წერილის წინა ნაწილში ნახსენები ჭკვიანი, მამაცი და სწორი პოლიტიკის გამტარებელი მონარქების გარდა საქართველოს ჰყავდა ისეთი მეფეებიც, რომელთაგან ზოგიერთს ან ჭკუა აკლდა ან სიმამაცე, ან ორივე ერთად და ამიტომაც აბსოლუტური მონარქიის პირობებში, დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების გამო მოძალებული მტრის მიერ ამ მონარქთა საპატრონო ქვეყანა ძირფესვიანად ითხრებოდა.
ერთ-ერთი მათგანი იყო დემეტრე თავდადებულის ძე დავით VIII, სრული ანტიპოდი საკუთარი მამისა. მონღოლთა ახალი ყაენი ყაზანი მონღოლური წესის თანახმად ითხოვდა თავის ქვეშევრდომთან შეხვედრას. დავით მეფეს ყაენთან სტუმრობისა სასტიკად ეშინოდა და მიუხედავად იმისა, რომ ყაზან ყაენი მძევლებად საკუთარ ცოლ-შვილს იქით უგზავნიდა უვნებლობის ნიშნად, ქართველთა მეფე ჯერ შეხვედრის დაპირებას იძლეოდა, ხოლო შემდეგ პირობას არღვევდა და სამხრეთის ურდოსთან მეომარ მონღოლების ჩრდილოეთის ურდოსთან კრავდა სამხედრო კავშირს.
ამ სულწამხდრობით გამოწვეული პოლიტიკის გამო მონღოლები რამდენიმე წელი აწიოკებდნენ და აცამტვერებდნენ საქართველოს. ბოლოს დავით მეფით განრისხებულმა მონღოლებმა დემეტრე თავდადებულის სხვა ძე, ვახტანგი დასვეს ტახტზე და 1303 წელს დემეტრეს შვილებმა დავით VIII-მ და ვახტანგ III-მ ძმათა მკვლელ ომში ერთმანეთს ამოახოცინეს ქართველები.
თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ვახტანგ III-მ ეს ცოდვა იმით მოინანია, რომ მამამისის მსგავსი გმირობა ჩაიდინა: ყაზან ყაენმა სპარსელთა ჩაგონებით საქართველოს ეკლესია-მონასტრების დანგრევა და ქართული მოსახლეობის ისლამის რჯულზე გადაყვანა ბრძანა და მაშინ ვახტანგ მეფე თავისი ნებით ეახლა ყაენს ერისთავებთან ერთად და გაბედულად უთხრა, რომ თუ მაგ ბრძანებას არ შეცვლი:”მე პირველი მზად ვარ სიკვდილად ქრისტეს სჯულისათვის და ქრისტიანი ერისა და სამშობლოსათვის; ასევე მზად არიან სიკვდილისათვის ჩემი ერისთავნი. მაშ, აჰა, დაგვაყრევინე თავები, ოღონდ ნურას ავნებ ერსა და ქვეყანას ჩვენსა”.
მართალია, ამგვარი საქციელით განცვიფრებულმა ყაზან ყაენმა უარი თქვა თავისი უგუნური და სასტიკი ბრძანების შესრულებაზე, მაგრამ ქართველი მეფის, ვახტანგ III-ისა და მისი ერისთავების გმირობას ამით არაფერი აკლდება და დემეტრე თავადადებულის, შალვა ახალციხელის, ცოტნე დადიანის, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების, ბიძინა ჩოლოყაშვილისა და საქართველოს სხვა დიდებულ გმირთა გალერეაში სამშობლოსათვის თვითგანწირვის შემართებით უეჭველად იკავებენ ღირსეულ ადგილს.
საქართველოს ისტორიაში არაშორსმჭვრეტელური, უკიდურესად საზიანო შედეგების მომტანი პოლიტიკით გამორჩეულად შეიძლება მივიჩნიოთ ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი VII. მას მსოფლიოში თავისი მიზანთროპიით ცნობილი თემურ-ლენგის საქართველოზე შემოსევების დროს მოუწია მეფობამ და საბრძოლო სიმამაცით ნამდვილად იკავებს ღირსეულ ადგილს ისტორიის ფურცლებზე, მაგრამ რამდენად რაციონალური და გონივრული იყო მისი მუდმივი საომარი განწყობა, აქ კი არგუმენტირებული კითხვები იბადება.
ისტორიული არქივებით ცნობილია, რომ თემურ-ლენგმა საქართველოზე მეოთხედ ლაშქრობის შემდეგ ინდოეთის დაპყრობა განიზრახა და რამდენიმე წლით გაეცალა საქართველოს. ამ დროს, იმის ნაცვლად რომ გიორგი VII-ს მტრის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებაზე ეზრუნა, რატომღაც აქცენტი დაკარგული გავლენის ზონების აღდგენაზე გააკეთა, ილაშქრა ნახჭევანში და მისი ბატონიშვილი ქურთი თაჰერ ჯალაირიანი გამოიხსნა ალინჯის ციხის ალყისგან, რომელიც თბილისში წამოჰყვა ქართველ მეფეს.
ამ თავდასხმის შესახებ თემურ ლენგს რომ გააგებინეს, მან ინდოეთთან საომარი ოპერაცია შეწყვიტა და შურის საძიებლად საქართველოსკენ წამოემართა. 1399 წელს საქართველო თემურ-ლენგის მეხუთე ყველაზე სასტიკი ლაშქრობის მსხვერპლი გახდა, რადგან შენობა-ნაგებობებით დაწყებული ბაღ-ვენახებიც მოთხარეს მტრის ჯარებმა. მემატიანე გვამცნობს, რომ ზავის დადების თხოვნას ფუჭად ელოდებოდა თემურ ლენგი, რის გამოც 1400 წელს უკვე მეექვსედ დაესხა თავის მის ბედისწერად ქცეულ ქვეყანას.
ამ თავდასხმის წინ ერთი მოთხოვნა წამოუყენა გიორგი მეფეს თემურ-ლენგმა, რომ თუ მასთან შეფარებულ ნახჭევანის ბატონიშვილს თაჰერს გადმოსცემდა, მაშინ ხელშეუხებლობას ჰპირდებოდა. არავინ უწყის შეასრულებდა თუ არა პირობას თემურ-ლენგი, მაგრამ ქართველი მეფის პასუხი მისდამი, რომ არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, ეს სადავო არ უნდა იყოს. როდის იყოო, რომ შევრდომილ კაცს ქართველები მტერს დავანებებთო, თუმცა, სინამდვილეში იყო ასეთი შემთხვევა, როცა მსგავსი მუქარის გამო დავით VIII-თან და სამცხის ერისთავთან ბექა ჯაყელთან შეფარებული თუქალ ნოინი და მისი შვილი მონღოთა ყაენს, ყაზანს მკაცრი მოთხოვნის შემდეგ გადასცეს, რასაც შეეწირა კიდეც თუქალ ნოინი. გიორგი VII-ს თემურ-ლენგისადმი წერილში აშკარად იკვეთება გამომწვევი ტონი: ”მაშ მოდი, ხოლო უკეთუ არ მოხვიდე, იყავ დიაცი და არა კაცი”.
