69 წლის წინ 1945 წლის 9 მაისს დამთავრდა მსოფლიო ისტორიაში ყველაზე გრანდიოზული მასშტაბის ომი საბჭოთა კავშირ-გერმანიას შორის. დაპირისპირებული შეიარაღებული ძალების რიცხოვნობისა და მსხვერპლის რაოდენობით ამ ომს ანალოგი არ მოეძებნება. მის შედეგებზე იყო დამოკიდებული, თუ რა მიმართულებით განვითარდებოდა კაცობრიობის ისტორია, ყოველ შემთხვევაში - ევროპის ხალხებისა და საბჭოეთის შემადგენლობაში მყოფი ერებისა, რომლებმაც უშუალოდ განიცადეს გერმანული აგრესია და ოკუპაცია.
ვინც შედარებით გარკვეულია გერმანული ნაციზმის არსში, მისთვის სადავო არ უნდა იყოს, რომ ფაშისტური გერმანიის სახელმწიფო რასობრივი იდეოლოგია უმოწყალო განადგურებით ემუქრებოდა ყველა დაპყრობილ ერს და, განსაკუთრებით, საბჭოეთის შემადგენლობაში მყოფ ერებს, როგორც დაბალი რასის წარმომადგენლებს, რომლებიც მონობისა და ფიზიკური გადაშენების სიაში ჰყავდათ შეყვანილი ჰიტლერელებს.
ვინც ჯერ კიდევ ურწმუნოა და ყალბი და უპასუხისმგებლო შეხედულებების ტყვეობაშია, არადა, სამწუხაროდ, ასეთებიც არიან, განსაკუთრებით მათ გასაგონად მოვიყვან მიხეილ კვესელავას შესანიშანავი წიგნიდან ”ასერგასის დღე” რამდენიმე ამონაწერს, რომელიც ნიურბერგის პროცეში უშუალოდ მონაწილეობდა და ფაშისტური გერმანიის საიდუმლო დოკუმენტებს პირადად ეცნობოდა:
თავად ჰიტლერი წერს: ”ჩვენ უნდა შევქმნათ გერმანელებისაგან ბატონთა კლასი. ამიტომ დაგვჭირდება დიდი რაოდენობა მომსახურე ადამიანებისა. ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ ვუწოდოთ მათ მონათა კლასი.”
ჰიმლერი კი დაუფარავად წერდა: - ”ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ისინი ტოვებდნენ შთამამოვლობას. ამიტომ ყოველგვარი ოჯახი ამ მონებისათვის პრინციპულად უნდა იქნეს აღკვეთილი.”
1941 წლის 16 ივლისს ჰიტლერმა თავის ამფსონებს განუცხადა: ”ურალის დასავლეთით სამხედრო სახელმწიფოს არსებობა არასოდეს არ უნდა დადგეს დღის წესრიგში. ჩემმა ყველა მიმდევარმა უნდა იცოდეს, რომ იმპერია მხოლოდ მაშინ იქნება ყოველგვარი საფრთხის გარეშე, როცა ურალის დასავლეთით აღარ იარსებებს უცხოეთის არმია. ამ ტერიტორიების დაცვას გერმანია თავად იკისრებს. მხოლოდ გერმანელს აქვს უფლება იარაღის ტარებისა”.
ბატონობის ფორმებიც გერმანული პუნქტუალობით იყო დადგენილი. სსრკ-ს დაპყრობილ ტერიტორიებზე ოთხი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ერთეული, ანუ რაიჰკომისარიატი უნდა ჩამოყალიბებულიყო.
