საგამოძიებო კომისია განსაკუთრებით შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ 2012 წლიდან დღემდე პერიოდის კვლევამ ვერ გამოავლინა ვერც ერთი შემთხვევა, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, მხარი დაუჭირეს თუნდაც მათთვის პოლიტიკურად მიუღებელ მმართველ ძალას, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა, კომისიის დასკვნის წარდგენისას განაცხადა.
თეა წულუკიანის განცხადებით, კომისიის დასკვნაში საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ომის წარმოების პროპაგანდაზე, რომელიც გარე ძალების დავალებით 2022 წლიდან მძვინვარებს საქართველოში.
„პირიქით, მათ ყველა ზომას მიმართეს იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ მოეპოვებინა, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი არ გამხდარიყო და სხვა, ქვეყნისა და მისი მომავლისთვის სასიკეთო მიღწევები არ ჰქონოდა. უფრო მეტიც, გარე ძალების ნების შესაბამისად, მათ აწარმოეს და მონაწილეობა მიიღეს ომის პროპაგანდაში, რომელიც 2022 წელს მძვინვარებდა საქართველოში და დღესაც, გარკვეულწილად, აქტუალურია. ამით დესტრუქციულმა ძალებმა საქართველო ეგზისტენციალური საფრთხისათვის გაწირეს და არავითარი მონაწილეობა არ მიიღეს საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის საქმეში“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანი კომისიის დასკვნის შეჯამებისას აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არ მომხდარა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების აღიარების ან მომანიების მცდელობაც კი, არამდე პირიქით, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ „„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი განვითარების ეპოქად შეირაცხოს“.
„შემაჯამებელი შეფასების სახით, უნდა აღინიშნოს, რომ არც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და არც შემდგომ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არ გადადგმულა არც ერთი ნაბიჯი მის მიერ ხელისუფლებაში ყოფნისას ადამიანის სიცოცხლისა და ღირსების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების აღიარების ან მონანიების მიზნით. პირიქით, ყველაფერი კეთდებოდა და კვლავაც კეთდება იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი განვითარების ეპოქად შეირაცხოს, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი ძალადობრივი წარსულისაგან განიბანოს და, გარე ძალებისა და მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობით, ის დაუბრკოლებლად განაგრძოს კონსტიტუციური წყობილების, სტაბილურობისა და მშვიდობის წინააღმდეგ მის მიერ ამჟამად წარმოებულ საქმიანობას“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.