დიახ, ჯერ კიდევ დიდი მოსახლეობის მქონე იყო საქართველო და საყოველთაო მობილიზაციის შემთხვევაში მრავალრიცხოვანი ჯარის გაყვანაც შეეძლო ქართველ მეფეს, მაგრამ ისიც ცნობილია, რომ ომში მონაწილეობა მხოლოდ სამხედრო საქმის მცოდნე თავად-აზნაურთა ფენას ეკისრებოდა და თვით თამარის მეფობის ჟამს, როცა მიახლოებითი გათვლებით მარტო ქართული მოსახლეობა 5 მილიონს აჭარბებდა, მხოლოდ 80 ათასიანი საომარი ძალა იკრიბებოდა იგივე ბასიანისა და შამქორის ბრძოლებში, ისევე როგორც მეფე რუსუდანის დროს გარნისთან ქართველობაზე ბევრად მრავალრიცხოვანი ჯალ-ალ-ედინის ჯარის წინააღმდეგ სამკვდრო-სასიცოცხლო ომში შეიკრიბა.
მაშ, რისი იმედი უნდა ჰქონოდა სანახევროდ გაწყვეტილი ქვეყნის მეფეს გიორგი VII-ს მაშინდელი ნახევარი მსოფლიოს მპყრობელ ურიცხვი ჯარის მქონე დიდ მხედარმთავართან საომარ ჭიდილში? თავისი დაუმარცხებლობის იმედი ნამდვილად არა, რადგან მანამდეც რამდენიმეგზის დამარცხდა თემურ-ლენგთან შეტაკებისას და თავს ყოველთვის გაქცევით შველოდა.
უნდა ვიფიქროთ, რომ ფარსმან მეფის, ვახტანგ გორგასლის, დავით აღაშენებლისა და გიორგი ბრწყინვალეს გამარჯვებათა შარავანდედი უბრმავებდა თვალებს გიორგი VII-ს, მაგრამ გონებას თუ უფრო მოუხმობდა, აუცილებლად დაინახავდა, რომ თითოეული ეს მეფე თავიანთ დიდ გამარჯვებებს არა მარტო საკუთარი სამხედრო ძალების საფუძველზე ჭედავდნენ, არამედ ხელსაყრელი საგარეო ფაქტორების აქტიურ პოლიტიკასთან თანხვედრით აღწევდნენ წარმატებებს, ანუ მაშინ, როცა ტრადიციულ დამპყრობელ იმპერიებში შინაომების ხანა დგებოდა და ამის გამო საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას იმპერიული ორგანიზებული სამხედრო მანქანა ვერ უპირისპირდებოდა.
გიორგი VII-ს პერიოდი კი იყო თემურ-ლენგის ზეობის პერიოდი, რომელმაც დიდი სამხედრო და ორგანიზატორული ნიჭით მრავალ ხალხთა მპყრობელი უძლიერესი აზიური იმპერია შექმნა. ასეთ მსოფლიო მნიშვნელობის ჰეგემონისტურ ძალასთან თუნდაც მკაცრი საზავო პირობებით მშვიდობის მიღწევა იქნებოდა ბევრად დიდი ეროვნული და შორსმჭვრეტელური სასიკეთო პოლიტიკა, ვიდრე, ერთი შეხედვით, გაბედულად ბრძოლის ველზე უამრავჯერ გასვლა, რომელთაც ყოველთვის შედეგად დამარცხება, ქართული მოსახლეობის მასობრივი ამოჟლეტა და ქვეყნის გადაბუგვა მოჰყვებოდა.
მეექვსე გამანადგურებელი ლაშქრობის შემდგომ გიორგი VII-მ ბოლოს და ბოლოს ინება და თავისი ძმის კონსტანტინე ბატონიშვილის ხელით ზავი დადო თემურ ლენგთან, რომლის პირობით ხარკის გადახდა და მის მოწვევაზე საომრად ჯარის გაყვანა იკისრა. მსგავს პირობებს გიორგი ბრწყინვალეს ჩათვლით ყველა ქართველი მეფე ასრულებდა მონღოლების ასწლიანი ბატონობის დროს, მაგრამ გიორგი მეფემ სწრაფადვე დაარღვია ზავის პირობები, არც თვითონ ეწვია თემურს და თურქებთან საომრად წასულს არც ჯარი გაუგზავნა.
ეს გახდა მიზეზი თემურ ლენგის მე-7 და მე-8 შემოსევებისა 1402 -1403 წლებში, რომელსაც მოჰყვა დასავლეთ საქართველოს საშინელი აოხრება, არადა, მას მანამდე, 150 წლის მანძილზე მტრის ფეხი არ უნახავს. მხოლოდ ქვეყნის სრული დაქცევის შემდგომ კვლავ დადო ზავი გიორგი VII-მ თემურ-ლენგთან, თუმცა პირად გამოცხადებაზე კვლავ უარი განაცხადა.
აქ ლოგიკურად გამახსენდა დიდი თეოლოგისა და განმანათლებლის, ეკლესიასტეს სიტყვები: ”რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი”.
სააკაშვილი უნდა მოვლენოდა მაინც და მაინც საქართველოს ქვეყნის სათავეში, მაშინ, როცა პუტინის რუსეთმა დაკარგული გეოპოლიტიკური ინტერესების აღდგენის ხისტი პროცესი დაიწყო და სააკაშვილი, ისევე როგორც გიორგი VII, საქართველოსა და რუსეთს შორის ძალთა ბალანსის გათვლის გარეშე ბრიყვულად დაუპირისპირდა ისტორიულად ჰეგემონისტურ სახელმწიფოს, რუსეთს და მასთან კატასტროფული შედეგების მომტან სამხედრო კონფლიქტამდე მიიყვანა ქართული სახელმწიფო. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ხსენებულ ქართველ მეფეს სიმამაცეში ისე ვერ შეედრება სააკაშვილი, როგორც უმწეო კატის კნუტი ვეფხვს.
1405 წელს თემურ ლენგი ჩინეთზე ლაშქრობისას ზედმეტი ღვინის სმით გარდაიცვალა, ხოლო მის მიერ განადგურებულ საქართველოში გიორგი VII მხოლოდ 5000 მეომრის შეკრებას ახერხებს ბევრად მრავალრიცხოვანი თურქების შემოსევის წინაღმდეგ და 1407 წელს უთანასწორო ბრძოლაში იღუპება.
ტახტზე ადის მოკლული მეფის ძმა კონსტანტინე I და 1411 წელს თურქმანებისგან შირვანის დასაცავად მხოლოდ 2000 მეომრიანი ჯარი შეკრიბა, რომლებიც თავის მეფიანად შეაკვდნენ მტერს.
თემურ-ლენგის შემოსევების შედეგად იმდენად გაჟლეტილი და გაცამტვერებული იყო საქართველო, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას უკვე აღარ შეეძლო ძალების მოკრება, რომ აელაგმა განკერძოებულობისკენ მიდრეკილი თავადების დაუმორჩილებლობა და თვითნებობა და ეს გახდა მიზეზი საქართველოს დაშლა-დაქუცმაცებისა.
ამას თან დაერთო საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემით ერთმორწმუნე ბიზანტიის იმპერიის ლიკვიდაცია და მის ადგილას ისლამური ოსმალური იმპერიის შექმნა.
სამხრეთ-აღმოსავლეთით კი, საქართველოს საუბედუროდ ირანის ისლამური სახელმწიფო ძლიერდებოდა. ამგვარად, დაფანტულ-დასუსტებულ საქართველოს უკვე აღარ შეეძლო დამოუკიდებლად თავი დაეხსნა ისლამური აგრესიისგან. ამის გამო მაშინდელი საქართველოს პოლიტიკური ელიტა დიდი ძალისხმევით ეძებდა დასავლეთ ევროპის ქრისტიანული სახელმწიფოებისა და რომის პაპისგან სამხედრო-პოლიტიკურ დახმარებას.
