საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხულ პირთა მიერ მოწოდებული ცნობებიდან (იხ. გენერალი გიორგი გოგავას, გენერალი მამუკა ყურაშვილის, გენერალი მამია ბალახაძის, შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის მოადგილის, შალვა ჯანაშვილის, სამხედრო ექიმის, ლაშა ქოიავას ახსნა-განმარტებები) ცალსახად იკვეთება, რომ 2008 წლის აგვისტოში, ქართული ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მიერ მართულ ომში აღმოჩნდა, რომლებმაც, გარე ძალების დახმარების იმედითა და ქართველი სამხედროების აზრის უგულებელყოფით, ქ. ცხინვალზე შეტევა განახორციელეს და საომარ მოქმედებათა ძირითად მიმართულებად სწორედ ეს დასახლება განსაზღვრეს - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა, კომისიის დასკვნის წარდგენისას განაცხადა.
როგორც წულიკიანმა აღნიშნა, კომისიის მასალებით, ხელისუფლების კონტროლირებადი მედია დეზინფორმაციას ავრცელებდა კონფლიქტის ზონაში დარჩენილ მოსახლეობასა და მთელ საზოგადოებაზე, თითქოს საქართველოს მთავრობა ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა და საერთაშორისო პარტნიორები არ დაუშვებდნენ ქვეყნის კატასტროფას. მოგვიანებით, იგივე მედიამ წაგებული ომი „გამარჯვებად“ გაასაღა.
მისივე თქმით, ზემომოყვანილმა და სხვა გარემოებებმა, ერთობლიობაში, განაპირობა სამდღიანი ომი, მარცხი, დამატებითი ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მიერ, დევნილთა რიცხვის ზრდა, გაუმართლებელი მსხვერპლი, როგორც შეიარაღებულ ძალებში, ასევე, სამოქალაქო მოსახლეობაში, და მნიშვნელოვანი მატერიალური დანაკარგი.
„ საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხულ პირთა მიერ მოწოდებული ცნობებიდან (იხ. გენერალი გიორგი გოგავას, გენერალი მამუკა ყურაშვილის, გენერალი მამია ბალახაძის, შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის მოადგილის, შალვა ჯანაშვილის, სამხედრო ექიმის, ლაშა ქოიავას ახსნა-განმარტებები) ცალსახად იკვეთება, რომ 2008 წლის აგვისტოში, ქართული ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მიერ მართულ ომში აღმოჩნდა, რომლებმაც, გარე ძალების დახმარების იმედითა და ქართველი სამხედროების აზრის უგულებელყოფით, ქ. ცხინვალზე შეტევა განახორციელეს და საომარ მოქმედებათა ძირითად მიმართულებად სწორედ ეს დასახლება განსაზღვრეს.
ამასთან, საგამოძიებო კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ პოლიტიკოსების გადაწყვეტილებით, ძირითად მიმართულებაზე სამხედრო ამოცანის შესრულება დაევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რამაც თავდაცვის ძალებში დეზორიენტაცია და დეზორგანიზაცია, ხოლო სამოქალაქო მოსახლეობაში გაურკვევლობა და დაუცველობა გამოიწვია. გენერალ მამია ბალახაძის თქმით, ვინაიდან ძირითად მიმართულებაზე ამოცანის შესასრულებლად ორი სხვადასხვა სისტემის დანაყოფები დაიძრნენ, გაურკვეველი დარჩა, ვინ იძლეოდა ბრძანებებს - შინაგან საქმეთა თუ თავდაცვის სამინისტრო. გეგმის განხორციელებაში ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩართულნი აღმოჩნდნენ ისეთი შენაერთები და პირები, რომლებსაც ცოდნა და მომზადება სრულიად განსხვავებული ფუნქციების განსახორციელებლად ჰქონდათ მიღებული და, თუნდაც ერთობლივი სწავლებების გზით, თავსებადობის არავითარი ტესტი წინასწარ გავლილი არ ჰქონდათ. ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა შეიარაღებულ ძალებს არ მისცა საშუალება, ემოქმედათ პროფესიონალურად, ვინაიდან ის, სხვებს შორის, აყოვნებდა დამტკიცებული გეგმის მიხედვით მოქმედების დაწყებას.
აღიქვამდა რა საომარ მოქმედებებს პიარკამპანიად, „ნაციონალური მოძრაობა“ ღია ეთერით გადასცემდა ქართული ჯარის მოქმედებების შესახებ ინფორმაციას და მტერს ცეცხლის კორექტირების საშუალებას აძლევდა, რაც, საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხული თითოეული სამხედრო პირის მიერ ზურგიდან ხელშეშლად და ყოვლად დაუშვებლად იქნა მიჩნეული. გარდა იმისა, რომ სატელევიზიო სივრცეში სისტემატურად ჰქონდა ადგილი რუსეთის წინაშე ქართული სამხედრო პოზიციების „გაშიშვლებას“ პირდაპირი ეთერით, მიმდინარეობდა კონფლიქტის ზონაში დარჩენილი მოსახლეობის დეზინფორმაცია არაკომპეტენტურად მომზადებული სიუჟეტებითა და ტოტალური სიცრუის გავრცელებით იმის თაობაზე, რომ, თითქოს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება კონფლიქტის ზონაში ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა და საერთაშორისო მეგობრები არ დაუშვებდნენ ქვეყანაში კატასტროფას და შეაჩერებდნენ რუსეთის აგრესიას. უფრო მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კონტროლირებულმა მედიამ განსაკუთრებით აქტიური როლი შეასრულა კატასტროფული შედეგების მქონე წაგებული ომის „გამარჯვებად“ გასაღებაში.
ზემომოყვანილმა და სხვა გარემოებებმა, ერთობლიობაში, განაპირობა სამდღიანი ომი, მარცხი, დამატებითი ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მიერ, დევნილთა რიცხვის ზრდა, გაუმართლებელი მსხვერპლი, როგორც შეიარაღებულ ძალებში, ასევე, სამოქალაქო მოსახლეობაში, და მნიშვნელოვანი მატერიალური დანაკარგი. „ - განაცხადა წულუკიანმა.