1. რაიჰკომისარიატი ”მოსკოვი”, ცენტრი მოსკოვი. დაქვემდებარებული გენერალური კომისარიატები: მოსკოვის, ტულის, ლენინგრადის, გორკის, ვიატკის, ყაზანისა და პერმის;
2. რაიჰკომისარიატი ”ოსტლანდი”, ცენტრი რიგა. გენერალური კომისარიატები: ესტონეთის, ლიტვის, ლატვიისა და ბელარუსიის;
3. რაიჰკომისარიატი:”უკრაინა”, ცენტრი როვნო. გენერალური კომისარიატები:ვოლინო-პოდოლიის, ჟიტომირის, როსტოვის, კიევის, სტალინგრადის, სარატოვის, ვოლგისპირა გერმანელებისა და ვორონეჟის;
4. რაიჰკომისარიატი ”კავკასია”, ცენტრი თბილისი. გენერალური კომისარიატები: ყუბანის, სტავროპოლის, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და მთიანეთის.
კავკასიის რაიჰკომისრად უკვე პიროვნებაც იყო შერჩეული, ვინმე შიკედანცი, ხოლო დაპყრობილი ტერიტორიების მმართველობის საკითხში ჰიტლერმა თავის თანაშემწედ დანიშნა როზენბერგი.
ჰიტლერი ამბობდა: ”დიდი გერმანიის საზღვრები იქნება ჩრდილო-აღმოსავლეთით ფინეთი, ხოლო სამხრეთ -აღმოსავლეთით საქართველო. კავკასია ჩვენთვის ნავთის უზარმაზარ რეზერვუარად უნდა იქცეს, თუ ჩვენ გვინდა ეს ნავთი ხელთ ვიგდოთ, კავკასიაში უმკაცრესი ღონისძიებები უნდა გავატაროთ, თორემ ისე ვერაფერს გავხდებით ამ სისხლის აღებით დაორსულებულ მხარეში.”
მიხეილ კვესელავა წერს: ”როზენბერგს მეც დავუსვი რამდენიმე შეკითხვა: „ხომ არ შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით გვიამბოთ საქართველოს შესახებ?“ პასუხი: „მე ხელთ არა მაქვს საჭირო მასალები. რაც შეეხება ძირითადს, თქვენ უჩემოდაც იცით, რომ ჰიტლერს საქართველო შეტანილი ჰქონდა გერმანიის იმპერიის ფარგლებში.”
როზენბერგი და შიკედანცი კავკასიაში გასატარებელ ღონისძიებებს სამ ეტაპად ყოფდნენ:
1. კავკასიასთან მიახლოებისას ”ნამდვილი მიზნების” შესანიღბაად გამოყენებული ღონისძიებანი და პროპაგანდისტული მანევრი ”გათავისუფლების” შესახებ.
2. ე.წ. ”დროებითი”, ანუ ”გარდამავალი პერიოდის” ღონისძიებები კავკასიის დაპყრობის დროს, რასაც უნდა უზრუნველეყო ჰიტლერის მითითება ”ნაადრევად მტრების გაჩენის” მიზანშეუწონლობის შესახებ.
3. ღონისძიებები საბოლოო მიზნების განსახორციელებლად, რაც კავკასიაში გერმანელების სამუდამო ბატონობის დამყარებას და მისი ზოგიერთი ტერიტორიის, კერძოდ, საქართველოს ”განახლებას” გულისხმობდა.
ხოლო ე.წ. ”განახლება” ნიშნავდა მითითებული ტერიტორიის მკვიდრი მოსახლეობისაგან გაწმენდას და მასზე გერმანელების ჩამოსახლებას, რისიც უამრავი მტკიცებულებაა მოყვანილი აღნიშნულ წიგნში.
ამ ფრაზების გაცნობის შემდგომ ნათელი უნდა ხდებოდეს, თუ რა ისტორიული მნიშვნელობის ომი იქნა მოგებული ჩვენი წინაპრების მიერ მე-20 საუკუნის 40-იან წლებში, რომელშიც საქართველოს განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი.