ჯერ კიდევ გიორგი ბრწყინვალე საფრანგეთის მეფე ფილიპე VI ვალუას საყვედურით წერდა: "საფრანგეთის ღვთაებრივი ხელმწიფენი ხშირად აღძრავენ აღმოსავლეთის მეფეებს სარკინოზთა წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ საქმე ის არის, რომ შემდეგ ისინი აღარ მოდიან, სტოვებენ რა მათ ამ მტანჯველ ომში მარტოდ.
ამგვარად, გთხოვთ თქვენ დაადგინოთ, როგორ და როდის გადმოლახავთ ზღვას და მყისვე მეც იქ მიხილავთ, თქვენი კეთილი ნების შესაბამისად, 30 ათასი ჯარისკაცით”.
უმამაცესი და უნიჭიერესი მხედართმთავარი, ქართლის მეფე სვიმონ I რომის პაპს სთხოვდა: "შევაგულიანოთ ქრისტიანი მეფეები და ხელმწიფეები, ჩვენი ქრისტესმიერი შვილები, გამოვიდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ”.
უფრო მეტიც, მე-18 საუკუნეში კათალიკოსი ანტონ პირველი და ზოგიერთი ეპისკოპოსი კათოლიკეები გახდნენ, რომ დასავლეთის კონფესიურ გაერთიანებაში მოხვედრილიყვნენ, რათა ევროპის ქრისტიანული სამყაროსგან საქართველოსადმი პოლიტიკური ინტერესი გაეღვივებინათ. ამის გამო სულხან-საბა ორბელიანი წვერითაც კი ათრიეს.
სანამ ერეკლე მეფე გეორგიევსკის ტრაქტატს ხელს მოაწერდა, მანამ 1783 წლის 19 მარტს წერილით მიმართა რომის პაპს, რომელშიც წერდა: „თურქთა წინააღმდეგ ომს გამოვაცხადებ. მართალია, სპარსეთისგან უფრო თავისუფალი ვარ, მაგრამ შიიტების გამუდმებულმა შემოტევებმა წელში გამწყვიტა. გადამწყვეტი ბრძოლისთვის ავსტრიის იმპერატორისგან ვითხოვ ორ შენაერთს, ორს – საფრანგეთისგან, ერთს – სარდინიისგან, ერთს – ვენეციისგან, ჯარის სახით. ვითხოვ ასევე პაპის შუამავლობას ზემოხსენებულ ხელისუფლებთან. სანაცვლოდ ამ მეფეებსა და მთელ დასავლეთს ვპირდები ჩემს სამსახურს”.
მაგრამ დასავლეთიდან დახმარების იმედსა და თხოვნებს ან უარყოფითი პასუხი მოსდევდა, ან საერთოდ, უპასუხოდ რჩებოდა. დღეს ისტორიკოსები და ექსპერტები და მითუმეტეს, პოლიტიკოსები იმდროინდელ ვითარებას იმ ჭრილში აფასებენ და ისეთ დასკვნებს აკეთებენ, როგორც ეს მათ პოლიტიკურ პლატფორმას და ორიენტაციას მიესადაგება. ობიექტური სიმართლის დადგენა ცოტა ვინმეს თუ აინტერესებს. ეს არც არის გასაკვირი, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ადამიანებს საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად შეუძლია თეთრზე შავიც კი თქვან.
მე ჩემს სიმართლეს ვამტკიცებ და ჩემი აზრით, სათქმელს მყარ არგუმენტაციაზე დაყრდნობით ვამბობ, ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ამ შეხედულებებს ბევრი ის ადამიანიც გაიზიარებს, რომელიც ჯერ კიდევ ეჭვის თვალით უყურებს ერეკლე მეფის გადაწყვეტილების სისწორეს, რაც ერთმორწმუნე რუსეთის სახით საქართველოს მაშველი რგოლის მიგნებაში გამოიხატება.
ისტორიის ელემენტარულად მცოდნემაც კარგად იცის, რომ მე-15 საუკუნის შუა წლებიდან სამხრეთიდან საქართველოს დაემუქრა ორი ისლამური იმპერია ირანისა და თურქეთის სახით. უნდა ითქვას, რომ თანამედროვე ეპოქაშიც ეს ორი სახელმწიფო თავიანთი ისლამური ექსპანსიონისტური პოტენციალით საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენენ ქრისტიანული ეთნოკულტურის მქონე საქართველოსთვის. მართალია, თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებრივ სისტემებში რელიგია გამოყოფილია სახელმწიფოსგან და თითქოსდა ისლამური თურქეთიც მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან ათა თურქის რეფორმების შედეგად სეკულარული სახელმწიფო გახდა, მაგრამ ფაქტია, რომ რეალურად რელიგიური განსხვავებულობა იმდენად აშორიშორებს ერებს, რომ ისინი განსხვავებულ ცივილიზაციებადაც კი იწოდებიან.
აღნიშნულ თემაზე ცნობილი თეორიის ავტორია ავტორიტეტული ამერიკელი ანალიტიკოსი ჰანტინგტონი. ცივილიზაცია მის მიერ განისაზღვრება ობიექტური ხასიათის სხვადასხვა ნიშნის (ენა, ისტორია, რელიგია, ზნე-ჩვეულებანი) არსებობით, აგრეთვე, ადამიანთა სუბიექტური თვითიდენტიფიკაციით. მეცნიერის დასკვნით, უახლოეს მომავალში არ ჩამოყალიბდება ერთიანი უნივერსალური ცივილიზაცია, თუმცა დასავლეთში ბევრმა ირწმუნა დასავლურ ფასეულობათა უნივერსალურობა და მათ საფუძველზე მსოფლიოს ერთგვაროვანი გაერთიანების შექმნის პერსპექტივა. მაგრამ ეს ასე არ არის და როგორც არსებული კონფლიქტების გამოცდილება გვიჩვენებს, ყველაზე სისხლისმღვრელი კონფლიქტები სწორედ ცივილიზაციათა გამყოფ მიჯნებზე წარმოიშობა.
ამ რეალობას კი ყველაზე უკეთ აცნობიერებდნენ ისლამური აგრესიის წინაშე მუდმივად მდგომი ქართველი მეფეები და მიუხედავად იმისა, რომ დიდი დიპლომატიური ძალისხმევით, რაც მდგომარეობდა აუცილებელ კომპრომისებში, ეს იქნებოდა ხარკის გადახდა, ფარისევლურად ისლამის მიღება, (მარტო ვახტანგ VI-ის მიერ მუსულმანობის მიღების შეფასების გახსენებაც კმარა, რის შესახებაც თავადვე ბრძანა: ჩემი გული ქრისტეს ეკუთვნის, ხოლო ალაჰისთვის სხეულის ის ნაწილი მიმიძღვნია, რომელიც წინადაცვეთის დროს მომკვეთესო) ქართული სამეფოების ვასალ - ქვეშევრდომ სახელმწიფოებად აღიარება და მეფედ კურთხევა ირანისა შაჰისა და ოსმალეთის სულთნის ხელდასმით და ასე შემდეგ, ხშირად აღწევდნენ ირან-თურქეთთან მშვიდობიან თანაარსებობას, მაგრამ მათ წინაშე მოკავშირეების გარეშე ყოფნა მუდმივად ფიზიკური და ეთნოკულტურული გადაშენების საფრთხის წინაშე დგომას ნიშნავდა, რადგან ახალი თემურ-ლენგებისა და შაჰ-აბასების გამოჩენისგან დაზღვეული არ იყო საქართველო.
