23 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლობის რადიო-1-ის საღამოს პიკის საათის გადაცემაში (FM 102.4), რომელიც მიჰყავდა დავით პაიჭაძეს, მოწვეული იყო სტუმარი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია. ამ გადაცემაში, რომელიც ძირითადად ეძღვნებოდა უკრაინის მოვლენებს, შეეხნენ 1991 წლის მარტში ჩატარებულ რეფერენდუმებს, საბჭოთა კავშირის შენარჩუნებისა (17 მარტი) და საქართველოს დამოუკიდებლობის თაობაზე (31 მარტი). გამოითქვა აზრი, რომ უკრაინის სამხრეთ აღმოსავლეთი რეგიონები ალბათ არ მიიღებენ 25 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას და ამით უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტს შეექმნება ლეგიტიმაციის პრობლემა. ზუსტად ისე, როგორც ეს გააკეთეს 1991 წელს რეფერენდუმებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ.
მოგვყვავს ამ საუბრის ეს საინტერესო მონაკვეთი, რომელიც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს ადრესზე: http://radio1.ge/media-view/15983
კაკაჩია: „... ამ რეგიონების [აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის] მოსახლეობამ არ მიიღო მონაწილეობა საქართველოში ჩატარებულ რეფერენდუმში და მონაწილეობა მიიღო ... მოსკოვის მიერ ჩატარებულ რეფერენდუმში... “
მსმენელი: „... თქვენ უშვებთ ერთ პრინციპულ შეცდომას, როცა ამბობთ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ არ მიიღო მონაწილეობა... იმ რეფერენდუმში, რომელიც ჩაატარა ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით. აფხაზეთის მოსახლეობამაც მიიღო მონაწილეობა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამაც...“
პაიჭაძე (მიმართავს კაკაჩიას): „მე მგონი თქვენ გულისხმობდით იმ რეფერენდუმს, რომელიც საბჭოთა კავშირმა ჩაატარა მარტში... საქართველომ კი უარი თქვა, მაგრამ ცალკეულმა ადგილებმა მონაწილეობა მიიღეს... ამაზეა ლაპარაკი და არა გამსახურდიას მიერ ჩატარებულ რეფერენდუმზე“
საქმე იმაშია, რომ პატივცემულ პოლიტოლოგთა (პოლიტიკური მიმომხილველი დავით პაიჭაძე შეგვიძლია მივაკუთვნოთ პოლიტოლოგთა რიგებს) ინფორმაცია 1991 წელს ჩატარებულ რეფერენდუმების შესახებ რბილად რომ ვთქვათ, არ არის სწორი. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი გაუქმდა 1990 წლის 11 დეკემბერს და რეფერენდუმებში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ამ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ამომრჩევლებმა. გაუქმებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ამ არჩევნებში ვერაფრით ვერ დაფიქსირდებოდა. რაც შეეხება აფხაზეთს, აქ მოსახლეობამ მონაწილეობა მიიღო ორივე არჩევნებში - არ დაუჭირა მხარი საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას და ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას. სიმართლე ეს არის.
სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმება
სამხრეთ ოსეთის ოლქი ერთი ხელის მოსმით არ გაუქმებულა. მას წინ უძღოდა ეთნიკური დაძაბულობანი და სამართლებრივი ომი ცხინვალსა და თბილისს შორის.
ყველაფერი დაიწყო იმით, როცა „პერესტროიკას“ დასჭირდა ქვეყნის პოლიტიკური სტრუქტურის ტრანსფორმაცია - უნდა შენარჩუნებულიყო „დერჟავა“ (განახლებული საბჭოთა კავშირი), ოღონდ შემდგარიყო არა თხუთმეტი, არამედ უამრავი ეთნოტერიტორიული სუბიექტისაგან, რათა ამ გზით სუბიექტის (საბჭოთა რესპუბლიკების) სეცესიის შესაძლებლობა პრაქტიკულად ნულს გატოლებოდა.
