-ნომენკლატორულ მმართველობაში არც არაფერი იცვლება.
მიუხედავად ქაღალდზე დაწერილი კონსტიტუციისა, ძალაუფლება ჩვენში ინსტიტუციებს შორის დანაწილებული არ არის, იგი ერთიანი, სრული და განუყოფელია. ასევე მოჩვენებითია მრავალპარტიულობა და პოლიტიკური პლურალიზმი. ძალაუფლება ყოველთვის ერთ პოლიტიკურ ძალას უპყრია, მის საპირისპიროდ კი დასამხობად მოწოდებული კონტრ-ძალაუფლება ყალიბდება. რადგან ძალაუფლება არ ნაწილდება, ქვეყანაში მუდმივი კრიზისია ან კიდევ უარესი: რევოლუციური სიტუაციაა.
კონტრ-ძალაუფლება მმართველი პოლიტიკური ძალის ლეგიტიმურობის დაკარგვის ხარჯზე იკვებება. არჩევნები, რომელიც მუდმივად ყალბდება, ლეგიტიმურობას მხოლოდ ფორმალურად განსაზღვრავს და გამოხატავს. როცა პოლიტიკური პროცესების თავი-ბოლო რევოლუციებია, ნამდვილი ლეგიტიმურობა მხოლოდ რევოლუციის მომენტში არსებობს, როცა ხალხისგან მხარდაჭერილი კონტრ-ძალაუფლება ხელისუფლებაში მოდის.
ძალაუფლების მოპოვებისთანავე მისი დანაწილებისა და ინსტიტუციონალიზაციის ნაცვლად ხელისუფლების კორპორაციულად ორგანიზება ხდება. კორპორაციის დამფუძნებელი აქციონერების ხელში მთლიანად არის მოქცეული სრული ძალაუფლება, ხოლო ყველა სხვა ან ამ კორპორაციის კლიენტად უნდა იქცეს, ანდაც ცის ქვეშ სხვა ადგილი ეძებოს. ნაცური რეჟიმის მაგალითზე ”კორპორაცია საქართველოს” აღწერილობას დაინტერესებულ მკითხველს ფორ.გე-ზე გამოქვეყნებულ ჩემს ადრინდელ ბლოგებში შეუძლია გაეცნოს (იხ. ”რანი არიან ლიბერასტები და როგორ იბრძვიან ისინი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ” http://for.ge/view.php?for_id=13136&bloger_id=6&cat=12). დღეს სურათი უკეთესია - ზედმეტ ადამიანებს შეუდარებლად უფრო ლმობიერად ექცევიან და ერთგვარად ზრუნავენ კიდეც მათზე. თუმცა, პრინციპულად არაფერი შეცვლილა და კაცმა არ იცის, ლეგიტიმურობის დაკარგვის შემდგომ, რაც გარდაუვალია, რით შეიცვლება ლმობიერება და ეს ახალი კორპორაცია ძალაუფლების შესანარჩუნებლად ძალადობის რა ფორმას აირჩევს.
ადგილობრივ არჩევნებამდე წინასაარჩევნო კამპანიაა გასამართი, თუმცა არჩევნების შედეგები არც თუ ძნელი განსაჭვრეტია. ამ არჩევნებით კოალიცია ”ქართული ოცნება” დაასრულებს 2012 წლის 1 ოქტომბერს მოპოვებული ძალაუფლებისათვის საბოლოო ფორმის მიცემას და საქართველოში ახალი კორპორაციული რეჟიმი გამყარდება. სავარაუდოდ, თუ 1996 წლიდან ავითვლით (მანამდე ქვეყანაში სამოქალაქო ომი და ანარქია იყო), კორპორაციული რეჟიმების აღზევებისა და დაცემის ჟამი ორ სრულ საარჩევნო ციკლს მოიცავს. სრული საარჩევნო ციკლი - ერთი საპარლამენტო არჩევნებიდან მომდევნო არჩევნებამდე პერიოდია, შუალედური, ადგილობრივი არჩევნების, რომელსაც ადგილობრივი ავტონომიური პოლიტიკის კონტექსტი არც გააჩნია, ჩათვლით.
ალბათ უკვე მყარ კანონზომიერებადაც უნდა მივიჩნიოთ, რომ კორპორაციული რეჟიმის სიცოცხლის ხანგრძლივობა ორი ციკლია - პირველ ოთხ წელიწადში ხდება ძალაუფლების გამყარება და მის პარალელურად ე.წ. კონტრ-ძალაუფლების მომწიფება. პირველი ციკლი კორპორაციის აღზევების, ხოლო მომდევნო ციკლი კი მისი კრიზისებისა და დაცემის პერიოდია. საბოლოოდ, მეორე ციკლის დასასრულს კონტრ-ძალაუფლება კორპორაციას ანგრევს და ახალი ციკლი იწყება.
ჩვენ ახლა პირველი საარჩევნო ციკლის შუა პერიოდში ვართ - ახალი კორპორაციის ძალაუფლების გამყარებას ვადევნებთ თვალს და ეს ადგილობრივი არჩევნებიც ამ მოვლენის დემონსტრირება იქნება. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმავდროულად, კონტრ-ძალაუფლებაც ძალას მოიკრებს, ამ ახალი კორპორაციის მესაფლავეც გამოჩნდება ასპარეზზე.