სწორედ ამიტომაც ერთმორწმუნე მართლმადიდებელი ქვეყნების მფარველად აღიარებული რუსეთის იმპერიის მსოფლიო ასპარეზზე გამოჩენამ დიდი იმედები ჩაუსახა ქართველ წარჩინებულებს, რომლებიც მრავალი საუკუნე ევროპიდან დახმარების ფუჭ ძიებაში იყვნენ და ეს არც არის გასაკვირი, რადგან თავად ევროპა ოსმალეთის იმპერიის შემოტევებს ძნელად იგერიებდა, რომელსაც უკვე დაპყრობილი ჰქონდა აღმოსავლეთ ევროპის უმრავლესი ქვეყნები, ბალკანეთის დიდი ნაწილი და ევროპის შუაგულში ვენასაც შემოარტყა ალყა პირველად 1529 წელს, ხოლო შემდეგ 1683 წელს. ევროპიდან მისი საბოლოო განდევნა კი მხოლოდ მე-19 საუკუნის 70-იან წლებში მოხერხდა რუსეთის გადამწყვეტი საომარი მოქმედებებით. სწორედ ამიტომ, მადლიერების ნიშნად, ზოგიერთმა გათავისუფლებულმა ხალხმა რუსეთის დროშის ფერები თავიანთი სახელმწიფოების დროშის ფერებად მიიღეს (სერბეთი, ხორვატია, სლოვაკეთი). ამ ფაქტის უცოდინრებმა წელს 9 აპრილს რუსთაველის პროსპექტზე სლოვაკეთის საელჩოს გვირგვინზე მიმაგრებული მისი დროშის ლენტები დაწვეს.
ამასთან დაკავშირებით, არ შეიძლება არ ვთქვათ, რომ არა საუკუნეების მანძილზე ინგლისის, საფრანგეთის და შემდგომში ამერიკის მხრიდან თურქეთის მხარდამჭერი პოზიცია, მაშინ რუსეთი თურქეთთან წარმოებული წარმატებული ომების წყალობით ბევრჯერ სტამბოლის (კონსტამტინოპოლის) აღებასაც გეგმავდა, ხოლო თურქ დამპყრობლებს სადღაც სამხრეთში, იქით გარეკავდა, საიდანაც მოვიდნენ, რითაც ისტორიულ სამართალს აღადგენდა. ამით კი, მეზობელი ქვეყნების მიმართ თურქული ექსპანსიის საფრთხეს საბოლოოდ მოუღებდა ბოლოს, ხოლო, ამის შედეგად საქართველო თავის უძველეს სამხრეთ-დასავლეთ ფართო ტერიტორიებს მასზე განლაგებული დიდებული ქართული ქრისტიანული კულტურის ძეგლებით უეჭველად დაიბრუნებდა. ამიტომ, ამ ისტორიული ფაქტოლოგიის მცოდნე ქართველი დასავლეთის სახელმწიფოთა პროთურქული პოლიტიკის მიმართ, რომელიც დღესაც გრძელდება, ლოგიკურად გარკვეულ შინაგან წყენას უნდა ატარებდეს.
არც რუსეთის გეოპოლიტიკური წინსვლა იყო ადვილი ისლამური ძლიერი იმპერიების გავლენის ქვეშ მყოფ კავკასიაში. პირველად ეს პეტრე I-მა სცადა, რომლის ინიციატივას დიდი შემართებით გამოეხმაურა ქართლის მეფე ვახტანგ VI. ეს ხდებოდა 1722 წლის აგვისტოდან, მაგრამ ოსმალეთთან წარმოშობილმა ომის საფრთხემ პეტრე პირველს ამ განაზრახზე ხელი ააღებინა, რამაც ვახტანგ VI მძიმე დღეში ჩააგდო.
სხვათა შორის, ცნობილია, რომ პეტრე I მზად იყო ვახტანგ მეფის დასახმარებლად თბილისში 2000 კაციანი ჯარი გამოეგზავნა, მაგრამ სანამ ამ ჯარის მეთაური ბასკოვი პეტერბურგიდან ასტრახანში ჩავიდა და საქართველოში ჯარის ჩამოსაყვანად მოემზადა, მანამდე ჯერ ირანის შაჰისგან მხარდაჭერილმა კახეთის მეფე კონსტანტინემ აიღო თბილისი, ხოლო შემდგომ თურქეთმა დაიპყრო ქართლი. (გიორგი პაიჭაძე, ვახტანგ მეექვსე. გვ.117-122). მართალია, 1723 წელს პეტრე პირველმა ბაქო დაიკავა, მაგრამ თურქეთთან ომი მაინც ვერ გაბედა და ქართლ-კახეთი თურქეთის მფლობელობაში დარჩა.
ქვეყანაში გაბატონებული კონიუნქტურული მოსაზრებებით ხშირად ქართველი ისტორიკოსები და მითუმეტეს, პოლიტიკოსები ისტორიული სინამდვილის მიჩქმალვით ცდილობენ საქართველოს მიმართ რუსეთის ყოველმხრივ უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას. ამიტომაც არავინ იხსენებს რუსეთ-ირანის 1732 წლის 21 იანვრის ხელშეკრულებას, რომლის მე-8 მუხლი ირანის შაჰს ავალდებულებდა, რომ როგორც კი ქართლ-კახეთი თურქეთისგან განთავისუფლდებოდა, ვახტანგი VI კვლავ ქართლის მეფედ უნდა ეღიარებინა. ანალოგიური მოთხოვნა იყო ჩაწერილი 1735 წლის 10 მარტის განჯის ტრაქტატში.
საქართველოს ინტერესებს იცავდა რუსეთ-ოსმალეთის 1768-74 წლის ომის შემდეგ ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულების 23-ე მუხლი, რომელიც საქართველოს ეხებოდა. ოსმალეთმა აიღო ვალდებულება, რომ იგი ამიერიდან „სამუდამოდ“ იღებდა ხელს იმერეთისგან ხარკის მოთხოვნაზე და საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოების შევიწროვებაზე.
უნდა ვაღიაროთ, რომ ეს მუხლი ბევრად რეალური სარგებლის მომტანი იყო ქართველებისთვის, ვიდრე გაეროსა და ევროკავშირის უამრავი თანამედროვე რეზოლუცია, რომელთაგან არანაირი ქმედითი სიკეთე არ მიუღია საქართველოს.
არსებობს ისტორიული ცნობები, რომ ნადირ-შაჰი ცდილობდა ვახტანგ VI-სთან შეხვედრას, მაგრამ ვახტანგს მის მიერვე წარმოებული ანტიირანული პოლიტიკის კრახის აღიარება არ სურდა და ამგვარ ურთიერთობაზე უარი განაცხადა. ამ პერიოდში ანტიოსმალური ბრძოლის აქტიურ ასპარეზზე გამოჩნდა კახეთის მეფე თეიმურაზ II, რომელმაც დიდი ძალისხმევით მოიპოვა ნადირ-შაჰის კეთილი განწყობა, ამისთვის ის 1736 წელს ავღანეთის ლაშქრობაშიც ახლდა ირანის შაჰს, ხოლო საკუთარი ვაჟი ერეკლე, შემდგომში მეფე ერეკლე II ინდოეთის ლაშქრობაში აახლა ნადირ შაჰს. ამგვარი პოლიტიკის შედეგად ირანის ნებართვით ქართლ-კახეთი თეიმურაზისა და ერეკლეს მმართველობაში გადმოვიდა, მაშინ როცა მანამდე ნადირ შაჰს ქართველების თავიანთი მიწა-წყლიდან აყრის და მასზე მუსულმანური ტომების ჩამოსახლების საშინელი გეგმები ჰქონდა.