სკკპ 1989 წლის სექტემბრის პლენუმზე პირველად მოხდა ახალი ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის პრეზენტაცია, საიდანაც ნათელი გახდა, რომ მოკავშირე რესპუბლიკების გარდა ახალი კავშირის სუბიექტებად ავტონომიური რესპუბლიკებიც უნდა გამხდარიყვნენ (მოგვიანებით ამას მოჰყვა შესაბამისი კანონებიც: 1990 წლის 3 აპრილის და 26 აპრილის). სწორედ ამიტომ აიმაღლა სტატუსი სამხრეთ ოსეთმა (ჯერ 1989 წლის 10 ნოემბერს, ხოლო ამ წამოწყების ჩავარდნის შემდგომ, 1990 წლის 20 სექტემბერს). ცხინვალში ემზადებოდნენ ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად, რაზეც კრემლიდან არაოფიციალური თახმობა ჰქონდათ მიღებული.
სწორედ მოსკოვის ამ ნაბიჯებს მოჰყვა ქართულ-ოსური დაძაბულობა, რომელიც შემდგომში შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. მეტად სამწუხაროა, რომ კონფლიქტი ორმხრივი სისასტიკით გამოირჩეოდა, რამაც დაფარა და უკანა პლანზე გადაიტანა კონფლიქტის ჭეშმარიტი მიზეზი.
ცხინვალის მოქმედების საპასუხოდ, 1990 წლის 21 სექტემბერს საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ უკანონოდ სცნო სამხრეთ ოსეთის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება. საბჭოთა კანონით მას ამის უფლება ჰქონდა. მაგრამ 1990 წლის 9 დეკემბერს ახლად არჩეულმა სამხრეთ ოსეთის უმაღლესმა საბჭომ (მანამდე საქართველოს უზენაესმა საბჭომ სამხრეთ ოსეთში არჩევნები და მისი შედეგები წინასწარ უკანონოდ სცნო), დაადასტურა წინამორბედი უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობიდან გასვლის თაობაზე.
1990 წლის 11 დეკემბერს ახლადარჩეულმა საქართველოს უზენაესმა საბჭომ, სადაც უმრავლესობა „მრგვალმა მაგიდამ“ მოიპოვა, მოლაპარაკების მაგიდასთან მოწვევაზე ცხინვალის წარმომადგენელთა უარის შემდეგ, სპეციალური კანონით გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომია. ისევ უნდა აღვნიშნოთ, რომ საბჭოთა კანონებით საქართველოს პარლამენტს ამის უფლება ჰქონდა.
აღნიშნული აქტით სამხრეთ ოსეთმა, როგორც ეთნოტერიტორიულმა წარმონაქმნმა, არსებობა შეწყვიტა. თუ გავითვალისწინებთ, რომ წინ იყო 17 მარტის საკავშირო რეფერენდუმი საბჭოთა კავშირის განახლებული სახით შენარჩუნების შესახებ (ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულება), რაზედაც ცხინვალის სეპარატისტები დიდ იმედებს ამყარებდნენ, შეიძლება ითქვას, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიის გაუქმება პოლიტიკურად გამართლებული იყო - გაუქმებული ავტონომიური ერთეული ვეღარ გახდებოდა ახალი კავშირის სუბიექტი და მისი წარმომადგენლები ვეღარ მოაწერდნენ ხელს ხელშეკრულებას. 17 მარტის რეფერენდუმში ცხინვალის რეგიონის ოსი მოსახლეობის მონაწილეობას, არავითარი სამართლებრივი აზრი აღარ ჰქონდა. ცხინვალის რეგიონის არაქართული მოსახლეობის მიერ 17 მარტის რეფერენდუმში მონაწილეობა სრულიად კანონიერი აქტი იყო, მაგრამ მათ მიიღეს მონაწილეობა როგორც საქართველოს მოქალაქეებმა და არა როგორც ავტონომიური სუბიექტის ამომრჩევლებმა. ამიტომაც მათ ხმებს არ ჰქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ ამ რეფერენდუმში გამოტანილი საკითხის უარყოფის გამო.
