ირაკლი კობახიძემ აჭარაში მერობის კანდიდატები დაასახელა: ქობულეთში - ირაკლი ცეცხლაძე, ხელვაჩაურში - ზაზა დიასამიძე, შუახევში - ომარ ტაკიძე, ქედაში - მამუკა თურმანიძე, ხულოში - ვახტანგ ბერიძე, ბათუმში - გიორგი ცინცაძე

ირაკლი კობახიძემ აჭარაში მერობის კანდიდატები დაასახელა: ქობულეთში - ირაკლი ცეცხლაძე, ხელვაჩაურში - ზაზა დიასამიძე, შუახევში - ომარ ტაკიძე, ქედაში - მამუკა თურმანიძე, ხულოში - ვახტანგ ბერიძე, ბათუმში - გიორგი ცინცაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აჭარის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები დაასახელა.

ცნობილია, რომ ექვსი მუნიცპალიტეტიდან სამში - ქობულეთში, ხელვაჩაურსა და შუახევში მოქმედი მერები ან მერის მოვალეობის შემსრულებლები არიან წარდგენილი, ხოლო ქედაში, ხულოსა და ბათუმში, მმართველ პარტიას ახალი კანდიდატები ჰყავს.

„აჭარაში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებელს წარვადგენთ 6-დან 3 მუნიციპალიტეტში. ესენია: ქობულეთში - ირაკლი ცეცხლაძე, ხელვაჩაურში - ზაზა დიასამიძე, შუახევში - ომარ ტაკიძე.

2 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებად წარვადგენთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მოქმედ დეპუტატებს. ესენია: ქედაში - მამუკა თურმანიძე, ხულოში - ვახტანგ ბერიძე.

ბათუმში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედი უფროსი - გიორგი ცინცაძე“, - განაცხადა კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართული ოცნების“ ამოცანაა, ქვეყნის მასშტაბით 64-ვე მუნიციპალიტეტში გამარჯვება.

„ასეთია ჩვენი კანდიდატების ჩამონათვალი. დარწმუნებული ვართ, უკლებლივ ყველა კანდიდატი მოიგებს არჩევნებს შესაბამის მუნიციპალიტეტში. ჩვენი ამოცანა არის ცხადი - ეს არის მთელი ქვეყნის მასშტაბით 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება. კვლევებიც ადასტურებს იმას, რომ ეს არის აბსოლუტურად რეალური და რეალისტური ამოცანა.

ბუნებრივია, ჩვენი საარჩევნო შტაბი, პარტია იქნება მაქსიმალურად მობილიზებული, იმისათვის, რომ ამ შედეგს მივაღწიოთ. წარმატებებს ვუსურვებ მერობის კანდიდატებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.