მიუხედავად იმისა, რომ ქართლ-კახეთს ირანისგან ჩაყლაპვა იმ პერიოდში აღარ ელოდა, თეიმურაზ მეფე 1760 წელს მაინც გაემგზავრა რუსეთში პოლიტიკურ-სამხედრო კავშირის დასადებად, მაგრამ უშედეგოდ და 1762 წელს რუსეთში გარადაიცვალა. სადღეისოდ არიან ანალიტიკოსები, რომლებიც ერეკლე მეფის რუსულ ორიენტაციას კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებენ და ყოველივე უბედურების საწყისად მიიჩნევენ. უფრო მეტიც, საქართველოს უმძიმეს პოლიტიკურ მდგომარეობას სწორედ საქართველოს მეფეების რუსეთთან ურთიერთობის გამო ირან-თურქეთის გაღიზიანებას მიაწერენ. არადა, ვისაც იმჟამინდელი ქართლ-კახეთისა და იმერეთის საბრძოლო ქრონიკა წაუკითხავს, მისთვის ცნობილია, რომ სწორედ მე-18 საუკუნის 50-60-იან წლებში, სანამ საქართველო რაიმე სერიოზულ სამხედრო-პოლიტიკურ ურთიერთობას დაიწყებდა რუსეთთან, მანამდე ის ისლამური სამეზობლოსგან ყოველწლიურად განიცდიდა უამრავ თავდასხმას, რამაც იმდენი ქართველის სიცოცხლე შეიწირა, რომ გააუკაცრიელა და ნასახლარებად აქცია ქვეყანა. ამის უტყუარი მტკიცებულებაა 1770 წლის ქართლ-კახეთის მოსახლეობის აღწერა, რომლითაც კარგად ჩანს, რომ აღმოსავლეთ საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა უკვე 300 ათასს არ აჭარბებდა და მათი ნახევარი არაქართველობა იყო. იხილეთ: http://www.matiane.com/1770.htm
ამასვე ამტკიცებს პოლკოვნიკი ბურნაშოვი თავის ნაშრომში: ”საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა”, რომელიც 1783 -87 წლებში საქართველოში იყო წარმოგზავნილი, როგორც გენერალ პოტიომკინის წარმომადგენელი: ”მისი ძალა კახეთისა და ქართლის სამეფოებში, კავკასიის ქალაქებში, რომლებიც შედგებიან საქართველოს მეფის დამოკიდებულებაში, ადერბაიჯანის ქალქებში ერევანსა და განჯაში, მათი მიწებით, ქართველები, სომხები, ბერძნები, მაჰმადიანები, სხვადასხვა მთიელი ხალხები და ქურთები, მოითვლებოდნენ 1783 წელს, საქართველოს სრულიად რუსეთის ტახტის უმაღლესი მფარველობის ქვეშ შემოსვლისას, 42 000 კომლი (რუს. дворов)”. http://defencegeorgia.blogspot.com/2010/11/blog-post_01.html
ანალოგიურად არანაკლებ გატიალებული იყო დასავლეთ საქართველო. ამიტომ, სანამ ასეთ დასკვნას გააკეთებენ, ხომ უნდა გაანალიზონ საქართველოს იმდროინდელი პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა, შესწევდა თუ არა ქვეყანას რეალური საგარეო დახმარების გარეშე გამკლავებოდა ყოველივე ქართულის გამანადგურებელ კარზე მომდგარ დიდ ისლამურ საფრთხეს?
მაშინდელი საქართველოს შთამბეჭდავ სურათს იძლევა ფრანგი ოფიცრის, შარლ დე გრაი დე ფუას მოგონებები საქართველოს შესახებ, რომელიც იყო გენერალ ტოტლებენის ადიუტანტი და 1769 წლის შემოდგომაზე მის რაზმთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში. დე გრაი დე ფუა წერს:
„ბოლოს ანანურს მივაღწიეთ. ეს პირველი ქალაქია საქართველოში, რომელიც მდებარეობს კავკასიონის გადაღმა. ზარბაზნები კვლავ ლაფეტებზე დავაყენეთ და გავემართეთ მეორე ქალაქ დუშეთისაკენ, რომელიც მხოლოდ 50 ვერსითაა დაშორებული ანანურიდან. ეს ორი ქალაქი მეტად პატარაა. მათი შემოგარენი ნანგრევებს წარმოადგენს. თათარი ლეკები ხშირად გამოდიან თავისი მთებიდან, ატყვევებენ მცხოვრებლებს, რომლებიც ოდნავ დაშორდებიან თავის ქალაქს და თურქებზე ჰყიდიან მათ.
დუშეთიდან მუხრანამდე დაახლოებით 80 ვერსია. მიუხედავად იმისა, რომ თათრები ხშირად დათარეშობენ ქალაქის გარშემო, ქალაქის შემოგარენი მაინც უკეთაა დამუშავებული, ვინაიდან აქ უფრო მეტი მცხოვრებია, რომელთაც თათართა თავდასხმის შემატყობინებელი განგაშის პირველსავე ხმაზე შეუძლიათ ამხედრდნენ ცხენებზე და დაედევნონ მათ.
მუხრანიდან ლამისყანამდე 120 ვერსია. ეს პატარა ქალაქი მთის ძირში მდებარეობს და ისევე გაძარცულ-გაუკაცრიელებულია, როგორც დუშეთი. აქედან მივედით მეჯვრისხევს, რომელიც ლამისყანიდან 30 ვერსითაა დაშორებული და სადაც ასევე ცუდი მდგომარეობაა. ბოლოს ჩვენ დავტოვეთ ქართლი და შევედით იმერეთში. 60 ვერსი განვვლეთ ისე, რომ კაცი არ შეგვხვედრია. რამდენიმე ნასოფლარი ადასტურებდა მხოლოდ, რომ ეს ქვეყანა დასახლებული ყოფილა”.
”სოლომონს არც ერთი ქალაქი არ გააჩნდა. დაახლოებით 1500 კაცით ტყეშია ლტოლვილი. იგი 15 დღეზე ხანგრძლივად ერთი და იგივე ადგილას არ ბანაკდება იმის შიშით, რომ თურქებმა არ მოახელონ”.
”ამასთანავე პური შემოგვაკლდა, სოლომონს არ ძალუძდა გამოეკვება ჩვენი 500 კაცი იმერლები მხოლოდ წაბლითა და გოგრით იკვებებიან, იშვიათია, როდესაც ისინი პურს ჭამენ. მათ მიერ მოყვანილ ქერს იყენებენ ცხენების საკვებად. მალე ჩვენ მთელი სურსათ-სანოვაგე გავაჩანაგეთ. სოლომონმა ყველგან დაგზავნა ხალხი. იგი თვითონ წავიდა იმ სურვილით, რომ დაერბია ერთი პატარა მხარე, რომელიც დადიანს ეკუთვნოდა. იმედოვნებდა, რომ იქ იშოვნიდა ქერს და ერთხანს გამოგვკვებავდა”. http://defencegeorgia.blogspot.com/2010/11/blog-post_3934.html
რაც შეეხება გენერალ ტოტლებენის ასპინძის ბრძოლაში ღალატის რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებას, ეს ბევრად გადაჭარბებულია. ტოტლებენი რუსეთის იმპერატორ ეკეატერინე II-ის მიერ იყო გამოგზავნილი საქართველოში, რათა რუსეთ-თურქეთის 1768-74 წლების ომში საქართველოს სამეფოებსაც მიეღოთ მონაწილეობა. დიახ, 1770 წელს ტოტლებენმა ახალციხის საფაშოზე შეტევისას ერეკლე მეფესთან გაურკვეველი უთანხმოების გამო აწყურის ციხესთან ბრძოლის მესამე დღეს მოხსნა რუსული ჯარის ნაწილები და ერეკლე შუა ბრძოლაში მიატოვა, რასაც მისი ჯარის რუსი ოფიცრების აღშფოთებაც გამოუწვევია. ტოტლებენი ისტორიაში, მართალია, ცნობილია, როგორც მამაცი მებრძოლი, 1760 წელს ბერლინის ამღები, ორჯერ თავში დაჭრილი და ნეველის ორდენის კავალერი, მაგრამ, ამავე დროს, დიდი ავანტიურისტი პიროვნება იყო, რომლის გამოც პრუსიის სახელმწიფოდან სამუდამოდ განიდევნა, ხოლო რუსეთის ხელისუფლებისგან ჩამოხრჩობაც ჰქონდა მისჯილი.