სამხრეთ ოსეთის ოლქის აღდგენა
1991-92 წლების მიჯნაზე განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ (სამხედრო საბჭო, სახელმწიფო საბჭო, 1992, 1995, 1999, 2004, 2008 წლებში არჩეული ხელისუფლება), დაგმო „პროვინციელი ფაშისტების“ ანტიოსური პოლიტიკა და გადავარდა მეორე უკიდურესობაში - დაიწყო გაუმართლებელი დათმობები ოსი სეპარატისტების გულის მოსაგებად. პირველ რიგში შეაჩერა საბრძოლო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში. ამის შემდეგ ოფიციალურად განაცხადა, რომ „მრგვალი მაგიდის“ ხელისუფლებამ მოახდინა ოსთა გენოციდი და აღძრა საქმე მათ წინააღმდეგ. ვერ მოიგო რა დათმობებით ოს სეპარატისტთა გული (პირიქით, გათამამებულებმა 1992 წლის 19 იანვარს ჩაატარეს რეფერენდუმი და მის საფუძველზე იმავე წლის 29 მაისს გამოაცხადეს დამოუკიდებლობა), სახელმწიფო საბჭომ დაგომისის ხელშეკრულების ძალით (1992 წლის 24 ივნისი) მომრიგებლად და მშვიდობისმყოფლად აღიარა რუსეთი და ჩრდილოეთ ოსეთი (?!), რითაც საკუთარი ნებით შეზღუდა საქართველოს სუვერენიტეტი ცხინვალის რეგიონზე.
დათმობების პოლიტიკის უკანასკნელი აკორდი იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის აღდგენა (სახელად: „დროებითი ადმინისტრაციული ერთეული“), რაც განახორციელა საქართველოს პარლამენტმა 2007 წლის 13 აპრილს (დადგენილებას მხარი დაუჭირეს „რესპუბლიკელებმა“ და „ახალმა მემარჯვენეებმა“, პარლამენტის თავმჯდომარე იყო ნინო ბურჯანაძე). ოლქის აღდგენა მოხდა ისე, რომ წინასწარ არავითარი კონსულტაციები საქართველოს მოსახლეობასთან არ ჩატარებულა.
2008 წლის 8 აგვისტომდე აღდგენილ სამხრეთ ოსეთის ოლქში თანაარსებობდა ორი ადმინისტრაცია: სანაკოევის და კოკითის (რესპუბლიკა "სამხრეთ ოსეთი"). ცნობისათვის: ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის დაწყების დღიდან ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" ძალმოსილება არ ვრცელდებოდა ახალგორის რაიონზე, ყორნისის რაიონის სამხრეთ ნაწილზე, რაჭის იმ ტერიტორიაზე, რომელიც მამისონის უღელტეხილს ემიჯნება და მდინარე ყვირილის სათავეებზე (სოფ.პერევი). დღეს ეს "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაა".
დამოუკიდებელი საქართველო მსოფლიო თანამეგობრობამ, გაერომ და თვით რუსეთმა სამხრეთ ოსეთის გაუქმებით სცნო. დღეს კი რუსეთი სწორედ ჩვენი პარლამენტის მიერ აღდგენილი ოლქის საზღვრებზე გამოთქვამს პრეტენზიას. საზღვრების გადმოწევასაც ამ ოლქის დაზუსტებული საზღვრებით ამართლებს...
მართალია რუსეთმა ხელი მოაწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომლის თანახმადაც 2008 წლის 8 აგვისტომდე არსებული სიტუაცია უნდა აღდგენილიყო, მაგრამ მოგვიანებით 26 აგვისტოს სცნო სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა (აფხაზეთის დამოუკიდებლობასთან ერთად) და ამით გააუქმა თავისივე ხელმოწერილი შეთანხმება. ეს ქმედება გაამართლა იმით, რომ თურმე შეიქმნა ახალი რეალობა, და სწორედ ამ მიზეზით აღარ შეასრულა თავისივე ხელმოწერილი შეთანხმება. ამიტომ, 2008 წლის ომის შემდეგ ხელმოწერილ შეთანხმებაზე აპელირება, რომ რუსულმა მხარემ ეს შეთანხმება უნდა შეასრულოს, ფუჭი წყლის ნაყვაა.
რომ არ აღდგენილიყო სამხრეთ ოსეთის ოლქი რუსეთს ძალზე გაუჭირდებოდა სეპარატისტული ოსეთის ცნობა ოლქის საზღვრებში, ვინაიდან მან, თავის დროზე, როცა სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, სცნო სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმებაც.
