პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენილ მამუკა მდინარაძეს უსმენენ.
სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
კომიტეტის თავმჯდომარემ, ალეკო ტაბატაძემ განაცხადა, რომ სხდომა უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე დაიხურა, რასაც რეგლამენტი ითვალისწინებს. ტაბატაძის თქმით, აღნიშნულ თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის საქმიანობა წარმატებული იქნება, თავისი პროფესიონალიზმიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე.
„ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება საიმედო ხელში იქნება“, - აღნიშნა ტაბატაძემ.
საკომიტეტო მოსმენის შემდეგ მამუკა მდინარაძის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დამტკიცებას, სულ მცირე, 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა 23 აგვისტოს დატოვა, რის შემდეგაც სუსის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძის კანდიდატურა წარადგინა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მამუკა მდინარაძე სუსის ხელმძღვანელად დამტკიცდება, ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ და საპარლამენტო უმრავლესობას ირაკლი კირცხალია უხელმძღვანელებს.