მიზანმიმართული დეზინფორმაცია - ასე აფასებს მმართველი გუნდი ოპოზიციის მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქართული დელეგაცია ჩინეთში არ მიიწვიეს.
მეორე დღეა, ტიანძინში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც მხოლოდ ფორუმის წევრი და დამკვირვებელი ქვეყნები ესწრებიან, საქართველო კი არცერთი მათგანი არ არის, შესაბამისად, "ქართულ ოცნებაში" ოპონენტების მხრიდან ატეხილ აჟიოტაჟს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებენ.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას აქვს ერთდღიანი, ან მაქსიმუმ ორდღიანი სპეკულაციის მიზანი.
"ეს არის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრა, სადაც გაწევრიანებულია ჩინეთთან ერთად რუსეთი, ინდოეთი, ბელარუსი, პაკისტანი და სხვა რამდენიმე ქვეყანა. ამასთან ერთად, იქ არიან ქვეყნები, რომლებსაც აქვს ასოცირებული ურთიერთობა მათთან, მაგალითად თურქეთი.
იქ არიან ქვეყნები, რომლებსაც აქვთ განაცხადი გაკეთებული, რომ უნდათ ამ ორგანიზაციის წევრობა და თანამშრომლობა. ეს არის სულ სხვა ორგანიზაცია, რომელსაც არ აქვს არანაირი შემხებლობა იმ ქვეყნებთან, რომელ ქვეყნებსაც აქვთ გამოკვეთილი ე.წ. პროდასავლური, პროატლანტიკური ორიენტაცია.
აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ვერ იქნებოდა მიწვეული. წარმოიდგინეთ, იქ რომ საქართველოს მიეწვიათ რა ამბავს ატეხდა ჯო უილსონიდან დაწყებული, ამ ოპოზიციის პროპაგანდით დამთავრებული, რომ საქართველო კურსი შეიცვალა და შანხაის ორგანიზაციაში წევრიანდება რუსეთთან ერთად და ა.შ.
ამ ყველაფერს აქვს ერთდღიანი, ან მაქსიმუმ ორდღიანი სპეკულაციის მიზანი, მეტი არაფერი", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.