როგორც აღვნიშნეთ. არც მაშინ (2007 წელს) და არც მერე საქართველოს ხელისუფლებას არავითარი განმარტება საკუთარი მოსახლეობისათვის სამხრეთ ოსეთის ოლქის აღდგენის თაობაზე არ გაუკეთებია. ჩვენ დღემდე არ ვიცით მიზეზი იმისა, თუ რატომ, რა აუცილებლობით ან ვისი თხოვნით მოხდა სამხრეთ ოსეთის ოლქის აღდგენა. ვიმყოფებით რა სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში, იძულებული ვართ მიზეზის დასადგენად მივმართოთ ცნობილ რომაულ მეთოდს და დავსვათ მარტივი კითხვა: qui prodest? ვინ იხეირა? ვინც იხეირა ყველამ ვიცით.
აფხაზეთის მონაწილეობა რეფერენდუმებში
აფხაზეთის მოსახლეობამ (მოსახლეობის 43% შეადგენდნენ ქართველები, 17% აფხაზები და 40% რუსულენოვანები) მონაწილეობა მიიღო 1991 წლის მარტის რეფერენდუმებში, სადაც დააფიქსირა საკუთარი დამოკიდებულება საბჭოთა კავშირის განახლებული სახით შენარჩუნებასა და საქართველოს დამოუკიდებლობისადმი
1991 წლის 17 მარტის რეფერენდუმში (ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების მხარდასაჭერად) გალის რაიონის მოსახლეობას არ მიაღებინეს მონაწილეობა (80 ათასი ამომრჩეველი არ შეიყვანეს საარჩევნო სიებში). მიუხედავად ამ უკანონო და ძალადობრივი პროცედურისა, ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას მხარი დაუჭირა აფხაზეთის მოსახლეობის მხოლოდ 51.5%-მა.
გასაგებია, რომ ამ ე.წ. რეფერენდუმმა დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელიც ამ შედეგებს არ ამტკიცებდა. იძულებული გახდნენ საკითხი განსახილველად საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოში გადაეტანათ. უმაღლესმა საბჭომ, ხანგრძლივი დებატების შემდეგ, ხმების უმრავლესობით რეფერენდუმის შედეგები აფხაზეთში სამართლიანად სცნო. ეს იყო პოლიტიკური აქტი, რასაც სამართალთან საერთო არაფერი ჰქონდა, მაგრამ საბჭოთა კავშირის შენარჩუნების მომხრეებს ასეთი წვრილმანები არ ადარდებდათ. აქვე უნდა აღინიშნოს საკავშირო უმაღლეს საბჭოში საქართველოს დეპუტაციის სერიოზული (თუმცა ამაო) ძალისხმევა ამ უკანონო გადაწყვეტილების წინააღმდეგ
1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმში (საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად) მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის მთელმა მოსახლეობამ. შედეგები ეჭვმიუტანელი იყო: საქართველოს დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 60%-მა. არავითარი პროტესტი ამ რეფერენდუმს არ მოჰყოლია.
საინტერესოა, რომ ორივე რეფერენდუმებში საქართველოს მხარი დაუჭირა (კი - საქართველოს დამოუკიდებლობას და არა - განახლებულ საბჭოთა კავშირს) აფხაზეთის არაქართულმა მოსახლეობამ (გალელთა გარეშე 49.5% 17 მარტის რეფერენდუმში და არაქართველი ამომრჩევლების 17% - 31 მარტის რეფერენდუმში). ძნელი წარმოსადგენია, რომ არაქართველ ამომრჩეველთა ძირითადი ნაწილი რუსულენოვანი ყოფილიყო. აშკარაა საქართველოს დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა აფხაზთა მნიშვნელოვანმა ნაწილმაც.
ასე, რომ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ორივე რეფერენდუმში (17 და 31 მარტის) საქართველოს მოსახლეობამ მთელ ტერიტორიაზე გამოხატა თავისი ურყევი ნება - საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი.
აფხაზეთში ჩატარებული რეფერენდუმების მიმართ თავისი პოზიცია გამოხატეს გაერომ და თავად რუსეთმა, როცა მათ უპირობოდ სცნეს საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე.