ჩვენ თუ დიდგორის ომით ვამაყობთ, რომელიც თითქმის ათასი წლის წინ გაიმართა, რომელშიც დავით აღმაშენებლის უბადლო მხედარმთავრული ნიჭითა და ქართული ჯარის თავგანწირვით ბრწყინვალე გამარჯვება იქნა მოპოვებული, რომელმაც ქართველი ერი სრული განადგურებისა და გათურქებისაგან იხსნა, ასევე, არანაკლებ საამაყო და მნიშვნელოვანია სულ რაღაც 69 წლის წინ ანალოგიური განადგურების საფრთხის შემცველ გერმანულ ფაშიზმზე გამარჯვება. და თუ ფაქტია, რომ მასში მონაწილებოდა 700 ათასი ქართველი და ყოველი მეორე ბრძოლაში დაიღუპა, მთავარსარდალი იყო ქართველი იოსებ ჯუღაშვილი- სტალინი და მტრის დამარცხებით საქართველო გადაურჩა დამონებასა და მოსპობას, მაშინ გაოცებას იწვევს ის გავრცელებული შეფასება, რომ ეს ომი ქართველებისთვის არ იყო სამამულო ომი.
ამ სიტყვების წაკითხვით აღშფოთებულთათვის გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგად ვიცი, თუ რა უდევს საფუძვლად სხვაგვარ შეფასებას. მათდა გასაოცრად, მეც ვერკვევი ისტორიაში და მეც ვიცი, რომ საქართველო 1921 წლის თებერვალში იქნა ოკუპირებული საბჭოთა რუსეთის მიერ, რომელსაც ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია ჟორდანიას უდღეურმა ხელისუფლებამ. მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ კავკასია ევროპის ჰეგემონი ქვეყნებისა და თურქეთ-ირანისათვის ნავთობის მდიდარი საბადოებითა და აზიიდან ევროპაში ტრანზიტული სავაჭრო გზით მეტად ტკბილი ლუკმა იყო, რომლის დაპყრობის რეალურ პროექტებს ადგენდნენ მათი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობები. მაგალითად, 1918 წლის აპრილ-მაისში თურქეთის მხრიდან სრულ ოკუპაციას გადაურჩა საქართველო იმდროინდელი გერმანიის სამხედრო-დიპლომატიური ძალისხმევით, რომელსაც საკუთარი გეგმები გააჩნდა კავკასიაში.
ამავე პერიოდში ინგლისი ”დიდი სომხეთის” ინტერესების დაცვაზე ამახვილებდა ყურადღებას, ყველას კი მიზნად მთელი კავკასიის ხელში ჩაგდება სურდა, რომელთაც დაასწრო საბჭოთა რუსეთმა და ინგლისთან გარიგებითა და მისი ფარული თანხმობით დამკვიდრდა კავკასიაში.
უკვე 40-იანი წლებისთვის არც საფრანგეთი იყო გულხელდაკრეფილი და აეროდრომები თურქეთში - დიარბერქირში, ერზრუმსა და ყარსში განალაგა, ხოლო თურქი მარშალი ჩაკმაკი გვერდში ამოიყენეს და მისი ხელითაც აპირებდნენ კავკასიის დაპყრობას. ანალოგიურად, ინგლისელებმა ანკარაში გამოაგზავნეს გენერალი დიდისი. ფრანგებმა პარტნიორობა ირანელებსაც შესთავაზეს და მაშინ ასპარეზზე გამოჩნდა ირანელი გენერალი ალი რაზმარი. 1940 წლის აპრილში საფრანგეთის მთავრობამ დაამტკიცა კავკასიაში შეჭრის გეგმა, რომელიც ივნისის ბოლოს ან ივლისში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მაგ დროისთვის გერმანიამ საფრანგეთის ოკუპაცია განახორციელა.
