„ნუ ეფარებიან ის ადამიანები ["ნაცმოძრაობა"] ჩვენი გმირი ჯარისკაცების ვაჟკაცობას და გმირობას. ყველას ჰქონდა თავისი ვალდებულება, რომ აერიდებინა ეს ომი სამშობლოსთვის, მაგრამ ეს არ გაკეთდა",-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ეროვნული ინტერესები და ქვეყანაში უსაფრთხოება უზრუნველყოს.
„რასაც ჩვენი გმირები აკეთებდნენ, აკეთებენ და მომავალში გააკეთებენ ეს არის მათი მოვალეობა, ვალდებულება. ჩვენმა ჯარისკაცებმა იცოდნენ და იციან, თუ რას ნიშნავს სამშობლოს დაცვა და რას ნიშნავს იყო სამშობლოს ჯარისკაცი და მცველი. ამავე დროს, ჩვენ ვართ სახელმწიფო, სადაც თითოეულ ინსტიტუტს აქვს თავისი ვალდებულება. ეს უნდა გავმიჯნოთ, ჯარისკაცს აქვს თავისი მოვალეობა და ვალდებულება, სახელმწიფო მეთაურებს, ინსტიტუციებს, ხელისუფლებას, პრეზიდენტი იქნება, აღმასრულებელი ხელისუფლება, სასამართლო თუ ა.შ ყველას გაგვაჩნია ჩვენი ვალდებულება ჩვენი სამშობლოს წინაშე. ჩვენი ვალია, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ავარიდოთ ჩვენ სამშობლოს ყველა ხიფათი. უსაფრთხოება არის პირველ რიგში, რომ ჩვენი სამშობლო არ იყოს საფრთხის წინაშე და არ იყოს ომის საშიშროების ქვეშ, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება. ნუ ეფარებიან ის ადამიანები ["ნაცმოძრაობა"] ჩვენი გმირი ჯარისკაცების ვაჟკაცობას და გმირობას. ყველას ჰქონდა თავისი ვალდებულება, რომ აერიდებინა ეს ომი სამშობლოსთვის, მაგრამ ეს არ გაკეთდა,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.