არჩილ გორდულაძე: გარედან მართული, დაფინანსებული ადამიანები პირდაპირ დებოშს ტეხენ და ამ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სასამართლოს სისტემის რეპუტაცია იყოს შელახული

არჩილ გორდულაძე: გარედან მართული, დაფინანსებული ადამიანები პირდაპირ დებოშს ტეხენ და ამ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სასამართლოს სისტემის რეპუტაცია იყოს შელახული

გარედან მართული, დაფინანსებული ადამიანები პირდაპირ დებოშს ტეხენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ სასამართლო დარბაზებსა და შენობებში, მოსამართლეებსა და მანდატურებზე რადიკალების მიერ განხორციელებულ ზეწოლასა და შეურაცხყოფაზე, დებოშის ფაქტებზე საუბრისას.

მან აღნიშნა, რომ ამგვარ ქმედებებს რამდენიმე მიზანი აქვს.

„ამ ყველაფერს აკეთებენ ერთი - იმისთვის, რომ სასამართლოს სისტემის რეპუტაცია იყოს შელახული; მეორე მხრივ - სიუჟეტებისა და რეპორტაჟებისთვის „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებს ჰქონდეთ მასალა; ამავდროულად, შემდეგ დაიწეროს ე.წ. რაპორტები, ანგარიშები, რომლებსაც წარადგენენ სხვადასხვა ორგანიზაციაში, უცხოეთში, თუ რა „უბედურება“ ტრიალებს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მან მართლმსაჯულების სისტემაში გარე ძალების ჩარევის მცდელობაზეც ისაუბრა. გორდულაძემ გაიხსენა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევა, რომელსაც ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილების გამო ამერიკის ყოფილი ელჩის სახელით ახსნა-განმარტება მოსთხოვეს.

„რა უნდა ელჩს, დიპლომატს სასამართლო პროცესზე, რომელმაც არ იცის სამართალწარმოების ენა - ქართული, მაგრამ ესწრება და თითქოს, ისმენს, რა ხდება სასამართლო პროცესზე. რეალურად ეს არის მცდელობა, სასამართლოზე, მოსამართლეზე ზეგავლენა მოახდინოს. წარსულში ჩვენ ხომ გვახსოვს, როგორ დაიბარეს გვარამიას საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე, როგორ მოსთხოვეს მას მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხი და შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტიც გაუუქმეს.

კანონი უნდა კანონობდეს ჩვენს ქვეყანაში, წინააღდეგ შემთხვევაში უბრალოდ, სახელმწიფო არ გვექნება და ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, რომ სახელმწიფოებრიობის გაუქმების მცდელობაც კი ჰქონდეს“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.