ყოველივე ზემოთ აღწერილი ამტკიცებს იმას, რომ საქართველო და, საერთოდ, კავკასია თავისი ბუნებრივი სიმდიდრითა და გეოგრაფიული მდებარეობით მსოფლიოს ჰეგემონი ქვეყნების მუდმივი გეოპოლიტიკური ინტერესების სფეროში იმყოფება და მას აუცილებლად სჭირდება ისეთი სტრატეგიული მოკავშირე დიდი სახელმწიფოს სახით, რომელიც მის ეროვნულ ინტერესებს, მშვიდობიან განვითარებასა და კეთილდღეობას ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს და ამავე დროს, გარეშე მტრისგანაც გარანტირებულად დაიცავს.
რახან იმ დროს იმპერიების ეპოქა იყო და თუ მაინც და მაინც რომელიმე უცხო ქვეყნის კოლონია უნდა გამხდარიყო საქართველო, მიმაჩნია რომ იმ პერიოდში საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ერთ-ერთი რესპუბლიკის სტატუსით ყოფნა ყველაზე მისაღები და ნაკლები ბოროტება იყო საქართველოსთვის და ეს მოსაზრება შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმაც დაამტკიცა,
მიუხედავად საბჭოთა სისტემის უარყოფითი გადახრებისა, რაც გამოიხატა შიდაპოლიტიკური მოწინააღმდეგების განადგურების დროს გაუმართლებელ, უსაფუძვლო რეპრესიებში, რომელსაც უამრავი ღირსეული ქართველი შეეწირა, საერთო ჯამში საქართველო აღმშენებლობის მხრივ დიდი პროგრესის გზას დაადგა ეკონომიკური აღმავლობით, ინდუსტრიალიზაციით, ეროვნული კულტურისა და მეცნიერების წინსვლით, სოციალური უზრუნველყოფით (მოსახლეობისათვის გარანტირებული სამუშაოთი, უფასო სამედიცინო მომსახურებითა და განათლების მიღებით) დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებით, რაც გამოწვეული იყო საბჭოთა რესპუბლიკებისათვის მინიჭებული საბჭოურ წყობაზე მორგებული რეალური კულტურული ავტონომიით.
კიდევ ვიმეორებ, არ უარვყოფ, საბჭოთა სისტემა იდეალური და ჰუმანური ნამდვილად არ იყო, მაგრამ საბჭოთა ეპოქაში 70 წელი არსებობდა საქართველო, ეს ჩვენი ისტორიაა, ხოლო ისტორიას შესწავლა სჭირდება, დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოვლენა და შეფასება და არა მთელი ეპოქის სანაგვეზე გადაგდება. არ არსებობს ისტორიული ეპოქა, რომელსაც რაიმე ასპექტში ნაკლი არ ჰქონდა და მაშინ ასეთი მეთოდით მთელი ისტორია საფურთხებელი და სანაგვეზე გადასაგდები ყოფილა.
გთავაზობთ იმ ვიდეოფილმებს, სადაც საბჭოთა არქივებში არსებულ საიდუმლო დოკუმენტებზე დაყრდნობით გაქარწყლებულია ის სიცრუე, რომ საბჭოთა მთავრობა თითქოს ომის საშიშროებას სრულიად მოუმზადებელი შეხვდა და ჰიტლერმა საბჭოეთზე მოულოდნელი თავდასხმით მოატყუა სტალინი, რამაც გამოიწვია ომის პირველი თვეების საშინელი მარცხი და დიდი მსხვერპლი მოსახლეობასა და არმიაში. ვნახოთ ეს ფილმები და ადვილად დავრწმუნდებით ხრუშჩოვშჩინის სიცრუის უსაფუძვლობაში, რომელსაც ეყრდნობა დასავლური იდეოლოგიის დემაგოგიაც.იხილეთ: http://www.youtube.com/watch?v=IOx7VlI35Z0 http://www.youtube.com/watch?v=hDzq67FM0kg
რაოდენი ბედის ირონიაა, რომ ამ უდიდესი ისტორიული მოვლენის აღსანიშნავი დიდების მემორიალი ქუთაისში აფეთქებული იქნა ამ ომის დამთავრებიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით. საქართველოს ისტორიაში ეს ნაბიჯი სამარცხვინო ფურცლად ჩაეწერება, ხოლო ამ გადაწყვეტილების მიმღები ე.წ. ნაციონალური მთავრობა სააკაშვილის მეთაურობით ლაფში ამოსვრილ უზნეობის ნიმუშად წარსდგება ისტორიის სამსჯავროზე.