თავისი სიმამაცე მან საქართველოშიც დაამტკიცა, კერძოდ, იმერეთში სოლომონ მეფესთან ერთად თურქთაგან ბაღდადის, შორაპნისა და ქუთაისის ციხეების განთავისუფლებისთვის ბრძოლაში. ამ დროისათვის რუსეთს საქართველოში უკვე 4000-კაციანი ჯარი ჰყავდა. ბოლოს სოლომონ მეფესთანაც მოუვიდა კონფლიქტი და ქართველ მეფეებთან დაპირისპირების გამო იგი გამოხმობილი იქნა საქართველოდან, ხოლო მის ნაცვლად გენერალი სუხოტინი დანიშნეს.
რაც შეეხება 1783 წელს დადებულ რუსეთ-საქართველოს გეორგიევსკის ტრაქტატს, ტენდენციურად მოაზროვნე პიროვნებასაც გაუჭირდება უარყოს, რომ ეს ხელშეკრულება მომგებიანი იყო საქართველოსთვის. რუსეთი ამ ხელშეკრულებით კისრულობდა საგარეო მტრისგან ქართლ-კახეთის დაცვას. ამ მიზნით გამოგზავნილი იქნა საქართველოში 1800 კაციანი რუსული ჯარი სათანადო არტილერიით და საჭიროების შემთხვევაში უნდა დამატებულიყო სამხედრო ძალები. რუსეთი არ ერეოდა ქართლ-კახეთის საშინაო საქმეებში და ამ უკანასკნელს მხოლოდ საგარეო ურთიერთობები უნდა შეეთანხმებინა რუსეთის მთავრობასთან.
1784 წელს ქართველთა და რუსთა გაერთიანებულმა ჯარმა ჭარს (დღევანდელი საინგილოს ტერიტორია) შეუტია და ლეკები დაამარცხა.1787 წელს რუსებისა და ქართველთა გაერთიანებულმა ჯარმა განჯა, ყარაბაღი და ნახიჩევანი წარმატებით დალაშქრა.
1785 წლის სექტემბერში ავარიის მმართველმა ომარ-ხანმა 20 ათასიანი ჯარით შეძლო ქართლ-კახეთის მოოხრება. რატომღაც ერეკლე მოუმზადებელი შეხვდა ამ შემოსევას და იძულებული გახდა ომარ-ხანისათვის ფული გადაეხადა, რათა ამ გზით დაეხსნა მისი ჯარისგან თავი.
საქართველოს გარშემო პოლიტიკური მდგომარეობის დაძაბვის გამო ერეკლე II-მ არ შეასრულა გეორგიევსკის ტრაქტატის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა და 1786 წელს, მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, რუსეთთან შეთანხმების გარეშე ჯერ ახალციხის საფაშოსთან, ხოლო შემდგომ 1787 წელს თურქეთთან დადო თავდაუსხმელობის ხელშეკრულება, რასაც რუსი ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს მიზეზად, რომ რუსეთმა იმავე წელს საქართველოდან ჯარები გაიყვანა, მითუმეტეს, იმ დროს დაიწყო რუსეთ-თურქეთის 1787-91 წლების მორიგი ომი. Андрей Епифанцев ”Была ли Грузия союзником России? Политическая модель выживания грузинского государства” იხილეთ: http://www.apn.ru/publications/article21261.htm
ვერ უარვყოფთ, რომ რუსეთთან პოლიტიკურ დაახლოებას მოჰყვა საქართველოს მიმართ ისლამური მეზობლების მეტი აგრესიულობა და რუსეთს ბევრად მეტი ძალისხმევა უნდა გაეწია საქართველოს დასახმარებლად, მაგრამ 1787 წელს საქართველოდან რუსეთის ჯარის გაყვანის შემდგომ, ფაქტია, რომ რუსეთი ერეკლე მეფეს სამხედრო დახმარებას აღარ უწევდა.
1789 წელს გაჩნდა შესაძლებლობა, რომ საქართველო ნებაყოფლობითობის საფუძველზე გაერთიანებულიყო. იმერეთის სამეფოს წარმომადგენლები თბილისში ჩამოვიდნენ და ერეკლე მეფეს იმერეთის შეერთება შესთავაზეს. ერეკლემ ამ იდეის განხორციელებაზე უარი განაცხადა. ამ უარის თქმის სხვადასხვა ვერსიები არსებობს, მაგრამ მთავარი ვერსია ის უნდა იყოს, რომ ეს გამოიწვევდა ორივე ისლამური იმპერიის, ირანისა და ოსმალეთის საქართველოს მიმართ აგრესიის კიდევ უფრო გაზრდას. თუ გავიხსენებთ, ჯერ კიდევ 1555 წლის ამასიის ზავით ირანმა და ოსმალეთმა საქართველოზე გავლენის ზონები შუაზე გაიყვეს, ხოლო საქართველოს გაერთიანება ნიშნავდა ამ გავლენებზე ოფიციალურად უარის თქმას, რაც რუსეთიდან გარანტირებული დაცვის არ არსებობის პერიოდში მეტად სახიფათო ნაბიჯი იქნებოდა და მცირერიცხოვანი ქართული ჯარი დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან, მაღალი ვარაუდით, უმძიმესი დარტყმების ქვეშ აღმოჩნდებოდა.
დიდი პასუხისმგებლობის მქონე ქართველმა მეფემ საქართველოს ყოფნა-არყოფნის რისკი ვერ გასწია და სწორედ ეს უნდა იყოს მიზეზი, რომ საქართველოს გაერთიანების ყველაზე სანუკვარ ოცნებაზე უარი განაცხადა. ზოგიერთი ისტორიკოსი კი საქართველოსთვის დამაშვრალი მეფის ამ უარს საკმაოდ მდაბალ მოტივს უკავშირებს, რომ, თითქოს, ერეკლე მეფე დარეჯან დედოფლის იმხელა გავლენის ქვეშ იყო, რომ საკუთარ შვილიშვილს, სოლომონ II-ს ტახტს ვერ წაართმევდა და ამიტომ იქნა უარყოფილი ამ დიდი პატრიოტული საქმის განხორციელება.
მომდევნო წელს ქართველმა მეფე-მთავრებმა - ერეკლემ, სოლომონ II-მ, სამეგრელოს მთავარმა გრიგოლ დადიანმა და გურიის მთავარმა სვიმონ გურიელმა დადეს „ტრაქტატი ივერიელ მეფეთა და მთავართა”. ამ ტრაქტატის საფუძველზე დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრები ქართლ-კახეთის სამეფოსთან სამხედრო კავშირს ამყარებდნენ და ერეკლე II-ს უპირატესობას და მის მფარველობას აღიარებდნენ, მაგრამ სამწუხარო სინამდვილეა, რომ ამ შეთანხმებას დიდი შედეგი არ მოუტანია კრწანისის ომში.