ამჟამად, წინა განვლილი ციკლებისაგან განსხვავებით, კონტრ-ძალაუფლებას უფრო სტრუქტუირებული დასაყრდენი აქვს - რევანშისტული ნაციონალური მოძრაობა, რომლის მიზანი ძალაუფლების დაბრუნება და ანტი-დემოკრატიული რეჟიმის რესტავრაციაა. ასეთ, საფრთხობელად ქცეულ კონტრ-ძალაუფლებას დღეს ახალი კორპორაციისათვის მეტი ლეგიტიმურობაც მოაქვს, მაგრამ მხოლოდ დროებით. საბოლოო ჯამში ეს ახალი კორპორაციაც დასამხობად განწირულია, როგორც წვეროთი ყირამალა დაყუდებული პირამიდა.
კორპორაციების ეს მონაცვლეობა, ჩვენი ”წუთისოფლის წაღმა-უკუღმა ტრიალი” ის საბედისწერო განაჩენია, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენიდან საკუთარ თავს გამოვუტანეთ. უკვე სასაცილოა, სატირელი რომ არ იყოს: ყოველ ციკლთან უდიდესი მოლოდინებია დაკავშირებული, რომ ეს შეიცვლება და ამ ჯოჯოხეთურ წრე-ბრუნვას თავს დავაღწევთ, მაგრამ ვაგლახ! ყოველი ციკლი თავისებურად, მაგრამ მხოლოდ იმეორებს ჩვენს საბჭოურ ისტორიას რევოლუციიდან მორიგ რევოლუციამდე.
არც არაფერი შეიცვლება, თუ კორპორაციის სანაცვლოდ ერი-სახელმწიფოს ინსტიტუციებს არ შევქმნით. ამ მიმართულებით კი, ჩვენდა სავალალოდ, მოძრაობა არ შეინიშნება. რაც მთავარია, ქოცების კოალიცია არც აპირებს მმართველობის ცენტრალიზებულ-დარგობრივი სისტემის გარდაქმნას, რის დასტურიც ადგილობრივი თვითმმართველობის ე.წ.კოდექსია, რომელიც უფრო რეგრესულიც კია, ვიდრე ერთპარტიული რეჟიმის პირობებში მიღებული ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმდებლობა.
რეგრესულია იმიტომ, რომ მდგომარეობა არ უმჯობესდება ცენტრალური და ადგილობრივი კომპეტენციებისა და რესურსების გამიჯვნის თვალსაზრისით, ხოლო დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ტერიტორიული რეფორმა - მუნიციპალიტეტების დანაწევრება და რეგიოების შექმნა, ისეთი კურიოზით დასრულდა, როგორიც ერთის ნაცვლად ორი უმაქნისი საკრებულოს შექმნაა. ამავდროულად, ცენტრალური ხელისუფლების ინტერესების შესაბამისად მკვეთრად უარესდება ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური მოწყობა და ძლერდება ადგილობრივ ორგანოებზე ზემოქმედების, მათ საქმიანობაში დარგობრივი ჩარევის მავნე კანონით გამყარებული მექანიზმები.
უკვე აშკარაა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ”ქოციონალურ” საქართველოში დემოკრატიული ცენტრალიზმით შერჩეულ და მოქმედ ერთპიროვნულ ადგილობრივ მმართველობას და პატრიმონიალურ ბიუროკრატიას, ახალ ნომენკლატურას დაეყრდნობა.
”აქოური პირველი” (ადრე ეს იყო რაიკომის მდივანი, პრეფექტი, პრეზიდენტის მიერ დანიშნული მერი, ნაცების ადგილობრივი ბოსი, რომლის თანამდებობის დასახელებასაც არვითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა და იგი შესაძლოა საკრებულოს რიგითი წევრი, რაიონის პროკურორი ან პოლიციის უფროსი ყოფილიყო) ახლა, როგორც გვეუბნებიან, თურმე ”პირველად საქართველოში” ჩვენ თადად უნდა ავირჩიოთ. ესეც ტყუილია, რადგან მერებსაც და გამგებლებსაც ჯერ კიდევ 2002 წელსაც ვირჩევდით. ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური მოწყობის მთავარი ”სიახლე”, რაც ამ კოდექსითაა შემოღებული, სამწუხაროდ, უკვე კარგად გადავიწყებული ძველია. მერებისა და გამგებლების პირდაპირი არჩევა დაუბალასებელი ინსტიტუციური მოწყობის პირობებში საქართველოში პირველად კი არ ხდება, როგორც ამას ქოცები გვატყუებენ, არამედ ასეთი სისტემა 2002-2006 წლებშიც მოქმედებდა.
ახალი კი ის მართლაც საოცარი საკანონმდებლო ცვლილებაა, რომლის მიხედვითაც პატრიმონიალურ ბიუროკრატიას, ახალ ნომენკლატურას მყარი საკანონმდებლო საფუძველი ექმნება.
როგორი იქნება ახალი კორპორაციის პირობებში ერთპიროვნული ადგილობრივი მმართველობა და ახალი ნომენკლატურა, შემდეგ წერილში გავარკვიოთ. ამ წერილის მთავარ დასკვნად კი ”ქოციონალური” კორპორაციის შექმნას, რომელიც ამ ადგილობრივ არჩევნებში დასრულდება, დავჯერდეთ.