იმ უდიდესი ეპოქალური მნიშვნელობის სხვადასხვა მოვლენებზე ვეცდებით კიდევ ბევრჯერ გვქონდეს საუბარი, რადგან გვსურს დოკუმენტური გამოკვლევებისა და უტყუარი ფაქტების საფუძველზე აღვადგინოთ სიმართლე, რომელიც ბევრ შემთხვევაში გამიზნულად სიცრუითა და დემაგოგიით არის დაფარული უმეტესწილად დასავლური ჰეგემონიზმისა და აგრესიული პოლიტიკის შესანიღბად.
ასევე გვინდა შემოგთავაზოთ ისტორიული დოკუმენტებით გაჯერებული ფილმი სათაურით: ”შეეძლო კი სტალინს ჰიტლერის შეჩერება?”, სადაც შესანიშნავად არის დამტკიცებული, რომ მეორე მსოფლიო ომის დაწყებას ხელი შეუწყო სწორედ დასავლეთის ლიდერი ქვეყნების ინგლისისა და საფრანგეთის მთავრობების მიზანდასახულმა პოლიტიკამ, რომლებმაც მრავალჯერ უარყვეს სტალინის შეთავაზება ანტიჰიტლერული კოალიციის შექმნის შესახებ. სამაგიეროდ, ჰიტლერს მისცეს კარტბლანში 1938 წლის მიუნხენის ხელშეკრულებით ავსტრიის, ჩეხოსლოვაკიის სუდეტის მხარის და საერთოდ ჩეხოსლოვაკიის დაპყრობისათვის. ამ ხელშეკრულებით კი ამაყობდა ინგლისის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ჩემბერლენი.
დასავლეთის ამგვარი პოლიტიკის მოტივი იყო ერთადერთი, რომ ჰიტლერული გერმანია დაჯახებოდა საბჭოთა კავშირს, რომელსაც იმ დროს გერმანულ ნაციზმზე უარეს მტრად მიიჩნევდნენ. შემდგომში, როცა ამ პოლიტიკამ კრახი განიცადა და გერმანიამ პოლონეთისა და საფრანგეთის ოკუპაციითა და ლონდონის მასირებული დაბომბვებით დაამტკიცა დასავლური პოლიტიკის სიბეცე, გადაწყვიტეს, რომ მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში მთავარ დამნაშავედ ჰიტლერთან ერთად სტალინიც გამოაცხადონ და ამის დასამტკიცებლად იყენებენ სსრკ-გერმანიის ე.წ. რიბენტროპ-მოლოტოვის 1939 წლის 23 აგვისტოს პაქტს, რომლის დადებაც სტალინისთვის იყო ანტიჰიტლერუილი კოალიციის შექმნაზე უარის თქმის შემდეგ იძულებითი ნაბიჯი, რათა გერმანიასთან ომი გადაევადებინა სამხედრო თვალსაზრისით უკეთ მოსამზადებლად. ამ პროცესში, სხვათა შორის, დიდ უარყოფით როლს ასრულებდა პოლონეთიც, რომელიც გერმანიის რაიჰის მოკავშირედ მიიჩნევდა თავს მანამ, სანამ გერმანია არ შეიჭრა პოლონეთში 1939 წლის 1 სექტემბერს.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ვნახოთ ეს დოკუმენტური ფილმიც და ერთად ვიპოვოთ სიმართლე. იხილეთ: http://www.youtube.com/watch?v=Swc91THxsd8