1795 წელს ირანის შაჰის აღა-მაჰმად-ხანის 35 ათასაინმა ჯარმა ერეკლეს 5 000 -იანი ჯარი, რომლის რიგებშიც სოლომონ მეფის 1000 კაციანი, ზოგიერთი ინფორმაციით 2000 კაციანი ლაშქარიც იბრძოდა, მიუხედავად დიდი თავგანწირვისა, სასტიკად დაამარცხა, რის შედეგადაც თბილისი მთლიანად აოხრდა, ხოლო 20 ათასი კაცი ტყვედ იქნა წაყვანილი ირანში. ეს კატასტროფა იმ რეალობის აშკარა დადასტურება იყო, რომ საქართველოს დამოუკიდებლად აღარ შეეძლო თავი დაეცვა გამანადგურებელი ისლამური აგრესიისგან, რაც ქართველ ხალხს სრული მოსპობის საფრთხის წინაშე აყენებდა.
სამწუხაროა, რომ იმავე კონიუქტურული მოსაზრებებით ისტორიკოსების მიერ დასაბუთებულად არ არის შესწავლილი საქართველოს რუსეთთან შეერთების წინა პერიოდი, თუ რა მძიმე ვითარებაში იყო ჩავარდნილი ერეკლე მეფის გარდაცვალების შემდგომ 1798 წელს ქართ-კახეთის ტახტზე ასული გიორგი XII. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ნაციონალების ხელისუფლება აფინანსებდა იმ ისტორიკოსებს, რომლებიც მათი პროდასავლური იდეოლოგიის ისტორიულ წინამძღვრებს ქმნიდნენ, სადაც რუსეთი მხოლოდ საშინელი მონსტრისა და სასტიკი დამპყრობლის სახით უნდა წარმოჩენილიყო.
იმ ეპოქის მოვლენების შესახებ უამრავი დოკუმენტი კი მოცემულია ნ. დუბროვინის წიგნში: ”Гиорги XII посльедний царь грузии и присоединение ея к росии”, რომელიც 1897 წელს გამოიცა პეტერბურგში. მთავარი ის არის, რომ ერთსულოვნება არც სამეფო კარზე იყო. ალექსანდრე ბატონიშვილი ირანში დარბოდა ბაბა ხანთან და საქართველოში შემოჭრის შემთხვევაში მხარდაჭერას ჰპირდებოდა. ამ დროს ბაბა ხანს 50 ათას კაციანი არმია გამზადებული ჰყავდა საქართველოს დასალაშქრად, მაგრამ რუსეთის შიშით ვერ ბედავდა, რადგან რუსეთს გიორგი XII -ის დასახმარებლად უკვე სამხედრო შენაერთები ჰყავდა ქართლ-კახეთში გადმოსროლილი.
სამაგიეროდ, ქართლ-კახეთზე თავდასხმა გაბედა ავარიის ხანმა ომარმა, რომელმა 15 ათასიან ცხენოსან ჯარს მოუყარა თავი ჩრდილო კავკასიაში. სხვათა შორის, ომარ-ხანი რუსეთის ჯარის მეთაურს გენერალ ლაზარევს სწერდა: ”მე თქვენთან მეგობრობის მეტს არაფერს ვისურვებდი, მაგრამ რა ვქნა, ღმერთმა ეგრე მოაწყო, თუ ბატონიშვილი ალექსანდრე შერიგებას დათანხმდება, მაშინ მეც კმაყოფილი ვიქნები იმ მიზეზის გამო რომ ის ჩემი სტუმარია და მან დახმარება მთხოვაო”. Н. дубровин ”Гиорги XII посльедний царь грузии и присоединение ея к росии” გვ.152
არავინ უარყოფს რომ ომარ ხანი ირანის მიერ იყო გაქეზებული, მაგრამ მის რიგებში ალექსანდრე ბატონიშვილის ყოფნა და ამავე დროს სხვა უფლისწულების ერთმანეთისგან განსხვავებული პოლიტიკური პოზიციები ძლიერ ასუსტებდა სამეფო კარს.
რუსი გენერლების ლაზარევისა და გულიაკოვის დაქვემდებარებაში იყო 1200 ჯარისკაცი, ხოლო ქართველებმა მოახერხეს 3 000-იანი ლაშქრის გამოყვანა. ბრძოლა მოხდა 1800 წლის ნოემბერში, მდინარე იორის ნაპირებზე, სოფელ კაკაბეთთან. რუსების მიერ არტილერიისა და მუშკეტების გააზრებულად გამოყენებით და ქართველი ცხენოსნების გაბედული ბრძოლით სამ საათში ომარ ხანის ჯარი დამარცხდა და გაიქცა, ხოლო ბრძოლის ველზე 2000 მოკლული დატოვა. Н. дубровин ”Гиорги XII посльедний царь грузии и присоединение ея к росии” გვ.153 -155
ამ ბრძოლის შესახებ რუსებს გადაღებული აქვთ დოკუმენტური ფილმიც, რომელშიც იმ ეპოქის მთავარი მომენტები, ჩემი აზრით, ძირითადად სწორად აქვთ გადმოცემული: იხილეთ: http://www.youtube.com/watch?v=Ll3zWqIn1wM
გიორგი XII ამ დროს რუსეთის გენერალს კნორინგს წერდა ბაბა-ხანისა და მისი შვილის აბას მირზას მოთხოვნების შესახებ: ”ისინი ითხოვენ რომ ჩვენ გადავცეთ მათ ჩვენი სამფლობელოები, რომ ისევე მოგვექცნენ და ისევე ააოხრონ ჩვენი მიწა, როგორც ადრე. მათი სურვილია, რომ ჩვენ უარი ვთქვათ მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მფარველობაზე და აღმოვჩნდეთ მათ ქვეშევრდომობასა და მონობაში”. ”რაც არ უნდა გვაიძულონ და რაც არ უნდა გვაწამონ, სპარსელების მონობას არ დავემორჩილებითო”-გვ. 135
მეფე რუსებს სთხოვდა კიდევ 6 ათასი კაცი გამოეგზავნათ ირანის თავდასხმისგან თავდასაცავად, მაშინ როცა ისინი 3 000 კაცს საკმარისად თვლიდნენ. ამავე დროს, გენერალი კნორინგი არწმუნებდა გიორგი მეფეს, რომ მასაც შეექმნა 5000 კაციანი რეგულარული არმია, შინაური და გარეშე მტრების მოსაგერიებლად, მაგრამ ამისთვის არაფერი გაკეთებულა. ამის მიზეზად იმასაც ასახელებენ, რომ მეფე გიორგის ეშინოდა ეს ჯარი ირანული ორიენტაციის მქონე ალექსანდრე ბატონიშვილის მხარეს არ გადასულიყო. გვ. 142. მართლაც, 1800 წლის სექტემბერში გენერალ-მაიორ გულიკოვის მეთაურობით რუსული პოლკი შემოვიდა თბილისში, რომელსაც დიდი ზეიმით შეხვდა მოსახლეობა.
მეფე გიორგის ავადმყოფობის დამძიმებასთან ერთად უფლისწულებს შორის სამეფო ტახტის მემკიდრეობისთვის ბრძოლა მწვავდებოდა. გიორგი XII -ის შვილი დავითი ტახტზე პრეტენზიას აცხადებდა, ხოლო სხვა უფლისწულები ერეკლეს შვილების უფროსობის მიხედვით ტახტის მემკვიდრეობას თვლიდნენ კანონიერად. უფლისწული ვახტანგი კნორინგს იმასაც თხოვდა, რომ სანამ ჩვენ არ შევთანხმდებით, მანამ სამეფო საქმეების მმართველობა გენერალ ლაზარევს გადაეცესო. გვ.161.
