ვისთან გაიყვანს გამოძიებას ჯუანშერ ბურჭულაძე?

ვისთან გაიყვანს გამოძიებას ჯუანშერ ბურჭულაძე?

ჯუანშერ ბურჭულაძე ბრალის წარდგენას კლინიკა „ჰელსიკორში“ ელოდება. ახლა მნიშვნელოვანია, დამატებით რა ჩვენებას მინსცემს გამოძიებას და ვის დაასახელებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომლის გამოკითხვიდან მალევე, სუს-მა რამდენიმე საათში, კორუფციის ბრალდებით დააკავა ბურჭულაძის უახლოესი გარემოცვის რამდენიმე წევრი - თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე. ამჯერად, ვისთან გაიყვანას გამოძიებას ბურჭულაძე, ამას დრო გვიჩვენებს.

დაკავებულის ერთ-ერთი ადვოკატი, მარიამ შათირიშვილი აცხადებს, რომ ეს არის ერთი დიდი გაუგებრობა და სპექტაკლს უფრო ჰგავს. მისი ვარაუდით, ეს „სპექტაკლი“ ძალიან მალე დასრულდება, რადგან არ არსებობს ბუნებაში მტკიცებულება, რომელიც ბურჭულაძის ბრალს დაადასტურებს.

„ბრალი ჯერ არ არის წაყენებული ოფიციალურად, თუმცა იმ ფაქტის გარშემო, რაზეც ის მოწმის სახით გამოიკითხა და სრულყოფილი ჩვენება მისცა, ამ მიმართულებით თავს დამნაშავედ არ სცნობს. ჩვენ ვიბრძოლებთ მხოლოდ კანონით დადგენილი წესით. ჩვენ გვაქვს ყველანაირი მტკიცებულება, რაც გააბათილებს ბრალდების მხრიდან წამოსულ ვარაუდებს“, - განაცხადა მარიამ შათირიშვილმა.

ბურჭულაძის დაკავების შემდეგ, კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია შიდა კლანურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ კობახიძის „კლანმა“ დაჩაგრა, აჯობა ღარიბაშვილის „კლანს“ და არა მხოლოდ აჯობა, ცდილობს, სამართლებრივად და პოლიტიკურად დიდი ზიანი მიაყენოს.

„ჩვენ ვამბობდით ამ ადამიანზე, ისევე, როგორც „კლანის“ სხვა წარმომადგენლებზე, მხედველობაში მაქვს ღარიბაშვილის „კლანი“, რომ არიან კორუმპირებულები, აკეთებენ მილიონებს, მაგრამ რეჟიმი ყოველთვის ცდილობდა, აბუჩად აეგდო და დაეცინა ამგვარი განცხადებებისთვის. სინამდვილეში, ეს ადამიანები ჭამდნენ ხალხის ფულს და ამაზე ყველას თვალი ჰქონდა დახუჭული. ახლა ეს რეჟიმი რასაც აკეთებს, ეს არის კლასიკური წმენდა. ერთი მმართველის ქვეშ, სხვადასხვა „კლანები“ ერთმანეთს ებრძვიან“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ წარსულში, კორუფციის კუთხით გადაცდომები იყო, ამას რეაგირება სჭირდება, რათა პრევენციის ეფექტი მიიღონ. შესაბამისად, ამბობს, რომ იქნებიან მაქსიმალურად ეფექტიანები და მკაცრები.

„ჩვენთვის მთავარია მიმდინარე პროექტების ხარჯთეფექტიანობის მაქსიმალურად გაუმჯობესება, მართვის სისტემის ხარჯთეფექტიანობის უზრუნველყოფა. ამასთან ერთად, ჩვენ ვინტერესდებით, თუ რა ხდებოდა წარსულში. თუ წარსულში კორუფციის კუთხით გადაცდომები იყო, ამას სჭირდება რეაგირება პირველ რიგში იმისთვის, რომ პრევენციის ეფექტი მივიღოთ. თუ არ არის ამის მაგალითები, ბუნებრივია, რჩება ცდუნება იმისა, რომ ვიღაცას ხელი წაუცდეს. რა თქმა უნდა, კორუფცია ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელია. დამაზიანებელია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კორუფციის აღმოფხვრაზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ. ყველა მიმართულებით ვიქნებით ეფექტიანებიც და მკაცრებიც. ეს არის ერთადერთი და უპირობო გზა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში კორუფცია აღმოიფხვრას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ ბურჭულაძის საქმეს გაგრძელება მოჰყვება. რაც შეეხება კორუფციულ სკანდალში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კავშირს, ვიცე-სპიკერ გიორგი ვოლსკის ვერ წარმოუდგენია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი რამე დანაშაულში იყოს გახვეული.

„ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია ვიცნობ. ახალგაზრდა იყო, საკმაოდ შეძლებული თვითონაც, თავისი ოჯახიც - საკმაოდ სერიოზული შემოსავლით, ამიტომ ძალიან გამიკვირდება, ვერც ვუშვებ, რომ შეიძლება, რამე კორუფციულ სისტემაში იყოს ჩართული. საერთოდ არის ასეთი ფორმულა, რომ არაფერი არ უნდა გამორიცხო ამ ცხოვრებაში, მაგრამ ადამიანები ვართ, ჩვენი სისუსტეებიც გვაქვს და შეიძლება, გამორიცხო კიდეც. ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში, ვინც არ უნდა იყოს, ნებისმიერი ადამიანი, ვინც სახელმწიფოს დაუპირისპირდება ასეთი ბოროტი დანაშაულით, როგორიცაა კორუფცია, ყველას პასუხი მოეთხოვება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, კორუფციის საქმეზე ბურჭულაძის დაკავება ძალიან ცუდი ფაქტია, თუმცა უფრო უარესი იქნებოდა, რომ დაემალათ და არ წარედგინათ ის რეალობა, რაც არსებობს. ვოლსკის განცხადებით, კორუფციასთან დაკავშირებით, მკაცრი ზომები უნდა გატარდეს.

„ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთხელ თუ ორჯერ ვარ შეხვედრილი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვიფიქრებდი, რომ ამხელა კორუფციული სისტემა იყო აწყობილი და ეს ყველაფერი მის გარშემო ტრიალებდა. ვნახოთ, რა პოზიცია აქვს დაცვის მხარეს, ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, გამოძიება აჩვენებს ყველაფერს. ძალიან ცუდი ფაქტია, ზოგადად, ჩვენთვისაც ცუდი ფაქტია, მაგრამ უფრო უარესი ფაქტი იქნებოდა, რომ დამალო და არ წარმოადგინო ის რეალობა, რაც არსებობს.

კორუფციის თემა როგორც არ უნდა იყოს გაანალიზებული, რომელიც კუთხითაც არ უნდა იყოს შეფასებული, არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი ქვეყნისათვის, ამიტომ არის საქართველო კორუფციასთან ბრძოლის მაჩვენებლით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის. ნებისმიერ ქვეყანას გამოთხრის და დაანგრევს, თუკი კორუფცია არსებობს. წარსულში იქნება თუ აწმყოში, ეს ყველაფერი უნდა იყოს მკაცრად გაკონტროლებული, შეფასებული და მკაცრი ზომები უნდა იქნეს გატარებული“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სპეკულაციაა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ნდობით აღჭურვილი პირია. რაც შეეხება ბურჭულაძეს, კალაძის შეფასებით, ეს ცუდი ფაქტია.

„ჩემთვის, ადამიანურად, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტი და არასასიამოვნოა, როდესაც ყოფილ თანაგუნდელს აკავებენ. კიდევ უფრო მეტად მძიმეა ეს ფაქტი იმ ვითარებაში, როდესაც მთელმა გუნდმა, განსაკუთრებულად ბიძინა ივანიშვილმა, ყველაფერი გადადო გვერდით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, დანის პირზე გვიწევს სიარული. გახსოვთ, რა რთული პერიოდი გამოვიარეთ. დღესაც ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა - არის ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ, ბევრი შეურაცხყოფა, შანტაჟი, მუქარებია. ამიტომ, როდესაც მსგავსი ტიპის ფაქტები ხდება, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და არასასიამოვნოა. დაველოდოთ გამოძიებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ანალიტიკოსის ედიშერ გვენეტაძის განმარტებით, „კადრები წყვეტენ ყველაფერსო“ -ბრძანა იმ ნახევარი მსოფლიოს მფლობელმა კაცმა, რომელსაც როდესაც გარდაიცვალა, გახეული ჩექმა ეცვა და ვერ გამოუცვალეს, ვინაიდან მეტი არ ჰქონდა. ამ დროს, მას უღალატეს, თუ უღალატეს, ღარიბ-ღატაკთა და უქონელთა წრიდან, მის მიერვე დაწინაურებულმა და შერჩეულმა კადრებმა:

„ამიტომაც, არ გაგიკვირდეთ, ვინაიდან ასე იყო კადრების პრობლემა ეგვიპტის ფარაონის დროიდან და ასე არის დღემდე, ბურჭულაძის ჩათვლით. ნახეთ, რა იკისრა პუტინის მიერ დაწინაურებულმა „პოვარმა“ - მისი ჭკუით, კრემლს შეუტია. ნახეთ, როგორ გამამლაყინწდნენ და როგორ იქცევიან ივანიშვილის მიერ წუმპედან ამოთრეულ-დაწინაურებული, გამძღარ-მოსუქებული, კოლექტიური გედეონები. საუბედუროდ, მსოფლიო ისტორიაში, უმადური არაკაცები ყოველთვის უფრო მრავლად იყვნენ, არიან და იქნებიან, ვიდრე სიკეთის დამფასებელი, პრინციპული და ერთგული კაცები“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.

 

მარბიელი თუ იმ სამედიცინო აპარატურის ყიდვაში ფულის მომტეხმა ხაინდრავამ და სასტავმა ბურჭულაძეს ხელი არ დაადო, მარტო ის, რომ დეკლარაცია არასრულად შეავსო, დანაშაულის მტკიცება არაა
27 წუთის უკან