დაახლოებით 400 ჰა ტყის მასივით სარგებლობდა სოფელი. 2019 წლის შემდეგ, რაც ეს საგუშაგოები ჩაიდგა, სოფელს წვდომა აღარ აქვს, - განაცხადა სოფელ წაღვლის მკვიდრმა მალხაზ ლომიძემ, რომელიც ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოიკითხა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ჩორჩანას საგუშაგო ჩაიდგა, საოკუპაციო ძალებმა ტყის მასივში, რომლითაც მანამდე სოფელი სარგებლობდა, სამი პოსტი განათავსეს, რის გამოც ადგილობრივები ტერიტორიით ვეღარ სარგებლობენ.
„მთლიანად ეს ნაწილი არ დაუკავებიათ [საოკუპაციო ძალებს], მაგრამ ფაქტობრივად უკვე აკონტროლებენ. თუ არ ვცდები სამი თუ ოთხი პოსტი უდგათ ამ ტყის მასივში მათ. გზა გაჭრეს და მთლიანად აკონტროლებენ. მოსახლეობას ერთგვარი შიშიც გაუჩნდა. რა ხდება ტყეში არავინ დაზღვეული არ არის. 90-იან წლებში რაც იყო, იმის შემდეგ 2008 წლამდე არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა. 2008 წელში ის გარკვეული მონაკვეთი ყველამ კარგად ვიცით, რაც მოხდა, მაგრამ 2008 წლის შემდეგ ჩვეულებრივ რიტმში ჩადგა ყველაფერი, როგორც იყო. 2019 წლის შემდეგ ფაქტობრივად დაკარგულია სოფლის ტერიტორია“, - განაცხადა მალხაზ ლომიძემ.
გენერალურ პროკურატურაში საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმის ფარგლებში, გამოკითხვები მიმდინარეობს. მთავარ საგამოძიებო უწყებაში იმყოფებიან სოფელ ჩორჩანის მცხოვრებლები.