აშშ-ის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეშვეობით რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს წერილი გადასცა, ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მელანია ტრამპმა პუტინს უკრაინაში ბავშვების მდგომარეობის შესახებ მისწერა. როგორც სააგენტოს თეთრი სახლიდან ორმა ანონიმურმა წყარომ აცნობა, ამერიკის პირველმა ლედიმ შეშფოთება გამოთქვა უკრაინაში ომის პირობებში ბავშვების მდგომარეობის შესახებ.
ცნობისთვის, გუშინ ალასკაზე ტრამპისა და პუტინის შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებები დაახლოებით 3 საათი გაგრძელდა. შეხვედრა მხარეებმა მედიასთან დადებითად შეაფასეს, თუმცა იქვე აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი უკრაინაში ომის დასრულების საქმეში მიღწეული არ იყო.