გია ვოლსკი - ქვეყანა ვიზალიბერალიზაციას არ დაკარგავს

გია ვოლსკი - ქვეყანა ვიზალიბერალიზაციას არ დაკარგავს

დღეს ევრობიუროკრატიის, ცალკეული ქვეყნების ინტერესია, რომ რუსეთის აგრესიული სამხედრო შესაძლო შეტევის დივერსიფიცირება მოხდეს, მათ შორის სამხრეთ კავკასიის მიმართულებით, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის კითხვა დაუსვეს რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის სტატიაზე, რომლის მიხედვითაც, ბრიუსელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონების გაუქმებას ითხოვს და წინააღმდეგ შემთხვევაში ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით იმუქრება. იოზვიაკის ვარაუდით, ქვეყნების საჭირო რაოდენობა ამისთვის უკვე არსებობს.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, საქართველოში მოქმედი არცერთი კანონი არ არის აცდენილი ევროპულ სტანდარტს და დემოკრატიის სტანდარტს.

„თუკი ჩვენ ვლაპარაკობთ ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვაზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი უმცირესობა, შეიძლება, დაჩაგრული იქნeს ამ ნიშნით. ეს ნიშნავს იმას, რომ ლგბტ პროპაგანდა არ უნდა შემოიჭრას ჩვენს ოჯახებში. ზუსტად იგივე მიდგომები აქვთ ევროპის ცალკეულ ქვეყნებსა და აშშ-ში. ეს ევროპულ სტანდარტს არანაირად არ ეწინააღმდეგება. ეს არის ქვეყნის გადასაწყვეტი საკითხი. მით უმეტეს, უფლებების დაცულობა არის გარანტირებული. რაც შეეხება გამჭვირვალობას, ეს კიდევ უფრო მეტად ახასიათებს არაობიექტურობას ჩვენ მიმართ დამოკიდებულებისა. აქედან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ ამ მოთხოვნათა უკან დევს გარკვეული სტრატეგიული გეგმა, რომელიც უკავშირდება საქართველოში ისეთი ვითარების შექმნას, როდესაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი იქნება ხელისუფლების უკმაყოფილო და ეცდება, ფიზიკური ძალით შეცვალოს ხელისუფლება იმ ხელისუფლებით, რომელიც უკეთესი მარიონეტი იqნება, მათ შორის ბრიუსელის ხელში“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, ევრობიუროკრატიას გააჩნია თავისი გეგმა და ხედვა, რასაც არ მალავენ.

„იყო პერიოდი, როდესაც მათი პოლიტიკური მისწრაფებები შენიღბული იყო მოთხოვნებით ლგბტ პროპაგანდის, გამჭვირვალობის საკითხებთან დაკავშირებით. დღეს ამ პოსტულატებს იმეორებენ, მაგრამ საქართველოზე ასეთი გააფთრებული შეტევა მიმდინარეობს მაღალი რეიტინგების ფონზე, რომელსაც აქვეყნებს მსოფლიო ბანკი და ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაცია. დღეს ევრობიუროკრატიის, ცალკეული ქვეყნების ინტერესია, რომ რუსეთის აგრესიული სამხედრო შესაძლო შეტევის დივერსიფიცირება მოხდეს, მათ შორის სამხრეთ კავკასიის მიმართულებით. ეს არ არის დამალული“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არ არის ასეთი ადვილი.

„იქ ყველა სახელმწიფოს ერთნაირი პოზიცია არ აქვს, კვალიფიციური უმრავლესობის მიერ მისაღებია გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციის სტრატეგიის დროებითი შეჩერების თაობაზე, თუმცა არც ეს ემუქრება საქართველოს, ვინაიდან ყველა სტანდარტი, ოფიციალური ინფორმაცია, შეჯამება არის იმ ლოგიკისა და რეალობის მხარეს, რომელიც საქართველოში არსებობს. ამ რეალობის გვერდით ვითარდება სხვა პროცესი, რომელიც არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და მიმართულია იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს მარიონეტული ხელისუფლებით, რომელიც დათანხმდება ყველა იმ გეგმას, რაც იყო გაჟღერებული ევრობიუროკრატიის მხრიდან. ქვეყანა ვიზალიბერალიზაციას არ დაკარგავს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.