ისტორიის ფალსიფიკაცია
უკანასკნელი ოცი წელია საქართველოში მიმდინარეობს უახლესი ისტორიის ინტენსიური გაყალბება, რომლის მასშტაბები მხოლოდ საბჭოთა კავშირის ისტორიის გაყალბებას თუ შეედრება (ყველა ხელისუფალი წინამორბედი ეპოქის ისტორიას აყალბებდა და არცთუ წარუმატებლად. საქმე იქამდე მივიდა, რომ რუსი ისტორიკოსები დღემდე ვერ გარკვეულან, სად სიმართლეა და სად ფალსიფიკაცია). საქართველოში იცვლებიან ხელისუფალნი, მაგრამ არ იცვლება დამოკიდებულება უახლესი ისტორიისადმი. განსაკუთრებით ეს ეხება 1989-1992 წლების პერიოდს. ოფიციოზის მთელი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ დაამცრონ და ყველანაირად სახელი გაუტეხონ „მრგვალ მაგიდას“ და განსაკუთრებით ზვიად გამსახურდიას. გამოდის მემუარული ლიტერატურა, სადაც ავტორები ცდილობენ ძირითადად საკუთარი თავი წარმოაჩინონ. როცა საქმე ზ.გამსახურდიას პიროვნებას ეხება, იმეტებენ მხოლოდ ერთ ფრაზას, რომ მას თურმე „ძალიან უყვარდა საქართველო“. ეს არის და ეს. მართალია დღეს ღიად უკვე ვეღარ ლანძღავენ ზ. გამსახურდიას, მაგრამ ყველანაირად ცდილობენ მისი ღვაწლის გაბიაბრუებას და მიჩუმათებას. საქმე იქამდეც მივიდა, რომ დღევანდელმა თაობამ არ იცის რა დამსახურება მიუძღვის მას ქართველი ერის წინაშე. ვერც ვერსაიდან გაიგებს.
ამჯერად ყურადღება გვინდა მივაპყროთ იმ ფალსიფიკაციაზე, რომლის დამკვეთიც არის რუსეთი. ერთერთი უმთავრესი პროპაგანდისტული შტამპი (გარდა ზ. გამსახურდიას დემონიზაციისა), რომელსაც იყენებს მოსკოვი დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ ინფორმაციულ ომში (ეს ომი არასოდეს შეწყვეტილა), არის ის, რომ თურმე საქართველო დამოუკიდებელი გახდა საბჭოთა კავშირის დაშლისას და რომ თურმე ამ დროისათვის მისი სუვერენიტეტი აღარ ვრცელდებოდა ავტონომიურ რეგიონებზე. არგუმენტად მოყავთ ის, რომ 1991 წლის 17 მარტის რეფერენდუმში აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა (რომელიც თითქოს ჯერ კიდევ არსებობდა) მხარი დაუჭირეს საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას.
ძალიან საწყენია, რომ პატივცემული პოლიტოლოგები (ერთი მათგანი უნივერსიტეტში ასწავლის სტუდენტებს, მეორე კი, საკუთარ მოსაზრებებს მთელ საქართველოს აცნობს), ასე შეუმოწმებლად იმეორებენ რუსულ პროპაგანდისტულ შტამპებს და ობიექტურად ხელს უწყობენ რუსულ ინფორმაციულ აგრესიას.
სულ ახლახანს, 2014 წლის 13 აპრილს გამართულმა საზოგადოებრივმა აქციამ მიიღო პეტიცია „არა კოლაბორაციონიზმს, არა მტერთან თანამშრომლობას“. თუ არა კოლაბორაციონიზმი და მტერთან თანამშრომლობა, სხვა რა უნდა ეწოდოს 23 აპრილის რადიო-1-ის საღამოს პიკის საათის გადაცემას? საკითხავია, ასეთია საქართველოს (საზოგადოებრივი მაუწყებლობა ეროვნული ბიუჯეტიდან ფინანსირდება) პოზიცია? არანაკლებ საინტერესოა, რას ფიქრობს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა შემადგენლობა (განსაკუთრებით - მისი საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ჰუმანიტარული ნაწილი) საკუთარი მაღალი ცენზის მქონე პატივცემული კოლეგის მიერ ამ ნათლად ჩამოყალიბებულ პოზიციასთან დაკავშირებით?
P.S. იმედია, პატივცემული პოლიტოლოგები, დავით პაიჭაძე და კორნელი კაკაჩია, გამოეხმაურებიან ამ წერილს და განმარტავენ საკუთარი პოზიციას1991 წლის რეფერენდუმებში აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მონაწილეობის შესახებ.