რადიო „თავისუფლება“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი პროპაგანდისტული სერიოზული საშუალება და საზოგადოებას უქმნის ისეთ განწყობას, რომლიდანაც ვერანაირ დასკვნას თვითონვე ვერ გააკეთებენ, - განაცხადა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მაღალი რანგის დიპლომატის დაკავების ფაქტის ოპოზიციური მედიის მიერ გაშუქებასთან დაკავშირებით. კერძოდ, აღნიშნული ფაქტის შესახებ ოპოზიციურ მედიაში ხაზგასმულია, რომ დაკავებული ჩინელი დიპლომატი საქართველოს დელეგაციას მასპინძლობდა.
„აგდებს საზოგადოებაში ინფორმაციას, რომ ისეთი განწყობა შექმნას, თითქოს ეს შეხვედრა მაღალჩინოსანთან ჩინეთში პრემიერ-მინისტრისა იქნებოდა თუ ჩემი, ბნელით არის მოცული. რა პროგრამაც შემოგვთავაზეს, იმ პროგრამით წავედით და შევხვდით. ეს ადამიანი ჩვენს გარდა შეხვდა არაერთ ლიდერს, მაღალი თანამდებობის პირს დასავლეთის ქვეყნებიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ევროკავშირიდან და თვითონ იმოგზაურა არაერთ ქვეყანაში და ასეთივე მაღალი დონის შეხვედრებს ატარებდა“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
საუბარია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მაღალი რანგის დიპლომატ ლიუ ძინჩაოზე, რომელსაც სხვადასხვა დროს შეხვედრები ჰქონდა არაერთი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელთან, მათ შორის იყო ენტონი ბლინკენი და ტონი ბლერი.