კნორინგის მიწერილ კითხვაზე თუ რა ექნათ ქართლ-კახეთის მეფის სიკვდილის შემთხვევაში, იმპერატორმა პავლე I-მა ბრძანა, რომ უფლისწულებს შორის თუ ღია ბრძოლა დაიწყებოდა, რუსულ ჯარს უნდა დაეტოვებინათ საქართველო. გვ.146.
პლატონ იოსელიანი წიგნში „ცხოვრება გიორგი XIII-სა“ წერს: „ძმათაგან და გარეშე მტერთაგან შეწუხებული მეფე არღა ჰხედავდა ქვეყანასა მტკიცედ დაბინავებულად. ამისთვის მოინდომა და თუმცა დიდის ღელვითა, გარნა გაბედა და მისწერა დესპანთა თვისთა, რუსეთისაგან განმზადებულთა შემდგომი წერილითი დარიგება და ჰაზრი თვისი უკანასკნელი და გარდაწყვეტილებითი:
“უმსხვერპლეთ ყოველი სამეფო და სამფლობელოი ჩემი უზაკველითა და ქრისტიანებრითა ჭეშმარიტებითა მსხვერპლებითა და დაუდევით არა თუ მფარველობასა ქვეშე უდიდებულესსა დიდსა რუსეთისა საიმპერატოროსა ტახტსა, არამედ დაანებეთ სრულსა ნებასა და მზრუნველობასა მათსა, რათა ამიერითგან დაიდვას სამეფო ქართლოსიანთა საიმპერიოდ რუსეთისად წესითა მით, ვითარცა სხვანი იგი რუსეთსა შინა პყრობილნი პროვინციანი სარგებლონენ”.
“დესპანთა ამათ მეცადინებითა შესდგა და დამტკიცდა ტრაქტატი, მიღებული იმპერატორისა პავლესაგან: „1799 წელსა, 23 ნოემბერსა, შედგა ახალი ტრაქტატი შორის პავლე იმპერატორისა და გიორგი მეფისა შემდეგი:
1. მისი დიდებულება იმპერატორი ყოვლისა რუსეთისა მიიღებს ტიტულსა „მეფე საქართველოისა და შემდეგნი მისნი მემკვიდრენი“.
2. ძე მეფისა გიორგისა დავით ტიტულსა „განმგე საქართველოისა“ და გარდავალს ესე შთამომავლობითა პირმშოდამ პირმშომდის.
3. საქართველოისა ერი და მუნ მსახლობელნი 12 წლისა განგრძობასა, არ გაიღებენ არასა ხარჯსა, რათა დაეწყვნენ თვისსა მდგომარეობასა შემდეგ ესოდენთა ბრძოლათა. განმგე საქართველოისა მიიღებს რუსეთიდამ 12 წელსა მისთვის და სამეფოსა სახლისა წევრთათვის 20.000 თუმანს (200.000).
4. მადანი ოქროისა და ვერცხლისა ახტალას და მისხანასა (მიშხანასა), შევა რუსთა განმგებაში და იმითი აივსება ზემო თქმული ჯამი ფულისა.
5. 6.000 რუსისა ჯარი სრულისა კომპლექტითა იდგება საქართველოში. ქართველნი გამოვლენ ცხენოსნად ამა ქვეითისა ჯარისათვის.
6. ქართველნივე მოაგროვებენ ჯარსა ესოდენსა, რაოდენიცა საჭირო იქმნების დასაცველად სამზღვრებისა.
7. რუსნი წარმოგზავნიან ინჟენერთა თვისთა აღსაშენებელად და განსაახლებელად ციხეთა მათ ადგილთა ზედა, სადაცა დაინახება საჭიროდ.
8. ფულსა, მოჭრილსა თფილისში, ექმნება ერთსა მხარეს ღერბი რუსეთისა და მეორეს საქართველოისა.
9. საზრდო რუსეთისა ჯარისათვის მოიყიდება იმავე ფასითა, რომელიცა იქმნება დანიშნული ადგილობრივთა მცხოვრებთათვის.
10. როდესაც მოხდება აღწერა ხალხისა, უნდა იქმნას კომლეურად და არა თვითო სულად. ქართველთა მეფენი, მოშიშნი ღვთისა ბრძანებისა, ერიდებოდნენ სულობით მცხოვრებთა აღწერასა). (ხელმოწერილია): რუსეთისა მხრით როსტოპჩინი, ღრაფი. საქართველოისა მხრით: ავალოვი, ფალავანდოვი”.
აღნიშნული ტრაქტატის მიხედვით, ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის მფარველობის ქვეშ მყოფი სახელმწიფოს სტატუსი შეეცვალა რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომის სტატუსით. საქართველოს მეფის წოდება მიიღეს რუსეთის იმპერატორებმა, ხოლო გიორგი XII-ის შთამომავლები იქცნენ საქართველოს გამგებლებად, ანუ მეფის ნაცვლებად.
ამ ხელშეკრულებით, განსხვავებული უმნიშვნელო ნიუანსების გარდა, საქართველოს პოლიტიკური სტატუსი უფლებრივად ემსგავსებოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი საქართველოს სსრ-ის სტატუსს. საბჭოთა მანეთზე საქართველოს მთლად გერბი არ იყო გამოსახული, მაგრამ ერთ ადგილას კი იყო ფულის რაოდენობის აღმნიშვნელი ქართული წარწერა. საქართველოს ადგილობრივ მმართველებად, ანუ კომპარტიის ცკ-ის მდივნებად, მართალია, მეფის შთამომავლობა არ ინიშნებოდა, მაგრამ ქართველები ხომ ინიშნებოდნენ?!
ასე რომ, სამწუხაროდ, ნაწილობრივ მაინც მართლები არიან რუსები, როცა აცხადებენ, რომ საქართველო ნებაყოფლობით შეუერთდა რუსეთსო. თუმცა, ორიოდე წელიწადში უფრო უარესი პირობებით, ანუ სუვერენიტეტის ყველა ნიშნის გაუქმებით შეიერთა რუსეთმა საქართველო, ოღონდ, ამ მოვლენების შესახებ წერილის შემდეგ ნაწილში ვისაუბრებთ.
ილია ჭავჭავაძე ამის შესახებ თავის წერილში ”ასი წლის წინათ” წერს: „სხვა გზა არ იყო, მეფე გიორგის ან ოსმალეთთან უნდა დაეჭირა საქმე, ან სპარსეთთან და ან რუსეთთან, რომ როგორმე გადაერჩინა საქართველო ამოდენ ერთად ზედმოსეულ უბედურებისაგან. ამ საქმეს აჩქარება უნდოდა. ღვთის-მოსავმა და ღვთის-მოყვარე მეფე გიორგიმ, რა თქმა უნდა, ერთმორწმუნე რუსეთი არჩია. ამას ეუბნებოდა წინაპართა ანდერძიცა, რადგანაც მისდა მეფობის წინათაც, ჯერ კიდევ 1576 წლითგან, საქართველოს მეფენი ბევრჯერ გამოჰლაპარაკებიან რუსეთს და მისგან ხელშეწყობასა და ხელის გამართვას მოჰლოდებიან. ქრისტეს ჯვარისათვის ჯვარცმულ ერის მეფემ ქრისტეს ჯვარისვე მოსავი ერი მოიწვია საშველად და მფარველად“.
გაგრძელება იქნება